განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
330210018002376226
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002376226

საქმე №2ბ/5559-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - თ----------------------

წარმომადგენლები - ა---–----–---–------------------–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–---------------

წარმომადგენლები - კ-----------------------------

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.05.2018 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.05.2018 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ----------------------ს სარჩელი მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და შრომითი ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

თ---------------------- 1998-2003 წლებში მუშაობდა თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–------–-–--------------–- მუსიკოსის თანამდებობაზე. მისი სახელფასო დავალიანება შეადგენს 660 ლარს (დარიცხული ხელფასი). თ----------------------ს ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 1998 წლის ოქტომბრის თვეში შეადგენდა 105.60 ლარს, 1999 წლის ნოემბრის თვეში - 105.60 ლარს, 1999 წლის დეკემბერის თვეში - 52.80 ლარს, 2000 წლის აპრილის თვეში - 105.60 ლარს, 2000 წლის მაისის თვეში - 105.60 ლარს და 2000 წლის დეკემბრის თვეში- 105.60 ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა სახელფასო დავალიენების შესახებ (ს.ფ. 17).

 

2018 წლის 26 თებერვალს თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–---------------ს მთავარი ბუღალტერის ბ------------------- მიერ გაცემულ #------ ცნობის თანახმად, თ----------------------ს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 660 ლარს (დარიცხული ხელფასი).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა სახელფასო დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და შრომითი ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული #------ ცნობით აღიარა სახელფასო დავალიანების არსებობა თ----------------------ს მიმართ ხელზე ასაღები 580,80 ლარის ოდენობით. აღნიშნული მოსაზრება კი არ გაიზიარა მოპასუხემ და განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ცნობის ვალის აღიარების დოკუმენტად მიჩნევა არ არის მართებული და იგი წარმოადგენს მხოლოდ საბუღალტრო დოკუმენტს.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული #------ ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და იგი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან ცნობაში მითითებულია სტატისტიკური მონაცემი და არაფერია ნათქვამი მითითებული სახელფასო დავალიანების გადახდის დაპირების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1. მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა 2018 წლის 29 მარტს და მოითხოვა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას, ვინაიდან გასულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს, რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ შრომითი უფლების დაცვის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. შრომითი უფლების რეალიზაციაც ისევე უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლომ მიმართა ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. თუკი პირმა თავისი დაუდევრობის, გულგრილობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული ურთიერთობისა თუ მოვლენის შემდგომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კანონმდებლობით დაწესებულია ხანდაზმულობის ვადები, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გასვლა კი სპობს სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობას.

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული #------ ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და იგი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან ცნობაში მითითებულია სტატისტიკური მონაცემი და არაფერია ნათქვამი მითითებული სახელფასო დავალიანების გადახდის დაპირების თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების აღდგენისათვის სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ხელფასი არ მიიღო 2000 წლის დეკემბრის თვეში, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2018 წლის 29 მარტს, შესაბამისად, გასულია სამ წელზე მეტი, ამდენად, თ----------------------ს სარჩელი ხანდაზმულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს და იგი არ შეიძლება განხულულ იქნეს, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან, აღნიშნული ცნობა შეიცავს ყველა იმ მონაცემს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ იგი ჩაითვალოს ვალის აღიარების ხელწერილად. სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ცნობა ნიშნავს ვალის აღიარებას და იგულისხმება, რომ რადგან 2018 წლის მდგომარეობით არსებობს სახელფასო დავალიანება, შესაბამისად, არსებობს მისი ანაზღაურების ვალდებულებაც.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,თ---------------------- 1998-2003 წლებში მუშაობდა თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–------–-–--------------–- მუსიკოსის თანამდებობაზე. მისი სახელფასო დავალიანება შეადგენს 660 ლარს (დარიცხული ხელფასი). თ----------------------ს ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 1998 წლის ოქტომბრის თვეში შეადგენდა 105.60 ლარს, 1999 წლის ნოემბრის თვეში - 105.60 ლარს, 1999 წლის დეკემბერის თვეში - 52.80 ლარს, 2000 წლის აპრილის თვეში - 105.60 ლარს, 2000 წლის მაისის თვეში - 105.60 ლარს და 2000 წლის დეკემბრის თვეში- 105.60 ლარს.

 

2018 წლის 26 თებერვალს თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–---------------ს მთავარი ბუღალტერის ბ------------------- მიერ გაცემულ #------ ცნობის თანახმად, თ----------------------ს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 660 ლარს (დარიცხული ხელფასი).

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ თ----------------------ს მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრებისა და შრომითი ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი მუხლით, შრომა თავისუფალია, ხოლო, მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად ''დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებებს იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.''

 

შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო, ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. შრომის უფლება მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნული მსჯელობისა, შრომის უფლებისა და სოციალური გარემოს ადამიანის არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს გარანტიებად აღიარებისა, აღნიშნული არ უნდა იქნეს ისე აღქმული, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები. შესაბამისად, შრომის უფლებაზე, ისევე როგორც სხვა სამოქალაქო უფლებებზე, ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. დადგენილია, რომ თ----------------------- თავისი სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა 2018 წლის 29 მარტს და მოითხოვა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს ხანდაზმულ მოთხოვნას, ვინაიდან გასულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. შესაბამისად, თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------- უფლებამოსილია უარი განაცხადოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ წლის 26 თებერვალს გაცემული #------ ცნობა წარმოადგენს ვალის აღიარებას, რის გამოც შეწყვეტილია ხანდაზმულობის ვადის დენა, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ _ სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–---------------ს მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული #------ ცნობა წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტს, გააჩნია ინფორმაციული შინაარსი და იგი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც ვალის აღიარების ხელწერილი, ვინაიდან ცნობაში მითითებულია სტატისტიკური მონაცემი და არაფერია ნათქვამი სახელფასო დავალიანების გადახდის დაპირების თაობაზე. ამასთან, პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას მასზედ, რომ სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს დასაქმებულის პერსონალურ ინფორმაციას და დასაქმებული მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია გასცეს იგი. თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული და აღქმული ისე, თითქოს ცნობაში, სადაც მითითებულია ბუღალტრული მონაცემები და დავალიანებული თანხის ოდენობა, დასაქმებული აღიარებს მოთხოვნას და იღებს მის შესრულებაზე ვალდებულებას. ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 26.02.2018 წლის N01/125 ცნობის გაცემას საფუძვლად დაედო 12.02.2018 წლის N-------- განცხადება. შესაბამისად, ცნობა გაცემულია არა თავად თ---–------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–---------------ს ინიციატივით, არამედ, იგი გაიცა აპელანტის მიმართვის საფუძველზე. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო აღნიშნული ცნობის გაცემაზე, რაც მისი მხრიდან არ ნიშნავს ვალის აღიარებასა და მისი გადახდის დაპირების გაცემას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.05.2018 წლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა