განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100100118002755240
№1/ბ-79-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-----------------------------–---–ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ს----------–---–-–-----------.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ა-–----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-–----------------–---–- 2018 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში მეუღლეს - ნ--–---–-----–---–ს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ყოველ ღამით, იმის გამო, რომ უარს ეუბნებოდა სექსუალური ურთიერთობის დამყარებაზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას და სცემდა ხელით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რა დროსაც ნ--–---–-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ჩადენილმა ქმედებებმა ნ--–---–-----–---–ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ა-–----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 -ე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რ--------–----------------------------–----------------------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
გასაჩივრებულ განაჩენზე სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ალ. ზაქაშვილის მიერ, რომელმაც განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ დანიშნული სასჯელის პირობით გამოსაცდელი ვადის 2 წლამდე შემცირება მოითხოვა.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ბრალდების მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-–----------------–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-12 ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, მოწმეების ე-–---------------–---–ის, ლ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ნ--–---–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ბრალდებულ ა-–----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა-–----------------–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-12 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი - ბრალდების მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, აპელანტი - დაცვის მხარე დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ ა-–----------------–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რ--------–----------------------------–----------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ა-–----------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ა-–----------------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად:
ა-–----------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
მსჯავრდებულ ა-–----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით - 04 (ოთხი) დღე;
მსჯავრდებულ ა-–----------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს გადამხდელს ნ----------–---–ს (პ/ნ 3----------) დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა 2200 (ორიათასორასი) ლარის ოდენობით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეიმურაზ სვანიძე