განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
330210018002324474
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002324474

საქმე №2ბ/344-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლუაშვილი

 

აპელანტი - ს----------–----–----------------------------- (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

წარმომადგენელი - თ-------- ფ----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ნ------ი’’ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

წარმომადგენელი - ხ------- ი----–---–ი

დავის საგანი - პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა (თავდაპირველ სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. შპს ,,ნ------მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ს----------–----–-----------------------------ს მიმართ და მოითხოვა: 1) 1----------–------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 30 852,52 ლარის 4 114 ლარამდე შემცირება; 2) 2----------–------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 18 501,98 ლარის 2 467 ლარამდე შემცირება.

 

2. შპს ,,ნ------ი’’ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

ს----------–----–-----------------------------სა და შპს „ნ------ს“ შორის 2----–-–---------–--ს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 33 7186 ლარის ღირებულების უბნის ინსპექტორის ქურთუკები და კეპები. ხოლო, 2----–-–---------–--ს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით, მოსარჩელეს 62 კალენდარული დღის ვადაში მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 19 8946 ლარის ღირებულების უბნის ინსპექტორის შარვლები და ქვედაბოლოები. ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებულ ვადაში საქონლის მიუწოდებლობისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,15%-ს.

საქონლის შესაკერად ქსოვილის შეძენას შპს „ნ------ი“ ჩ------დან, გ-----------ის პ-------–--ში მდებარე ფაბრიკიდან ახდენდა. ვინაიდან, აღნიშნულ პ-------–--ში მოხდა ტ--------, ფაბრიკამ 50 დღით შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დაგვიანდა ნედლეულის მოწოდება და მისი მიღება სექტემბრის ნაცვლად ნოემბრის თვეში მოხერხდა.

აღიშნული დაბრკოლების გათვალისწინებით, შუამდგომლობის მიუხედავად შ-----------------------------მ ხელშეკრულებების მოქმედების ვადები არ გააგრძელა და საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო დაარიცხა პირგასამტეხლო: N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 852,52 ლარი, ხოლოNN552 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 18 501,98 ლარი.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, დაკისრებული პირგასამტეხლოები არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, ვინაიდან ვალდებულების დარღვევა მოსარჩელის მიზეზით არ მომხდარა, ამასთან, შესრულების ვადა მცირედით არის დარღვეული.

 

3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ს----------–----–-----------------------------მ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

არასწორია მხარის მითითება, რომ შემსყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებაზე. შპს „ნ------მა“ 2017 წლის 3 ოქტომბერს წერილობით მიმართა სამინისტროს და აცნობა აგვისტოს თვეში სამხრეთ ჩ-----ში მომხდარი ტ--------ს შესახებ და ამის საფუძველზე ორივე ხელშეკრულებისთვის საქონლის მიწოდების ვადა 2017 წლის 25 ოქტომბრამდე გადაიწია. მიუხედავად ამისა, შპს „ნ------მა“ ორივე ხელშეკრულების შესრულება 62 დღით დააგვიანა.

ამასთან, გასაზიარებელი არ იყო შპს „ნ------ის“ მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით. მისი ოდენობა მხარეებს მიერ იყო შეთანხმებული და მიმწოდებელს გააზრებული ჰქონდა ის სამართლებრივი შედეგი, რასაც მის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევდა.

 

4. თავის მხრივ, ს----------–----–-----------------------------მ შეგებებული სარჩელი შეიტანა შპს ,,ნ------ის’’ მიმართ და მოითხოვა შპს „ნ------ისთვის“ 2----–-–---------–--ის და 2-----–--ის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოების, ჯამში 23 052,78 ლარის დაკისრება.

 

5. ს----------–----–----------------------------- შეგებებულ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

შპს „ნ------ის“ მოთხოვნის საფუძველზე, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა გადაიწია 2017 წლის 25 ოქტომბრამდე. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელმა ორივე ხელშეკრულება შეასრულა დამატებით დაწესებული ვადის დარღვევით, თითოეულ შემთხვევაში 62-62 დღის დაგვიანებით და დაეკისრა N--- ხელშეკრულების დარღვევისთვის - 31 350,30 ლარის, ხოლო N--- ხელშეკრულების დარღვევისთვის - 18 501,98 ლარი.

ხელშეკრულებების დარღვევის გამო, შემსყიდველმა მიიღო საბანკო გარანტიების თანხა, რაც N--- ხელშეკრულებისთვის შეადგენდა 16 860 ლარს, ხოლო N--- ხელშეკრულებისთვის - 9 947,5 ლარს.

ს----------–----–-----------------------------, გათხოვილი გარანტიის თანხების გათვალისწინებით, სრულად არ ითხოვდა პირგასამტეხლოს, კერძოდ, N--- ხელშეკრულების შემთხვევაში, მისი მოთხოვნა 14 498,30 (31358,30 - 16860) ლარს, ხოლო, N--- ხელშეკრულებისთვის - 8554,48 (18501,98-9947,5) ლარს შეადგენდა. ჯამში, მოთხოვნილი იყო პირგასამტეხლოს სახით 23 052,78 ლარის დაკისრება.

 

6. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით შპს ,,ნ------ი’’ სარჩელში მის მიერ მითითებულ ფარგლებში დაეთანხმა პირგასამტეხლოს გადახდას, რითაც შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი დანარჩენი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2----–-–---------–--ის N--- და 2----–-–---------–--ისNN--- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა, ჯამში, 6 581 ლარით. ს----------–----–-----------------------------ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ნ------ს“ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - ჯამში, 6 581 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 16 471,78 ლარის დაკისრებაზე ს----------–----–-----------------------------ს ეთქვა უარი.

 

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი პროდუქციის ნაწილის მიწოდება შპს „ნ------მა“ ვადაგადაცილებით განახორციელა. ამასთან, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება საპატიო მიზეზით არ იყო გამოწვეული.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.1, 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, რაც დაუკავშირეს ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას და რამაც ერთ შემთხვევაში, შეადგინა 337 186 ლარის 0,15% ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე (62 დღე), ანუ 31 358,30 ლარი და მეორე შემთხვევაში, 198 946 ლარის 0,15% ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე (62 დღე), ანუ 18 501,98 ლარი.

საქმის მასალებით დადასტურდა ხელშეკრულებების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევის ფაქტები, შპს „ნ------მა“ გადააცილა ორივე ხელშეკრულებით არა მთლიანი საქონლის მიწოდების ვადას, არამედ მხოლოდ ნაწილის. ერთ შემთხვევაში მთლიანი მისაწოდებელი საქონლის მხოლოდ მეთორმეტედ ნაწილში, მეორე შემთხვევაში მთლიანი მისაწოდებელი საქონლის მხოლოდ მეოთხედ ნაწილში და ვადაგადაცილებამ შეადგინა თითოეულ ხელშეკრულებაზე 62 დღე. ამასთან, ვადისგადაცილება გამოწვეული იყო ჩ-----ში, გ-----------ის პ-------–--ში მომხდარი შ-------ის, ტ--------ს გამო, რისთვისაც კრედიტორმა მოვალეს მოვალის თხოვნის საფუძველზე განუსაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა, დამატებით განსაზღვრულ დროშიც შეფერხდა ნედლეულის მიღება.

სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება გასათვალისწინებელი იყო შპს „ნ------ის“ ბრალის ხარისხთან მიმართებაში, სახეზე არ იყო უხეში დაუდევრობა. გასათვალისწინებელი იყო ასევე ის გარემოება, რომ მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო როგორც საბანკო გარანტიით, ასევე, პირგასამტეხლოს ანაზღაურებით.

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშების პრინციპი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ხოლო მოსარჩელემ შესრულების ვადა საერთო ღირებულების ნაწილზე დაარღვია. ასევე, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორმა გაითხოვა საბანკო გარანტიის თანხა და ვალდებულების დარღვევა ეხება არა მთლიან ღირებულებას, არამედ მხოლოდ ნაწილს და მისი ხანგრძლივობაც მხოლოდ 2 თვე იყო.

აღნიშულიდან გამომდინარე, საამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ნ------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ორივე ხელშეკრულებიდან მთლიანობაში ვალდებულება დაირღვა 93 050 (18 800+74 250) ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ნაწილში. ორივე ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო გათხოვილი იქნა საბანკო გარანტიის თანხა, რაც ერთობლიობაში შეადგენდა 26 807,5 (9 948,5 + 16 860) ლარს. შეგებებული სარჩელი ს----------–----–----------------------------- ითხოვდა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს 23 052,78 (14498,3+8554,48) ლარს, მოპასუხემ თავად განაცხადა უარი დარიცხულიპირგასამტეხლოს სრულად მოთხოვნაზე და თავად შეამცირა პირგასამტეხლო, ხოლო შპს „ნ------ი“ ითხოვდა ორივე ხელშეკრულებიდან პირგასამტეხლო განსაზღვრულიყო ჯამში 6 581 (4114+2467) ლარით. ამდენად, შპს „ნ------ი“ 6581 ლარის ნაწილში ცნობდა შეგებებულ სარჩელს, რაც ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, ვადაგადაცილების პერიოდის და უკვე საბანკო გარანტიით ანაზღაურებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით სასამართლომ გონივრულ ოდენობად მიიჩნია.

 

9. აღნიშნული გადაწყვეტილება, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს----------–----–-----------------------------მ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

10. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

აპელანტის მითითებით, საქმის მასალებში არსებული ობიექტური (დაგვიანებულ დღეთა საერთო რაოდენობამ თითოეული ხელშეკრულებისათვის მიაღწია 62 დღეს, შემსყიდველმა მიმწოდებელს თავისი ინიციატივით 53%-ით შეუმცირა გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და 49 860 ლარის ნაცვლად, მოითხოვა 23 052,78 ლარი) და სუბიექტური (რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდას,) გარემოებების გათვალსიწინებით, პირგასამტეხლოს შემცირება 6581.00 ლარამდე არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, შემცირებული უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის შემცირებისას, მნიშვნელობა მიანიჭა ვალდებულების დარღვევისათვის გარანტორის მიერ შემსყიდველისათვის საბანკო გარანტიის თანხის გადახდას. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს აღნიშნულ მიდგომას, ვინაიდან, როგორც საბანკო გარანტიის წარდგენის, ასევე, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მიმწოდებელმა აიღო ხელშეკრულებით, ხოლო, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშია (საქმე Nას-1038-999-2016) მითითებული, პირგასამტეხლოს ანაზღაურება, პრინციპალის მიერ არ წარმოადგენს საბანკო გარანტიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან, ამგვარ შეთანხმებას გარანტია არ ითვალისწინებს და იგი არც საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარეობს. აპელანტის მოსაზრებით, იგივე პრინციპი უნდა იქნეს გამოყენებული საპირისპირო შემთხვევაზეც - საბანკო გარანტიის გადახდა პრინციპალს არ ათავისუფლებს პირგასამტეხლოს გადახდისაგან და შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ბენეფიციარმა (შემსყიდველმა) პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო მიიღო საბანკო გარანტიის თანხა, არ უნდა იწვევდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

11. 1--------- წელს, შპს „ნ------ს“ (მიმწოდებელი) და ს----------–----–-----------------------------ს (შემსყიდველი) შორის, გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ ხელშეკრულება N---, რომლის 2.1 მუხლისა და N1 დანართის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორის ქურთუკებისა და კეპების შესყიდვა.

ხელშეკრულების 3.1 მუხლით, მისი ღირებულება განისაზღვრა 337 186 ლარით, საიდანაც ქურთუკების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 291 500 ლარი, ხოლო კეპებისამ - 45 686 ლარი.

შპს „ნ------ს“ მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე, დანართი N1-ს შესაბამისად (ტომი 1, ს.ფ. 24-28, 43).

 

12. 2--------- წელს, შპს „ნ------ს“ (მიმწოდებელი) და ს----------–----–-----------------------------ს (შემსყიდველი) შორის, გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ ხელშეკრულება N---, რომლის 2.1 მუხლისა და N1 დანართის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა უბნის ინსპექტორის შარვლებისა და ქვედაბოლოების შესყიდვა.

ხელშეკრულების 3.1 მუხლით, მისი ღირებულება განისაზღვრა 198 946 ლარით, საიდანაც, შარვლების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა - 189 880 ლარი, ხოლო ქვედაბოლოებისამ - 9 066 ლარი.

შპს „ნ------ს“ მიწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2017 წლის 26 სექტემბრამდე, დანართი N1-ს შესაბამისად (ტომი 1, ს.ფ. 17-23).

 

13. N--- და N--- ხელშეკრულებების მე-11 პუნქტებით, განისაზღვრა ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი; ამასთან, ხელშეკრულებების 11.4 ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ბ) ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან).

 

14. ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ნ------მა“ შემსყიდველის სასარგებლოდ 2017 წლის 10 ივლისს და 2017 წლის 25 ივლისს წარადგინა სს „ს--------------------------–----ის“ საბანკო გარანტიები.

საბანკო გარანტია გაიცა N--- ხელშეკრულებაზე 9 947,5 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, ხოლო, N--- ხელშეკრულებაზე - 16 860 ლარის უპირობო ანაზღაურებაზე, თუკი პრინციპალი (შპს „ნ------ი“) არ შეასრულებდა ბენეფიციართან გაფორებული სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ნაკისრი ვალდებულების შინაარსი შეიცავდა როგორც საქონლის მიწოდების ვალდებულებას, ასევე, მიწოდებას კონკრეტულ ვადაში (ტომი 1, ს.ფ. 56 -57 ).

 

15. სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის შესაკერად შპს „ნ------ი“ ნედლეულის მიღებას ახდენდა ჩ------ს სახალხო რესპუბლიკის, გ-----------ის პ-------–--ში მდებარე ფაბრიკიდან, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში, ჩ------ს ს----–-------------–-------------- ნაწილში, გ-----------ის პ-------–--ში მომხდარი შ-------ის, ტ--------ს გამო ფაბრიკამ სამი კვირით შეაჩერა მუშაობა, რის გამოც დროულად ვერ შეძლეს შპს „ნ------ისთვის“ საჭირო ნედლეულის წარმოება (ტომი 1, ს.ფ. 39, 42).

 

16. დადგენილია, რომ შპს „ნ------ის“ განცხადების საფუძველზე, ს----------–----–-----------------------------მ მიმწოდებელს გაუგრძელა ხელშეკრულებების შესრულების ვადები. თუმცა, შპს „ნ------მა’’ ახალ ვადებშიც ვერ მიაწოდა შემსყიდველს საქონელი. ვადაგადაცილებამ ორივე შემთხვევაში 62 დღე შეადგინა.

 

17. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- და N--- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შპს „ნ------მა’’ დაირღვა ნაწილობრივ, კერძოდ: N--- ხელშეკრულების შემთხვევაში, 198 946 ლარის საერთო ღირებულებიდან 18 800 ლარის, ხოლო N--- ხელშეკრულების შემთხვევაში, 337 186 ლარის საერთო ღირებულებიდან 74 250 ლარის ნაწილში.

 

18. ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო, შპს „ნ------ზე“ დაანგარიშებული პირგასამტეხლო N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 337 186 ლარის 0,15% 62 დღეზე) შეადგენს 31 358,30 ლარს, ხოლო, N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე (ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 198 946 ლარის 0,15% 62 დღეზე) – 18 501,98 ლარს.

 

19. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების (საქონლის მიწოდება) ვადის დარღვევით შესრულების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთხოვილია საბანკო გარანტიის თანხები: N--- ხელშეკრულებაზე - 16 860 ლარი და N--- ხელშეკრულებაზე - 9 947,5 ლარი.

 

20. შეგებებული სარჩელით პირგასამტეხლოს მოთხოვნისას, ს----------–----–-----------------------------მ გაითვალისწინა უკვე გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხები და პირგასამტეხლოს სახით 2----–-–---------–--ის ხელშეკრულებაზე მოთხოვნილი იყო 14 498,3 ლარი (31 358,30 - 16 860), ხოლო 2----–-–---------–--ის ხელშეკრულებაზე - 8 554,48 ლარი (18 501,98 – 9 947,5).

 

21. ს----–-–------–--------------------ოს მიერ 2----–-–-----------------ს გაიცა რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, სადაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს) პირგასამტეხლო განესაზღვრათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით.

 

22. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირების მართლზომიერების საკითხის შეფასება.

 

23. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო, ჯამში 6 581.00 ლარის ოდენობით, რაც შპს ,,ნ------ს’’ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2----–-–---------–--ის N--- და 2----–-–---------–--ისNN--- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს, არის გონივრული და არ არსებობს მისი გაზრდის საფუძველი.

 

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლიც ვალდებულების დარღვევისას - ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, ითვალისწინებს მიმწოდებლისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობას ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულებების 11.4 პუნქტები).

 

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა(იხ. სუსგ ას-914-864-2015; 04/12/2015 წ.).

 

27. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს----------–----–-----------------------------ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 23 052,78 ლარის ოდენობით, მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა შემცირებულიყო 6 581.00 ლარამდე.

 

28. პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის კუთხით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, რაც დაუკავშირეს ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას და არა შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას.

დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულება შპს ,,ნ------ის’’ მიერ დაირღვა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „ნ------მა“ ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებაში საქონლის მიწოდების ვადას გადააცილა არა მთლიანი საქონლის, არამედ მხოლოდ ნაწილის მიწოდების შემთხვევაში. თითოეულ ხელშეკრულებაზე ვადაგადაცილებამ შეადგინა 62 დღე.

ამასთან, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორ ს----------–----–-----------------------------ს მოთხოვნები უზრუნველყოფილი იყო როგორც საბანკო გარანტიით, ასევე, პირგასამტეხლოთი. უზრუნველყოფის ორივე ეს საშუალება შემსყიდველის მხრიდან გამოყენებულია საქონლის განსაზღვრულ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის გამო.

როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების პრინციპი მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულებების საერთო ღირებულებიდან, ხოლო მოსარჩელემ შესრულების ვადა საერთო ღირებულების მხოლოდ ნაწილზე დაარღვია. ამასთან, დარღვევის ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში 62 დღეა.

მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორმა გაითხოვა საბანკო გარანტიის თანხები.

უდავოა, რომ ორივე ხელშეკრულებიდან მთლიანობაში ვალდებულება დაირღვა 93 050 (18 800+74 250) ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ნაწილში. ორივე ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის გამო გათხოვილია საბანკო გარანტიის თანხები, რაც ჯამში 26 807,5 ლარს (9 948,5+16 860) შეადგენს. შეგებებული სარჩელით ს----------–----–----------------------------- ითხოვდა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებულ პირგასამტეხლოს 23 052,78 (14 498,3+8 554,48) ლარს. რაც შეეხება შპს „ნ------ს“, იგი სარჩელით ითხოვდა ორივე ხელშეკრულებიდან პირგასამტეხლო განისაზღვრულიყო ჯამში 6581 (4114 + 2467) ლარით, რაც ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, ვადაგადაცილების პერიოდის და საბანკო გარანტიებით უკვე ანაზღაურებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ნ------ის“ მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0,15%-იდან 0,02%-მდე შემცირების შესახებ ემყარება ს----–-–------–--------------------ოს რეკომენდაციას, რომლითაც შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია მათ შორის ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს პირგასამტეხლო განსაზღვრონ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად შეამცირა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობამდე.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ამ ნაწილში შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლოს პრაქტიკასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.05.2015წ. განჩინება საქმეზე N1125-1072-2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2015წ. განჩინება საქმეზე N1269-1209-2014).

 

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

30. აპელანტი ს----------–----–-----------------------------, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი