განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3ბ/3421-18, 190310018002433532
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი- ლ-------------–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ----------------–---–ი
წარმომადგენელი - თ-------------–---–-
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი- გ-----------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის №-- განკარგულება და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 იანვრის №- განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (ტ.1. ს. ფ. 14-27).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის შესახებაც აცნობა გ----------------–---–ს (ტ.1. ს. ფ. 107-109).
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის №-- განკარგულებით გ----------------–---–ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. რ-----------–------------ მ/ტ მიწის ნაკვეთის ფართობი 515,42 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 13,54 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტს კვეთს მაღალი ძაბვის ხაზოვანი ნაგებობა (ტ.1. ს. ფ. 29-31).
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია ადმინისტრაციულ ორგანოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია, შეფასება არ მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, დაინტერესებულ პირს არ მისცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა მიწვეული, არ ჰქონია შესაძლებლობა წარედგინა თავისი მოსაზრება, ის ფაქტი, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე გადის მაღალი ძაბვის კაბელები არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ჩამოხსნილია დიდი ხნის წინ, რაც დასტურდება მათ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი 2016 წლის აქტით. მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სალეგალიზაციო ობიექტს კვეთს მაღალი ძაბვის ხაზოვანი ნაგებობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ მიიწვია დაინტერესებული პირი, არ მოიპოვა მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იყო არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნებოდა მიჩნეული უტყუარად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 24 ოქტომბერს №-------- წერილით მიმართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გაუგზავნა გ----------------–---–ის განცხადება. ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 იანვრის №- განკარგულებით მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღნიშნული მოსარჩელემ არ გაასაჩივრა სასამართლოში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 იანვრის №- განკარგულება და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის №-- განკარგულებით, გ----------------–---–ს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ, რუსთავი, მ–------------- მ/ტ მიწის ნაკვეთის ფართობი 515,42 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 13,54 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტს კვეთს მაღალი ძაბვის ხაზოვანი ნაგებობა.
როგორც სასამართლომ მიუთითა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 მარტის ადგილზე დათვალიერების აქტით ირკვევა, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე გადის მაღალი ძაბვის სადენები 2-4 მეტრში, ხოლო ნაკვეთის წინ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით, მიედინება სარწყავი არხი, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან არ გამოუთხოვია ინფორმაცია ხაზობრივი ნაგებობისა და სარწყავი არხის მილსადენის რეგისტრაციის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, ადგილზე დათვალიერებისას მიწვეული არ იქნა დაინტერესებული პირი, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა გ----------------–---–ის მიერ წარდგენილი 2016 წლის აქტი, რომლის თანახმადაც შპს ,,რ----------–---–-ს, სს ,,ე-----------------------ას“ რუსთავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი, სს ,,ს--–------ს“ ქვემო ქართლის რეგიონალური მომსახურების ცენტრის დირექტორი, შპს ,,ს----------–----–--------–---------–----------–-------------------–-ის" (,,ს------“) გენერალური დირექტორი, შპს ,,ს-------------------------ს“ კახეთის რეგიონალური რუსთავის სერვის ცენტრის მენეჯერი ადასტურებენ, რომ გ-----------------–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 515,42 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქ რუსთავში, მ–---------------------- ტერიტორიაზე არ არის განთავსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მეოთხე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობება მოიცავს როგორც საჰაერო, ასევე საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზებს. ამავე დადგენილების მესამე მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად, კი ,,ელექტრული ქსელის მფლობელი პირი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მოახდინოს ელექტრული ქსელის მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია მათი პარამეტრების, მათ შორის ამ წესით დადგენილი დაცვის ზონების მითითებით“ .
განსახილველ შემთხვევაში, მაღალი ძაბვის ხაზოვანის ნაგებობის სალეგალიზაციო ობიექტის კვეთის ფაქტი კანონით დადგენილი წესით არ დასტურდება. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს კანონით იპერატიულად აქვს განსაზღვრული რა შემთხვევაში უნდა განახორციელოს ან არ განახორციელოს საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლების ფარგლებში კი არ მოქმედებს, არამედ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულ ორგანოს მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოპასუხემ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ მოიწვია დაინტერესებული პირები, მოწმეები, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ შეაფასა მოსარჩელის და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არ მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი განმარტავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის N-- განკარგულება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი სამართლებრივი აქტი. გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია აქტის მომზადების და გამოყენების წესი, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და თუ ამ დარღვევის არარსებობისას სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ანუ სასკ-ის 32.4 მუხლი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი საკითხის გასარკვევად დავალების გაცემის პირობას და რაც მთავარია საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლეოდა გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გასარკვევად.
აპელანტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა და სასამართლოს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია, შეფასება არ მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, დაინტერესებულ პირს არ მისცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრება. ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ გამომდინარებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
აპელანტის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 მარტის სხდომაზე მონაწილეობა აქვს მიღებული მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს თემურ პოპიაშვილს (იხ.ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმი) . სხდომა მის მიმართ გადაიდო ადგილის დათვალიერების მოტივით. 2018 წლის 26 მარტს კომისია გასული იყო და შეადგინა ადგილის დათვალიერების აქტი. ადგილის დათვალიერების აქტით დგინდება, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე გადის მაღალი ძაბვის სადენები. 2018 წლის 27 მარტს, იგი მიიწვიეს ზეპირ მოსმენაზე წერილით 20.03.2018 N-------- სადაც მითითებულია, რომ დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებდა საქმის განხილვას. მოსარჩელე არ გამოცხადდა და ადმინისტრაციულ ორგანოს არ აცნობა გამოუცხდებლობის მიზეზების თაობაზე. შესაბამისად, 2018 წლის 27 მარტს, საკითხი განიხილეს მისი დასწრების გარეშე.
აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის კომუნიკაციების აქტი არ იქნა გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან ადგილის დათვალიერების აქტით დადგინდა, რომ სალეგალზიაციო ობიექტზე გადიოდა მაღალი ძაბვის სადენები. ადმინისტრაციულ ორგანოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მითითება, რომ კომისიამ არ გამოიკვლია მტკიცებულებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მასალებით. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში დაცული ინფორმაციის გამოკვლევასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ გ----------------–---–ის სახელზე წარმოებული მასალებს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებთა სისტემური და სპორადული რეგისტარციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იხილავს საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილ და თავად კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებს. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ კომისიას არ გამოუთხოვია ხაზობრივი ნაგებობის შესახებ საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან ხაზოვანი ნაგეობის მფლობელი პირი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯით მოახდინოს რეგისტრაცია მათი პარამეტრების მითითებით. ამდენად, შესაძლებელია ფაქტობრივად სალეგალიზაციო ობიექტზე გადიოდეს ხაზოვანი ნაგებობა, მაგრამ არ იყოს აღრიცხული საჯარო რეესტრში, ამასთან, კომისიაში წარდგენილი იყო 2016 წლის კომუნიკაციების აქტი, რომელიც შესაძლებელია შეცვლილიყო 2018 წლის მდგომარეობით. ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული ზემოთ მითითებული კომუნიკაცია, ვერ გახდებოდა სხვაგვარი აქტის მიღების საფუძველი.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, კომისიის მიერ შედგენილი ადგილის დათვალიერების აქტი უტყუარია და არ გაუხდია სადავოდ თავად მოსარჩელეს. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე 3 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის ობიექტები. „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების შესაბამისად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონად დადგენილია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომელიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია სულ მცირე 2 მეტრით. განსახილველ შემთხვევაში, სალეგალიზაციო ობიექტს კვეთს მაღალი ძაბვის ხაზოვანი ნაგებობა. იმის გათვალისწინებით, რომ გ----------------–---–ის სალეგალიზაციო ობიექტს კვეთს მაღალი ძაბვის ხაზოვანი ნაგებობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს მითითება, რომ საჯარო რეესტრიდან ხაზოვანი ნაგებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა რაიმე გავლენას მოახდენდა ადმ. აქტის კანონიერებაზე, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებით, რადგან თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარების კომისია განსახილველ შემთხვევას იხილავს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებთა სისტემური და სპორადული რეგისტარციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე“ საქართველოს კანონის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების ფარგლებში საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილ მასალებს.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, სათანადოდ გამოკვლევის პირობებში, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა არსებითად გადაეწყვიტა დავა და არ დაებრუნებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. კერძოდ, მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ვინაიდან, დაცული აქტის გამოცემისათვის საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ფორმა. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს.
სამოტივაციო ნაწილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია კანონი და არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე - 394-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №-------- წერილით მიმართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გაუგზავნა გ----------------–---–ის განცხადება. ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 იანვრის №- განკარგულებით მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღნიშნული მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 იანვრის №- განკარგულება და მოპასუხე მხარეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 28 მარტის №-- განკარგულებით გიორგი ანტონიშვილს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ, რუსთავი, მ–------------- მ/ტ მიწის ნაკვეთის ფართობი 515,42 კვ.მ, განაშენიანების ფართობი 13,54 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სალეგალიზაციო ობიექტს კვეთს მაღალი ძაბვის ხაზოვანი ნაგებობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამავე კანონის მესამე პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე კი, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.
,,ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას. ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კი ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ-25 მეტრი; ა.ა.გ)110 კვ-20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ-15 მეტრი; ა.ა.ე)1 – 20 კვ-10 მეტრი; ა.ა.ვ) 1 კვ-მდე-2 მეტრი. ამავე დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი განმარტებულია, როგორც ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ა" და ,,დ" პუნქტების თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა- ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა, ხოლო ხაზობრივი ნაგებობა - საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. აღნიშნულის საფუძველზე, ელექტროგადამცემი ხაზისა და ასევე ყველა სახის მილსადენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხორციელდება უძრავი ნივთისათვის დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 მარტის ადგილზე დათვალიერების აქტით ირკვევა, რომ სალეგალიზაციო ობიექტზე გადის მაღალი ძაბვის სადენები 2-4 მეტრში, ხოლო ნაკვეთის წინ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით მიედინება სარწყავი არხი, თუმცა საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან არ გამოითხოვა ინფორმაცია ხაზობრივი ნაგებობისა და სარწყავი არხის მილსადენის რეგისტრაციის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, ადგილზე დათვალიერებისას მიწვეული არ იქნა დაინტერესებული პირი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა გ----------------–---–ის მიერ წარდგენილი 2016 წლის აქტის, რომლის თანახმადაც, შპს ,,რ----------–---–-ს, სს ,,ე-----------------------ას“ რუსთავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი, სს ,,ს--–------ს“ ქვემო ქართლის რეგიონალური მომსახურების ცენტრის დირექტორი, შპს ,,ს----------–----–--------–---------–----------–-------------------–-ის" (,,ს------“) გენერალური დირექტორი, შპს ,, სოკარ ჯორჯია გაზის“ კახეთის რეგიონალური რუსთავის სერვის ცენტრის მენეჯერი) ადასტურებენ, რომ გ-----------------–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებულ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების, 515,42 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქ რუსთავში, მ–---------------------- ტერიტორიაზე, არ არის განთავსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით იპერატიულად აქვს განსაზღვრული, რა შემთხვევაში უნდა განახორციელოს ან არ განახორციელოს საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლების ფარგლებში კი არ მოქმედებს, არამედ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მეოთხე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობება მოიცავს როგორც საჰაერო, ისე საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზებს. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად კი ,,ელექტრული ქსელის მფლობელი პირი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მოახდინოს ელექტრული ქსელის მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია მათი პარამეტრების, მათ შორის ამ წესით დადგენილი დაცვის ზონების მითითებით .
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მაღალი ძაბვის ხაზოვანი ნაგებობის სალეგალიზაციო ობიექტის კვეთის ფაქტი კანონით დადგენილი წესით არ დასტურდება და ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ე-----------------------ას“ 2018 წლის 05 დეკემბრის წერილზე, რომლის შესაბამისადაც გ----------------–---–ის დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე შპს „ე---------------------------“ კუთვნილი ელექტრული ქსელი განთავსებული არ არის.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია გამოიყენოს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობანი და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, გადის თუ არა სალეგალიზაციოდ მოთხოვნილ ობიექტზე მაღალი ძაბვის სადენები ან/და სარწყავი არხის მილსადენი. ადმინისტრაციულმა ორგანომ გარდა ადგილზე დათვალიერებისა, ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გამოიკვლიოს და შეფასება მისცეს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და უზრუნველყოს დაინტერესებული მხარისათვის საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების გამოყენებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულფასოვნად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი ხასიათის მქონე თითოეული გარემოება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების შედეგად არ დარჩეს კითხვის ნიშნები და არ მოხდეს დაინტერესებული მხარის ინტერესის ან უფლების უკანონო ან დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 378-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე
გელა ბადრიაშვილი