განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310018002330749
საქმე N3/ბ-182-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქმის განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
30 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, მურთაზ მეშველიანი
საჩივრის ავტორები - ლა----------–------ი, ელ--------–------ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინება
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ ელ--------–------ისა და ლა----------–------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული საქმის მომზადების ეტაპზე ელ--------–------მა და ლა----------–------მა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, კერძო აღმასრულებლის ჯა-----–---------ის წარმოებაში არსებული №A1--------------3 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება.
განმცხადებლებმა თავიანთი მოთხოვნა დაამყარეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 07 თებერვლის N 2ბ-1080 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გე-–----------ესა და ელ--------–------ს, ნა----–-------–--ესა და რუ----------------–--ეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) და დადებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც ელ--------–------ი, ნა----–-------–--ე და რუ----------------–--ე აღირიცხნენ პირველი რიგის იპოთეკარებად.
2013 წლის 10 მაისს, პირველი რიგის იპოთეკარმა ელ--------–------მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გე-–----------ისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მოთხოვნით, რის გამოც იძულებითი აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიქცეული იქნა იპოთეკით დატვირთული ქ. ბათუმში, გე------–----–------–---ს ქ. N 7ა-ში მდებარე უძრავი ქონება.
აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 18 სექტემბრის N1--------------1 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული ქონება შეიძინა ელ--------–------მა. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული ქონების რეალიზაცია განხორციელდა პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნით, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს ნა----–-------–--ისა და რუ----------------–--ის სასარგებლოდ არსებული, უძრავ ქონებებთან დაკავშირებული რეგისტრირებული იპოთეკის შესახებ ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.
განმცხადებლების მითითებით, ნა----–-------–--ისა და რუ----------------–--ის მიერ დაწყებული იქნა იძულებითი აღსრულების პროცესი უძრავ ქონებაზე, რომელიც ირიცხება ლა----------–------ის საკუთრებად და რომელზეც კვლავ არსებობს ჩანაწერი იპოთეკის შესახებ, რის გაუქმებაზეც სარჩელი განიხილება სასამართლოში. განმცხადებლების თქმით, თუკი გაგრძელდება აღსრულების პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება აუქციონზე აღნიშნული ქონების რეალიზაცია, ასეთ შემთხვევაში განხილული დავა, რომელიც მიმართულია საჯარო რეესტრში იპოთეკის შესახებ არსებული ჩანაწერის გაუქმებაზე, დაკარგავს ყოველგვარ აზრს, ვინაიდან მისი ახალი შემძენი იქნება კეთილსინდისიერი მესაკუთრე, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აზრს დაკარგავს და ის დარჩება აღუსრულებელი, რადგან რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასული იქნება ახალ მესაკუთრეზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით ლა----------–------ისა და ელ--------–------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული იქნა ელ--------–------ისა და ლა----------–------ის მიერ, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ლა----------–------ისა და ელ--------–------ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმე განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას და იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის „აპელაციის“ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
პალატა განმარტავს, რომ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ; სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა უწყებრივი დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.
სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. ანუ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კონკრეტულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები და დადგენილია თუ რომელი საქმეები შეიძლება განხილულიყო ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, კერძოდ; მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც, იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ ნორმატიულ ელემენტს, კერძოდ, დავის გამომდინარეობას ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. თუ სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, სახეზე იქნება სამოქალაქო სამართლის იურისდიქციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მაგრამ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ მონაწილეობა ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ არის საკმარისი დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის, არამედ ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებზე იყო დაფუძნებული მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამდენად მართალია, მოცემულ შემთხვევაში ელ--------–------ისა და ლა----------–------ის მიერ განცხადებით მოთხოვნილი იყო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კერძო აღმასრულებლის ჯა-----–---------ის წარმოებაში არსებული №A1--------------3 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება, მაგრამ წინამდებარე დავის ადმინისტრაციული წესით განსჯად დავის კატეგორიად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების მართლზომიერების შეფასებას სადავო გადაწყვეტილების მიღებისას და იმ კანონმდებლობას, რომელიც აღნიშნულ ქმედებათა მართლზომიერების შემოწმების მიზნებისათვის გამოიყენება.
პალატის მოსაზრებით მხარეთა შორის სახეზეა ქ. ბათუმში, გე------–----–------–---ს ქ. N 7ა-ში მდებარე უძრავი ქონებასთან დაკავშირებული იპოთეკის რეგისტრაცია, კერძოდ იპოთეკართა რიგითობის საკითხი და მისგან გამომდინარე მოთხოვნა, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი საკითხია. ამდენად სააპელაციო სასამართლო მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანომდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.
პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის (მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის) წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქმე №3/ბ-182-19წ. ლა----------–------ისა და ელ--------–------ის საჩივრით - განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. განჩინების ასლი გადაეგზავნოს საჩივრის ავტორს;
3. განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ნანა კალანდაძე
მურთაზ მეშველიანი