განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
020100117001997462
ინსტანცია
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100117001997462

საქმე №1/ბ-75-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორის - მ--- ჯ-----ს,ადვოკატის - მ--------–ი ჭ-------ს,მსჯავრდებულის - თ----- წ---–---ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ----- მამიას ძე წ---–---ს მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ზუგდიდი, ფ-----ს ქ. №12;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით თ----- წ---–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე ქ. ზუგდიდში, გ-------------ს გამზირი N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თ----- წ---–--- სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა ხ------- კ------ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოუსპობს სიცოცხლეს და ააფეთქებს მის საკუთრებაში არსებულ შენობას, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით თ----- წ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1500 ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ თ----- წ---–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ--------–ი ჭ------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი თ----- წ---–---ს მიმართ და მის ნაცვლად დადგენილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმის მასალებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ თ----- წ---–---ს მხრიდან დანაშაულის ჩადენას, მუქარას ადგილი არ ჰქონია, იგი შემთხვევის ადგილას მივიდა ღ. მ-----ს და ხ. კ------ს შორის მომხდარი კონფლიქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. თ. წ---–---ს ამ შენობაში რაიმე სათავსო გამოყოფილი არ ჰქონია და ამას ვერ შეედავებოდნენ, საჭირო იყო მისი გამოწვევა სხვადასხვა მეთოდებით და ამას მიაღწიეს კიდევაც, ვინაიდან თ. წ---–---ს მათ რეალურ მოწინააღმდეგედ ითვლება. ბრლადების მხარე ეყრდნობა მხოლოდ ხ.კ------ს და მისი ახლობების ჩვენებებს, მოწმე პოლიციელები კი ცრუ ჩვენებებს იძლევიან, რაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებითაც ირკვევა.

 

პროკურორის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ თ----- წ---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ--------–ი ჭ-------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ--- ჯ-----ს, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა თ----- წ---–---ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმე ხ------- კ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში გ-------------ს 26-ში არის ობიექტი "ე-------", რომელიც იყიდა 2006 წელს, როგორც ინვესტორმა. მთავრობა ედავებოდა, რომ თაღლითურად ჩაიგდო ქონება, რის გამოც ის წაართვა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მთავრობამ. ბოლო დროს ეს ქონება სასამართლოს გზით დაიბრუნა. ჯერ კიდევ სანამ ეს მოხდებოდა, თ. წ---–--- მოსკოვში ურეკავდა, ეუბნებოდა, ჩემია ეს ობიექტი და წაგართმევო, იგი ქურდული მენტალიტეტის არის და ამაში უნდოდა მისი ოჯახის ჩართვა, მაგრამ მისი ოჯახისგან ქურდული მენტალიტეტი შორსაა. 2017 წლის 2 ივნისს, როცა მივიდა საკუთარ ობიექტზე, თ. წ---–--- დაემუქრა, რომ ქმარს ჩამოუკიდებდა, ქონებას დაუწვავდა და ა.შ. იგი კრიმინალია და ყველაფერზეა წამსვლელი, ემუქრებოდა ქურდული სამყაროთი. ეს ტერორი წლები გრძელდებოდა. როცა ადგილზე მივიდნენ, ნახეს, რომ შეჭრილი იყვნენ პირები მის საკუთრებაში. ამის გამო გამოიძახეს პატრული, თ. წ---–---ს გაქირავებული ჰქონდა ობიექტი და შემოსავალს უკანონოდ იღებდა. პატრულის თანამშრომლები მოვიდნენ. მოვიდა თ. წ---–---ც და გაიწია მისკენ. მამამისიც იქ იყო. ატყდა ხმაური, თ. წ---–--- ეუბნებოდა ქმარს გიწამებო, იქ იყო პატრულიც. მან იცოდა, რომ თ. წ---–--- ნასამართლევია, ტყვია უსვრია ვიღაცისთვის. ემუქრებოდა მას, მოგკლავ, დაგიწვავ ქონებას, ქმარს ჩამოგიკიდებო, რის გამოც შეეშინდა. ამ ფაქტის მერე დაცვის პოლიციასთან ხელშეკრულება დადო და ახლა ის იცავს შენობას. მან რეალურად აღიქვა ქონების დაწვის მუქარა. თ. წ---–--- ვიღაცეებს არეკინებდა მასთან, ქურდულ გარჩევებში ჩარევა უნდოდა მისი. ყოველივე ამის გამო 2017 წლის 2 ივნისს გაუჩნდა შიში, რომ მას მართლა მოკლავდა. ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა მის მუქარებს, მაგრამ როცა გაიწია მასზე დღისით მუქარით, პოლიციის თანდასწრებით, მაშინ რეალურად შეეშინდა.

 

მოწმე ნ----- ბ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ივნისს დაზარალებულთან ერთად იყო ზუგდიდი, გ-------------ს ქ.26-ში. იქ კომერციული ფართები ჰქონდათ გახსნილი, შეჭრილები იყვნენ პირები. დაზარალებულმა მათ მოუწოდა, დაეტოვებინათ ფართი, რაზეც უარი განაცხადეს. შემდეგ ვიღაც მოვიდა, დაზარალებულს ემუქრებოდა, ხმამაღლა საუბრობდა. იქ თქვეს ეს არის თ----- წ---–---ო. იგი ქონების განადგურებით, ქმრის წამებით, ფეხებით დაკიდებით იმუქრებოდა. დაზარალებული შეშინდა და პატრულს მოუწოდებდა, რეაგირება მოეხდინა. შენობას დავწვავ, არ გაგახარებთ, მთელ ზუგდიდს დაგიპირისპირებო, დაზარალებულს შეეშინდა. ბრალდებულს ისეთი გაგიჟებული სახე ჰქონდა, დაზარალებული ხმას ვერ იღებდა შიშისგან. ხ------- კ------ აღელვებული იყო და მას აწყნარებდნენ. თ. წ---–--- ძალიან აგრესიული იყო, ყვიროდა, იწევდა დაზარალებულისკენ..მის მიმართ რომ ყოფილიყო ასე, მას ნამდვილად ძალიან შეეშინდებოდა.

 

მოწმე ბ--------- ე------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ხ------- კ------ს მიერ შენობაში მყოფი პირების მისამართით შენობის დატოვების მოთხოვნას მუქარები მოჰყვა. თ. წ---–---მ დაზარალებულს უთხრა, ქმარს დაგიჭერ, მოგკლავთ, შენობას დაგიწვავ თუ ვერ დავიბრუნებო. ხ------- კ------მ რომ შეხედა თვალებში თ. წ---–---ს, პატრულს მოსთხოვა მუქარის დაფიქსირება, გაფითრებული იყო, აკანკალებდა. ზუგდიდს დაგიპირისპირებთო, ამბობდა თ. წ---–---. შთაბეჭდილება შეექმნა, რომ იგი შეასრულებდა მუქარას და დაწვავდა შენობას.

 

მოწმე ა-–---------- კ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თ----- წ---–--- განერვიულებული მივიდა შემთხვევის ადგილას, დაზარალებულს ემუქრებოდა, შენს ქმარს ჩამოვკიდებ, ზუგდიდში არ გავაჩერებ, ამ შენობას მაინც დავიბრუნებ, თუ არადა ავაფეთქებო.

 

მოწმე დ------ კ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ თ----- წ---–--- გიჟივით მივარდა შემთხვევის ადგილას, ეჩხუბებოდა მის მეუღლეს და ქალიშვილს. აგაფეთქებთ, თავდაღმა ჩამოგკიდებთო, ემუქრებოდა. ეს შენობა ჩემია და ავაფეთქებო, ამბობდა. აგაფეთქებთ, თავდაღმა ჩამოვკიდებ შენს სიძეს, ცოცხლად დაგწვავთ, შენც მოგკლავ და ქმარსაც მოგიკლავ, ამას ასე არ დავტოვებო. თ----- წ---–---ს შეეძლო მუქარის განხორციელება, წონასწორობიდან გამოსული იყო. დაზარალებულს შეეშინდა მისი.

 

მოწმე ი-----–- ნ--------ს ჩვენებით დასტურდება, რომ თ. წ---–--- დაზარალებულის მიმართ იყო აგრესიული, უცენზუროდ საუბრობდა, დაზარალებულს დაემუქრა მეუღლის სიცოცხლის მოსპობით, ე-------ს შენობის განადგურებით. დაზარალებული შეშინებული იყო.

 

მოწმე დ----- გ-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ თ. წ---–--- სიცოცხლის მოსპობით, შენობის განადგურებით დაემუქრა დაზარალებულს. დაზარალებული აღელვებული იყო, კანკალებდა. თ. წ---–--- ამბობდა, ჩემია ეს შენობა და არ დავთმობო.

 

მოწმე ე--------- ქ--------ს ჩვენების თანახმად, ქალბატონი მივარდა მათთან, მოჰყვებოდა ადვოკატი და მამაკაცები, ცუდად იქცეოდნენ, 15 წუთი მისცეს ოთახის დასატოვებლად, ისტერიული და ნერვებმოშლილი იყო, აპირებდა ყველას გაყრას. მოვიდა თ----- წ---–---, მისი მხრიდან არ ყოფილა უხეშობა, იგი ამბობდ ჩემია შენობაო, დაზარალებული პასუხობდა, არა ჩემიაო, მას მუქარა არ გაუგონია, კონფლიქტიც არ უნახავს. თ----- წ---–--- ყურადღებას აქცევდა შენობას, მის ბატონ-პატრონად იცნობდა მას. თუ ვინმე რამეს დაამტვრევდა, თ. წ---–--- მოვიდოდა და აკეთებდა. პატრული, რომ გამოიძახეს, ღ-------- მ----- იქ არ იყო. მისგანაც მუქარა არ გაუგია. გაწევ-გამოწევა არ ყოფილა. ერთადერთი ხ------- კ------ იყო აღელვებული.

 

მოწმე ტ---- ჩ----–-----ს ჩვენების თანახმად, თ. წ---–--- სააქციო საზოგადოების დირექტორი იყო. როცა მივიდა შემთხვევის ადგილზე, იგი იდგა იქ თავის შვილთან ერთად. დაზარალებული მანქანაში იჯდა. მცირე ხანი დაჰყო იქ და დატოვა შემთხვევის ადგილი. თ----- წ---–---სგან მუქარა არ გაუგონია.

 

მოწმე ღ-------- მ-----ს ჩვენების თანახმად, თ----- წ---–--- იყო უნივერმაღ ,,ე-------ს’’ დირექტორი. 2017 წლის 2 ივნისს ტ---- ჩ----–-----ს ოთახში შესული იყო 2 გოგო, რომლებიც ტ----ს ეკამათებოდნენ. ერთ-ერთმა თქვა, დ----- როგავას მეუღლე ვარ, ხ------- კ------ო. დაზარალებულის დედა გაიწია მის საცემად. თ. წ---–--- მოვიდა და უთხრა დ------ კ------ს, როგორ იქცევი, ამ კაცთან რა გინდა, ქონების მითვისებას ხართ შეჩვეული, მაგრამ ამას არ შეგარჩენთო. თ. წ---–--- და დაზარალებულის ოჯახის წევრები ურთიერთბრალდებებს ცვლიდნენ ერთმანეთში. თ. წ---–--- არ დამუქრებია მათ, დაზარალებულს უთხრა, შენ ქალი ხარ და შენთან არ ვაპირებ საუბარს, შენს ქმარს დაველაპარაკებიო. დაზარალებულის დედა იგინებოდა. ციხეში, რომ ვიჯექი, ამით ისარგებლეთო უთხრა წ---–---მ და არ გაპატიებთო, პირიქით, მას ეუბნებოდნენ, მორფინისტი, ხულიგანი ხარო .. დაზარალებულის დედის ყველა ნათქვამი რომ გაეგო თ. წ---–---ს უფრო მეტი ხმაური ატყდებოდა.

 

მოწმე რ--------- წ---–---ს ჩვენების თანახმად, უნივერმაღ ე-------სკენ მიდიოდა და უწმაწური სიტყვები, ხმაური შემოესმა. თ. წ---–--- ადგილზე მოვიდა ბოლოსკენ, როცა ვითარება ჩაწყნარდა და ს-–- კ------ს უთხრა, რა მოგივიდათ, ფულმა გაგაბოროტათო. თ. წ---–---ს დაზარალებულთან ურთიერთობა არ ჰქონია.

 

მოწმე თ---------- მ-----ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 2 ივნისს დაზარალებულმა თავი გააცნო ღ-------- მ-----ს, როგორც მეპატრონე როგავას მეუღლე და მოსთხოვა, გაეთავისფულებინა ფართი. ღ-------- მ----- არ დათანხმდა. ხ------- კ------მ მოსთხოვა პასპორტი. ღ-------- მ-----მ ზეპირად უთხრა პირადი ნომერი. დაზარალებული მიუბრუნდა და უთხრა, არასწორი ნომერი მოგიცია და პატრულს დავურეკავო. ღ-------- მ-----მ უპასუხა, ასე არ მოიქცეთ თორემ ზუგდიდი დაგიპირისპირდებათო. დ------ კ------ აგინებდა ღ-------- მ-----ს. თ----- წ---–--- მოვიდა და უთხრა მათ, არ გრცხვენია, ამ პატიოსანი კაცთან რა გინდაო, ჩემი ციხეში ყოფნით ისარგებლე, ქონებას დაეპატრონე, რასაც არ შეგარჩენ, ვაპირებ სასამართლოში დავასო. ამის შემდეგ მას შეუტიეს. ს-–- კ------ და თ----- კ------ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მუქარა არ ყოფილა. თ. წ---–---ს არ უთქვამს, რომ დაწვავდა შენობას, მოკლავდა ვინმეს, ფეხებით ჩამოკიდებდა. იგი პატრონობდა შენობას და არის უნივერმაღ ე-------ს დირექტორი.

 

მოწმე ე-------–--ას ჩვენების თანახმად, შეესწრო აყალმაყალს, ისმოდა ხმა, დაცალეთ შენობაო. თითქმის ბოლოს მოვიდა თ. წ---–---, მას შემდეგ, რაც მას რ--------- წ---–---მ დაურეკა. თ. წ---–---ს მხრიდან მუქარა არ ახსოვს, იგი კულტურულად იდგა. სხვების მხრიდან ცუდი სიტყვებიც იყო. ვიღაც კაცს ხელით მიათრევდნენ. თ. წ---–--- იქ 15-20 წუთი დარჩა. დაზარალებული და მსჯავრდებული ერთმანეთთან არ საუბრობდნენ. უკვე არ იყო დაძაბული ვითარება. პატრული ცდილობდა, რომ ხმამაღლა საუბარი არ ყოფილიყო, იქ მყოფთ მოუწოდებდნენ სიწყნარისკენ.

 

თ----- წ---–---ს ჩვენების თანახმად, დიდი ხნის განმავლობაში სურდა დაზარალებულის მეუღესთან საუბარი, მაგრამ ვერ მიაღწია ამას. ქონება მათ უკანონოდ მიიღეს, მაგრამ ის არ არის შეჩვეული ჩივილს, კაცურად აგვარებს საქმეებს. ღ-------- მ----- მან შეუშვა ფართში. ვინაიდან ქალებთან საქმეს არ იჭერს, მივიდა ს-–- კ------სთან. ისეთი ხასიათის კაცია, თუ დაიმუქრა, შეასრულებს კიდეც, მაგრამ იქ, შემთხვევის დღეს ნამდვილად არ დამუქრებია ვინმეს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოტივაციას თ----- წ---–---ს უდანაშაულობის და მისი გამართლების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება მატერიალური (შედეგიანი) დანაშაულია, რაც გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით და ა.შ. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, ამასთან, აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. შესაბამისად, აღნიშნული დანაშული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით მუქარა განზრახ დანაშაულს წარმოადგენს.

 

ის გარემოება, რომ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების თაობაზე მსჯავრდებულის მხრიდან აგრესიული, ხმამაღალი მუქარით დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დასტურდება თვით დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ხ. კ------ს ჩვენებას, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას ურეკავდა თ. წ---–--- მას და ეუბნებოდა, შენობას წაგართმევო. ეს უკანასკნელი მას ემუქრებოდა ქურდული სამყაროთი, ეს ტერორი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შემთხვევის დღეს მისკენ გაიწია, იცოდა, რომ იგი ნასამართლევი იყო, ტყვია უსვრია ვიღაცისთვის, რის გამოც შეეშინდა. მისი ისტორიიდან გამომდინარე მიიჩნია რეალურად ქონების დაწვის მუქარა, ასევე, გაუჩნდა შიში, რომ თ. წ---–--- მას მართლა მოკლავდა, ამბობდა გაწამებთ, მოკლავთ, ფეხებით დავკიდებ შენს ქმარსო. იგი თ. წ---–---ს იცნობს, როგორც ხულიგანს და მოძალადეს. მოწმეების ნ----- ბ-------–---–ის, ბ--------- ე------ს და დ------ კ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ თ----- წ---–--- იყო აღელვებული, იგი ეჩხუბებოდა და ემუქრებოდა ხ------- კ------ს, რომელიც შიშისგან გაფითრებული იყო და კანკალებდა, მათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ თ. წ---–--- მართლა შეასრულებდა მუქარას და დაწვავდა ქონებას.

 

თ. წ---–---ს მიერ ხ. კ------ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი ასევე დასტურდება მოწმე პოლიციელების, ი-----–- ნარდიას და დ----- გ-------ას ჩვენებებით, რომლებსაც რაიმე დაინტერესება მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტში არ გააჩნიათ. ამასთან, მათი ჩვენებები შესაბამისობაშია ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2018 სექტემბრის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ყველა მტკიცებულება წარმოადგენს ურთიერთანხვედრ მტკიცებულებას.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს, მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია, ასევე, ყველა ეს ადამიანი დაინტერესებულია იმით, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს თ. წ---–---ს და დაზარალებულს შორის არსებული სამოქალაქო დავა უნივერმაღის კუთვნილების თაობაზე, რამაც დაუდო საფუძველი კონფლიქტს. დაცვის მხარის მოწმეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ არ გაუგია მსჯავრდებულის მუქარა, თუმცა ისინი მუდმივად მის გვერდით არ იმყოფებოდნენ, რის გამოც მათი ჩვენებები არ გამოხატავენ წარდგენილ ბრალდებას, ზოგი უთითებს, რომ ხმაური არ ყოფილა, ზოგიც ამბობს, რომ დაზარალებულთან თ. წ---–---ს ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა, ზოგიც კონფლიქტს ადასტურებს, თუმცა მსჯავრდებულის მუქარას უარყოფს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უფრო მაღალი სარწმუნოობით გამოირჩევა, ვიდრე დაცვის მხარის მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და გააანალიზების შედეგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, თ----- წ---–---ს მხრიდან განხორციელდა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების თაობაზე მუქარა ხ------- კ------ს მიმართ, რის გამოც დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება; შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ----- წ---–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი ამ კვალიფიკაციით თ----- წ---–---ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-270-ე მუხლებით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ----- წ---–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------–ი ჭ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

თ----- წ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე