განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2018
საქმის ნომერი
330210017001678250
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001678250

საქმე №2ბ/465-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - შპს ,,დ--–----“

წარმომადგენელი (დირექტორი) - ლ-–----–----–---–-

წარმომადგენელი - დ-----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ---–---“

წარმომადგენლები - ა-----–--------, თ------------

 

დავის საგანი - საიჯარო ქირის გადახდა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.12.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.12.2017 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. სს "თ---–---ს" სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხე შპს ”დ--–----”-ს, სს "თ---–---ს" სასარგებლოდ, დაეკისრა 9620 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2016 წლის 9 ივნისს, სს თ---–-სს" და შპს "დ--–----"-ს შორის, დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტექნიკა - ბულდოზერი. გადასახდელი ქირის ოდენობა განისაზღვრა ყოველ ნამუშევარ დღეზე 700 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 13-14)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2016 წლის 30 ივნისს, შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 9 ივნისის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკით სარგებლობის დღეები განისაზღვრა 7 დღით, იჯარის ღირებულება 4900 ლარით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ 15)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2016 წლის 12 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო მეორე იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტექნიკა - ექსკავატორი. გადასახდელი ქირის ოდენობა განისაზღვრა ყოველ ნამუშევარ დღეზე 480 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღის ვადაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 17-18)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2016 წლის 31 ივლისს, შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 12 ივლისის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკით სარგებლობის დღეები განისაზღვრა 14 დღით, იჯარის ღირებულება 6720 ლარით. მიღება-ჩაბარების აქტიარ არის ხელმოწერილი მოპასუხის მიერ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-მიღება-ჩაბარების აქტი(ს.ფ 20)

-საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 21)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

2016 წლის 9 ივნისის და 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს "დ--–----'"-ის მიერ ნაქირავები ტექნიკის ფლობის და სარგებლობის ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 11620 ლარი. აქედან მოპასუხეს გადახდილი აქვს 2000 ლარი. გადასახდელი საიჯარო თანხის ოდენობა შეადგენს 9620 ლარს.

 

მოპასუხის მითითებით, 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ ტექნიკას ფაქტობრივად არ უმუშავია, 2016 წლის 30 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ხელმოწერილი მოპასუხის მიერ, შესაბამისად, 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ არსებობს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის აღნიშნული მითითება შემდეგი გარემოებების გამო: საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, საიჯარო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო ტექნიკით ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის დღეების მიხედვით. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, მხარეთა განმარტებებით, დასტურდება, რომ მოპასუხეს ტექნიკა სარგებლობისათვის გადაეცა შეთანხმებულ ვადაში. მოპასუხეს საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ტექნიკის გაუმართაობის და მასზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ 2016 წლის 30 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ხელმოწერილი მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოდგება, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის შესაბამისად, მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

-ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 22, 24)

-საგადასახადო დავალება (ს.ფ 17)

-მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 15, 20)

-ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 16-21)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავის საფუძველია იჯარის ურთიერთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი პუნქტით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, 2016 წლის 9 ივნისის ხელშეკრულებით გადასცა- ტექნიკა, ბულდოზერი, ხოლო, 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებით გადასცა, ასევე, ტექნიკა- ექსკავატორი.

 

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 11620 ლარს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს ფულადი თანხა 1000 ლარი, ხოლო, 1000ლარის ანგარიშში გაწეული აქვს მომსახურება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საიჯარო ქირის სახით მოპასუხის დავალიანების თანხის ოდენობა შეადგენს 9620 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ბარათი წარმოადგენს სს ,,თ---–---ს“ შიდა მოხმარების დოკუმენტს, შესაბამისად, მისი მიჩნევა მტკიცებულებად არის უსაფუძვლო, რადგან მისი შედგენის პროცესში აპელანტი არ იღებდა მონაწილეობას. რაც შეეხება 31.07.2016 წლის მიღება-ჩაბარების აქტს, იგი შექმნილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ და მასზე არ არის აპელანტის ხელმოწერა, ვინაიდან ივლისის თვეში ექსკავატორს არ უმუშავია და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არც თავად სს ,,თ---–-სს“ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში, ქირის გადახდა დამოკიდებული იყო ტექნიკის ნამუშევარ დღეთა რაოდენობაზე. სასამართლომ კი ისე მიიჩნია 14 დღე ნამუშევარ დღეებად, რომ არ მოხდა იმის გამოკვლევა, თუ რა პერიოდიდან რა პერიოდის ჩათვლით იმუშავა მან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2016 წლის 9 ივნისს, სს თ---–-სს" და შპს "დ--–----"-ს შორის, დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტექნიკა - ბულდოზერი. გადასახდელი ქირის ოდენობა განისაზღვრა ყოველ ნამუშევარ დღეზე 700 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში.

 

2016 წლის 30 ივნისს, შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 9 ივნისის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკით სარგებლობის დღეები განისაზღვრა 7 დღით, იჯარის ღირებულება 4900 ლარით.

 

2016 წლის 12 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო მეორე იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ტექნიკა - ექსკავატორი. გადასახდელი ქირის ოდენობა განისაზღვრა ყოველ ნამუშევარ დღეზე 480 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღის ვადაში.

 

2016 წლის 31 ივლისს, შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 12 ივლისის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკით სარგებლობის დღეები განისაზღვრა 14 დღით, იჯარის ღირებულება 6720 ლარით. მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ხელმოწერილი აპელანტის მიერ.

 

2016 წლის 9 ივნისის და 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს "დ--–----'"-ის მიერ ნაქირავები ტექნიკის ფლობის და სარგებლობის ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 11620 ლარი. აქედან აპელანტს გადახდილი აქვს 2000 ლარი. გადასახდელი საიჯარო თანხის ოდენობა შეადგენს 9620 ლარს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, საიჯარო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო ტექნიკით ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის დღეების მიხედვით. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, მხარეთა განმარტებებით, დადასტურდა, რომ აპელანტს ტექნიკა სარგებლობისათვის გადაეცა შეთანხმებულ ვადაში. მას საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ტექნიკის გაუმართაობისა და მასზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ. შესაბამისად, ის გარემოება, რომ 2016 წლის 30 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ხელმოწერილი აპელანტის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოდგება, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის შესაბამისად, მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავის საფუძველია იჯარის ურთიერთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი პუნქტით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

პალატა განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულების მახასიათებელი ნიშნებია გრძელვადიანი ორმხრივი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მეიჯარე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება და უზრუნველყოს ამ ურთიერთობის ფარგლებში ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, ხოლო მოიჯარე ვალდებულია, გადაიხადოს საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება ნატურითაც იქნას ანაზღაურებული. ამ ურთიერთობის საგანს წარმოადგენს განსაზღვრული ქონება, ასევე, მათგან გამომდინარე ქონებრივი უფლებები. ასეთ შემთხვევაში, მეიჯარე ინარჩუნებს საკუთრების უფლებას გადაცემულ სიკეთეზე, თუმცა, ხელშეკრულების ვადის განმავლობაში მისი არაპირდაპირი მფლობელი ხდება, ხოლო ქონების პირდაპირ მფლობელობას ახორციელებს მოიჯარე, რომლის ეკონომიკური ინტერესი გადაცემული ქონების შედეგად შემოსავლის მიღებაა (იხ. სუსგ Nას-8-8-2016, 13.05.2016 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტს სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, 2016 წლის 9 ივნისის ხელშეკრულებით გადასცა ტექნიკა-ბულდოზერი, ხოლო, 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებით გადასცა, ასევე, ტექნიკა-ექსკავატორი. ამასთან, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 11620 ლარს, საიდანაც აპელანტს გადახდილი აქვს ფულადი თანხა 1000 ლარი, ხოლო, 1000 ლარის ანგარიშში გაწეული აქვს მომსახურება. შესაბამისად, აპელანტის დავალიანების თანხის ოდენობა შეადგენს 9620 ლარს.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ ტექნიკას ფაქტობრივად არ უმუშავია და 2016 წლის 30 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი არ არის ხელმოწერილი მის მიერ, რის გამოც 2016 წლის 12 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არ არსებობს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე უდავოდ არის დადგენილი ტექნიკის აპელანტისათვის გადაცემის ფაქტი, ხოლო, საიჯარო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო ტექნიკით ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის მიხედვით (იხ. 12.07.2016 წლის ხელშეკრულება, ს/ფ. 18), შესაბამისად, შპს ,,დ--–----“-ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მას არ გადასცემია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკა ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში, რაც მან ვერ უზრუნველყო, კერძოდ, ვერ წარმოადგინა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტზე შპს ,,დ--–----“-ის ხელმოწერის არარსებობას, პალატა მიუთითებს, რომ 12.07.2016 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარე ვალდებული იყო გადაეხადა მეიჯარესათვის შეთანხმებული საიჯარო ქირა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების ზემოხსენებულ საფუძველს არ ითვალისწინებს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,დ--–----“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.12.2017 წლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა