განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001262026
საქმე №2ბ/6430-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ვ-------------–---
წარმომადგენელი - ვ-----------–------–---–---------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ-----------“
წარმომადგენელი - თ--------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.11.2016 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.11.2016 წლის გადაწყვეტილებით:
1. სს ”თ-----------ს” სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1 მოპასუხე ვ--------------–--ეს სს “თ-----------”-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6618.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4180.49 ლარი, პროცენტი - 1872.21, ჯარიმა - 500 ლარი, დაზღვევა - 65.58 ლარი;
1.2 მოპასუხე ვ--------------–--ეს სს “თ-----------”-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4180.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.22 ლარს.
1.3 მოპასუხე ვ--------------–--ეს სს “თ-----------”-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2012 წლის 13 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 391.74 ლარის გადახდა.
1.4 მოპასუხე ვ--------------–--ეს სს “თ-----------”-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 13 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ ვალდებულებაზე - 391.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.12 ლარს.
1.5 სს „თ-----------“-ს მოთხოვნა ვ-------------–--ისათვის პირგასამტეხლოს - 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ვ--------------–--ეს შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 5000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა - 1078 დღე, 2015 წლის 12 ივნისამდე. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამავე ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სადაზღვევო კომპანია G----ში.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2015 წლის 4 აპრილის შემდეგ მოპასუხის მიერ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 28 384.61 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4180.49 ლარი, პროცენტი - 1872.21 ლარი, პირგასამატეხლო - 22266.33 ლარი, დაზღვევის მიზნით გადასახდელი თანხა კი შეადგენს - 65.58 ლარს.
დადგენილია, რომ 2012 წლის 13 ივნისს მოსარჩელესა და ვ-------------–---ს შორის 2012 წლის 13 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი PRIME CARD 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2015 წლის 29 დეკემბრის შემდგომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 391.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 370.68 ლარი, პროცენტი - 13.16 ლარი, პირგასამტეხლო - 7.90 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 15-22)
-ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 23)
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 24-26)
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 27-28)
-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 29-30)
-საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ 34-36)
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 42)
-მხარეთა ახსნა-განმარტებანი
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წამოდგენილ შემთხვევაში სს ,,თ-----------სა” და მოპასუხეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთახმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ პირველი სასარჩელი მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 4180.49 ლარის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის ნაწილში.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა 391.74 ლარის და 2016 წლის 3 თებერვლიდან 391.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის, ყოველთვიურად 11.12 ლარის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ ასევე ცნო. რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ვ--------------–--ეს შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი.
წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით ხოლო საკრედიტო და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარგებელი - 1872.21 ლარი.
საქმეში არსებული მასალებიდან ასევე დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, რომლის ღირებულება მოსარჩელის მიმართ გადახდის გზით ვ-------------–---ს უნდა აენაზღაურებინა. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ არც აღნიშნული ვალდებულება შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დაზღვევის თანხის - 65.58 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილშიც დასაბუთებულია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
დადგენილია, რომ 2012 წლის 29 ივნისს დადებული ხელშეკრულებით მხარეები ძირითად ვალდებულებასთან ერთად წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ზემოთ ხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით. მოპასუხემ მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ 500 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს თანხის დაკისრების საფუძველს. ამავდროულად, პირგასამტეხლოს სახით დამატებით თანხის დაკისრება სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ვინაიდან სესხის ძირითადი თანხის და ვალდებულების დარღვევის პერიოდის გათვალისწინებით 500 ლარის პირგასამტეხლოს მოცულობა წარმოადგენს გონივრულ ზღვარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება, დაეყრდნო მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ვ--------------–--ეს სს “თ-----------”-ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4180.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.22 ლარს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.11.2016 წლის გადაწყვეტილება მისთვის პროცენტის - 1872.21 ლარის, დაზღვევის - 65.58 ლარის, 4180.49 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 17%-ის სარგებლის გადახდის, დავალიანებაზე - 391.74 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 36% - ის სარგებლის გადახდის, სულ - 2948 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სს ,,თ-----------ს“ განმარტებით, ხელშეკრულება დაირღვა 04.04.2015 წელს, თუმცა, სარჩელი წარადგინა 25.02.2016 წელს, როდესაც გაცილებით ადრე იყო ხელშეკრულება შეწყვეტილი და შესაბამისად წლიური სარგებლის გადახდა არ უნდა დაეკისრებინა მისთვის.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,სს „თ----------სა“ და ვ--------------–--ეს შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტზე გაიცა კრედიტი - 5000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა - 1078 დღე, 2015 წლის 12 ივნისამდე. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამავე ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სადაზღვევო კომპანია G----ში.
აპელანტმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2015 წლის 4 აპრილის შემდეგ მის მიერ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით ვ-------------–---ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 28 384.61 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4180.49 ლარი, პროცენტი - 1872.21 ლარი, პირგასამატეხლო - 22266.33 ლარი, დაზღვევის მიზნით გადასახდელი თანხა კი შეადგენს - 65.58 ლარს.
2012 წლის 13 ივნისს სს ,,თ----------სა“ და ვ-------------–---ს შორის 2012 წლის 13 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტზე გაიცა საკრედიტო ბარათი PRIME CARD 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2015 წლის 29 დეკემბრის შემდგომ ვ-------------–--ის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს - 391.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 370.68 ლარი, პროცენტი - 13.16 ლარი, პირგასამტეხლო - 7.90 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, სს ,,თ----------სა” და აპელანტს შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით აპელანტმა პირველი სასარჩელი მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 4180.49 ლარისა და პირგასამტეხლოს - 500 ლარის ნაწილში.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა 391.74 ლარის და 2016 წლის 3 თებერვლიდან 391.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის, ყოველთვიურად 11.12 ლარის დაკისრების ნაწილში აპელანტმა ასევე ცნო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ვ--------------–--ეს შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტზე გაიცა კრედიტი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, შესბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ვ-------------–---ს უნდა დაეკისროს სარგებლის - 1872.21 ლარის გადახდა.
საქმეში არსებული მასალებიდან ასევე დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, რომლის ღირებულება მოსარჩელის მიმართ გადახდის გზით ვ-------------–---ს უნდა აენაზღაურებინა. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ არც აღნიშნული ვალდებულება შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,თ-----------ს“ მოთხოვნა აპელანტისთვის დაზღვევის თანხის - 65.58 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილშიც დასაბუთებულია, რის გამოც, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ აპელანტის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სს ,,თ-----------“ მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-------------–--ისათვის სს “თ-----------”-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4180.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, ყოველთვიურად შეადგენს 59.22 ლარის ოდენობით, სამართლიანი და დასაბუთებულია რის გამოც, აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მოსაზრება.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,თ----------სა“ და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულებები, შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ვ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.11.2016 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი