განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210018002271094
საქმე №2ბ/608-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - სს „ს--------------------------------------–-----ი“
წარმომადგენელი - ა------------------ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს------------------–---–ი
წარმომადგენლები - მ-----------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ს------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს--------------------------------------–-----ს“ ს------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7242.70 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა ს------------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის 722.30 ლარის დაკისრების თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სადაზღვევო პოლისის №----------- და იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების V----------- საფუძველზე მოსარჩელე ს------------------–---–ი დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----ში“. სადაზღვევო პერიოდი 08/09/2016-07/09/2017.
2.2. ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 4.1.1. პუნქტის თანახმად, ფრანშიზა წარმოადგენდა ზარალის თანხის ნაწილს, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებდა. ფრანშიზა ამ პოლისისთვის შეადგენდა ყოველთვიური ლიმიტის 10%-ს და აკლდებოდა სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაში. 8.3. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი იტოვებდა უფლებას სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოექვითა სრული სადაზღვევო პრემიის გადაუხდელი ოდენობა.
ზემოაღნიშნული პირობების 11.2 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 თვის განმავლობაში მოქმედებდა არანაზღაურებადი პერიოდი, რომელიც გულისხმობდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან პირველი თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებას არ განახორციელებდა. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურება განიხილებოდა 1 თვიანი არანაზღაურებადი პერიოდის გასვლის შემდეგ, სადაზღვევო პირობების შესაბამისად (ტ. І, ს.ფ. 19-23);
2.3. მოსარჩელე ს------------------–---–ი, რომელიც დასაქმებული იყო სს „თ----------ში“, 2017 წლის 11 მაისის განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ს------------------–---–ის მიერ დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება განაპირობა სს „თ------------სა“ და სს „ბ---------------–--ის“ რეორგანზიაციამ/შერწყმამ, რომელიც იურიდიულად განხორციელდა 2017 წლის 08 მაისს.
2.4. სს „ჯ------------–-----მა“ 17.07.2017 წლის წერილით უარი უთხრა ს------------------–---–ს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების მე-9 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულ პუნქტში მითითებულია, რომ იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ: 9.16 უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ.
ამავე წერილით, მოსარჩელე ს------------------–---–ს განემარტა, რომ ვინაიდან მისი იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისი ძალაში შევიდა 2016 წლის 08 სექტემბერს, ხოლო სს „თ----------ს“ და სს „ბ------------–--ას“ შორის შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის 28 ნოემბერს, სადაზღვევო პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის ამოწურვამდე, სადაზღვევო კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას აღიაროს სადაზღვევო შემთხვევად და აანაზღაუროს მიყენებული ზარალი (ტ. І, ს.ფ. 24, 28);
2.5. სს „ს--------------------------------------–-----ის“ 14.08.2017 წლის წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელე ს------------------–---–ს მის წერილობით პრეტენზიასთან დაკავშირებით განუმარტა, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების მე-9 პუნქტის თანახმად, „იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ: 9.16 უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ). ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების რისკი დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე, აღნიშნული წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ეღიარებინა სადაზღვევო რისკად და აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული ზარალი (ტ. І, ს.ფ. 80);
2.6. სს „თ----------ის“ და სს „ბ--------------–--ის“ შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში, ხოლო შერწყმის განხორციელების თაობაზე ბანკების აქციონერთა კრებებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2016 წლის დეკემბერში (ტ. І, ს.ფ. 53, 56-57, 134, 161-164);
2.7. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ბოლო ორი (ივლისი, აგვისტო) სადაზღვევო პრემიის გადახდა აღარ განხორციელებულა და ჯამური, გადაუხდელი სადაზღვევო პრემია (2 თვის) შეადგენს 47.30 ლარს (ტ. І, ს.ფ. 18-23);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე არ დგინდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მე-7 პუნქტით განსაზღვრული, იძულებითი უმუშევრობის დაზღვეული დაფარული რისკებიდან ამავე შეთანხმების 9.16 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო პირობის არსებობა ამავე შეთანხმების 4.10 პუნქტით განსაზღვრულ მოცდის პერიოდში.
დადგენილია, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობებით მხარეებმა შეათანხმეს, რომ სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემოდა სადაზღვევო შემთხვევის - იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში. ასევე, მხარეებმა შეთანხმებით გაითვალისწინეს საგამონაკლისო შემთხვევები, რა დროსაც იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში ანაზღაურება არ გაიცემოდა.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა, რომ სს „თ----------სა“ და სს „ბ-------------–--ას“ შორის შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში. მოპასუხე მხარის მითითებით აღნიშნული ნიშნავს, რომ მოცდის ექვსთვიანი პერიოდის გასვლამდე წარმოიშვა დაფარული რისკი, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ.
მხარეთა შეთანხმების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (2016 წლის 08 სექტემბერი) 6 თვის მოცდის პერიოდის გასვლამდე დაიწყებოდა ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც, აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას, დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოება, ორგანიზაციის რეორგანიზაცია (საშტატო ერთეულის გაუქმება, შემცირება).
დადგენილია, რომ სს „თ----------ისა“ და სს „ბ--------------–--ის“ შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში, ხოლო შერწყმის განხორციელების თაობაზე ბანკების აქციონერთა კრებებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2016 წლის დეკემბერში, ს------------------–---–სა და სს „ბ-------------–--ას“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კი შეწყდა 2017 წლის 15 მაისიდან.
მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ ყურადღება მიაქცია და განმარტა, რომ სს „თ----------სა“ და სს „ბ-------------–--ას“ შორის შერწყმის პროცესის დაწყება (2016 წლის ნოემბერში) არ ნიშნავდა ავტომატურად სს „ბ--------------–--აში“ დასაქმებული პირების გათავისუფლებას. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია გენერალური დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანება სს „თ----------ისა“ და სს „ბ--------------–--ის“ შერწყმის ადამიანთა რესურსების მართვის პოლიტიკის შესახებ. ბრძანების თანახმად, შერწყმის ფარგლებში ძალაში შევიდა სს „ბ--------------–--ის“ ფილიალების თანამშრომელთა შრომითი პირობები, რომელთა მიხედვით, ბრძანების ძალაში შესვლის დროისათვის არსებული თანამშრომელთა მოქმედი შრომითი ხელშეკრულების პირობები 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით დარჩა უცვლელი და ასევე, ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 15 მაისიდან სს „ბ--------------–--ის“ ფილიალების თანამშრომლებს, სს „თ----------თან“ განუსაზღვრელი ვადით გაუფორმდებოდათ შრომითი ხელშეკრულებები. აღნიშნული იძლევა მყარი ვარაუდის საფუძველს, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბანკების შერწყმის პროცესის დაწყებასთან სს „ბ--------------–--აში“ დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში და ავტომატურად დაკავშირებული არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაფარული რისკები არ წარმოშობილა ექვსთვიანი მოცდის პერიოდში, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე საგამონაკლისო, უარის თქმის საფუძველი, არამედ სახეზეა ის დაფარული რისკი (შეთანხმების 7.1), რაც სწორედ სადაზღვევო შემთხვევას - დაზღვეულის იძლებით უმუშევრობას გულისხმობს (ტ. І, ს.ფ. 18-23, 153);
2.9. წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სს „ჯ------------–-----ის“ მიერ ს------------------–---–ისთვის ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხა ფრანშიზის და გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის გათვალისწინებით შეადგენდა 7242.70 ლარს.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლომ უმთავრესად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ფიზიკური პირებისათვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზად ითვლება მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიცაა: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამავე პირობების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტი ადგენს, რომ სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე შეადგენს დაზღვეულის მიერ შერჩეული ყოველთვიური სადაზღვევო ლიმიტის ექვსმაგ ოდენობას სადაზღვევო პოლისში მითითებული ჯამური სადაზღვევო ლიმიტის შესაბამისად. სადაზღვევო პოლისის თანახმად ანაზღაურების ჯამური ლიმიტი განისაზღვრება 8100 ლარით, ყოველთვიური ლიმიტი 1350 ლარით, ხოლო ფრანშიზა 135 ლარის ოდენობით. შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება შეადგენს ჯამურ სადაზღვევო თანხას - 8100 ლარს, გამოკლებული ფრანშიზა 135 ლარი, რაც შეადგენს 7965 ლარს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, ფრანშიზის თანხა წარმოადგენს ერთჯერად გადასახდელს, ვინაიდან სადაზღვევო პოლისში მისი მრავალჯერადი გადახდის თაობაზე მითითებული არ არის. სასამართლო მოსარჩელე მხარის აღნიშნულ პოზიციას ფრანშიზასთან დაკავშირებით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის სამართლებრივი რეგულირების მიზნებისთვის სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისით, არამედ ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობებით, რომლის 4.11 მუხლის თანახმად, ფრანშიზა არის ზარალის თანხის ნაწილი, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებს. ფრანშიზა ამ პოლისისთვის შეადგენს ყოველთვიური ლიმიტის 10%-ს და აკლდება სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობები სადაზღვევო პოლისთან ერთად არეგულირებს ამ კონკრეტულ სადაზღვევო ურთიერთობას, შესაბამისად, სადაზღვევო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ სადაზღვევო პოლისით, არამედ დაზღვევის პირობებით. შესაბამისად, ჯამური ფრანშიზა არსებულ შემთხვევაში შეადგინა 810 ლარს.
ასევე, ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი იტოვებდა უფლებას სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოექვითა სრული სადაზღვევო პრემიის გადაუხდელი ოდენობა. წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი ბოლო 2 თვის სადაზღვევო პრემია, რაც მოპასუხეს მითითებული თანხის (47.30 ლარი) გამოქვითვის შესაძლებლობას ანიჭებს ზემოაღნიშნული პუნქტის დანაწესი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
დადგენილია, რომ სს „ს--------------------------------------–-----მა“ დამზღვევზე გასცა სადაზღვევო პოლისი, რასაც ხელს აწერენ მხარეები. ამდენად, დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ხელმოწერილი დაზღვევის ხელშეკრულებისა და მისი წერილობითი ფორმის შესახებ. რაც შეეხება ხელშეკრულების არსებით პირობებს, უპირველესად უნდა შეფასდეს, რა ითვლება ასეთად. კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული შეიძლება იყოს ხელშეკრულების საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გამოყენებული ყველა ტიპის ხელშეკრულების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის ხელშეკრულების არსებით პირობებზე: სადაზღვევო ლიმიტზე - 8100 ლარი, პერიოდზე - 2016 წლის 08 სექტემბრიდან 2017 წლის 07 სექტემბრამდე, დაზღვეულ რისკზე - იძულებითი უმუშევრობა. მაშასადამე, მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, რომლებიც გამოხატავენ და შეესაბამებიან დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებას. აღნიშნულ პირობებზე შეთანხმებისა და მასზე ხელმოწერის შემდეგ, ხელშეკრულება იქცა ნამდვილად და მხარეთათვის წარმოშვა შესაბამისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს ან დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან მისი დავალდებულება აანაზღაუროს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ეს არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახეზეა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული იმ დაფარული რისკის არსებობა, რაც იძულებითი უმუშევრობის მიზეზს გულისხმობს, რაც თავის მხრივ, დაზღვეულ პირს ს------------------–---–ს უფლებას აძლევს მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში 2017 წლის 15 მაისიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ დაზღვეულს ს------------------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს დაზღვევის პირობების გათვალისწინებული ფრანშიზის და გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის გამოკლებით 7242.70 ლარი, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სადაზღვევო თანხა მოთხოვნილი 7242.70 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ, არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო მეორე მხრივ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი), ვინაიდან, ზემოთ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დაზღვევის პირობები, შეთანხმებული იყო ხელშემკვრელ მხარეთა მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს, რომ მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 08 სექტემბრის დაზღვევის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის პირობების შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისა და გამონაკლისების საკითხები. სხვა გამონაკლისებთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემთხვევა, რომელიც არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას, კერძოდ, იძულებითი უმუშევრობა დამდგარი დაზღვევის ხელშეკრულებით დაფარული რისკით, რომელიც არამხოლოდ დადგა, არამედ დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის (ექვსი თვე) გასვლამდე (მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ).
3.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის აზრით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ სს „თ----------ი“-სა და სს „ბ--------------–--ა“-ს შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბრის თვეში, ანუ, მოვლენა, რითაც შემდგომში განპირობებულია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, დაიწყო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებიდან მოცდის პერიოდის განმავლობაში, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.10. პუნქტები).
4.1.1. 2016 წლის 03 აგვისტოს ს------------------–---–სა და სს „ს--------------------------------------–-----ს“ შორის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულება (პოლისი №-----------, იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობები ფიზიკური პირებისათვის) გაფორმდა. სადაზღვევო პერიოდი 08.09.2016-დან 07.09.2017-მდე განისაზღვრა.
შეთანხმებით სადაზღვევო პრემიის ოდენობა 240,00 ლარით განისაზღვრა, ხოლო, ანაზღაურების ლიმიტი 8100,00 ლარით შეთანხმდა, საიდანაც ყოველთვიური ლიმიტს - 1350,00 ლარი, ხოლო, ფრანშიზას - 135,00 ლარი წარმოადგენდა (ს.ფ. 18).
4.1.2. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 1.1 პუნქტის თანახმად, დაზღვევის საგანს იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა წარმოადგენდა, ხოლო, ამავე პირობების 4.1 პუნქტით სადაზღვევო შემთხვევად დაზღვეულის იძულებითი უმუშევრობით განისაზღვრა.
ამავე პირობების 4.2 პუნქტის თანახმად, იძულებით უმუშევრობად ჩაითვლებოდა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ამ პირობების მე-7 პუნქტში მითითებული მიზეზებით.
მე-7 პუნქტში მოცემულია დაფარული რისკები - იძულებითი უმუშევრობის მიზეზად ითვლება მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიცაა: მათ შორის, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლიგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც, აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; ორგანიზაციის რეორგანიზაცია (საშტატო ერთეულის გაუქმება, შემცირება).
4.1.3. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების მე-9 პუნქტით განისაზღვრა საგამონაკლისო პირობები, რომელთა მიხედვით, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობა დამდგარი იქნებოდა ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტში წარმოდგენილი დაფარული რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ) (9.16 პუნქტი).
ამავე პირობების 4.10 პუნქტის მიხედვით, მოცდის პერიოდი განისაზღვრა, როგორც სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან ათვლილი 6 თვიანი ვადა, რომლის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
4.1.4. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 8.6 პუნქტით განისაზღვრა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესი, რომლის მიხედვით, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში ანაზღაურება განხორციელდებოდა მხოლოდ რეალური უმუშევრობის პერიოდში, მაქსიმალური 6 თვის განმავლობაში და წყდებოდა დაზღვეულის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებისთანავე ან დაზღვეულის მიერ ნებისმიერ დამკვეთთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რომელიც ითვალისწინებს დამკვეთის მხრიდან დაზღვეულისთვის ისეთი ოდენობით ანაზღაურების გადახდას, რომლის ჯამიც მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემავალი თვეების რაოდენობაზე გაყოფისას უდრის ან აღემატება ამ პოლისით გათვალისწინებული ყოველთვიური ლიმიტის 70%-ს და/ან დაზღვეული ერთსა და იმავე დამკვეთთან მომსახურების ხელშეკრულებით (ან მომსახურების ხელშეკრულებებით) გათვალისწინებულ ურთიერთობაში იმყოფება 3 თვეზე მეტ ხანს.
4.1.5. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 11 მაისის №------- შეტყობინებით ს------------------–---–ს ეცნობა, რომ სს „თ----------ისა“ და სს „ბ--------------–--ის“ შერწყმამ ს------------------–---–ის შემცირების საჭროება გამოიწვია, რომელიც იურიდიულად განხორციელდა 2017 წლის 08 მაისს (ტ. І, ს.ფ. 27).
სს „თ----------ის“ და სს „ბ--------------–--ის“ შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში, ხოლო შერწყმის განხორციელების თაობაზე ბანკების აქციონერთა კრებებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2016 წლის დეკემბერში.
ს------------------–---–ი, რომელიც დასაქმებული იყო სს „თ----------ში“, 2017 წლის 11 მაისის განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
4.2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად, ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-9 პუნქტით საგამონაკლისო პირობები განისაზღვრა, რომელთა მიხედვით, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრობა დამდგარი იქნებოდა ამ ხელშეკრულების მე-7 პუნქტში წარმოდგენილი დაფარული რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ 9.16 პუნქტი).
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხს დაფარული რისკის დაწყების ათვლა წარმოადგენს, შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება ის საკითხი მოსარჩელის იძულებითი უმუშევრობა/დაფარული რისკი დაიწყო თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ „მოცდის“ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული პირის გათავისუფლებას რეალურად ადგილი „მოცდის“ პერიოდის გასვლის შემდგომ ჰქონდა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ იძულებითი უმუშევრობის დაფარული რისკი დაიწყო პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის (ექვსი თვე) გასვლამდე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცდის პერიოდში სს „თ----------სა“ და სს „ბ-------------–--ას“ შორის შერწყმის პროცესის დაწყება (2016 წლის ნოემბერში) არ ნიშნავს ავტომატურად სს „ბ--------------–--აში“ დასაქმებული პირების გათავისუფლებას.
ამ კუთხით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ, სს „ბ--------------–--ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანებაზე, რომლითაც განისაზღვრა თ----------ისა და ბ--------------–--ის შერწყმის ადამიანთა რესურსების მართვის პოლიტიკა. ბრძანების თანახმად, შერწყმის ფარგლებში ძალაში შევიდა სს „ბ--------------–--ის“ ფილიალების თანამშრომელთა შრომითი პირობები, რომელთა მიხედვით, ბრძანების ძალაში შესვლის დროისათვის არსებული თანამშრომელთა მოქმედი შრომითი ხელშეკრულების პირობები 2017 წლის 14 მაისის ჩათვლით დარჩა უცვლელი. ბანკმა აიღო ვალდებულება არ შეეწყვიტა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებები, გარდა თანამშრომლების მხრიდან შრომითი ხელშეკრულების/შინაგანაწესის პირობების დარღვევისა (ტ. І, ს.ფ. 52).
საქმეში წარმოდგენილია სს „თ----------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრა თ----------ისა და ბ--------------–--ის შერწყმის ადამიანთა რესურსების მართვის პოლიტიკა. ბრძანების თანახმად, შერწყმის ფარგლებში ძალაში შევიდა სს „ბ--------------–--ის“ ფილიალების თანამშრომელთა შრომითი პირობები, რომელთა მიხედვით, თანამშრომლებს 2017 წლის 15 მაისიდან თ----------თან განუსაზღვრელი ვადით გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები (ტ. І, ს.ფ. 53).
აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბანკების შერწყმის პროცესის დაწყებასთან სს „ბ--------------–--აში“ დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა ავტომატურად დაკავშირებული არ ყოფილა.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში დაფარული რისკები არ წარმოშობილა და არც დაწყებულა ექვსთვიანი მოცდის პერიოდში, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე საგამონაკლისო, უარის თქმის საფუძველი.
4.3. სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შემთავაზებელი (მზღვეველი) სთავაზობს მეორე მხარეს (დაზღვეულს). სამოქალაქო კოდექსით მაქსიმალურად დაცულია მეორე მხარის – ფიზიკური პირის, როგორც მომხმარებლის უფლებები ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შეთავაზებისას (342-348-ე მუხლები). შემთავაზებელი ვალდებულია, რომ ეს უფლება გამოიყენოს კეთილსინდისიერად. მეორე მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა სტანდარტულ პირობას თანხმდება კონკრეტული ხელშეკრულების დადებისას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი იცავს ხელშეკრულების მხარეს, და ადგენს, რომ თუკი სტანდარტული პირობა ბუნდოვანია, იგი უნდა განიმარტოს მეორე მხარის სასარგებლოდ. სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი კი, ითვალისწინებს ნდობის და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო სტანდარტული პირობის ბათილობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.16 პუნქტი სწორედ წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ პირობას წარმოადგენს, რომელსაც ერთი მხარე (ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია) მეორე მხარეს (ამ შემთხვევაში დაზღვეულს) უდგენს. სადავო დათქმა, როგორც უკვე სასამართლოს მიერ აღინიშნა, მის სხვადასხვა სახით განმარტების საშუალებას იძლევა, რაც მის ბუნდოვანებაზე მიუთითებს, ამავე კოდექსის 345-ე მუხლით კი სტანდარტული პირობების ბუნდოვანება ყოველთვის მეორე მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
რადგან ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ძირითადად, კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემავსებელი წესების დადგენას ემსახურება მიიჩნევა, რომ ისინი ხელშეკრულების მხარეებისთვის იმავე ძალის მატარებელია, რაც კანონს გააჩნია. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის დაცვის ობიექტს - მომხმარებელი წარმოადგენს. ჩვეულებრივ, ფართო მოხმარების სერვისებზე, როგორიცაა საბანკო, სადაზღვევო, თუ სხვა სახის მომსახურება, მომხმარებელი უერთდება სტანდარტული პირობებით შედგენილ ხელშეკრულებას და მის ჩამოყალიბებაში (შექმნაში) მონაწილეობას არ ღებულობს. ასეთ დროს, პირი რომელიც იურისტი არაა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა არ გააჩნია, სტანდარტული პირობების აღქმის შესაძლებლობას გამორიცხავს, რაც მის მიერ რისკების შეფასების სტანდარტსა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე ცალსახად გავლენას ახდენს.
ზოგადად, სამოქალაქო ხელშეკრულებათა და მათ შორის, დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს კეთილსინდისიერების პრინციპი ასრულებს. დაზღვევის ხელშეკრულებას ტრადიციულად მიაკუთვნებდნენ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ ხელშეკრულებათა რიცხვს. კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა დაზღვევის ხელშეკრულებაში ხშირად დამზღვევის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებამდე დაიყვანება, რაც გარკვეული წინაპირობების არსებობამ განაპირობა. სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა და მზღვევის მხრიდან უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას მიენიჭა, რამდენადაც ეს აუცილებელია თავად სადაზღვევო საქმიანობის განვითარებისათვის. თუმცაღა, კეთილსინდისიერების პრინციპი ბევრად უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და მისი მნიშვნელობა და ზღვევის ხელშეკრულებაში მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით არ ამოიწურება. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
პალატის მოსაზრებით, დაზღვევის ხელშეკრულების 9.16 პუქტის დანაწესი ბუნდოვანია და დაზღვეულის საზიანო განმარტების შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული პუნქტის დებულება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს. აღნიშნული პირობა შეუსაბამოდ ზღუდავს უმუშევრად დარჩენილი პირის უფლებას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, მაშინ როდესაც, დაზღვევის მთავარ მიზანს პირის იძულებითი უმუშევრობისაგან დაცვა წარმოადგენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს--------------------------------------–-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა