განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2019
საქმის ნომერი
110100118002687175
ინსტანცია
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110100118002687175

№1/ბ-2-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ----------------------–-----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ზესტაფონი, მ-----------------.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ზ---------–-----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 1800 საათზე, ქ.ზესტაფონში, კ--------------------ში მდებარე სადარბაზოს ფოიეში, ზ---------–-----ემ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ-----------–--ეს, კერძოდ შეაგინა დედის მისამართით და ფეხი დაარტყა მარჯვენა ხელის იდაყვის არეში. ასევე, წაართვა ხელჯოხი და დაარტყა თავის არეში. აღნიშნული, თითოეული ძალადობის შემდეგ, ნ-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელჯოხის თავის არეში დარტყმით, მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ზ---------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, გათვალისწინებუ-ლი დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ---------–-----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის - გ---–-----------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვენ.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ---------–-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----------–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - რ------------–---–ის, კ--------------–---–---ის და რ-----------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ზ---------–-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ზ---------–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად იქნა გათვალისწინებ-ული საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება და მისი წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით იქნა მისთვის სასჯელი დანიშნული, რაც პალატის აზრით სამართლიანია და სრულად შეესაბამება გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ---–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ზ---------–-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ზ---------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ---------–-----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

ზ---------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს კიბის საფეხურთან არსებული ფილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ფოიეში არსებული ფილიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები საკონტროლო ნიმუშთან ერთად და ხის ჯოხი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე და სსიპ 112-ის ჩანაწერი CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე