განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
330210018002424775
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002424775

საქმე № 330210018002424775

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7192-18 21 იანვარი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - სს „თ--–---“

 

წარმომადგენელი - ჯ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი-----–ი ა-------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს „თ--–--მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე ი-----–ი ა------------- მოსარჩელის სასარგებლოდ მიმდინარე სააბონენტო დავალიანებისა და დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის - 5135.33 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი-----–ი ა-------ს სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად დაგროვილი მიმდინარე დავალიანების 788.25 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „თ--–--მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ი-----–ი ა------- სს „თ--–---ს“ აბონენტს (№0------) წარმოადგენს (ს.ფ. 17-22).

 

6. ი-----–ი ა------- სააბონენტო მისამართზე - ტ-------–ა, განთავსებული უძრავი ქონების - ს/კ 8-----------, მესაკუთრეა (ს.ფ. 26-27).

 

7. 2017 წლის 13 ივნისს ი-----–ი ა-------მ განცხადებით მიმართა სს „თ--–--ს“ და მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების გადანაწილება მოითხოვა (ს.ფ. 24).

 

8. 2017 წლის 03 ივლისს სს „თ--–--სა“ და ი-----–ი ა-------- წარმომადგენელს - გ------ ა-------ს შორის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ №----- ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, სს „თ--–---ს“ აბონენტს №0------ - ი-----–ი ა-------ს სს „თ--–---ს“ მიმართ არსებული დავალიანება - 5135.01 ლარის ოდენობით, გადასახდელად 120 თვეზე გადაუნაწილდა. ყოველთვიური გადასახდელის მინიმალური პორცია 42.79 ლარით, ხოლო ბოლო თვის პორცია 43 ლარით განისაზღვრა. გადანაწილებული თანხის გადახდა 2017 წლის აგვისტოს თვიდან უნდა დაწყებულიყო. ხელშეკრულებით განსაზღვრული დავალიანება 2000 წლიდან 2017 წლის ივნისის თვის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის შედეგად წარმოიშვა. ხელშეკრულების თანახმად, თუ მოვალე ერთხელ მაინც დაარღვევდა გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეწყვიტა და გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიემართა (ს.ფ. 23, 28-29, 17-22).

 

9. გ------ ა------- ი-----–ი ა-------- მამაა (შესაგებელი, ახსნა-განმარტება).

 

10. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე (03.07.2017წ.), ი-----–ი ა-------ს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მას ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღუდგა (შესაგებელი, მხარეთა ახსნა განმარტება, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

11. ი-----–ი ა-------- მიერ მასსა და სს „თ--–--ს“ შორის 2017 წლის 03 ივლისს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები დაირღვა (ს.ფ. 17-22).

 

12. №0------ აბონენტის დავალიანება სს „თ--–---ს“ მიმართ - 5135.33 ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე დავალიანებაა - 385.43 ლარი, ხოლო გადანაწილებული დავალიანების დარჩენილი ოდენობა - 4749.90 ლარია (ს.ფ. 17-22, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

13. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ი-----–ის ა-------ს სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ დავალიანებული თანხიდან 4 349, 10 ლარი არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან მიუხედავად აღნიშნული თანხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით აღიარებისა, მითითებული თანხის დაკისრების წინაპირობა არ არსებობს. აღნიშნული დასკვნის ფაქტობრივი საფუძველია გარემოება მასზედ, რომ ი-----–ი ა-------სა და სს „თ--–--ს“ შორის 2017 წლის 03 ივლისს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება ხანდაზმული დავალიანების აღიარების ნაწილში, ბათილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული ნორმის თანახმად, არ შეიძლება ნამდვილი იყოს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება უნდა არსებობდეს.

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებებს, როგორც დავალიანების ხანდაზმულობა, ისე აღნიშნულ ნაწილში ვალის არსებობის აღიარების ფაქტის ნამდვილობა წარმოადგენს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, უპირველესად, გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების კანონშესაბამისობა და შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების წინაპირობების კვლევა წარმოადგენს.

 

14. სასამართლო ადგენს, რომ ი-----–ი ა-------სა და სს „თ--–--ს“ შორის 2017 წლის 03 ივლისს გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, თავისი არსით, ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების ხელშეკრულებაა, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის რეგულირებიდან გამომდინარე, ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, რომლის, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. მაგალითისათვის, ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეიძლება ჩანდეს, თუ რა სამართალურთიერთობა უძღოდა წინ მოვალესა და კრედიტორს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ვალის აღიარების ბუნების განსაზღვრის მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. შესაბამისად, ვალის აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ვალდებულებას წარმოშობს, მიუხედავად აღიარებამდე არსებული ვალდებულების ხანდაზმულობისა, ბათილობისა და ა. შ. ამდენად, დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების, როგორც ვალის აღიარების კონტექსტში დამოუკიდებელი გარიგების ინდიკატორია ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ნამდვილია, მიუხედავად იმისა, ნამდვილია, თუ არა ის გარიგება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებაც მოვალემ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ცნო.

 

15. ამავდროულად, იმისათვის, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებამ, როგორც დამოუკიდებელმა გარიგებამ, ვალდებულება წარმოშვას, აუცილებელია, რომ პირი, რომელიც ვალს აღიარებს, აღნიშნული ვალდებულების არსს აცნობიერებდეს. მით უფრო, თუ ვალის აღიარების ხელშეკრულება ელექტრო ენერგიის მომარაგებას ეხება, რა დროსაც ხელშეკრულების ერთ მხარეს დომინანტი მეწარმე სუბიექტია, ხოლო მეორე მხარეს მომხმარებელი, მოხმარების საგანი კი - პირველადი, სასიცოცხლოდ აუცილებელი. ამ მიმართებით, საყურადღებოა, რომ აპელანტს აქვს სრული კანონისმიერი რესურსი მოსარჩელის ელექტრომომარაგებაზე ზემოქმედება მოახდინოს. 2017 წლის 13 ივნისის განცხადებით დგინდება, რომ საცხოვრებელ სახლში მისულ მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე, პენსიონერ მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, ელექტროენერგია გათიშული დახვდა. ასევე უდავო გარემოებაა, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ი-----–ი ა-------ს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მას ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღუდგა. ამასთან, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება - შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.

 

16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მიერ შეთავაზებული პირველადი საყოფაცხოვრებო პროდუქტის (ელექტროენერგიის) მომხმარებელია, სადავო გარიგების დადებისას არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადაუხდელი ხანდაზმული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოვლენილი ნების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების მხედველობაში მიღება, რამაც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვია, კერძოდ, მხარე აღმოჩნდა არჩევანის წინაშე, გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, თუ ოჯახთან ერთად დარჩენილიყო ელექტროენერგიის გარეშე, რაც არსებობისათვის მეტად მძიმე კომუნალურ პირობებს უქადდა. მითითებული გარემოებები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებით სოციალური სამართლიანობის პრინციპი დაირღვა, რადგან მოპასუხისთვის ცივილიზებული ცხოვრებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსის მიღების საშუალებად სადავო ხელშეკრულების გაფორმება იქნა გამოყენებული. ამგვარი ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგება კი, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილია, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება. აღნიშნულ მსჯელობაზე გავლენას ვერ მოახდენს აპელანტის მითითება მასზედ, რომ მოპასუხემ არა მხოლოდ აღიარა სადავო დავალიანება, არამედ დაიწყო მისი გადახდა, რითაც დაადასტურა ხელშეკრულების ნამდვილობა და შეცილების უფლება დაკარგა ან/და ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის ქვითარზე დავალიანება მითითებულია, რადგან ნების გამოვლენა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად არ მომხდარა და ქვითარზე დავალიანების მითითება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, რომელსაც სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, დავალიანების ხანდაზმულობის შესახებ მიწოდებულ ადექვატურ ინფორმაციად ვერ იქნება მიჩნეული.

 

17. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს მომხმარებელთა უფლებების სფეროში ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიმოხილვას.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. დარგობრივი პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის სტანდარტებთან. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების მხარდაჭერას. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებასაც გულისხმობს, კერძოდ, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დამცველ დამოუკიდებელ ასოციაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას და ა.შ.

 

განსახილველ დავასთან პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 93/13/EEC დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ (), რომლის მიერ დანერგილი პრინციპების იმპლემენტაცია, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ივალდებულა. დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ბაზრის განვითარებას მომხმარებელთა იმ სამართლებრივი და ეკონომიკური რისკებისგან დაცვის გზით, რომელიც შემთავაზებელმა, როგორც უკეთ ინფორმირებულმა/უფრო ძლიერმა ბაზრის მოთამაშემ, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მეშვეობით ხელშეკრულების უფრო სუსტ მხარესთან - მომხმარებელთან შეიძლება გადაამისამართოს. ასეთ დროს მომხმარებლებს, როგორც წესი, წართმეული აქვთ შესაძლებლობა, სერვისის მიმწოდებელს/მეწარმეს მოელაპარაკოს ან/და სტანდარტული პირობები მოლაპარაკების საგნად აქციოს. აღნიშნული დირექტივის თანახმად, იმისათვის, რათა სტანდარტული პირობა ბათილად არ იქნეს მიჩნეული, იგი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, უნდა იყოს სამართლიანი (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანობა გულისხმობს აშკარა დისბალანსის არარსებობას. მომხმარებლის საუარესოდ აშკარა დისბალანსის ცნება კი ნიშნავს პირობების გაანალიზებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მხედველობაში მიღების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რათა დადგინდეს დადებული გარიგება მომხმარებელს ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს თუ არა, და თუ აყენებს, მაშინ, რა დოზით. იმ შემთხვევაში თუ სამართლებრივი შეფასების შედეგად დადგინდება პირობის უსამართლობა, მაშინ მომხმარებელს უნდა მიეცეს ასეთი პირობის შემდგომში გამოყენების აკრძალვის მოთხოვნის უფლებაც) და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მიღებული (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ იმის დასადგენად მხარეთა შორის უფლებრივი დისბალანსი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით წარმოიშვა, თუ არა, უნდა შეფასდეს მიმწოდებელს/გამყიდველს, სამართლიანი/თანაბარი მოლაპარაკების წარმოების პირობებში, შეეძლო ევარაუდა, თუ არა, რომ მომხმარებელი იგივე პირობას იმ შემთხვევაშიც დაეთანხმებოდა, თუ მათი შეთანხმება მხარეთა მიერ პირადად/ინდივიდუალურად იქნებოდა შეთანხმებული) (დირექტივის 3.1 მუხლი). ასევე დირექტივის მე-4 მუხლის თანახმად, კონკრეტული პირობის შეფასების დროს, ყურადღება უნდა მიექცეს მიწოდებული საქონლის/სერვისის ბუნებას და ხელშეკრულების დადების დროს არსებულ ყველა იმ მნიშვნელოვან გარემო-პირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც ხელშეკრულება დაიდო.

 

დირექტივით მომხმარებელთა დასაცავად სამი ძირითადი მექანიზმია გათვალისწინებული, 1) როდესაც პირობა ცალსახად არასამართლიანი არაა, თუმცა, ორაზროვანია/ბუნდოვანია ან/და მისი შინაარსი საეჭვოა, ასეთი პირობა ყოველთვის მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა განიმარტოს (5.1 მუხლი), 2) არასამართლიანი სტანდარტული პირობა უპირობოდ ბათილია, იგი დადების მომენტიდან, მომხმარებლისთვის სავალდებულოდ არ ითვლება, აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი პირობის ბათილობას არ ითხოვს (მე-6 მუხლი) C-137-08 (49-ე პარაგრაფი) და 3) მომხმარებელს, რომელიც თავს არასამართლიანი პირობის მსხვერპლად გრძნობს, უფლება აქვს არასამართლიანი პირობებისგან დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმით ისარგებლოს. ამ მიმართებით ძალიან საინტერესოა დირექტივის ნოვაცია, რომლის ძალითაც, თუ მომხმარებელი არასამართლიანი პირობის შემდგომი გამოყენების აკრძალვის შესახებ მოთხოვნას დააყენებს, პირობა ბათილად ითვლება არა მხოლოდ ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის, არამედ ყველა სხვა ისეთი მომხმარებლისთვის, რომელსაც მიმწოდებელთან იდენტური შინაარსის ხელშეკრულება აქვს დადებული (მუხლი 7.2 და 7.3 ასევე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე C-472-10).

 

განსახილველ დავასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს მართლმსაჯულების სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, საქმეზე C-168/05, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საქმეებში სადაც მომხმარებელი მონაწილეობს, სასამართლოს არა უფლება, არამედ ვალდებულებაა საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სტანდარტული პირობების ნამდვილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუღწეველი დარჩება 93/13/EEC დირექტივის მთავარი მიზანი - დაეცვას მომხმარებელი, როგორც ხელშეკრულებაში მონაწილე ნაკლებად ინფორმირებული/სუსტი რგოლი (საქმე C-397-11 (38-ე პარაგრაფი), ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირობის არასამართლიანობა დადგინდება, სასამართლომ თავისივე ინიციატივით უნდა შეაფასოს თუ რამდენად შეიძლება ხელშეკრულება, აღნიშნული პირობის გარეშე დარჩეს ძალაში).

 

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც აღნიშნული დირექტივითაა რეგლამენტირებული, ემყარება იდეას, მასზედ, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო.

 

მომხმარებელთა დაცვის მიზნებისთვის, ასევე ყურადსაღებია მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტიც. დირექტივის თანახმად, მიმწოდებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადავო პირობა არ არის უსამართლო სტანდარტული პირობა. ასევე, საქმეზე C 243/08 (პარაგრაფი 28) ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ მომხმარებელი თავისუფლდება ამტკიცოს, რომ იგი უსამართლო სტანდარტული პირობებით არ იბოჭება, ამგვარი მტკიცების გარეშეც, უსამართლო სტანდარტული პირობა მისთვის სავალდებულო არაა.

 

წინამდებარე განჩინებაში სასამართლომ უსამართლო ხელშეკრულების პირობის განმარტება ეროვნული და საუკეთესო ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით მოახდინა, რათა მომხმარებლის (ი-----–ი ა--------) უფლებები ძლიერ მხარესთან (ელექტროენერგიის მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანია) მიმართებით მეტად დაცული ყოფილიყო, რაც თავის მხრივ, სოციალური სამართლიანობისა და კონტრაჰენტების კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას ემსახურება.

 

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი მსჯელობის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი (4349.10 ლარი) სარჩელის აღძვრის მომენტში ხანდაზმული იყო და მიმდინარე დავალიანების, სულ ,788.25 ლარის გადახდის ვალდებულება მოპასუხე მხარეს კანონიერად დააკისრა, ხოლო რესტრუქტურიზაცია მხარისათვის რესტრუქტურიზაციის ხელშკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ წარმოშობს და ხანდაზმულობის ვადის დენას თავიდან არ იწყებს, ვინაიდან, მხარემ ისე აღიარა ხანდაზმული დავალიანება, რომ მას, როგორც მომხმარებელს, არ მიეწოდა სრული და ჯეროვანი ინფორმაცია, რომ რომ იგი ახალი გარიგებით, კერძოდ, რესტრუქტურიზაციით, რომელიც, თავისი არსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტში, ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენს, ისეთ დავალიანებას აღიარებდა, რომელიც ე.წ. „ნატურალურ“, ანუ ხანდაზმულ ვალდებულებას წარმოადგენდა, რომლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის ხანდაზმულობის არგუმენტზე დაყრდნობით, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. შესაბამისად, მხარემ ახალი ხელშეკრულებით იკისრა იმ ძველი დავალიანების გადახდის ვალდებულება, რომელიც ხანდაზმული იყო. ელექტროენერგიის მიმწოდებელმა, და ბაზარზე გაბატონებულმა მხარემ მომხმარებელს არ მიაწოდა სათანადო ინფორმაცია, რომ იგი ელექტრო ენერგიის მიღების საფუძვლით, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტია, ხანდაზმული დავალიანების გადახდის ვალდებულებას კისრულობდა.

 

19. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალის აღიარება და ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული მოქმედება თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მოხდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 144-ე მუხლების დისპოზიციით გათვალისწინებულ წინაპირობებს შექმნიდა.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების, გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, კი თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4 000 ლარით განისაზღვრება. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, რადგან სს „თ--–---ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟი 173,88 ლარის ოდენობით, იქნა გადახდილი, ამიტომ, საქმეზე 2018 წლის 11 აგვისტოს სს „ვ------------------------“ მეშვეობით, №----- საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით T-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტი სს „თ--–---ს“ მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 178,88 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 89,44 ლარი სს „თ--–--ს“ უკან უნდა დაუბრუნდეს, ხოლო დარჩენილი 89,44 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „თ--–---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი 89,44 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში

 

4. საქმეზე 2018 წლის 11 აგვისტოს, სს „ვ------------------------“ მეშვეობით, №----- საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით T-------, სახაზინო კოდით 3--------, აპელანტი სს „თ--–---ს“ მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 178,88 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 89,44 ლარი სს „თ--–--ს“ უკან დაუბრუნდეს;

 

5. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი