განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.03.2019
საქმის ნომერი
330310018002358311
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002-58311

საქმე №3ბ/2870-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

12 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - თამარ ონიანი

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ჯ-------------------------------რი“

წარმომადგენელი - ი----- ნ-----–--–---–-

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ნ-----–---- შ----–---

მესამე პირი - შპს ,,ი-----ო“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

2.2. მესამე პირს - შპს ,,ი-----ოს“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-------------------------------რის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

შპს „ჯ-------------------------------რის“ მიერ 2017 წლის 2--------------ს, ქ. თბილისში, შ--------- N---ში გადამოწმებულ იქნა აბონენტად რეგისტრირებული შპს „ი-----ო“. გადამოწმების შედეგებით დადგინდა, რომ აბონენტს უნებართვოდ ჰქონდა მოხსნილი სასმელი წყლის მრიცხველი. აღნიშნულის თაობაზე შედგა აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი N-----, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------.

 

აღურიცხავი წყლის მოხმარების N0----- აქტის თანახმად, აბონენტს დაერიცხა 1---,2- ლარი.

 

შპს „ჯ-------------------------------რის“ 2017 წლის 3-------------ის N---- დადგენილებით შპს „ი-----ოს“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 2---------ს N6--- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ი-----ოს“ წარმომადგენლის განცხადება. შპს „ჯ-------------------------------რის“ 2017 წლის 2-------------ის N-----4 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს „ი-----ოსთვის“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 1---,2- ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ. შპს „ჯ-------------------------------რს“ დაევალა დარიცხვის გაუქმება და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელსა და მომხმარებელს შორის.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. აღნიშნული კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს გაფრთხილებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არა ხანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებელის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა). გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ელემენტებიდან სასმელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება სასმელი წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8 საათიან მოხმარებაზე გამრავლებით დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების, საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან სამელი წყლის თვითნებურად სარგებლობისა ან ამ წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან სასმელი წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთვიან პერიოდში 8 საათიანი მოხმარებით.

 

ამავე წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა).

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, შპს „ი-----ო“ არის სასმელი წყლის მომხმარებელი და რეგისტრირებულია აბონენტად კომპანიის მონაცემთა ბაზაში.

 

2017 წლის 1-----–-სს შპს „ი-----ოს“ წარმომადგენელმა N------------ განცხადებით მიმართა კომპანიას და მოითხოვა N--------- აბონენტისა და N------ მრიცხველის გაუქმება, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებისას დაზიანდა სასმელი წყლის მილი, რის გამოც მომხმარებელი იძულებული გახდა თავად მოეხსნა მრიცხველი. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო კომპანიის წარმომადგენელი, თუმცა აბონენტს კომპანიისათვის არც ცხელი ხაზის და არც განცხადების საშუალებით არ უცნობებია. საქმის მასალებში დაცულია ვ----ს----------–--- წყალარინების განყოფილების უფროსის მიერ შედგენილი ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული პირი ადასტურებს შ--------- ქ. N---ში არსებული მრიცხველის მოხსნისა და წყლის სამრეცხაოსათვის მიწოდების ფაქტს (ს.ფ. 125).

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით. ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

აღნიშნულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით, სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კომისიამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს „ი-----ოს“ მიერ დარღვეული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი, თუმცა აქვე გაითვალისწინა ის, რომ მომხმარებელმა წინასწარ მიმართა კომპანიას მრიცხველის გაუქმების თაობაზე და კომპანიის მიერ განაცხადის რეაგირების დატოვების გამო, ასევე მრიცხველის დაზიანების მიზეზით იძულებული გახდა თვითონ მოეხსნა სასმელი წყლის მრიცხველი. მითუმეტეს, რომ საქმეში დაცულია თავად შპს „ჯ-------------------------------რის“ თანამშრომლის მიერ შედგენილი დოკუმენტი მრიცხველის მოხსნის მიზეზის მითითებით. აღნიშნული დოკუმენტის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით, სარჩელის დასაბუთებულობისათვის მნიშვნელოვანია.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულმა კომისიამ კანონმდებლობასთან შესაბამისად განსაზღვრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები და გამოსცა კანონშესაბამისი აქტი.

 

სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტი სამართლებრივად დასაბუთებულია და მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმის და იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ და ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასეს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. სადავო გადაწყვეტილებაში კომისია უთითებდა, თითქოს შპს „ი-----ოს" მიერ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებისას დაზიანდა სასმელი წყლის მილი, რის გამოც მომხმარებელი იძულებული გახდა თავად მოეხსნა მრიცხველი, ხოლო შემდეგ კომისიამ აღნიშნა, რომ მომხმარებელმა წინასწარ მიმართა კომპანიას მრიცხველის გაუქმების თაობაზე და კომპანიის მიერ განაცხადის რეაგირების გარეშე დატოვების გამო, იძულებული გახდა, თვითონ მოეხსნა სასმელი წყლის მრიცხველი. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ დადგენილი გარემოებები მრიცხველის მოხსნის მიზეზების თაობაზე ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიკვლია, რა კავშირი ჰქონდა სასმელი წყლის მილის დაზიანებას მრიცხველის მოხსნასთან და რატომ უნდა მოეხსნა მრიცხველი მილის დაზიანების გამო.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ი-----ოს“ მიერ დარღვეული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი, მიუხედავად ამისა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღურიცხავი წყლის მომხმარების აქტით საწარმოსთვის 1---,2- ლარის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. აპელანტი მიუთითებს, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რა იგულისხმება სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. მიუხედავად აღნიშნული დანაწესისა, კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „ი-----ოსათვის“ 1---,2- ლარის დარიცხვა უკანონოდ. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ შპს „ი-----ო“ მიჩნეულია წყლის უკანონო მომხმარებლად.

 

აპელანტი თვლის, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. ამდენად, აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ახალი გადაწყვეტილების მიღებით კი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოა შპს ,,ჯ-------------------------------რის“ მიერ შპს „ი-----ოსთვის“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის (1---,2- ლარი) დარიცხვა.

 

სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით, სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება. კერძოდ, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.

 

ზემოთ მითითებული ნორმები განსაზღვრავს სასმელი წყლის მოხმარების უკანონოდ მიჩნევის საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, არამედ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის სასმელი წყლის ღირებულების დარიცხვის კანონიერება. კერძოდ, დადასტურებულია, რომ შპს „ი-----ომ“ თვითნებურად მოხსნა სასმელი წყლის მრიცხველი, შესაბამისად, ჩადენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა. თუმცა, ზემოთ მითითებული წესები სასმელი წყლის მომხმარებლის ვალდებულებას, გადაიხადოს სასმელი წყლის ღირებულება, ავტომატურად არ უკავშირებს მომხმარებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და მის სამართალდამრღვევად ცნობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით, არამედ ცალსახად და უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ ადგილი ჰქონდა სასმელი წყლის არასანქცირებულ მოხმარებას.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს N14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“ არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარების, აგრეთვე, 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის _ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე.

 

აღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილება არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოცემული დადგენილება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებაში (საქმე Nბს-450-443(კ-15)) განმარტა, „დადგენილება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული აქტი, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემის წესი, ისევე როგორც მისი რეკვიზიტები, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ნორმის დანაწესი „დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად“ გულისხმობს შესაძლებლობას, კომისიის მსჯელობის საგანი არ იყოს დადგენილების მართლზომიერება, მაგრამ შეფასდეს დაკისრებული თანხის კანონშესაბამისობა.“

 

ამრიგად, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისთვის პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მის მიმართ შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დადგენილების არსებობის მიუხედავად, შესაძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების შეფასება და დარიცხული თანხის კანონიერებაზე მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

 

სააპელაციო სასამართლო თანხის დარიცხვის საფუძვლიანობის შემოწმებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 1-----–-სს შპს „ი-----ოს“ წარმომადგენელმა N------------ განცხადებით მიმართა კომპანიას და მოითხოვა N--------- აბონენტისა და N------ მრიცხველის გაუქმება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებისას დაზიანდა სასმელი წყლის მილი, რის გამოც მომხმარებელი იძულებული გახდა თავად მოეხსნა მრიცხველი. საქმის მასალებში დაცულია ვ----ს----------–--- წყალარინების განყოფილების უფროსის მიერ შედგენილი ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტი, სადაც აღნიშნული პირი ადასტურებს შ--------- ქ. N---ში არსებული მრიცხველის მოხსნისა და წყლის სამრეცხაოსათვის მიწოდების ფაქტს (ს.ფ. 125). გარდა ამისა, როგორც სადავო აქტით ირკვევა, ობიექტზე დამონტაჟებული იყო ორი მრიცხველი, ერთი გაუქმდა, ხოლო მეორე სრულად აღრიცხავდა მოხმარებულ სასმელ წყალს. საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მართალია, საწარმომ თვითნებურად მოხსნა მრიცხველი, რის გამოც ჩაიდინა სამართალდარღვევა, მაგრამ აღნიშნულს სასმელი წყლის ფაქტობრივი, აღურიცხავი მოხმარება არ მოჰყოლია, ამასთანავე, აპელანტს კომპანიამ წინასწარ მიმართა მრიცხველის მოხსნის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ი-----ოსთვის“ თანხის დარიცხვის წინაპირობები არ არსებობდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ჯ-------------------------------რის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები თამარ ონიანი

 

გიორგი ტყავაძე