განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210018002397409
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002397409

საქმე №2ბ/86-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ს----- ა--------ა

წარმომადგენელი - მ-----ე ჩ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ---–ა გ--–----------ა

წარმომადგენელი - მ----ა ლ---------–---ი, ლ-------------–ი

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 21 იანვრის განჩინება

 

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ---–ა გ--–----------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, დადგინა მოპასუხე ს----- ა--------ას მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთა მოსარჩელისთვის მისი საკუთრებით სარგებლობაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 13 აპრილს სარჩელით მიმართა მოსარჩელე ლ---–ა გ--–----------ას წარმომადგენელმა, ლ-------------–მა და მოითხოვა მოპასუხე ს----- ა--------ას მხრიდან უკანონო ხელის შეშლის აღკვეთა, რომელიც ხელს უშლიდა მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობაში.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 17 აპრილს სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი.

 

2.3. საქმის მომზადების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ მოპასუხეს ორჯერ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები. თუმცა, მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

2018 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართეს მოსარჩელე ლ---–ა გ--–----------ას წარმომადგენლებმა - მ----ა ლ---------–---მა და ლ-------------–მა და მოითხოვეს სასამართლოს მიერ პოლიციის დავალების მეშვეობით მოპასუხე ს----- ა--------ასთვის სარჩელის (თანდართული მასალებით) ჩაბარება.

 

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის განჩინების საფუძველზე პოლიციის მეშვეობით ვერ მოხერხდა მოპასუხისთვის გზავნილის ჩაბარება.

 

2.5. მოპასუხე ს----- ა--------ას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა ლ---–ა გ--–----------ას სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ. მოპასუხეს (შესაგებლის) წარდგენისათვის განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა, ასევე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი.

 

2.6. სასამართლოს მიერ საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, მოპასუხე ს----- ა--------ამ 2018 წლის 02 აგვისტოს პირადად ჩაიბარა გზავნილი, რომლითაც შესაგებლის წარმოდგენის ვადა განესაზღვრა 10 (ათი) დღე, თუმცა მის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი, არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ მოუმართავს სასამართლოსთვის.

 

2.7. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ---–ა გ--–----------ა სარჩელით ითხოვდა მოპასუხის მხრიდან მისი საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ სარგებლობდა თავისი საკუთრებით და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ---–ა გ--–----------ას საჩელი დააკმაყოფილა.

 

2.8. 2018 წლის 26 ნოემბერს მოპასუხე ს----- ა--------ას წარმომადგენლის, მ-----ე ჩ------ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საჩივრის განხილვა.

 

2.10. 2019 წლის 21 იანვარს სასამართლოს სხდომაზე საჩივრის ავტორმა მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება. სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელის - ლ---–ა გ--–----------ას წარმომადგენლები - მ----ა ლ---------–---ი და ლ-------------–ი არ დაეთანხმნენ საჩივრის ავტორის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

2.11. სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----- ა--------ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო და არ დააკმაყოფილა იგი, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქმის მომზადების მიზნით სასამართლოს მიერ მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, მოპასუხეს (შესაგებლის) წარდგენისათვის განესაზღვრა 10 (ათი) დღის ვადა, ასევე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზად კი ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოპასუხეს ასევე განემარტა, რომ მის მიერ სასამართლოს განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---–ა გ--–----------ას სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შესახებ ს----- ა--------ას ეცნობა 2018 წლის 2 აგვისტოს, კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა პირადად მოპასუხეს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2018 წლის 13 აგვისტო, მაგრამ მის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და ლ---–ა გ--–----------ას სარჩელი დააკმაყოფილა და 2018 წლის 21 აგვისტოს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) მიუთითებდა, რომ ს----- ა--------ა ავად იყო ოქტომბრის თვეში და ცნობაც გაცემული იყო 2018 წლის 22 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები კი ს----- ა--------ას ჩაბარდა 2018 წლის 2 აგვისტოს, რის გამოც სასამართლომ ხსენებული დოკუმენტი ვერ მიიჩნია მოპასუხის ავადმყოფობის დამადასტურებელ შესაბამის და სათანადო მტკიცებულებად.

 

2.13. 2019 წლის 29 იანვარს ს----- ა--------ას წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2019 წლის 21 იანვრის განჩინებაზე წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არც მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რამდენადაც ლ---–ა გ--–----------ა არ წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს და მას შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აკრძალული აქვს აპელანტთან მიახლოვება. ამასთან, საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელი და თანდართული მასალები მას არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან მისთვის სამართალწარმოების ენა უცნობია, არის აზერბაიჯანულენოვანი და გზავნილის შინაარსსა და შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ იგი არ იყო ინფორმირებული, რის გამოც მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ---–ა გ--–----------ას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარდა პირადად, 2018 წლის 2 აგვისტოს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად ს----- ა--------ას დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2018 წლის 13 აგვისტო, მაგრამ მის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ იგი ხშირად იყო ავად და ვერ შეძლო შესაგებლის დროულად წარდგენა სასამართლოში, ვინაიდან, საჩივრის ავტორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) მიუთითებს, რომ ს----- ა--------ა ავად იყო ოქტომბრის თვეში და ცნობაც გაცემულ იქნა 2018 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო სასამართლოს მიერ ს----- ა--------ას სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2018 წლის 2 აგვისტოს, ამ პერიოდებს შორის კი საკმაო სხვაობაა იმისთვის, რომ სასამართლოს საჩივრის ავტორის ავადმყოფობა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიეჩნია. მეტიც, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის შედავებას იმის შესახებ, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას და გზავნილის შინაარსი მისთვის უცნობი იყო. პალატა შენიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ასევე პირადად ჩაიბარა ს----- ა--------ამ, 2018 წლის 19 ნოემბერს, რის შედეგადაც შეიტანა საჩივარი სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით, შესაბამისად, პალატას ექმნება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი მასზედ, რომ ისევე, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების, სარჩელისა და თანდართული მასალების შემთხვევაშიც გზავნილის შინაარსი აპელანტისთვის ცნობილი იყო და მას ანალოგიურად შეეძლო საქმე სასამართლოში ეწარმოებინა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენდა სასამართლოს შესაგებელს.

 

პალატა შენიშნავს იმასაც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის დანაწესით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ხსენებული დათქმის შინაარსის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადო შეფასება მისცა მტკიცებულებებს, რამდენადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დავის არსის არსებით განხილვაში არ შედის, ამისათვის აუცილებელია, რომ მოპასუხემ არგუმენტირებული შედავება წარადგინოს შესაგებლით, რაც ს----- ა--------ას არ განუხორციელებია, ხოლო ლ---–ა გ--–----------ას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს უდავოდ ქმნიდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----- ა--------ას მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სასამართლოში დავის მიმდინარეობის არცოდნით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარებულად ჩაითვალა ს----- ა--------აზეზე, აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება კი საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარმოდგენაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სწორედ მას ევალებოდა. ამდენად, საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითებები ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2019 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----- ა--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2019 წლის 21 იანვრის განჩინება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი