განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002462158
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7806-18 23 იანვარი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - ზ------- ჭ--------ია
წარმომადგენელი - კ--- ქ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ--- ჭ------ია
წარმომადგენელი - მ-----ა გ---–----–-ილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ------- ჭ--------იამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოპასუხე გ--- ჭ------იასთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 617,21 ლარის ხოლო, მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ------- ჭ--------იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. გ--- ჭ------ია ბ---- ხ------–--ის შვილია. ს--- ტ----ე და ნ---- ტ----ე კი მოსარჩელე ზ------- ჭ--------იას შვილები არიან (მხარეთა ახსნა-განმარტება);
6. ბ---- ხ------–--ესთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ზ------- ჭ--------ია 2013 წელს თბილისში, ჩ------–---–-- ქ. N---ში ქირით ცხოვრობდა, სადაც ნოემბრის თვეში, ქირის თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, ბ---- ხ------–--ე, შვილთან, გ--- ჭ------იასთან ერთად მივიდა (მხარეთა ახსნა-განმარტება).
7. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დახმარებით, 2013 წლის 1-----------ს ზ------- ჭ--------ია, დიაგნოზით თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სტაციონარში მოთავსდა, ხოლო 2013 წლის 15 ნოემბრიდან 2017 წლის 27 იანვრის პერიოდში ზ------- ჭ--------იას გაეწია სამედიცინო მომსახურება, დიაგნოზით თავის ტვინის შერყევა, ნევროტულობა, კისრის ტკივილი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი (ს.ფ. 14-43).
8. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.
9. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს დელიქტურ სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. ან მოპასუხე უნდა ამტკიცოს მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი.
მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პირობებში, მოსარჩელეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა ევალება, საიდანაც სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს, მოხდა, თუ არა, შესაბამისი ინციდენტი, ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის.
10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ზ------- ჭ--------იას ფიზიკური შეურაცხყოფისა და მისგან გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი ვერ მტკიცდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ედავებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რომელიც მოსარჩელემ სრულად გაასაჩივრა, შეს---მისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მოპასუხის მიერ გამოწვეული ზიანი, მისი ოდენობის შეფასება, მიყენებულ ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.
განსახილველ საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 2---------- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 1-----------ს, საქართველოს შსს საპატრულო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 1-----------ს, საღამოს საათებში ქ. თბილისში ჩ------–---–-- ქუჩა N---ში ზ------- ჭ--------იას ფიზიკური შეურაცხყოფისას ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა, რის შედეგადაც ტკივილი განიცადა. აღნიშნულის საფუძველზე ზ------- ჭ--------ია დაზარალებულად იქნა ცნობილი. სააპელაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს იმ გარემოების თაობაზე, რომ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული, თუ ვის მიერ მიადგა დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანება, აღნიშნულ დოკუმენტში მოპასუხედ დასახელებული გ--- ჭ------იას სახელი და გვარი არსად არის მითითებული, ასევე არ დგინდება მოხდა თუ არა საპატრულო პოლიციის ადგილზე გამოძახება თუ მოსარჩელე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა (ს.ფ. 44).
წერილობითი მტკიცებულების სახით საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 1-----------ს შედგენილი პაციენტის გასინჯვის ფურცელი (დღიური), სადაც მითითებულია, რომ პაციენტის გადმოცემით, მან ორი დღის წინ ტრავმა მიიღო, იგი სტაციონარში იქნა გადაყვანილი, ჩაუტარდა თავის ტვინის CT. ტრავმის მომენტი ნაწილობრივ ამნეზირებულია, აღნიშნავს გონების კარგვის ხანმოკლე ეპიზოდს. ამჟამად უჩივის გულისრევას, საერთო სისუსტეს გაბრუებასა და ფორიაქს. ნევროლოგიური სტატუსის გრაფაში მითითებულია, რომ პაციენტი დროსა და გარემოში ორიენტირებულია, ცნობიერება ნათელია, ადექვატურია და სისუსტე არ ვლინდება. ექიმის სახელი და გვარის გრაფის ზემოთ მითითებულია თავის ტვინის შერყევა. პალატა მიუთითებს გარემოებაზე მასზედ, რომ პაციენტის გასინჯვის დღიური შედგენილია 1---------ს ანუ ინციდენტის თარიღად დასახელებული დღიდან ორი დღის შემდგომ და, ამასთანავე, იგი პაციენტის გადმოცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებში არსებობს 2016 წლის 1-----------ს შედგენილი სამედიცინო ცნობა ფორმა N100, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტს თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება, თუმცა, გამომწვევი მიზეზების შესახებ მითითება გაკეთებული არაა. ამასთანავე, ცნობას თან ახლავს გაწეული მომსახურების ჩამონათვალი და მათი ღირებულება. ცნობაში მითითებულია, რომ დოკუმენტი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიგზავნა. მოსარჩელეს არ განუმარტავს ფორმა N100 რატომ გადაიგზავნა ამ კონკრეტულ დაწესებულებაში და მის სახელზე რატომ არ გაიცა. აღნიშნული გარემოება რელევანტურია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მატერიალური ზიანის სახით, 614,21 ლარის დაკისრებას მოითხოვდა (ს.ფ. 29-42).
ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 2---------ს წერილით დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ზ------- ჭ--------ია მოწმის სახით დაიკითხა (ს.ფ. 43)
წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, დგინდება ტვინის შერყევის ფაქტი, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები ბუნდოვანია, ყველა ასპექტში საიდანაც მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადგენა შეიძლება, მითითებულია, რომ დოკუმენტები ზ------ა ჭ--------იას ზეპირ გადმოცემას ეყრდნობა.
11. რაც შეეხება სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის დროს დაკითხულ მოწმეებს, პალატა მიუთითებს, რომ ს--- ტ----ე და ნ---- ტ----ე მოსარჩელის შვილები, ხოლო ბ---- ხ------–--ე მოპასუხის დედაა. ამასთან, მხოლოდ ნ---- ტ----ემ განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს შეესწრო. ს--- ტ----ის განცხადებით კი, ინციდენტის დროს იგი პოლიციის გამოსაძახებლად აივანზე იმყოფებოდა. რაც შეეხება მოწმე ბ---- ხ------–--ეს, მან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ძაღლი თავად მოსარჩელემ და მისმა შვილებმა მიუსიეს, რა დროსაც ის და თავისი შვილი თავდაცვას ცდილობდნენ. ცხადია, რომ მოწმეთა ზემოაღწერილი ჩვენებები წინააღმდეგობრივი და რიგ შემთხვევებში, ურთიერთგამომრიცხავია.
სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. როგორც აღინიშნა, მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე (1) მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრაციას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობაა ან ის გზა, თუ როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებები.
შესაბამისად, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ცალსახაა, რომ ცალკე აღებული მოწმის ჩვენება კიდეც, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, შესაძლებელია, კონკრეტული ფაქტის სამტკიცებელ გარემოებად არ გამოდგეს, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით/გარემოებებით გამყარებული არ არის. აღნიშნული რელევანტურია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმის ჩვენება სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოწმედ დაკითხული ყველა პირი მოსარჩელისა და მოპასუხის ოჯახის წევრები არიან. უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა რომ, მოწმის, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს, მხარეთა ნათესავს ან სხვა ისეთ პირს წარმოადგენს, რომლის ობიექტურობაში შეტანის საფუძველიც არსებობს, მის მიერ მიცემული ჩვენება განსაკუთრებით კრიტიკულად უნდა შეფასდეს, კრიტიკულად შეფასება კი, სასამართლოს მიერ იმგვარი პრეზუმფციის დაშვებას გულისხმობს, რომ მხარეს საქმეში მონაწილე კონკრეტული პირების ან/და საქმის კონკრეტული გარემოების მიმართ იმგვარი დამოკიდებულება აქვს, რომელმაც მისი აღქმისა და მისი გადმოცემის ობიექტურობაზე, შესაძლებელია, გავლენა იქონიოს, რაც მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის დასაშვებია მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ შემთხვევის აღწერას ემყარება და საიდანაც ზუსტად ირკვევა, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა ზიანი, მოპასუხის ქმედების მართლზომიერება, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის ბრალეულ ქმედებას შორის. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ, მართალია, რიგ შემთხვევებში, მოწმის ჩვენება, განკუთვნად მტკიცებულებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა იგი, მსგავსად მტკიცებულებათა შეფასების ზემოხსენებული წესისა, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად უნდა გაანალიზდეს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--- ჭ------იას მიერ ზ------- ჭ--------იასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი საქმეში არსებული არცერთი სხვა გარემოებით არ დასტურდება, მათ შორის, არც დაზარალებულად ცნობის დადგენილებით და არც სამედიცინო დასკვნებით, რადგან გაურკვეველია, რამ გამოიწვია მოსარჩელის ტვინის შერყევა. ასევე დადგინდა, რომ მოწმეებად დაკითხულ პირებს პროცესში მონაწილე მხარეებთან ახლო ნათესაური კავშირი გააჩნიათ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტის დადასტურებისას და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის მიზნებისთვის მოწმეთა ჩვენებებს სამართლებრივი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს და გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უნდა დაედოს. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზ------- ჭ--------იასთვის გ--- ჭ------იას მიერ ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი და დამდგარ შედეგს შორის კავშირი არ დგინდება, რაც გ--- ჭ------იასთვის ფულადი თანხის დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს გამორიცხავს სწორედ მტკიცების ტვირთის იმ ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა კანონით დადგენილი წესით ვერ დასძლია.
12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ზ------- ჭ--------იასთვის მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. აღნიშნული ნორმა ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულისათვის, ქონებრივი ზარალის გარდა, არაქონებრივი ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობას და საფუძვლებს ადგენს. მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე მისგან დამოუკიდებლად. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, გ--- ჭ------იას მიერ არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზ------- ჭ--------იასთვის ზიანის მიყენების ფაქტი და შესაბამისად, დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ დადგინდა, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლისა, არ არსებობს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, 46-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ------- ჭ--------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი