განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.07.2018
საქმის ნომერი
330310117001936896
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310117001936896

საქმე №3ბ/1565-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ქ------–-------------–--------ი''

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის N3/3696-17 გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის N3/3696-17 გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის N0----- დადგენილება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის Nც----- დადგენილება (2016 წლის 07 ოქტომბრის N 0----- დადგენილებაში უსწორობის გასწორების შესახებ).

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1---- ბრძანება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 აპრილის N1---- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ქ------–-------------–--------ი''-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ადმინისტრაციულ საქმეზე (N3/3696-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (08.07.2017წ. განჩინება), რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის №0----- და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 ნოემბრის №ც----- დადგენილებების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 სექტემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B--------) დიდუბის რაიონული სასამართლოს მიერ 1996 წლის 18 აპრილს (N--------) რეგისტრირებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქართლი უნივერსალ - სერვისი'' და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი 2--------. მის იურიდიულ მისამართად მიეთითა საქართველო, თბილისი, ი-------------------------------------------------- ელექტრონულ ფოსტად --------------------, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ი------------------–---–ი. ამონაწერის თანახმად შპს-ს პარტნიორებს წარმოადგენენ მ--–------------- (მესაკუთრე 20%), ი--------------–---–ი (11%), ი------------------–---–ი (20%) ზ--------------ე (20%), ვ--------------–--ე (9%) და ი-------------ე (20%).

 

2017 წლის 04 აპრილს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ.თბილისში, თ---–-------------, 2509 კმ.პკ9 /ქ. თბილისი, ც--------–-----------------------------------------/ თბილისი, მ------------------------, საკადასტრო კოდი N 0--------------- (ნაკვეთის წინა ნომერი 0---------------; 0---------------; 0---------------), დაზუსტებული ფართობი 3210 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ქ------–-------------–--------ი'' (საიდენტიფიკაციო კოდი N 2--------).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-22).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 11-12).

 

4.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 26 ივლისს შედგენილ იქნა მითითება N0----- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის N2------ (A--------) 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებთან (ფოტომონტაჟთან) შესაბამისობაში მოსაყვანად ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად, რისთვისაც განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. იმავე წლის 08 აგვისტოს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი, რომლითაც დადგენილ იქნა რომ 26.07.2016 წ. N 0----- მითითებით დადგენილი პირობები არ შესრულებულა;

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ოქტომბერს გამოცემულ იქნა დადგენილება N 0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე'', რომლის მიხედვით შპს ,,ქ------–-------------–--------ი'' დაჯარიმებულ იქნა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, მ----------------------- ში (საკადასტრო კოდი 0---------------) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2------ A-------- 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების -ფოტომონტაჟს დარღვევით მშენებლობა). ამავე დადგენილებით დაევალა დადასტურებულ მოთხოვნებთან (ფოტომონტაჟი) შესაბამისობაში მოყვანა (უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი).

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 17 ნოემბერს გამოცემულ იქნა დადგენილება Nც----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც გასწორდა ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ოქტომბრის N0----- დადგენილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგენილებაში სამშენებლო სამართალდარღვევის მუხლად მიეთითა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი''_ს 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,, შპს ,,ქ------–-------------–--------ი'' დაჯარიმდეს 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, მ-----------------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2------6 A-------- 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების-ფოტომონტაჟს დარღვევით მშენებლობა).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.10.2016 წ. დადგენილება N 0----- (ს.ფ. 35-37).

- 08.08.2016 წ. შემოწმების აქტი (ს.ფ. 39-40).

- 17.11.2016 წ. დადგენილება N ც----- (ს.ფ. 38-39).

 

4.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 03 და 24 ნოემბერს შპს ,,ქ------–-------------–--------ი''-ს დირექტორმა ი------------------–---–მა წარადგინა N3-------- და N4-------- ადმინისტრაციული საჩივრები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07. 10. 2016 წ. დადგენილება N 0----- და 17.11.2016 წ. დადგენილება N ც----- ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 14 თებერვალს მიღებულ იქნა ბრძანება N 1----, რომლითაც შპს ,,ქ------–-------------–--------ი''-ს დირექტორის 2016 წლის 03 ნოემბრის N3-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 07 ოქტომბრის N 0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ქ. თბილსისი მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2017 წლის 12 აპრილს მიღებულ იქნა ბრძანება N 1----, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ქ------–-------------–--------ი''-ს დირექტორის 2016 წლის 03 ნოემბრის N 3-------- და 24 ნოემბრის N4-------- ადმინისტრაციული საჩივრები, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 07.10.2016 წ. N 0----- და 17.11.2016 წ. N ც------- დადგენილებები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.02.2017 წ. ბრძანება N 1----.

- 12.04.2017 წ. ბრძანება N 1---- (ს.ფ. 14-19).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

სასამართლომ დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

5.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შპს ,,ქ------–-------------–--------ი''-ს მიმართ 2016 წლის 26 ივლისს შედგენილ იქნა მითითება N 0----- ქ. თბილისში, მ-----------------------ში დარღვეულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 30.03.2016 წ. N 2------ გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟი, კერძოდ, შენობის ფასადზე შეცვლილია ფანჯრების ვიზუალი, ნაწილობრივ მასალა და გაბარიტი. სახურავი სცილდება შენობის პერიმეტრს, ფასადზე არ არის მოწყობილი ალუმინის პანელები და ალუკობონდით მოპირკეტება. დამატებულია გამწოვი მილები, შეცვლილია შენობის სიმაღლე და სცდება საკადასტრო წითელ ხაზებს. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს-ს მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა და დაევალა ობიექტის ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა. იმავე წლის 08 აგვისტოს შემოწმების ოქმით დადგენილ იქნა მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

ასევე სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთებისას გამოიყენა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ოქტომბერს გამოცემულ იქნა დადგენილება N 0----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის მიხედვით შპს ,,ქ------–-------------–--------ი'' დაჯარიმებულ იქნა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, მ-----------------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2------6 A-------- 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების - ფოტომონტაჟს დარღვევით მშენებლობა). დადგენილად იქნა ასევე მიჩნეული, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს გამოიცა დადგენილება Nც----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც გასწორდა ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ოქტომბრის N0----- დადგენილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგენილებაში სამშენებლო სამართალდარღვევის მუხლად მიეთითა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი''_ს 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი და დადგენილების პირველი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,შპს ,,ქ------–-------------–--------ი'' დაჯარიმდეს 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, მ-----------------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2------6 A-------- 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების -ფოტომონტაჟის დარღვევით მშენებლობისათვის)“.

 

5.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი), ბ) რეკონსტრუქცია, გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას), დ) დემონტაჟი, ე) ლანდშაფტური მშენებლობა, ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ)არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,შ“ ქვეპუქნტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისში, მ-----------------------ში განხორციელებული მშენებლობა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე განეკუთვნება პირველი კლასის შენობა-ნაგებობას, რომელსაც ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. თუმცა აღნიშნა, რომ, მართალია, ზემოაღნიშნული დადგენილებით I კლასს დაქვემდებარებული შენობა - ნაგებობების მშენებლობა დასაშვებია ნებართვის გარეშე, მაგრამ ამავე დადგენილებას გააჩნია დათქმა იმის შესახებ, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რაც ნიშნავს იმას, რომ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელმა პირმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს და აცნობოს მის მიერ განზრახული I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ, რომელზეც ნებართვის გამცემი ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს დაგეგმილი მშენებლობის ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის თაობაზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, მ-------------------------ში განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს შპს-ს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის N 2------ გადაწყვეტილებით დადასტურებული ფოტომონტაჟის დარღვევა. ამდენად, განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, რომლის აღმოსაფხვრელად მხარეს მიცემული ჰქონდა გარკვეული დრო, თუმცა არსებული დარღვევები მის მიერ გამოსწორებული არ ყოფილა.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოქმედება. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.

 

5.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ,,შპს ,,ქ------–-------------–--------ი“-ს ადმინისტრაციული საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ 2017 წლის 12 აპრილის N1---- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ ქ. თბილისის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად მიიჩნია, რომ არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ქ------–-------------–--------ი“-ს სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, და განმარტა, რომ გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6. შპს „ქ------–-------------–--------ის“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს „ქ------–-------------–--------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისში, მ-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ 0--------------- (ძველი ს/კ 0---------------) წარმოადგენს შპს ,,ქ------–-------------–--------ის“ საკუთრებას, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31.03.2016 წლის N2------ გადაწყვეტილებით მოწყობილი იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.02.2016 წლის N2------ გადაწყვეტილებით შეთანხმებული I კლასის დროებითი საძირკვლის არმქონე შენობა-ნაგებობა. როგორც საქმეში წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით დასტურდება, აღნიშნული ნაგებობა მოწყობილ იქნა არა შპს ,,ქ------–-------------–--------ის“ მიერ, არამედ მოიჯარის - ფიზიკური პირის ა-------------–---–ის მიერ. საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.07.2016 წლის N0----- მითითებით დაევალათ მათ მიერ მოწყობილი I კლასის შენობა-ნაგებობის შესაბამისობაში მოყვანა შეთანხმებულ ფოტომონტაჟთან. შესაბამისად, მათ მოიჯარეს მოთხოვეს ნაგებობის ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც მის მიერ არ იქნა განხორციელებული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევს წარმოადგენს არა შპს ,,ქ------–-------------–--------ი“, არამედ მოიჯარე, რაც სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებზე და განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან ისინი მიღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.

 

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

 

აღნიშნული დადგენილების 33-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მართის №57 დადგენილების 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირველი კლასის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე; მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები; პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შპს ,,ქ------–-------------–--------ის“ დირექტორის - ი------------------–---–ის 19.02.2016 წლის A-------- განცხადების (დამკვეთი) საფუძველზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 26 თებერვალს, N2------ გადაწყვეტილებით გაიცა წერილობითი თანხმობა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, მ----------------------, შპს ,,ქ------–-------------–--------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის N002/0--) I კლასის დროებითი (საძირკვლის არმქონე) შენობა-ნაგებობის განთავსებაზე (ტომი I ს.ფ. 229-230).

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შპს ,,ქ------–-------------–--------ის“ დირექტორის ი------------------–---–ის მიერ 24.03.2016 წლის A-------- განცხადებით იქნა მოთხოვნილი I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის კორექტირება. 2016 წლის 31 მარტს, აღნიშნული განცხადების განხილვის შედეგად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა N2------ გადაწყვეტილებით დაადასტურა სამსახურის 26.02.2016 წლის N2------ გადაწყვეტილებით შეთანხმებული I კლასის დროებითი საძირკვლის არმქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. იმავე გადაწყვეტილებით, დამკვეთს განემარტა შენობა-ნაგებობის მშენებლობისას კანონმდებლობით დადგენილი, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული, მოთხოვნების დაცვის ვალდებულება (ტომი I ს.ფ. 231-232).

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა- ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. თბილისში, მ-----------------------ში დარღვეულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 30.03.2016 წ. N 2------ გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟი, კერძოდ, შენობის ფასადზე შეცვლილია ფანჯრების ვიზუალი, ნაწილობრივ მასალა და გაბარიტი. სახურავი სცილდება შენობის პერიმეტრს, ფასადზე არ არის მოწყობილი ალუმინის პანელები და ალუკობონდით მოპირკეტება. დამატებულია გამწოვი მილები, შეცვლილია შენობის სიმაღლე და სცდება საკადასტრო წითელ ხაზებს. დარღვევის გამოსწორების მიზნით შპს-ს მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა და დაევალა ობიექტის ფოტომონტაჟთან შესაბამისობაში მოყვანა. იმავე წლის 08 აგვისტოს შემოწმების ოქმით დადგენილ იქნა მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ფაქტი.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბერის N 0----- დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შპს ,,ქ------–-------------–--------ი“ დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, მ-----------------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2------6 A-------- 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების - ფოტომონტაჟის დარღვევით მშენებლობა). ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს გამოიცა დადგენილება Nც----- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც გასწორდა ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 07 ოქტომბრის N0----- დადგენილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგენილებაში სამშენებლო სამართალდარღვევის მუხლად მიეთითა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტი და დადგენილების პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,შპს ,,ქ------–-------------–--------ი'' დაჯარიმდეს 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, მ-----------------------ში (საკადასტრო კოდი 0---------------) უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2------6 A-------- 31.03.2016 წ. გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნების -ფოტომონტაჟის დარღვევით მშენებლობისათვის)“.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს წარმოადგენს არა შპს ,,ქ------–-------------–--------ი“, არამედ მიწის ნაკვეთის მოიჯარე და აღნიშნული მოტივით ითხოვს სადავო აქტების ბათილობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას მიაქცევს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოქმედება.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ქ. თბილისში, სექტორი ისანი, მ----------------------, შპს ,,ქ------–-------------–--------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის N002/0--) I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების მოთხოვნის სუბიექტს (დამკვეთს) წარმოადგენს შპს ,,ქ------–-------------–--------ი“. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შეთანხმებული პროექტის დაცვა და სანებართვო პირობების შესრულება წარმოადგენს დამკვეთის ვალდებულებას, ამ ვალდებულების დარღვევა კი იწვევს საჯარიმო სანქციის გამოყენებას დამკვეთის მიმართ. იურიდიული პირის ბრალის კომპლექსური გაგება შეიცავს მის ობიექტურ და სუბიექტურ ასპექტებს. ბრალის ობიექტური ასპექტი ვლინდება თუ დადგენილია, რომ იურიდიულ პირს გააჩნდა დადგენილი წესების დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების შესაძლებლობა, ხოლო მის მიერ არ იყო მიღებული ყველა საჭირო ზომა. ასეთი მექანიზმი იძლევა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის სუბიექტად როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირის ცნობის შესაძლებლობას. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს გააჩნდა დადგენილი წესების დაცვის ვალდებულება და შესაძლებლობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მან მიიღო ყველა საჭირო ზომა დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ.თბილისში, მ-------------------------ში განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს შპს-ს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის2016 წლის 31 მარტის N 2------ გადაწყვეტილებით დადასტურებული ფოტომონტაჟის დარღვევა. ამდენად, ადგილი აქვს უნებართვო მშენებლობას, რომლის აღმოსაფხვრელად მხარეს მიცემული ჰქონდა გარკვეული დრო, თუმცა არსებული დარღვევები მან არ გამოასწორა.

 

სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის საამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევის გამომრიცხავ გარემოებაზე მითითებას და მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს საკუთარი ინიციატივით დამატებითი მტკიცებულებების მოძიებას, რამდენადაც წარმოებული მშენებლობის ფოტომონტაჟთან შეუსაბამობის ფაქტი გამოხატულია აშკარად და თვალშისაცემია ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა.შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობა და დაჯარიმება შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესს, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 და 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით,სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ქ------–-------------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გელა ბადრიაშვილი