განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210118002287868
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210118002287868

საქმე №2ბ/4385-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შპს „გ-–----------–ი“

აპელანტის წარმომადგენლები: დ----------------ე (დირექტორი), გ-------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ--–--–---–-----ი

წარმომადგენელი - ბ-----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - შეთანხმების არსებობის დადგენა, თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ--–--–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „გ-–----------–ს“ ლ--–--–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა მოთხოვნის დათმობის საფასურის - 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 26 ივნისს ლ--–--–---–-----მა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ს--–---------ში“ ზ-----–-------ის კუთვნილ 16%-იან წილზე ყადაღის დადება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.06.2015 წლის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ-----–-------ეს აეკრძალა შპს ,,ს--–--------’’-ში მისი კუთვნილი 16%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება.

 

2.2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროისათვის ზ-----–-------ის კუთვნილ შპს „ს--–---------ის“ 16%-იან წილზე რეგისტრირებული იყო გირავნობა სს „თ----------ის“, შპს „ქ-----–-სა“ და შპს „გ-–----------–ის“ სასარგებლოდ.

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ--–--–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ-----–-------ეს ლ--–--–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწვეტილებაზე 2016 წლის 21 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

2.4. ლ--–---–---–-----სა და შპს „გ-–-----------–ს“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ზ-----–-------ის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების დათმობასთან დაკავშირებით. მოთხოვნის უფლების დათმობის მიზანი იყო შპს „ს--–---------ის“ ზ-----–-------ის კუთვნილი წილის სარეალიზაციოდ მიქცევის თავიდან აცილება. მოლაპარაკების პროცესში შპს „ქ-----–-ს“ წარმომადგენელი არ მონაწილეობდა.

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით ლ--–--–---–-----ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.06.2015 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. 2017 წლის 24 მარტს შპს „გ-–----------–სა“ და ლ--–--–---–-----ს შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ლ--–---–---–-----მა შპს „გ-–-----------–ს“ დაუთმო ზ-----–-------ის მიმართ 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილი იყო სესხის ხელშეკრულებიდან და დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.03.2016 წლის გადაწყვეტილებით.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გარიგება სასყიდლიანია და მისი საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 25 000 აშშ დოლარს შეადგენს. 2.2 პუნქტის თანახმად კი, სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურების მიზნით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში მოთხოვნის მიმღები სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ს განათავსებს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ნოტარიუსთან გაფორმებული სათანადო სამმხრივი ხელშეკრულებით, იმ პირობით, რომ აღნიშნული წილიდან შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს გ-–----------–ის, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციითანავე მოთხოვნის დამთმობს გადაეცემა დეპონირებული თანხა სრულად.

 

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დეპონირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში სამეწარმეო რეესტრში არ განხორციელდა წილის მესაკუთრის ცვლილება, კერძოდ, აღნიშნული წილიდან შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6% - შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წყდება.

 

შპს „ს--–---------ის“ 16%-იან წილიდან 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლება არ დარეგისტრირებულა.

 

შპს „გ-–----------–ს“ მოთხოვნის დათმობის საფასური არც ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განუთავსებია და არც ლ--–--–---–-----ისთვის გადაუცია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, ერთი მხრივ, წარმოადგინა 2017 წლის 24 მარტის ხელშეკრულება, ხოლო მეორე მხრივ, სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ლ--–--–---–-----სა და შპს „გ-–----------–ს“ შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების პირობა იყო თანხის ანაზღაურება მას შემდეგ, რაც მოხდებოდა შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს გ-–----------–ის, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივად, ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ ხელშეკრულება სწორედ ამ პირობით იყო დადებული.

 

საქმეში წარმოდგენილია სანოტაროდ დამოწმებული ხელშეკრულება. მტკიცებულება იმისა, რომ მხარეები სხვა პირობებზე იყვნენ შეთანხმებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლომ შეაფასა მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ მათი ჩვენება არ გამოდგება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებების გასაქარწყლებლად. მოწმეეების - ე-----–------------ის, ზ-----------------–--ისა და გ------------ის ჩვენებებით ირკვევა, რომ, მართალია, ისინი ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ მხარეთა მოლაპარაკებაში ან ესწრებოდნენ ლ--–--–---–-----ისა და შპს „გ-–----------–ის“ სახელით მისი დირექტორის - დ----------------ის შეხვედრებს, მაგრამ უშუალოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნიათ. რაც შეეხება მოწმე ნ----------------ეს, მან განმარტა, რომ არ დასწრებია მხარეთა შეხვედრებს და არ იცის, რა საკითხზე მიდიოდა მოლაპარაკება (იხ. 23.05.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 15:16:05-15:54:16). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებებს მნიშვნელობა არ აქვს სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ხელშეკრულებაში მითითებულია 21.01.2016 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის უფლების გადაცემის თაობაზე, მაგრამ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ამ ხელშეკრულებით ლ--–--–---–-----მა შპს „გ-–----------–ს“ დაუთმო ზ-----–-------ის მიმართ 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლზე რომლის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

ამავე კოდექსის 198.1 მუხლის თანახმად კი მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ--–---–---–-----ს გააჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის უფლება ზ-----–-------ის მიმართ, რომელიც დაუთმო შპს „გ-–----------–ს“, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის უფლების დათმობის საფასურზე 25000 აშშ დოლარზე. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მოთხოვნის დათმობის საფასური არ გადაუხდია.

 

დავის სწორად გადაწყვეტისათვის პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ათავისუფლებდა თუ არა მოპასუხეს თანხის გადახდისაგან ხელშეკრულების ის დათქმა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს გ-–----------–ის, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდებოდა. დადგენილია, რომ წილების გადანაწილება ამგვარად არ მომხდარა.

 

სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.

 

მხარეთა შორის დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წარმოადგენს პირობით გარიგებას, ვინაიდან ხელშეკრულების შესრულება გადადებულია სამომავლოდ წილების გადანაწილების პირობის შესრულებამდე, ხოლო თუ ეს პირობა არ დადგებოდა, ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო.

 

ამავე კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად კი, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირობა, რომლის თანახმადაც შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს გ-–----------–ის, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციითანავე მოთხოვნის დამთმობს გადაეცემა დეპონირებული თანხა სრულად, ასევე პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეპონირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში სამეწარმეო რეესტრში არ განხორციელდა წილის მესაკუთრის ცვლილება, კერძოდ, აღნიშნული წილიდან შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6% - შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მოთხვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წყდება, არის სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული ნებაზე დამოკიდებული პირობა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირობა ნებაზეა დამოკიდებული, თუ მისი მართვა შეუძლია გარიგების მხარეს. 92-ე მუხლში საუბარია არა სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, რომლის დადგომა თუნდაც მონაწილის ნებაზე იყოს დამოკიდებული, არამედ მონაწილის ნება-სურვილზე, განახორციელოს მისთვის სავალდებულო ნების გამოვლენა, ამასთან, 92-ე მუხლში გამოყენებული მრავლობითი ფორმა „გარიგების მხარეებზე“ არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ნების გამოვლენა აუცილებლად ორივე კონტრაჰენტის ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. საკმარისია პირობის დადგომის, ვალდებულების წარმოშობის მხოლოდ ერთ-ერთი მხარის ნება-სურვილზე დამოკიდებულების გამოკვეთა. ასეთი პირობა არ შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპს და სამოქალაქო კოდექსი მას ბათილ (არარა) გარიგებად აკვალიფიცირებს (იხ. სუსგ ას-746-714-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ის პირობა, რომ თანხის ანაზღაურება მოხდებოდა მხოლოდ შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6% - შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ, დამოკიდებულია არა მოვლენათა ჩვეულ რეჟიმში განვითარებაზე, არამედ გარიგების ერთ-ერთი მხარის - შპს „გ-–----------–ის“ ნებაზე, კერძოდ, მხოლოდ მისი მხრიდან სათანადო ნება-სურვილის გამოვლენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი შპს „ს--–---------სა“ და შპს „ქ-----–თან“ მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი გარიგებების დადება. თავად მოპასუხე განმარტავს, რომ შპს „გ-–----------–ისათვის“ ზ------–-------ის კრედიტორებთან მოლაპარაკებამ აზრი დაკარგა, რის შემდეგაც შპს „გ-–----------–მა“ გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად მიმართა ნოტარიუსს და 2017 წლის 11 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე პირდაპირ მიიღო საკუთრებაში გირავნობის საგანი - ზ-----–-------ის კუთვნილი 16%-იანი წილი. ამდენად, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პირობის დადგომა დამოკიდებული იყო გარიგების ერთ-ერთი მხარისა და მესამე პირების ნება-სურვილზე და მხოლოდ მათი მხრიდან ნების გამოვლენის შემთხვევაში შესრულდებოდა. შპს „გ-–----------–მა“ კი ამგვარი ნება აღარ გამოავლინა.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, გარიგების პირობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე უარს აცხადებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ეწინააღმდეგება კანონს - სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის და არის უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება. უცილოდ ბათილი გარიგება ბათილია დადებისთანავე, კანონის ძალით, ყოველგვარი შეცილების გარეშე, ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია სარჩელით მითითებული პირობის ბათილად ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება არ არის. თავად ამ პირობის მოპასუხის ნებაზე დამოკიდებულების თაობაზე კი, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა.

 

ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე პირობის ბათილობა არ იწვევს მთლიანი გარიგების ბათილობას (იხ. სუსგ Nას-746-714-2016, Nას-6-345-09). ხელშეკრულების დანარჩენი პირობები ძალაში რჩება და, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება მთლიანად ბათილი გარიგებაა, ვინაიდან ეწინააღმდეგება კანონს.

 

მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან დადებულია შპს „ს--–---------ის“ წილზე, რომელზეც ორი ყადაღა იყო რეგისტრირებული.

 

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 მარტის მდგომარეობით შპს „ს--–---------ში“ ზ-----–-------ის კუთვნილ წილზე რეგისტრირებული იყო ორი ყადაღა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ბათილია დაყადაღებულ ქონებაზე რაიმე ფორმით, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ დადებული გარიგება, ანუ, გარიგების საგანი უნდა იყოს დაყადაღებული მოძრავი ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულება დადებულია ზ------–-------ის მიმართ ლ--–--–---–-----ის მოთხოვნის უფლებაზე და არა შპს „ს--–---------ის“ წილზე. ხელშეკრულების პირობა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა მხოლოდ შპს „ს--–--------- ის“ წილის მოპასუხესა და შპს „ქ-----–ს“ შორის გადანაწილების შემდგომ, თავისთავად, არ გადასცემს ვინმეს საკუთრების უფლებას ამ მოძრავ ქონებაზე, არამედ წარმოადგენს გარიგების პირობას, რომლის შესრულებამდეც გადადებულია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება. გარდა ამისა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ხელშეკრულების ეს პირობა ბათილია სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილობის პირობებში კი, ხელშეკრულების დანარჩენი ვალდებულებების ნამდვილობის გამომრიცხავი გარემოებები არ არსებობს.

 

სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ--–--–---–-----მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა - ზ-----–-------ის მიმართ მოთხოვნის უფლება გადასცა შპს „გ-–----------–ს“, ასევე, მისი მოთხოვნით, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შპს „გ-–----------–ს“ კი არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაუხდია მოთხოვნის დათმობის საფასური, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

2.8. მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნაა დადგენილად იქნეს ცნობილი, რომ ლ--–--–---–-----სა და მოპასუხე შპს „გ-–----------–ს“ შორის დაიდო შეთანხმება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ, რომლითაც ლ--–--–---–-----მა შპს გ-–----------–ს დაუთმო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ზ-----–-------ის მიმართ არსებული მოთხოვნა 15 000 აშშ დოლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების სავალდებულო წინაპირობაა იურდიული ინტერესის არსებობა. იურდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად და აღიარებითი სარჩელი არის ამ სამართლებრივი შედეგის მიღების ეფექტიანი მექანიზმი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ №ას-277-264-2013). აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, თუ მხარეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შეუძლია. ზოგადად სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს მისი დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.

 

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ ას-1219-1139-2017). მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა მხარის ინტერესების დასაცავად საკმარისია იმ შემთხვევაში, როცა სარჩელის მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარმოადგინა მოთხოვნის დათმობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებასაც ითხოვს აღძრული სარჩელით (მიკუთვნებითი მოთხოვნა). მოცემული საქმით არ იკვეთება ხელშეკრულების დადების ფაქტის დამატებით სასამართლო წესით აღიარების იურიდიული ინტერესი, ამდენად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი უსწორობაა ის, რომ სასამართლო არასრულად ასახავს ფაქტობრივ გარემოებებს და მისი მსჯელობა და შეფასებები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. კონკრეტულად, სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებში (არც უდავოში და არც სადავოში) საერთოდ არ მსჯელობს იმის თაობაზე, რაც გაცხადდა პროცესზე. ს.ფ. 32 და 33-ზე არსებულ ქალბატონ ლ--–--–---–-----ის განცხადების შესახებ, რომ ლ--–--–---–-----მა წერილობითი უარი განაცხადა მისი მოვალის ბინაში არსებული ქონების აღწერა-დაყადაღებასა და აღსრულების განხორციელებაზე, ასევე, საერთოდ არაა მითითებული იმის თაობაზე, რომ ქალბატონი წ---–-----ი დღესაც კრედიტორია, რის თაობაზე აპელანტის წარმომადგენლის კითხვაზე პასუხი მითითებული სააღსრულებო წარმოების აღმასრულებელმა გასცა და რაც ასევე, დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა.

 

აპელანტის შეფასებით, ასევე ფაქტობრივი უსწორობაა, რომ სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებში (არც უდავოში და არც სადავოში) საერთოდ არ მსჯელობს იმის თაობაზე, რაზეც აპელანტმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება პროცესის მიმდინარეობისას - რამდენჯერმე და, ამასთან, სხვადასხვა დროს აღნიშნა, რომ შპს „გ-–----------–ი“ როდესაც მიდიოდა იმაზე, რომ 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლების სანაცვლოდ იხდიდა 25 000 აშშ დოლარს, ანუ 10 000 აშშ დოლარით მეტს, ამისათვის არსებობდა კონკრეტული წინაპირობები (ზ-----–-------ის მიერ შპს „ქ-----–-სათვის“ 2015 წლის 22 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება წილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და ამ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სესხის თანხა - 336 000 აშშ დოლარი, აგრეთვე ამ სესხის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება), რომლის გამოც მას უღირდა ზედმეტი 10 000 აშშ დოლარის გაღება.

 

აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი უსწორობა იმ გარემოების დაუფიქსირებლობა, რომ სადავო შეთანხმების გაფორმებისას არსებული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არ ფიქსირდებოდა ის ორი ყადაღა, რაც დაფიქსირდა უკვე 2017 წლის აპრილში სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის განახლებისას (ს.ფ. 21 - 27).

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო დამახინჯებულად ასახავს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ძირითად საკითხს - დეპოზიტის განუთავსებლობის შემთხვევაში მხარეთა შემდგომ მდგომარეობას. სასამართლო მართალია ციტირებს შეთანხმების 2.1, 2.2 და 4.2 პუნქტებს, ამასთან 4.2 პუნქტს მხოლოდ ნაწილობრივ და მსჯელობისა და შეფასების მიღმა ტოვებს უმთავრესს - კერძოდ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მხარეებს არ წარმოეშობათ პირგასამტეხლოს/კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ასევე საგანგებოდაა აღსანიშნავი, რომ სასამართლო 3.2.1 პუნქტში ხელშეკრულების პირობების შესახებ წყვეტს მსჯელობას ისე, რომ თითქოს ამ პუნქტებით ამოიწურა ხელშეკრულება და აღარ მსჯელობს ხელშეკრულების მომდევნო პუნქტზე, 4.3 პუნქტზე, რომლის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღდგება პირვანდელი მდგომარეობა და მოთხოვნის უფლება უნრუნდება მოთხოვნის დამთმობს. ამ პუნქტის მიუთითებლობამ და გაუაზრებლობამ კი სასამართლო იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ თითქოს მოთხოვნის მფლობელი შპს ,,გ-–----------–ია", რაც უსერიოზულესი ფაქტობრივი შეცდომაა, რომელიც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასრულმა დადგენამ და ასეთი არასრული და არასწორი დადგენის შედეგად არასწორმა სამართლებრივმა შეფასებამ, ანუ ორივე გარემოებამ ერთად;

 

აპელანტის მტკიცებით, ფაქტობრივი უსწორობაა სასამართლოს მიერ იმ გარემოების დაფიქსირება, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლ--–--–---–-----მა შპს „გ-–----------–ს“ დაუთმო ზ-----–-------ის მიმართ 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება (გადაწყვეტილების მე-6 გვერდი, აღწერილობითი ნაწილის ბოლო აბზაცი) - სასამართლო ამ შემთხვევაშიც დამახინჯებულად ასახავს ფაქტობრივ გარემოებას - მოპასუხე მხარეს ის კი არ დაუდასტურებია, რომ ლ--–--–---–-----მა ზ-----–-------ის მიმართ არსებული მოთხოვნა შპს „გ-–----------–ს“ დაუთმო 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, არამედ ის, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებაში მითითებულ თარიღში იყო შეცდომა, რაც სრულებითაც არ არის ერთი და იგივე და სასამართლომ ამ შემთხვევაში განმარტების აზრი დაამახინჯა ან/და არასწორად აღიქვა.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს დარღვეული აქვს როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები.

 

სასამართლომ მხოლოდ ფრაგმენტულად განახორციელა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა-შეფასება და ასეთი ფრაგმენტულობა პირდაპირ მიუთითებს, რომ არ განხორციელებულა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა. სასამართლომ პრაქტიკულად სრულად აუარა გვერდი ისეთ მტკიცებულებას, როგორიცაა მხარის ახსნა-განმარტება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა. სასამართლომ უკლებლივ ყველა ის მტკიცებულება უნდა შეაფასოს, რაც საქმეში მონაწილე მხარეთა მიერ არის წარდგენილი და მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველი ისევე უნდა იყოს აღნიშნული გადაწყვეტილებაში, როგორც ამა თუ იმ მტკიცებულების გაზიარების მიზეზი. სასამართლომ, საერთოდ არ შეაფასა როგორც მატერიალიზებული ფორმით წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე მხარის ახსნა-განმარტებების უმრავლესი ნაწილი და არ განუხორციელებია შესაბამისი დასკვნის გამოტანა რომელიმე მტკიცებულებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არარსებობის შესახებ.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლი, ნაცვლად ამავე კოდექსის 93-ე მუხლისა, რომლის თაობაზეც სხვათა შორის მითითებული იყო მოპასუხე მხარის შესაგებელში და სასამართლომ საერთოდ აუარა ამ მუხლს და ასეთი იგნორირება არაფრით დაუსაბუთებია; სასამართლომ ერთმანეთისგან არ გამიჯნა ისეთ ცნებები, როგორიცაა „ნება“ და „სურვილი“, რაც სამართლებრივად სერიოზული შეცდომაა, რადგანაც თითეული მათგანი სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის დადგომას იწვევს. მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 24 მარტის შეთანხმებაში შპს „გ-–----------–ის“ მხოლოდ სურვილი არსებობდა და ხელშეკრულებაში მითითებული პირობის დადგომა არანაირად არ იყო დამოკიდებული მის ნებაზე. შესაბამისად, მხოლოდ სურვილის არსებობა არ არის საკმარისი, რომ ასეთი გარიგება ბათილად იქნეს ცნობილი, რადგანაც საამისოდ არა სურვილი, არამედ ნება უნდა იყოს და მხარე არ უნდა იყოს მოწადინებული ასეთი შედეგის დადგომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად მცდარი და აპელანტისთვის გაუგებარია სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, რომ მხოლოდ შპს „გ-–----------–ის“ მხრიდან სათანადო ნება-სურვილის გამოვლენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი შპს „ს--–---------სა“ და შპს „ქ-----–თან“ მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი გარიგებების დადება. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სამწუხაროდ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა; სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლი, გარდა იმისა, რომ არასწორად გამოიყენა, არასწორადაც განმარტა. იმ შემთხვევაშიც კი, „ნება“ და „სურვილი“ ერთი და იგივე ცნებები რომც იყოს, მითითებულ სამართლებრივ ნორმაში პირობის დაუდგომლობა მარტო ერთ-ერთი მხარის ნებაზე არ არის მიბმული და ასეთ შემთხვევაში მარტო ერთი მხარის ნება არ არის განმსაზღვრელი.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი მოპასუხის იმ განმარტების დაყრდნობაზე სასამართლოს მოტივაცია, რომ შპს „გ-–----------–ისათვის“ ზ-----–-------ის კრედიტორებთან მოლაპარაკებამ აზრი დაკარგა, რის შემდეგაც შპს „გ-–----------–მა“ გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად მიმართა ნოტარიუსს და 2017 წლის 11 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე პირდაპირ მიიღო საკუთრებაში გირავნობის საგანი - ზ-----–-------ის კუთვნილი 16%-იანი წილი. მას შემდეგ, რაც ლ--–--–---–-----თან მოლაპარაკებების დასრულების მომენტისათვის, შპს „ს--–--------“-ის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მხოლოდ ლ--–--–---–-----ის ყადაღა ფიქსირდებოდა და სწორედ ამის შემდეგ გაფორმდა 24 მარტის ხელშეკრულება, როდესაც ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე უნდა განთავსებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, ცნობილი გახდა, რომ ზ-----–-------ის წილს შპს „ს--–--------“-ში კიდევ ორი ახალი ყადაღა დაედო, ამდენად აზრი აღარ ჰქონდა მოლაპარაკებების შემდგომ გაგრძელებას, მოლაპარაკება კი მხოლოდ ლ--–--–---–-----თან მიმდინარეობდა და ის, რომ კრედიტორები მრავლობით რიცხვშია მოხსენიებული, აბსოლუტურად არ ცვლის ფაქტობრივ მდგომარეობას - საქმის მასალებით არ დასტურდება და ამის თაობაზე მოსარჩელესაც კი არაფერი უმტკიცებია, რომ მის გარდა სხვა ვინმესთანაც რაიმე სახის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. აქვე აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს „გ-–----------–ი“ როდესაც მიდიოდა იმაზე, რომ 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლების სანაცვლოდ იხდიდა 25 000 აშშ დოლარს, ანუ 10 000 აშშ დოლარით მეტს, ამისათვის არსებობდა კონკრეტული წინაპირობები (ზ-----–-------ის მიერ შპს ,,ქ-----–-სათვის" 2015 წლის 22 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება წილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და ამ ხელშეკრულებაში დაფიქსრირებული სესხის თანხა - 336 000 აშშ დოლარი, აგრეთვე ამ სესხის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება), რომლის გამოც მას უღირდა ზედმეტი 10 000 აშშ დოლარის გაღება. სწორედ ამ წინაპირობის გამო იხდიდა შპს „გ-–----------–ი“ ზედმეტ თანხას ფიქსირებული თანხის სახით. აპელანტისთვის სრულიად გაუგებარია რას ემსახურება სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე მითითება, რომელიც მხოლოდ ბლანკეტური ნორმაა;

 

აპელანტის მითითებით, არასწორია სასამართლოს მოსაზრებაც, რომ ლ--–--–---–-----მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ზ-----–-------ის მიმართ მოთხოვნის უფლება გადასცა შპს „გ-–----------–ს“. გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობებში უკვე აღინიშნა, რომ დღეისათვის ზ-----–-------ის კრედიტორი კვლავ ლ--–--–---–-----ია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.8. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატას უდავოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით ლ--–--–---–-----ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ზ-----–-------ეს აეკრძალა შპს „ს--–--------“-ში მისი კუთვნილი 16%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება.

 

4.2.2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროისათვის ზ-----–-------ის კუთვნილ შპს „ს--–---------ის“ 16%-იან წილზე რეგისტრირებული იყო გირავნობა სს „თ----------ის“, შპს „ქ-----–-სა“ და შპს „გ-–----------–ის“ სასარგებლოდ.

 

4.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ლ--–--–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ-----–-------ეს ლ--–--–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწვეტილებაზე 2016 წლის 21 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

4.2.4. 2017 წლის 24 მარტს შპს „გ-–----------–სა“ და ლ--–--–---–-----ს შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ლ--–---–---–-----მა შპს „გ-–-----------–ს“ დაუთმო ზ-----–-------ის მიმართ 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილი იყო სესხის ხელშეკრულებიდან და დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.03.2016 წლის გადაწყვეტილებით. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გარიგება სასყიდლიანია და მისი საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 25 000 აშშ დოლარს შეადგენს. 2.2 პუნქტის თანახმად კი, სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურების მიზნით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში მოთხოვნის მიმღები სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ს განათავსებს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ნოტარიუსთან გაფორმებული სათანადო სამმხრივი ხელშეკრულებით, იმ პირობით, რომ აღნიშნული წილიდან შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს გ-–----------–ის, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციითანავე მოთხოვნის დამთმობს გადაეცემა დეპონირებული თანხა სრულად. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დეპონირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში სამეწარმეო რეესტრში არ განხორციელდა წილის მესაკუთრის ცვლილება, კერძოდ, აღნიშნული წილიდან შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6% - შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წყდება.

 

4.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით ლ--–--–---–-----ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.06.2015 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

4.2.6. შპს „გ-–----------–ს“ მოთხოვნის დათმობის საფასური არც ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განუთავსებია და არც ლ--–--–---–-----ისთვის გადაუცია.

 

4.2.7. შპს „ს--–---------ის“ 16%-იან წილიდან 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლება არ დარეგისტრირებულა.

 

4.2.8. შპს „გ-–----------–მა“ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მიმართა ნოტარიუსს და 2017 წლის 11 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით პირდაპირ მიიღო საკუთრებაში გირავნობის საგანი - ზ-----–-------ის კუთვნილი შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 16%-იანი წილი.

 

4.3. სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წარმოადგენს პირობით გარიგებას, ვინაიდან ხელშეკრულების შესრულება გადადებულია სამომავლოდ წილების გადანაწილების პირობის შესრულებამდე, ხოლო თუ ეს პირობა არ დადგებოდა, ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით დადებული გარიგება ბათილია.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ ხელშეკრულების პირობა, რომლის თანახმადაც შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს გ-–----------–ის, ხოლო 6%-ზე შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციისთანავე მოთხოვნის დამთმობს გადაეცემა დეპონირებული თანხა სრულად, ასევე პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეპონირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში სამეწარმეო რეესტრში არ განხორციელდა წილის მესაკუთრის ცვლილება, კერძოდ, აღნიშნული წილიდან შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6% - შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება წყდება, არის სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული ნებაზე დამოკიდებული პირობა.

 

პირობა ნებაზეა დამოკიდებული, თუ მისი მართვა შეუძლია გარიგების მხარეს. 92-ე მუხლში საუბარია არა სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, რომლის დადგომა თუნდაც მონაწილის ნებაზე იყოს დამოკიდებული, არამედ მონაწილის ნება-სურვილზე, განახორციელოს მისთვის სავალდებულო ნების გამოვლენა, ამასთან, 92-ე მუხლში გამოყენებული მრავლობითი ფორმა „გარიგების მხარეებზე“ არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ნების გამოვლენა აუცილებლად ორივე კონტრაჰენტის ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. საკმარისია პირობის დადგომის, ვალდებულების წარმოშობის მხოლოდ ერთ-ერთი მხარის ნება-სურვილზე დამოკიდებულების გამოკვეთა. ასეთი პირობა არ შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპს და სამოქალაქო კოდექსი მას ბათილ (არარა) გარიგებად აკვალიფიცირებს (იხ. სუსგ ას-746-714-2016).

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ის პირობა, რომ თანხის ანაზღაურება მოხდებოდა მხოლოდ შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 10%-ზე შპს „გ-–----------–ის“, ხოლო 6% - შპს „ქ-----–-ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდგომ, დამოკიდებულია არა მოვლენათა ჩვეულ რეჟიმში განვითარებაზე, არამედ გარიგების ერთ-ერთი მხარის - შპს „გ-–----------–ის“ ნებაზე, კერძოდ, მხოლოდ მისი მხრიდან სათანადო ნება-სურვილის გამოვლენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი შპს „ს--–---------სა“ და შპს „ქ-----–თან“ მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი გარიგებების დადება. ამდენად, პირობის დადგომა დამოკიდებული იყო გარიგების ერთ-ერთი მხარისა და მესამე პირების ნება-სურვილზე და მხოლოდ მათი მხრიდან ნების გამოვლენის შემთხვევაში შესრულდებოდა.

 

აღანიშნულის დასტურია ასევე ის ის უდავო ფაქტობრივი გარემოებაც, რომ შპს „გ-–----------–მა“ გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 11 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით პირდაპირ მიიღო საკუთრებაში გირავნობის საგანი - ზ------–-------ის კუთვნილი შპს „ს--–---------ის“ კაპიტალის 16%-იანი წილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გარიგების პირობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე უარს აცხადებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ეწინააღმდეგება კანონს - სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლს და არის უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება.

 

ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე პირობის ბათილობა არ იწვევს მთლიანი გარიგების ბათილობას (იხ. სუსგ Nას-746-714-2016, Nას-6-345-09). ხელშეკრულების დანარჩენი პირობები ძალაში რჩება და, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ლ--–--–---–-----ის მხრიდან შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით ლ--–--–---–-----ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შპს ,,გ-–----------–ს“ კი, მოთხოვნის დათმობის საფასური არ აუნაზღაურებია მოსარჩელისთვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--–--–---–-----ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „გ-–----------–ის“ მიმართ 25 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებული და საფუძვლიანია, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო და მატერიალურ-სამართლებრივი წინამძღვრები.

 

4.4. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30 ).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „გ-–----------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

 

ქეთევან დუგლაძე