განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.08.2018
საქმის ნომერი
180310518002320773
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №3ბ/1786-18, 180310518002320773 31 აგვისტო, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

სხდომის მდივანი - ვიქტორ ჩანქსელიანი

 

აპელანტი (მოპასუხე) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ------------–---–-----–------------–-------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ--------------–---–-

წარმომადგენელი - თ--------–--–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნას ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანება და დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას აღადგინოს ნ--------------–---–- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში იმავე თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებდა განთავისუფლებამდე, ან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე.

 

დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ნ--------------–---–-ს სასარგებლოდ სამსახურიდან უკანოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 12 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 760 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ--------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. ამავე გადაწყვეტილებით, დაევალა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი და აღადგინოს ნ--------------–---–- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში იმავე თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებდა განთავისუფლებამდე, ან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე დაევალა ნ---------------–---–-ს სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება, 2017 წლის 12 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე თვეში 760 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ნ--------------–---–- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მუშაობდა 2006 წლის 05 დეკემბრიდან წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 15 თებერვლის №კ---- ბრძანებით, ნ--------------–---–- გადაყვანილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 21 სექტემბრის №კ---- ბრძანებით, ნ--------------–---–- დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 ივლისის №2---- ბრძანებით, ცვლილება შევიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 21 სექტემბრის №კ---- ბრძანებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ნ--------------–---–- დაინიშნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-3 კატეგორიის უფროს სპეციალისტად.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანების თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნ--------------–---–-, მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან განთავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანმდებობაზე მუშაობისას ნ---------------–---–-ს თამდებობრივი სარგო შეადგენდა 760 ლარს.

 

2017 წლის 03 ოქტომბრის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-3 კატეგორიის უფროს სპეციალიტ ნ--------------–---–ს მიეცა კარგი შეფასება და ჩაითვალა, რომ ის შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 აპრილის N6--- წერილის შინაარსზე, სადაც მითითებულია, რომ ახლად შემნილ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი პირველად გამოცხადდა 2017 წლის 11 დეკემბერს და ამ თარიღიდან 2018 წლის 01 თებერვლამდე გამოცხადებული იქნა კონკურსი ქვემოთ ჩამოთვლილი ვაკანტურ პოზიციებზე, მათ შორის, რიგით მე-16 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის რეზერვისტთა გაწვევის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეცილისტის თანამდებობაზე, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა დაკავებული გათავისუფლებამდე. სადაო ბრძანებაში, რომელიც გამოცემულია 2018 წლის 26 იანვარს, ნ--------------–---–-ს 2017 წლის 12 ნოემბრიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია მისი გათავისუფლება მობილობის შეუძლებლობის გამო, მაშინ, როდესაც მოსარჩელის გათავისუფლებას საერთო არაფერი აქვს მობილობასთან და მის მიმართ მობილობა არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან იყო ვაკანტური ადგილი გამოცხადებული კონკურსის წესით (იხ. 2018 წლის 20 აპრილის #6--- წერილი).

 

მოსარჩელე ნ--------------–---–- არ არის მობილობას დაქვემდებარებული საჯარო მოხელე. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს მობილობის წესს, რომლის თანახმადაც `საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით“. აღნიშნული ნორმის ანალიზი ნათლად მიუთითებს კუმულაციური პირობების არსებობაზე, კერძოდ, იმისათვის, რომ განხორციელდეს მობილობა: ა. უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; ბ. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება; გ. უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით.

 

განსახილეველ შემთხვევში კომისიის მიერ მოსარჩელის, როგორც მოხელის შეფასების შედეგები აისახა 2017 წლის 3 ოქტომბრის ოქმში. მერიამ მისი, როგორც შეფასებას დაქვემდებარებული მოხელის (შეფასდა კარგი შეფასებით) სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიიღო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N4-- დადგენილების სრული უგულვებელყოფით, კერძოდ, შეფასების დროებითი წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევების, კომპეტენციების და კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიქტური გადაწყვეტილების მიღება.“ აღნიშნული წესის მე-2 მუხლის თანახმად, შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის პრინციპების დაცვით. წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ,,კომისია ვალდებულია კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასება“. ამავე წესის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო. შეფასება ხდება კომისიის მიერ მოხელესთან გასაუბრებით, რომლის დროსაც ფასდება მოხელის ფუნქციები, კომპეტენციები, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოხელის კომპეტენციები ფასდება ამ წესის დანართით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შევსებული მოხელის დახასიათების ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ შევსებული დახასიათების შინაარსის გათვალისწინებით“.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N4-- დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი. ამავე დადგენილების განმარტებითვე, ახალი მუნიციპალიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2017 წელს გასაუქმებელი მუნციიპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი. ამავე დადგენილების თანახმად, ახალი მუნიციპალიტეტი არის უფლებამონაცვლე, გაერთიანებული მუნიციპალიტეტებისა. ყოველივე ზემოაღნიშნლიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება, რომლის თანახმად, მცხეთა ჩამოყალიბდა ერთ მუნიციპალიტეტად. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე და არა სრულიად ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ამას მოპასუხე მერია მიუთითებს თავის შესაგებელში. სასამართლოს აზრით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი არ არის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია-მოვალეოებებისა და მიზნების გამახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“.

 

ადგილობრივ თვითმართველობებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანებით. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანების თანახმად, გაუქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის რეზერვისტთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-3 რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნ--------------–---–- მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

 

დასახელებულ ბრძანებაში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 110-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ „სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით“. დაუშვებელია, სამართლებრივი ძალის მქონე აქტად იქნეს მიჩნეული ბრძანება, რომელიც ნ--------------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად უთითებს ბრძანების გამოცემამდე პერიოდზე, კერძოდ, 2017 წლის 12 ნოემბერზე. სზაკ-ის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. დასახელებული ბრძანება არ არის გამოცემული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან ბრძანება გამოცემულია დაგვიანებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათავისუფლების თარიღად მითითებული 2017 წლის 12 ნოემბრიდან დაახლოებით სამი თვის შემდგომ და ამასთან, არ არსებობს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის პოზიცია, რომ დამატებით ინდივიდუალური აქტის გამოცემა და ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღება არ არის აუცილებელი. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ პრინციპებსა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, მოცემულ შემთვევაში, იმისათვის, რომ წარმოიშვას სამართლებრივი ურთიერთობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). გარდა იმისა, რომ აქტის გამოცემა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის/შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა, ამასთან, გამოცემული ინდ.აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად სათანადო წესით უნდა გაეცნოს დაინტერესებულ მხარეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. ხოლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.

 

ადმინისტრაციული კანონმდებლობა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას/შეწყვეტას უკავშირებს სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტს, ასევე კანონმდელობის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება არა მხოლოდ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, არამედ აქტის სათანადო წესით გაცნობა დაინტერესებული პირისათვის, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინებასთან, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს. (საქართველოს კოსნტიტუციის 42-ე მუხლი ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.)ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანება და დაევალა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას აღადგინოს ნ--------------–---–- მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში იმავე თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებდა განთავისუფლებამდე, ან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე და უნდა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ნ--------------–---–-ს სასარგებლოდ, სამსახურიდან უკანოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 12 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე თვეში 760 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებისა და საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-||ს დადგენილების საფუძველზე, განხორციელდა ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანება, რამაც განაპირობა ახალი მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება და გაერთიანებამდე არსებული ძველი მუნიციპალიტეტების გაუქმება, თანახმად საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა".

 

აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლი ადგენს კანონის მოქმედების სფეროს, რომლითაც, სხვა რეგულაციებთან ერთად, განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით იქმნება ახალი მუნიციპალიტეტი (ციტირება -"მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) შექმნის შემთხვევაში"...). ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად: მუნიციპალიტეტის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი.

 

ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მოქმედი ძირითადი და უმთავრესი სამართლებრივი აქტით -"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" დადგენილია, რომ ორი მოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად იწვევს ორ ურთიერთდამოკიდებულ სამართლებრივ შედეგს: ერთი მხრივ - ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას, ხოლო მეორე მხრივ - ძველი მუნიციპალიტეტ(ებ)ის გაუქმებას.

 

ამდენად, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-||ს დადგენილების საფუძველზე ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გაუქმების შედეგად ახალი თვითმმართველი ერთეულის სახით - ახალი მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება და ძველი მუნიციპალიტეტების გაუქმების ფაქტი უდაოა.

 

ანალოგიური დასტურდება შემდეგი სამართლებრივი აქტებით: ა) „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია 2017 წლის თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების სამართლებრივი სტატუსი და ისინი მოხსენიებული არიან როგორც 2017 წელს შ ე ქ მ ნ ი ლ ი და 2017 წელს გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი მუნიციპალიტეტები; ბ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N4-- დადგენილებით დამტკიცებული წესი, სადაც მოცემულია გ ა ს ა უ ქ მ ე ბ ე ლ ი და ა ხ ა ლ ი მუნიციპალიტეტების განმარტება. გ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N4-- დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი; ამ ნორმატიულ აქტშიც მოხსენიებულია ტერმინები: 2017 წელს გაუქმებული და შექმნილი მუნიციპალიტეტები.

 

გაერთიანების შესახებ საქართველოს პარლამენტის N987-||ს დადგენილება ამოქმედდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2017 წლის 21 ოქტომბერს. შესაბამისად, ამ თარიღიდან სახეზე გვაქვს უკვე გაერთიანებული ახალი მუნიციპალიტეტი, რომელიც ახალ თვითმმართველ ერთეულად მუნიციპალიტეტების რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 24 ნოემბერს, ხოლო გაუქმებული მცხეთის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტების გაუქმების ფაქტის რეგისტრაცია მუნიციპალიტეტების რეესტრში განხორციელდა შედარებით ადრე, 2017 წლის 15 ნოემბერს. შესაბამისად, 2017 წლის 15 ნოემბრიდან მცხეთის მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ ორგანოშიც (გამგეობა) დასაქმებული იყო ნ.ჯ-------–---–ი - ოფიციალურადაც აღარ არსებობდა. უდაოა, რომ მუნიციპალიტეტის გაუქმებამ, თავის მხრივ, განაპირობა მის დაქვემდებარებაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოების -გამგეობის/მერიის გაუქმებაც.

 

აღნიშნულის გამო, მერიასა და გამგეობაში მომუშავე ყველა მოხელე ჩაერთო მობილობის პროცესში, თანახმად: ა) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N4-- დადგენილებით დამტკიცებული დროებითი წესისა, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ შეფასებას დაექვემდებარა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების ყველა საჯარო მოხელე; ბ) „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა.

 

ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა უგულებელეყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე აღნიშნული გარემოება; უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კანონმდებელმა მობილობის პროცესს დაუქვემდებარა გაუქმებული მუნიციპალიტეტის აბსულუტურად ყველა საჯარო მოხელე, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოების გაუქმების (იგივე ლიკვიდაციის) საფუძვლით.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გაუქმების გამო, მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გამგეობის თანამშრომლებს, მათ შორის ნ-----------–---–- ეცნობა მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესის დასრულებამდე ანუ 2017 წლის 24 ნოემბრამდე ერთ თვეზე ბევრად მეტი ხნით ადრე, 2017 წლის სექტემბრის თვეში. კერძოდ, მაშინდელი გამგეობის ხელმძღვანელობის მიერ მოეწყო გამგეობის სხვადასხვა სამსახურებთან ინდივიდუალური შეხვედრები, რომლის დროსაც თითოეული სამსახურის ხელმძღვანელი და ასევე თანამშრომლებიც ინფორმირებულ იქნენ მუნიციპალიტეტის გაუქმების მოსალოდნელი შედეგების თაობაზე. ამის შემდგომ, გათავისუფლების თაობაზე შესაბამისი გამაფრთხილებელი წერილი გაეცნო თითოეულ მოხელეს, ხოლო გაცნობის ფაქტი დადასტურებულ იქნა მათი ხელმოწერებით. მათ შორისაა ჯ-------–---–იც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბერს ხელმოწერით დაადასტურა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე ინფორმირება.

 

სამსახურიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის "ბ" პუნქტი და 110-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, სადაც ნათქვამია, რომ "მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია."

 

მობილობის წესის სამართლებრივი რეგულაცია მოცემულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესსა" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლში, რომელთა მიხედვით: "საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით."

 

კანონის ამავე მუხლის (52-ე) მე-2 პუნქტის მიხედვით კი: მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

აპელანტის მითითებით, ცალსახაა, რომ დასახელებული ნორმების შინაარსი არ არის (ვერც იქნებოდა) იმპერატიული ხასიათის და იგი არ (ვერ) ავალდებულებს სხვა საჯარო დაწესებულებას საჯარო მოხელის მობილობის წესით დასაქმებას. დადგენილია მხოლოდ მოხელეთა მობილობის წესით გადაყვანის შესაძლებლობა და არა - ვალდებულება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ახალი მცხეთის მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულთა რაოდენობა, გაუქმებული მერიისა და გამგეობის თანამშრომელთა საერთო რაოდენობასთან შედარებით, ბევრად შემცირებულია, კერძოდ: გაუქმებულ ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებში - გამგეობასა და მერიაში, ჯამში დასაქმებული იყო 170 მოხელე (აღნიშნულ რაოდენობაში არ შედიოდა ადმინისტრაცულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი და მათი რაოდენობა შეადგენდა 18-ს) ახალი მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა კი ითვალისწინებს 166 საშტატო ერთეულს (აღნიშნული ოდენობა დადგენილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად), რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსაც - რაოდენობით 22 ერთეულს. ამასთან, განსხვავებულია მერიის სტრუქტურა მისი წინამორბედი გამგეობისა და მერიის სტრუქტურებისგან.

 

ნათელია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად, საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 26 ერთეულით. შტატების შემცირება გარდაუვალი იყო თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ საქმე გვქონდა ორი მუნიციპალიტეტის, შესაბამისად, ორი ადმინისტრაციული ორგანოს და ამ ორგანოებში არსებული ორ-ორი მსგავსი სამსახურების/განყოფილებების გაერთიანებასთან. ამდენად, ობიექტურად შეუძლებელი იყო ყველა მობილობას დაქვემდებარებული მოხელის დასაქმება ახალი მუნიციპალიტეტის ორგანოებში.

 

ამჟამინდელი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა ჩამოყალიბდა ახლიდან. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სახეზე გვქონდა ახალი დაწესებულება, ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა თანამდებობა წარმოადგენდა ვაკანტურს. შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინირებულად, მერიის ვაკანტური საშტატო ერთეულები დააკომპლექტა გაუქმებული მუნიციპალიტეტების მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთაგან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯ-------–---–ის მობილობის წესით გადაყვანა ვერ განხორციელდა, რის თაობაზეც კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ეცნობა საჯარო სამსახურის ბიუროს. 19.12.17 წლის № გ9704 წერილით ბიურომ მერიას წარმოუდგინა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით ვაკანტური თანამდებობების შესახებ მოძიებული ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე, გაუქმებული მუნიციპალიტეტების შემცირებულ მოხელეთა მობილობის წესით დასაქმების მიზნით, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიებში გადაგზავნილ იქნა მოხელეთა სიები, რაზედაც მიღებულ იქნა შეთავაზებული კანდიდატების დასაქმებაზე უარის პასუხები.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემულ იქნა 2018 წლის 26 იანვრის № კ---- ბრძანება ნ-----------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილებით გაუქმებულ გამგეობასთან/მერიასთან მოსარჩელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 12 ნოემბერი.

 

ბრძანების მოგვიანებით გამოცემასთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად მობილობას ექვემდებარება მოხელის სტატუსის მქონე პირი. ამავე კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, 2017 წლის 12 ნოემბერს გათავისუფლების თაობაზე ბრძანებების გამოცემა განაპირობებდა მოხელისთვის მოხელის სტატუსის შეწყვეტას, რის გამოც პირს წაერთმეოდა მობილობის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. ამდენად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელის მიმართ გათავისუფლების თაობაზე ბრძანება გამოცემულ იქნა ახალ მერიაში მობილობის პროცესის დასრულებისთანავე.

 

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღად მერის არჩეულად გამოცხადების მე-11 დღის - 2017 წლის 12 ნოემბერის განსაზღვრის საკითხს,აპელანტის განმარტებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-||ს დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დღეს, 2017 წლის 21 ოქტომბერს. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ფაქტობრივად სახეზე გვაქვს უკვე გაერთიანებული მუნიციპალიტეტი. ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების პროცესი საბოლოოდ დასრულდა 2017 წლის 24 ნოემბერს, მუნიციპალიტეტების რეესტრში მუნიციპალიტეტის შექმნის ფაქტის სამართლებრივი რეგისტრაცით. ამ თარიღამდე შედარებით ადრე კი, 2017 წლის 15 ნოემბერს, განხორციელდა გაუქმებული ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გაუქმების ფაქტის რეგისტრაცია. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებითა და საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით (წერილი Nგ270, შესაგებლის გვ.24), 2017 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ფაქტობრივად უკვე გაუქმებული მუნიციპალიტეტების გაუქმებულ საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღად მიჩნეულ იქნა 12 ნოემბერი.

 

ახალი მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში მოხელეთა მობილობის წესით დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ გაუქმებულ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ითავლისწინებდა 4 საშტატო ერთეულს, საიდანაც 1 წარმოადგენდა სამსახურის უფროსის პოზიციას, ხოლო 3 - სპეციალისტის პოზიციას (შესაგებლის გვ.26); გაუქმებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში კი, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, გათვალისწინებული იყო 10 საშტატო ერთეული, საიდანაც 1 წარმოადგენდა სამსახურის უფროსის პოზიციას, 2 - განყოფილების უფროსის პოზიციას, ხოლო 7 - სპეციალისტის პოზიციას (შესაგებლის გვ.28-29); ამდენად, გაუქმებული გამგეობისა და მერიის სამხედრო აღრიცვისა და გაწვევის სამსახურები ჯამში ითვალისწინებდა 14 საშტატო ერთეულს.

 

ახალი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 11 საშტატო ერთეული (იხ. სარჩელი, გვ. 27-28, სადაც მერიის საშტატო ნუსხაა მოცემული). შესაბამისად, უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ამ ორი გაუქმებული სამსახურის საშტატო ერთეულებთან შედარებით, დღეის მდგომარეობით, სახეზეა შტატების შემცირება 3 ერთეულით.

 

ახალი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში შექმნილია 3 განყოფილება, რომელთაგან თითოეულს ჰყავს ხელმძღვანელი. ამდენად, სამსახურში არსებობს ხელმძღვანელ პოზიციაზე ჯამში 4 თანამდებობა (1 სამსახურის უფროსისა და 3 განყოფილების უფროსების). გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის მობილობის წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე, რაც გამორიცხავს მობილობის დროს მოხელის დაწინაურების შესაძლებლობას, ამ 4 პოზიციაზე ჯ-------–---–ის მობილობით გადაყვანა თავიდანვე გამორიცხული იყო.

 

დანარჩენი 7 პოზიციიდან 3 მათგანი წარმოადგენს მე-3 რანგის თანამდებობას. სწორედ აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე აცხადებს პრეტენზიას მოსარჩელე და საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი დასაქმებული იყო გაუქმებული გამგეობის სამხედრო აღირცხვისა და გაწვევის სამსახურის მე-3 რანგის სპეციალისტად.

 

აპელანტის მითითებით, დღეის მდგომარეობით სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში არსებულ 3 ერთეულ მე-3 რანგის თანამდებობიდან ორ მათგანზე მობილობის წესით დანიშნული არიან შემდეგი მოხელეები: ნ---------–------ე და მ--------------, ხოლო ერთ საშტატო ერთეულზე დანიშნულია მოხელე კონკურსის წესით.

 

მოხელე ნ---------–------ე დასაქმებული იყო გაუქმებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში (შესაგებელი, გვ.26) მე-3 რანგის სპეცილისტის პოზიციაზე, ხოლო მ-------------- კი - გაუქმებული გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მობილობის შედეგად ნ. კალანდაძე გადაყვანილ იქნა ანალოგიურ/ტოლფასს პოზიციაზე, ხოლო მ--------- გადაყვანილ იქნა დაბალ პოზიციაზე (ანუ ჩამოქვეითდა); ამასთან, ორივე მოხელეს შეფასების კომისიის მიერ მიღებული აქვს „კარგი“ შეფასება და ორივე მათგანს გააჩნია უმაღლესი განათლება, რაც წარმოადგენს აუცილებელ პირობას მე-3 რანგის პოზიციაზე დანიშვნისათვის. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N218 დადგენილებით დამტკიცებულია მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, მე-3 რანგისთვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ-----------–---–- დამთავრებული აქვს ტექნიკუმი, რაც არ წარმოადგენს უმაღლეს განათლებას. შესაბამისად, მოსარჩელის განათლება არ შეესაბამება კონკრეტული პოზიციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათავლისწინებით, საჯარო დაწესებულების (მერიის) მიერ სამსახურის მე-3 რანგის პოზიციებზე მობილობის წესით მოხელეთა დანიშვნისას პრიორიტეტი მიენიჭათ ნ-----–--------- და მ----------. ამდენად, სასამართლოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსაბუთებელია თუ რა საფუძვლით გათავისუფლდა ნ-----------–---–ი სამსახურიდან და რა ნიშნით იქნა შერჩეული და დანიშნული სამხედრო სამსახურის თანამშრომლები - მოკლებულია საფუძველს.

 

რაც შეეხება კონკურსის საკითხს, აპელანტი განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი აძლევს საჯარო დაწესებულებას უფლებას განსაზღვროს ვაკანტური თანამდებობები და მათ დასაკავებლად გამოაცხადოს კონკურსი კანონით დადგენილი წესით. კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: "დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები"; შესაბამისად, მერიამ, იმოქმედა რა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რა მიზნითაც განისაზღვრა აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის ეტაპები. თანამდებობაზე მერიის მიერ კონკურსი გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციულ ვებ-გვერდზე 2017 წლის 11 დეკემბერს. ნ-----------–---–- არ გაუპროტესტებია ამ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების ფაქტი, რაც აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ამდენად ნათელია, რომ ამ თანამდებობაზეც მოსარჩელის პრეტენზია უსაფუძვლოა.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული, რომ ვითომდა კონკურსი გამოცხადდა ნ-----------–---–ის კუთვნილ - ამჟამინდელი რეზერვისტთა გაწვევის განყოფილების მე-3 რანგის პოზიციაზე (გადაწყვეტილების გვ.16, მე-2 აბზაცი); მსგავსი მიდგომა და განმარტება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებისა და გარემოებების ერთობლიობას. უდაოა, რომ 2017 წლის 24 ნოემბირდან მერიის სახით, სახეზე გვაქვს ახალი ადმინისტრაციული ორგანო, რომლის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდა ახლიდან. შესაბამისად, ყველა შტატი წარმოადგენდა ვაკანტურს, რომელთა შევსებაც შემდგომ განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით (მობილობა/კონკურსი).

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზოგადად, ტერმინი - "სამსახურში აღდგენა" უცილობლად გულისხმობს იმ დაწესებულების არსებობას (სახეზე ყოფნას), რომელშიც დასაქმებული იყო გათავისუფლებული პირი. განსახილველ შემთხვევაში კი, ის საჯარო დაწესებულება - იგივე გამგეობა, რომლის თანამშრომელსაც წარმოადგენდა ჯ-------–---–ი, აღარ არსებობს, გაუქმებულია და ამჟამინდელი მერიის მიჩნევა "დამსაქმებლად" - სამართლებრივადაც არასწორია. (გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობით მერიის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს - საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა პოზიციაზე მოხელეები დანიშნულნი არიან კანონის შესაბამისად). აპელანტი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ასევე მეორე სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასთანადო შეფასება მიეცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მცხეთის რაიონულის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ--------------–---–- მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მუშაობდა 2006 წლის 05 დეკემბრიდან წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ. 15).

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 15 თებერვლის №კ---- ბრძანებით, ნ--------------–---–- გადაყვანილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ.19).

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 21 სექტემბრის №კ---- ბრძანებით, ნ--------------–---–- დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე (ტ.1, ს.ფ. 20).

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 ივლისის №2---- ბრძანებით, შევიდა ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 21 სექტემბრის №კ---- ბრძანებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ნ--------------–---–- დაინიშნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-3 კატეგორიის უფროს სპეციალისტად (ტ.1, ს.ფ. 21).

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გეწვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანმდებობაზე მუშაობისას ნ---------------–---–-ს თამდებობრივი სარგო შეადგენდა 760 ლარს (ტ.1, ს.ფ. 23).

 

2017 წლის 03 ოქტომბრის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-3 კატეგორიის უფროს სპეციალიტ ნ--------------–---–ს მიეცა კარგი შეფასება და მიჩნეულ იქნა, რომ ის შესაბამება დაკავებულ თანამდებობას (ტ.1, ს.ფ. 24-25) .

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანებით მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გეწვევის განყოფილების მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნ--------------–---–-, მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან განთავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან (ტ.1, ს.ფ. 22).

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებთან შერწყმის შედეგად შტატების შემცირებისას პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-II დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი მცხეთა. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების დღეს და შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები დაექვემდებარნენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით განსაზღვრულ პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილების მე-12 მუხლით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია საჯარო მოხელეების მობილობის წესი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალსიწინებით. დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, შტატების შემცირება ავტომატურად არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, რადგან მოხელე მისი თანხმობით, შესაძლებელია დაექვემდებაროს მობილობას.

პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურულ ან/და ფუნქციონალურ გარდაქმნას, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამდენად, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N4-- დადგენილების შესაბამისად, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და შედეგად ახალი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შექმნა, წარმოადგენს არა დაწესებულების რეორგანიზაციას, არამედ შერწყმას, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გაერთიანებამდე არსებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე ორგანო - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია. ამასთან, ახალი მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობები და განსახორციელებელი მიზნები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად არ დაქვემდებარებია ცვლილებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გაუქმებული გამგეობისა და მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები ჯამში ითვალისწინებდა 14 საშტატო ერთეულს, ხოლო ახლადშექმნილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იქნა 11 საშტატო ერთეული და 3 განყოფილება. ამ 11 საშტატო ერთეულიდან 4 პოზიცია მიეკუთვნა სამსახურისა და განყოფილების უფროსებს, ხოლო დანარჩენი 7 პოზიციიდან 3 პოზიცია წარმოადგენს მე-3 რანგის თანამდებობას.

პალატა განმარტავს, რომ საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით პალატამ უნდა შეაფასოს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ, მართალია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა იერარქიულად და მინიჭებულ უფლებამოსილებათა წრის თვალსაზრისით არ განსხვავდება ნ--------------–---–-ს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაკავებული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალიტის თანამდებობისაგან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, შეცვლილია საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო წინაპირობაა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად. კერძოდ, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N218 დადგენილებით განსაზღვრული პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების მე-4 მუხლის თანახმად, მე-3 რანგის (უფროსი სპეციალისტის დონე) პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი პირობაა ა) უმაღლესი განათლება და ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს იმ პოზიციას, რომ ამ შემთხვევაში , სახეზე არ არის ნ--------------–---–-ს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაკავებული პოზიციის ანალოგიური/ტოლფასი თანამდებობა, ვინაიდან საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. კერძოდ, კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, რასაც ნ--------------–---–- ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური განათლების მიღების არსებობის გამო, თუმცა პალატა აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების არსებობა არ ქმნიდა ნ--------------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს მობილობის განხორცილების შეუძლებლობის გამო. ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე, ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას გადაეყვანა იერარქიულად უფრო დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

პალატა განსახილველ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 2018 წლის 20 აპრილის N6--- წერილზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუშეთის ოფისის ხელმძღვანელის მიმართ, რომელშიც მითითებულია, რომ ახლად შექმნილ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანსიებზე 2017 წლის 11 დეკემბრიდან 2018 წლის 01 თებერვლამდე გამოცხადებულ იქნა კონკურსი რიგი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილით დასტურდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არაერთი მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის არსებობა, რომელთა დასაკავებლადაც გამოცხადებულ იქნა კონკურსი და სადაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო ნ--------------–---–-ს გადაყვანა მობილობის წესით, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ასევე ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას დადგენილ იმ გარემოებას, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მობილობის წესით, მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციიდან, მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე გადაყვანილ იქნა ტექნიკური განათლების მქონე პირი თამაზ მუხათგვერდელი და პროფესიული ტექნიკური განათლების მქონე პირი მცინარა სოხაშვილი, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს იდენტურ მდგომარეობაში მყოფი ნ--------------–---–-სათვის მობილობის წესით გადაყვანა დაწესებულებაში არსებულ მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობზე არც კი შეუთავაზებია. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ნ--------------–---–-სთვის მობილობის რეჟიმით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა არ შეუთავაზებია დაადასტურა აპელანტმაც. შესაბამისად, სახეზე არ არის მოსარჩელის უარი მობილობით სარგებლობაზე.

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკისრებული აქვს ვალდებულება განსაზღვრული ურთიერთობა დაარეგულიროს თანასწორობის პრინციპის დაცვით, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთიდაიგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებით სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტავს, რომ სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს იმ პირობებშიც კი, როდესაც დადასტურებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, არაერთი მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური პოზიციის არსებობა, რომელთა დასაკავებლადაც გამოცხადებულ იქნა კონკურსი. უსაფუძვლო და კანონშეუსაბამოა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ნ--------------–---–თან მიმართებით მობილობის განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე. პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა ნ--------------–---–-ს მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევის ფაქტი.

რაც შეეხება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ--------------–---–- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრით დათარიღებული Nკ---- ბრძანებით მის მიმართ მობილობის განხორცილების შეუძლებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ნ--------------–---–-ს გათავისუფლების თარიღთან მიმართებით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ. საქმეზე წარმოდგენილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 09 იანვრის Nგ---- წერილით დგინდება, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გაუქმებული მუნიციპალიტეტების იმ მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რომელთა მობილობაც ვერ განხორციელდა, უნდა მოხდეს უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და რეზერვში ჩარიცხვის თარიღად უნდა განისაზღვროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გაუქმების თარიღი (2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღე). პალატა განმარტავს, რომ 2017 წლის ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ იქნა 2017 წლის 01 ნოემბერს, ხოლო არჩევნების მეორე ტურის შედეგები - 2017 წლის 19 ნოემბერს. ამასთან, სააპელაციო საჩივრით დასტურდება, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს განხორციელებულ იქნა ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გაუქმების ფაქტის რეგისტრაცია. შესაბამისად, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ნ--------------–---–-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღად მუნიციპალიტეტის მერის არჩეულად გამოცხადებიდან მე-11 დღის, 12 ნოემბრის მითითების შესახებ, ვინაიდან სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 09 იანვრის Nგ---- წერილი შეეხება მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის რეზერვში ჩარიცხვის თარიღის განსაზღვრის საკითხს, რაც წერილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გაუქმების თარიღით უნდა განისაზღვროს და არა მერის არჩეულად გამოცხადებიდან მე-11 დღით, როგორც ეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა განხორციელებული. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც ნ--------------–---–მა უარი განაცხადა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვაზე შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლებით, გაუგებარია, თუ რატომ განსაზღვრა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის დღე ნ--------------–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით ნ--------------–---–-ს მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის ფაქტი გამოვლენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ, 2017 წლის 20 ნოემბრიდან. გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ ნ--------------–---–-სათვის რეზერვში ჩარიცხვისა და შესაბამისი კომპენსაციის გაცემის შესახებ წინადადების გაგზავნისა და მოსარჩელის მიერ პასუხად უარის განცხადების ზუსტი თარიღის განსაზღვრა საქმის განხილვის პროცესში ვერ მოხერხდა, რამეთუ აღნიშნულის დამადატურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა სხდომაზე გაკეთებული მხარეთა ახსნა - განმარტებებით ცალსახად დადასტურდა, რომ აღნიშნული არ განხორციელებულა 2017 წლის 20 ნოემბერზე უფრო ადრე. სასამართლო აპელანტის ყურადღებას მიაპრობს იმ გარემოებასაც, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოხელის რეზერვში ჩარიცხვას ითვალისწინებს მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. ანალოგიურ რეგულაციას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-12 მუხლიც. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა ნ--------------–---–-სთვის მობილობის რეჟიმში შეეთავაზებინა თუნდაც რანგით დაბალი თანამდებობა, რაც მან უგულებელყო, სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთხელ არწმუნებს მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობასა და უსამართლობაში. აღნიშნულის ფონზე, პალატას მიაჩნია, რომ რეზერვში ჩარიცხვის შეთავაზებას ნ--------------–---–-სთვის ჰქონდა ფორმალური ხასიათი და ამასთან, ეს პროცედურა არღვევდა დასახელებული ნორმატიული ბაზის მოთხოვნებს.

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან 2018 წლის 26 იანვრით დათარიღებული ბრძანებით, ნ--------------–---–-სათვის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი შედეგის დადგომის ძველი (წარსული პერიოდის) თარიღით განსაზღვრა ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანს, რომელიც მდგომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამი მნიშვნელოვანი ამოცანის: 1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების; 2. კანონის უზენაესობის და 3. საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვაში, რამეთუ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ამ აქტის ოფიციალურ გაცნობას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავი/. აღნიშნული ნორმების მიხედვით, აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, რეკვიზიტები, სამართლებრივი შედეგები და შესასრულებლად სავალდებულო ძალა დამოკიდებულია აქტის სათანადო ფორმით შედგენასა და ადრესატისათვის გადაცემაზე. ამ თავის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სულისკვეთება მთლიანად აგებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცედურის სწორად წარმართვაზე. აქტის დათარიღების მიუხედავად, მასში წარსული პერიოდის ფაქტების ამსახავი მოვლენების ათვლის წერტილად აღება და მასზე იურიდიული შედეგების დამყარება აბსოლუტურად არ შეესაბამება ადმინისტრაციულ ურთიერთობებში პირის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპებს. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს მისი ადრესატის მიმართ აქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა) და არა პირიქით. კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოშობს თანმდევ შედეგებს და არა პირიქით.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი მოქცეული უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში, მიღებული უნდა იყოს სზაკ-ის პრინციპების დაცვით და პასუხობდეს მთავარ მოთხოვნას - რა იყო აქტის მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ფაქტობრივი გარემოებები განაპირობებენ ნებისმიერი ქმედების იურიდიულ კვალიფიკაციას, რამდენადაც სწორედ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი და მათი შეფასება ხდის შესაძლებელს შემოწმდეს დამდგარი იურიდიული შედეგი და გამოყენებული ნორმების შესაბამისობა. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს მობილობის გამოყენების შეუძლებლობის ფაქტს ნ--------------–---–თან მიმართებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულ იქნა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევებით, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღიაროს დამდგარი შედეგის - სამსახურიდან გათავისუფლების - კანონშესაბამისობა.

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადასტურებას ენიჭება როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. ფაქტის დაუმტკიცებლობის პირობებში, დამდგარი არახელსაყრელი შედეგისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ შესძლო ამ ფაქტის დადასტურება. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო აქტის კანონიერების დასაბუთებულობის კუთხით თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არ შეესაბამება მისი გამოცემის ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას აქტის ბათილობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული მცხეთის რაიონული სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გელა ბადრიაშვილი