განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001300148
საქმე №2ბ/5067-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები _ ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - შპს „ს--------------------ი“
დირექტორი - ი---------–---
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-–----ი“
წარმომადგენელი - მ-----–--------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ა-–----ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს ”ს--------------------”-ს, მოპასუხე შპს ,,ა-–----ი”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 13 811 ლარის გადახდა. შპს ”ს--------------------”-ს, მოპასუხე შპს ,,ა-–----ი”-ს სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 415 ლარის გადახდა. შპს ”ა-–----ს” უარი ეთქვა გაწეული იურიდიული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილიზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 232I-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე შპს ”ს--------------------ი”-ს დირექტორს ი---------–---ს ჩაბარდა 2016 წლის 6 მაისს. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. გამომდინარე აქედან, სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო 316-317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
2016 წლის 18 ნოემბერს შპს „ს--------------------ის“ დირექტორმა ი---------–---მ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმაზე მითითებით, რომ მან შესაძლებელია მოაწერა რაიმე დოკუმენტს ხელი, მაგრამ იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს მოსარჩელესთან, რომელსაც გარკვეული თანხა გადაუხადა და ამიტომ მიიჩნია, რომ პრობლემა არ ექნებოდა. მისი განმარტებით, მან არ იცოდა შესაგებლის წარმოუდგენლობა ასეთ შედეგს თუ გამოიღებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, შპს „ს--------------------ის“ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სარჩელი ჩაბარებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად მას ჩაბარდა 2016 წლის 08 ნოემბერს და მისთვის ასევე ცნობილი იყო შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგები, თუმცა მხარემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ განუმარტავს მის საჩივარში. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ა მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლში მითითებულია თუ კონკრეტულად რა შემთხვევაში უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმეში არსებული მასალებით აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაბარდა პირადად შპს "ს-------------------ის" დირექტორს ი---------–---ს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა კანონით დადგნილი წესით, პირადად. ამის საპირისპირო მტკიცებულება კი მხარეს არ წარმოუდგენია. ამიტომ სასამართლოს მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩენილიყო ძალაში.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის წარმომადგენელი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებაში არასწორადაა აღნიშნული, რომ 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარში არ იყო მითითებული სარჩელის შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი. ასევე, მასში არაა აღნიშნული, სხდომაზე გასაჩივრებლის გამოუცხადებლობის შესახებ. აპელანტი აღნიშნავს, რომ დირექტორი ი-------–--ა დაიბარეს სასამართლოს ერთ დარბაზში, სხდომა კი გაიმართა სხვა დარბაზში, რითაც შეეზღუდა შესაძლებლობა ზეპირი ფორმით დაესაბუთებინა შესაგებლის წარუდგნლობის საპატიოობა.
აპელანტის წარმომადგენელი უთითებს, რომ შპს „ს--------------------ის“ დირექტორის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით მიმართა დახმარებისთვის ადვოკატს, სანოტარო აქტი მინდობილობის სახით გასცა როგორც ფიზიკურმა პირმა ი---------–---მ და არა როგორც შპს „ს--------------------ის“ დირექტორმა. აღნიშნულმა განაპირობა ის ვითარება, რომ მინდობილობაში მითითებულმა პირებმა ვეღარ განახორციელეს მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილებანი შპს „ს--------------------ის“ ინტერესებში. მას შემდეგ, რაც ი-------–--ას უნებლიედ შეცდომა დააშვებინეს სხდომის დარბაზთან დაკავშირებით, მან გაასწორა აღნიშნული უსწორობა, 2017 წლის 17 ოქტომბერს ახალი მინდობილობის გაცემით.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ შპს „ს--------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ს--------------------ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
დადგენილია რომ, მოპასუხე მხარეს ი---------–---ს სარჩელი თანდართული მასალით ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, 2016 წლის 6 მაისს. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა, მაგრამ მას შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს და მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის არგუმენტები არ ქმნიან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნისას სასამართლოს მიერ გზავნილის მეშვეობით ხორციელდება მოპასუხის ინფორმირება შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე თანდართული გზავნილის მეშვეობით მოპასუხეს განემარტა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილი იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, შპს „ს--------------------ის“ დირექტორ ი---------–---ს მითითებას იმაზე, რომ მას ვერ წარმოედგინა, თუკი შესაგებლის წარუდგენლობა ასეთ სამართლებრივ შედეგს მოიტანდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს. პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ ვერ მოხდა იმ გარემოების დასაბუთება, რომ მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით ვერ მოხდა.
პალატა აღნიშნავს ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები მითითებული უნდა იქნეს საჩივარში, სადაც აღნიშნული უნდა იყოს ის გარემოებები, თუ რატომ ვერ მოხერხდა შესაგებლის წარმოდგენა დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი საპატიო გარემოებად უთითებდა, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოსარჩელესთან, ამასთან არ იცოდა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება იყო შესაძლებელი. როგორც უკვე აღინიშნა, საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად. აქედან გამომდინარე, ვერც საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, როგორც ეს სააპელაციო საჩივარშია მითითებული, რადგანაც თავად საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძვლებს.
შესაბამისად, შეუძლებელია საქმეზე დამდგარი შედეგის შეცვლა, მიუხედავად იმისა დაესწრებოდა თუ არა იგი სხდომა სარჩელის განხილვის დროს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შპს „ს--------------------ის“ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 552 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს--------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი
მოსამართლე: ბ. ტაბაღუა
გ. გიორგიშვილი