განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002256112
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4199-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – შპს „-----------------
წარმომადგენელი – თ--------------–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გ----------–-----------–--------------------------------------–----------------------–--------------------
წარმომადგენელი – ნ---------–--------–ი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სსიპ გ-----------–------------–-------------------–--------------------–----------------------–---------------------------, შპს „------------------ სასარგებლოდ, 7239.13 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით შპს „------------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „-----------------“ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 30 იანვარს შემდგარი შეთანხმებით შპს „-----------------“ დავალიანების არსებობა აღიარა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული შეთანხმება ხელშეკრულების მოქმდების ვადის გაგრძელების მიზნით დაიდო და შპს „ს---------------- არ ქონდა შესაძლებლობა, არ დათანხმებოდა პირობებს, რადგან ვადის გაუგრძელებლობის შემთხვევაში იგი აღმოჩნდებოდა უმძიმეს მდგომარეობაში - მის მიერ მოპასუხისთვის მისაწოდებლად შეძენილი საქონელი ვეღარ იქნებოდა რეალიზებული, რაც საქონლის ფასის გათვალისწინებით, კატასტროფულად დააზიანებდა შპს „ს----------------. ამდენად, ეს შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ლეგიტიმურობის საფუძვლად. ამასთან, შეთანხმებით გათვალისწინებული დავალიანება არის მხოლოდ 2714.43 ლარი და არა სრული თანხა. რაც შეეხება, სასამართლოს მითითებას იმაზე, რომ ამავე გარიგებით მხარეები შეთანხმდნენ სამომავლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე, აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული №--- ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ არსებული ჩანაწერის დადასტურებას და არა ამ ჩანაწერის მოწონებას ან მასზე თანხმობას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაასკვნა, თითქოს, ზემოაღნიშნული შეთანხმებით მოსარჩელე დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობას.
5.2. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს თანხა მოსარჩელის ნების შესაბამისად გადაირიცხა მოპასუხის ანგარიშზე. 9138.58 ლარის (ანუ პირგასამტეხლოს სრული ოდენობის) გადარიცხვა განახორციელა ს---------------- გარანტიის უზრუნველყოფის ანგარიშიდან. აღნიშნული გარემოება კი, გამორიცხავს მოსარჩელის თავისუფალი ნების არსებობას, ვინაიდან მას ვერანაირი გავლენა ამ მოქმედებაზე ვერ ექნებოდა და ვერ შეაჩერებდა საგარანტიო თანხიდან ზემოხსენებული გადარიცხვის განხორციელებას.
5.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ტენდერში მონაწილე სუბიექტები იძულებულნი არიან, ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას იმ შემთხვევაშიც, თუ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, სასამართლო პრაქტიკასა და შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, შესყიდვების სააგენტოს შემუშავებული აქვს რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს 0.02%-ს. სასამართლომ ამ მიმართულებით საერთოდ არ იმსჯელა და გამოძებნა მარტივი გზა, რომლის მიხედვითაც, სრულიად დაუსაბუთებლად, მოსარჩელის მიერ მოწონებულ პირობად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი ნების გამოვლენად შეაფასა აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხის საბანკო გარანტიიდან ჩამოჭრა, რაც არასწორია.
5.4. აპელანტი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხისთვის რაიმე ზიანის წარმოშობის ფაქტი და ხსენებული პირგასამტეხლოს თანხა უბრალოდ დამატებითი შემოსავალი გახდა მისთვის.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შემცირდეს მოპასუხის მიერ მიღებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 7239.13 ლარით. აღნიშნულით კი მოპასუხეს არ ექნება საფუძველი ისევ შეინარჩუნოს ხსენებული თანხა და შესაბამისად, მან ეს თანხა უკან უნდა დაუბრუნოს მოსარჩელეს, მისი მიღების საფუძვლის შეწყვეტის გამო, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხდევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციები ყოველთვის შეძლებენ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს თანხა აიღონ საბანკო გარანტიიდან და შემდეგ როგორც საფუძვლიანად მიღებული, ისე შეინარჩუნონ, რაც არ იქნება სამართლიანი პრაქტიკა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2016 წლის 19 ოქტომბერს, სსიპ გ----------–-----------–--------------------------------------–----------------------–-------------------- (შემდგომში - „ი-------------) და შპს „ს---------------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება
#---, რომლის საფუძველზეც შპს „ს---------------- ინსტიტუტისთვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა სამედიცინო აპარატურა და პროდუქტები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 90 481 ლარს.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადა იყო 2016 წლის 31 დეკემბერი.
9.2. 2017 წლის 15 აპრილს, „ი-------------- და შპს „ს---------------- შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც სსიპ ი-------------“დაადასტურა, რომ ჩაიბარა #--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ს-------–-----------------------–-------–----------------------------------------------–- და დ----------------------------------------, ღირებულებით 90481.00 ლარი.
9.3. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის 2----–-–--------------------------- წერილის მიხედვით, შპს „ს---------------- წერილობით ეცნობა, რომ მომსახურების მიწოდება უნდა განხორცეილებულიყო არაუგვაინეს 2016 წლის 31 დეკემბრისა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში კი მხარეს დაეკისრებოდა საურავი შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.4. ს----------------, შპს „------------------ მიერ სს ,,----------–-“ გახსნილი გარანტიის უზრუნველყოფის ანგარიშიდან 2017 წლის 03 მაისს მოახდინა 3795.09 აშშ დოლარის კონვერტაცია და დაკონვერტებული თანხა - 9138.58 ლარის ოდენობით, გადაირიცხა ხაზინაში, სახაზინო კოდზე - 708787520, შემდეგი დანიშნულებით: „პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარღვევისათვის 1------------- გარანტიაზე თანხის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, პრინციპალი შპს „-----------------.
9.5. 2017 წლის 30 იანვარს, სსიპ გ----------–-----------–--------------------------------------–-----------------------–--------------------- და შპს „ს---------------- შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შპს „-----------------“ აღიარა, რომ მან ვერ უზრუნველყო 2016 წლის 19 ოქტომბრის #--- ხელშეკრულების 5.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება (საქონლის მიწოდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე), რის გამოც აღიარა შემსყიდველის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი - წინამდებარე შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის 2714.43 ლარის ოდენობით. ამასთან, მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ აღიარებული დავალიანების დაფარვა შემსყიდველის სასარგებლოდ მოხდებოდა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა. მიმწოდებლის მიერ აღიარებული დავალიანება წარმოადგენს 2016 წლის 19 ოქტომბრის #--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულ პირგასამტეხლოს.
მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მხრიდან 2016 წლის 19 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე - მიმწოდებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო 2016 წლის 2016 წლის 19 ოქტომბრის #--- ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 90.481 ლარს შეადგენდა.
10. მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მხარეებმა პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრონ შესასრულებელი ვალდებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02% შეადგენს ჯამში 1899,45 ლარს, ამჟამად კი მხარეს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით უკვე გადახდილი აქვს 9138,58 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისრის ზედმეტად გადახდილი 7239,13 ლარის დაბრუნება, რაც არის კიდეც განსახილველი სარჩელის მოთხოვნა.
11. ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
12. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე.
13. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
15. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
16. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
17. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
18. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების თავისუფლებისა და მხარეთა კერძო ნების ავტონომიის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეებმა პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრეს შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც წლიურად 36%-ს შეადგენს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არ შეიძლება მიჩნეული იქნას „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“, იმ ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით, რაც შემკვეთს - ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო პროდუქტების დროულად მიწოდების მიმართ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ თემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
22. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „------------------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე