განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002600469 (№1/ბ-790-2018 წ.)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი მ---------ის ძე ლ-------იძის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, უ-----ის ქ.N25;
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ------ი ლ-------იძემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 0200 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ რ---ში მდებარე სახლში ყოფნის დროს, მ--------- ლ-------იძეს მობილური ტელეფონის გამოყენებით დაურეკა შვილმა გ------ი ლ-------იძემ. საუბრისას გ------ი ლ-------იძე მამას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით. მ--------- ლ-------იძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან გ------ი ლ-------იძე მკვლელობისთვის ნასამართლევი პირია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით გ------ი ლ-------იძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გ------ი გ--------იძის მიერ, რომელმაც ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ------ი ლ-------იძის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულ მ--------- ლ-------იძის, ასევე მოწმეების ი------------–---–------------–----------------- ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ არც ერთი მტკიცებულება რასაც სააპელაციო პალატა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
მოწმის სახით დაკითხულმა გ---–---ა დ-------ძემ აჩვენა, რომ გ------ი ლ-------იძე არის მისი გერი. 2018 წლის 13 ივლისს, ღამის საათაებში გააღვიძა ტელეფონის ზარმა, რომელსაც უპასუხა მისმა მეუღლემ და გავიდა გარეთ ტელეფონზე სასაუბროდ. მიუთითებს, რომ საუბრის შინაარსი, ასევე, თუ ვის ესაუბრებოდა ეს უკანასკნელი მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ მეუღლეს გაჰყვა პოლიციის განყოფილებაში სადაც, მისცა ჩვენება. მიუთითებს, რომ ეთანხმება მის მიერ საქმის გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, სადაც მიუთითა იმ გარემოებებზე, რაც გაიგო მისი მეუღლისგან გადმოცემით, რადგანაც მეუღლის სატელეფონო საუბრისას თვითონ იმყოფებოდა ოთხში, ხოლო მისი მეუღლე გარეთ გავიდა და მისი საუბარი არ ესმოდა.
დაზარალებულმა მ--------- ლ-------იძემ და მსჯავრდებულის მეუღლემ ი--- რ------–---–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი ლ-------იძემ განმარტა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქნია და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------ი ლ-------იძის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო სასამართლოს აზრით გ------ი ლ-------იძის მიერ, დაზარალებულის - მ---------ი ლ-------იძის მიმართ მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება - (გ---–---ა დ-------ძის ჩვენება), რაც ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან მხოლოდ ერთი (ისიც ირიბი) მტკიცებულება, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის, ასევე იგი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც უტყუარად და დამაჯერებლად არ დასტურდება, რომ გ------ი ლ-------იძემ ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.
პალატა ასევე განმარტავს, რომ როგორც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები უშვებენ შესაძლებლობას, შესაბამისი გარემოებების არსებობისას გამოყენებულ იქნეს მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ამასთან, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ აღნიშნული სახის მტკიცებულება დაედოს საფუძვლად.
ხსენებული დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - in dubio pro reo, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება გ------ი ლ-------იძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი გ--------იძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი გ--------იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი გ------ი ლ-------იძის მიმართ დარჩეს უცვლელად:
გ------ი ლ-------იძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ------ი ლ-------იძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ გ------ი ლ-------იძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებებიდან: ,,Opel astra“-ს მოდელის ავტომანქანა, ,,Mercedes-benc“-ის მოდელის ავტომანქანა (იმყოფება ბაღდათის რაიონული სამმართველოს ავტოსადგომზე), ასევე, მ--------- ლ-------იძის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს. ხოლო CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს მასში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე