განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
080100118002628888
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-9-2019წ.

(080100118002628888)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ------- ს---–--ოს ასული ჭ---–--ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- სექტემბერს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ი-–---------------------------- N4.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ------- ჭ---–--ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქუთაისში, ჭა-------------------- მდებარე N54-თან „-------------------- ვ------- ჭ---–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-------- რ-–----ეს, კერძოდ ფრჩხილებით ჩამოკაწრა სახეზე და დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც მ-------- რ-–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ვ------- ჭ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვ------- ჭ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ამავე განაჩენით მ-------- რ-–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ-------- რ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

აპელანტი - მსჯავრდებული ვ------- ჭ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მის მიმართ დანიშნული სასჯელის ჯარიმის 500 ლარამდე შემცირებას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი დავადებულია ღვიძლის ციროზით და არის ინვალიდი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ------- ჭ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ---- მ----–----–--ის, რ----ი მ----–----–--ის, მ--–----ი ხ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად,მსჯავრდებულ ვ------- ჭ---–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

მსჯავრდებულ ვ------- ჭ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ვ------- ჭ---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ------- ჭ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ------- ჭ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვ------- ჭ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე