განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
820310118002733959
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310118002733959

საქმე N3/ბ-569-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა

პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საჩივრის ავტორი _ შ--–-- ბ-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ 1.აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო; 2.სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის კანონშესაბამისობა

 

გასაჩივრებული განჩინება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება

 

საქმის გარემოებებზე მითითება:

 

შ--–-- ბ-----ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 27 ივნისის №------------- წერილის ბათილად ცნობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალდებულება განახორციელოს მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 2-----------) კორექტირება (შემცირება) შ--–-- ბ-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 07 ივლისის №8----------- განცხადებით საკუთრებაში რეგისტრაციას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შ--–-- ბ-----ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

 

მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული 702 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2-----------) ყადაღის დადება.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შ--–-- ბ-----ის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შ--–-- ბ-----ის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

 

შუამდგომლობის ავტორმა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სახელმწიფოს საკუთრებად არასწორად დაარეგისტრირა საკუთრების უფლება, რითაც შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე აპირებს გაასხვისოს სადავო ქონება, რაც დააბრკოლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა – ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. მოსარჩელეს ევალება მიუთითოს თავის განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს ის მოსალოდნელი რეალური საშიშროება, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით უზრუნველყოფილი იქნა განმცხადებლის მიერ. კერძოდ, განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლოა მოხდეს სადავო უძრავი ქონების გასხვისება, რაც გააძნელებს შემდგომში საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მოითხოვა განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე. კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის განცხდებაში მოსარჩელემ უნდა მიეთითოს შესაბამის გარემოებებზე, რომელთა გარეშეც მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება და შესაბამისად,რაც სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენდაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული (აუკრძალავი) იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც მას განმცხადებელი დასაბუთებულად წარმოადგენს. ანუ, განმცხადებელი შეძლებს, დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე და დავის საგნის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან შეუძლებლობის თაობაზე შუამდგომლობა არ ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისათვის, რაც მართებულად გაიზიარა რაიონულმა სასამართლომ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის განხილვისას რაიონულმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--–-- ბ-----ის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება.

 

3.საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი