განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100117002012710
საქმე №1/ბ-220-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორების - ლ--- ბ---–--ს, დ----- პ-----ს
ადვოკატის - ა-–---------- თ-----–-–---–ის
მსჯავრდებულის - თ------ მ-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ თ------ის ძე მ-----ს მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №6----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაუოჯახაბელი, რეგისტრირებული მისამართზე: გულრიფშის რაიონის სოფელი მ--------–ი, მცხ. ქ. ფოთი, კ-–--ის ქ. №26;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ------ მ-----მ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 09:00 საათზე ქ. ფოთი, დ----- აღმაშენებლის სახელობის ხიდზე რუსთაველის რკალის მიმართულებით ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით T-------- მოძრავმა თ------ მ-----მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები, სიჩქარის შენელების მიზნით გამოიყენა მკვეთრი მუხრუჭი, რის შედეგადაც მოუცურდა ავტომობილი, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე, დატრიალდა და საპირისპირო სავალი ზოლის მარცხენა კიდიდან დაახლოებით ორ მეტრში დაეჯახა ქვეით დ-------- გ-----–--ს, ხოლო შემდეგ შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით ქვეითი დ-------- გ-----–-- ადგილზე გარდაიცვალა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით თ------ მ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, 03 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მსჯავრდებულ თ------ მ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 მარტიდან.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული თ------ მ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენში და მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით განესაზღვროს მინიმალური სასჯელი და გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ მის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არის მკაცრი და უსამართლო, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას, მისთვის უდიდესი ტრაგედიაა მომხდარი, თვითონ და მისი ოჯახი დღემდე ცდილობს დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და თანადგომას უცხადებს მას.
პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ თ------ მ-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ა-–---------- თ-----–-–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
პროკურორს ლ--- ბ---–--ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ------ მ-----ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ------ მ-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ------ გ-----ს, ს------ გ-------–-ას, თ------ გ-----–--ს, ვ-–- მ--–----ს, ზ---- გ------------ის, პ----ა ჯ---------ს ჩვენებებით, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ------ მ-----ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი. აპელანტი (მსჯავრდებული) წარმოდგენილი სააპელაცო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მის მიმართ მინიმალური სასჯელის დანიშვნას, ასევე სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას.
მსჯავრდებულ თ------ მ-----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ თ------ მ-----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა ზემოთ აღნიშნული გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, (დამდგარი მძიმე შედეგი), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული), გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და განუსაზღვრა სასჯელი სსკ-ის 276-ე მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სასჯელის მიზნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ განაჩენში თ------ მ-----ს მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ------ მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ------ მ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ------ მ-----ს 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
თ------ მ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლიოს 2 მარტიდან.
თ------ მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებ---–--. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის №----------- განჩინებით 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, თ------- მ-----ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ფოთი, მ------ კ-–--ის ქ. N26-ში, პირველი სართული, ბინა N1, ფართი 75 კვმ (საკადასტრო კოდი 0------------------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები: მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს; ლაქები, ნამსხვრევები, სარკე, რკინის დეტალი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე