განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001837041
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5550-18 22 იანვარი, 2019 წელი
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი
თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „p------” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს უსაფუძვლოდ გადახდილი 8459,85 ლარის უკან დაბრუნება.
1.2. მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 14 088 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. 28.12.2---წ. მხარეთა შორის გაფორმდა №8-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2----2--- წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე (მშრალი) ულუფის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 1 878 400 ლარი.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, ანუ 2--- წლის 27 მარტის ჩათვლით.
მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის პირველი ნაწილი მიაწოდა 2--- წლის 23 მარტს, ხოლო მეორე ნაწილი დაგვიანებით - 2--- წლის 04 აპრილს. საქონლის მეორე ნაწილის მიწოდება შეფერხდა ქ. ფ-----ს ტერმინალში მძღოლების საყოველთაოდ ცნობილი გაფიცვის გამო, რა დროსაც ტერმინალის ყველა შესასვლელ-გასასვლელი ბლოკირებული იყო გარკვეული დროის განმავლობაში, რის შესახებაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეცნობა 2--- წლის 2---------. მოპასუხემ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა და მოსარჩელეს 2--- წლის 23 მაისს დაარიცხა 10 151,81 ლარი პირგასამტეხლო.
მოსარჩელე იძულებული გახდა გადაეხადა უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლო, რომელიც უკან უნდა დაუბრუნდეს. საბოლოოდ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით უსაფუძვლოდ გადახდილი თანხიდან მხოლოდ 8 459,85 ლარის დაბრუნება.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნას, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. მოპასუხემ საქონლის მიწოდების ღირებულება არ გადაიხადა 2--- წლის 24 ივნისამდე, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონობის თაობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 1 127 979,20 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა დაგვიანებით, რის მიზეზადაც 2--- წლის 29 მარტის წერილის მიხედვით დასახელდა ქალაქ ფ----ში საზღვაო ტერმინალში მძღოლების გაფიცვა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წყაროებიდან გამომდინარე ფორს-მაჟორული გარემოებები დაიწყო 2--------ს და დასრულდა 4------–ს, შესაბამისად, მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება ფორს-მაჟრულ გარემოებებად.
მიმწოდებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 27 მარტის ჩათვლით, რა დრომდეც არ არსებობდა ხელისშემშლელი გარემოებები. მხარე ფაქტობრივად დაელოდა გაფიცვას და შემსყიდველს აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობა 2---------, რაც წინასწარ შეტყობინებად ვერ ჩაითვლება.
ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს ავანსად გადაერიცხა 939 200,00 ლარი, ხოლო მიწოდებული საქონლის შესახებ დოკუმენაცია სამინისტროში შევიდა 03.05.2---წ. და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდა 2--- წლის 24 ივნისს 939 200,00 ლარის ოდენობთ. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სამინისტროსათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, კერძოდ, საველე მშრალი ულუფის დანაკლისმა საერთო ჯამში შეადგინა 93 ცალი, საერთო ღირებულებით 1746,91 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სარეზოლუციო ნაწილი
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2018წ. გადაწყვეტილებით:
1. შპს „p------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „p------”-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 14 088 ლარის გადახდა.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8459,85 ლარის ანაზღაურება.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. 2--- წლის 28 დეკემბერს შპს „p------”-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა №8-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2---- 2--- წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე (მშრალი) ულუფის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 1 878 400 ლარი.
4.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე (შესაძლებელი იყო ეტაპობრივი მიწოდებაც). ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მიერ მთლიანი ან ნაწილობრივი ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის საქონელზე უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
4.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე. ხელშეკრულების 16.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 1,5%-ისა.
4.4. ხელშეკრულების მე-18 მუხლით მხარეებმა გაითვალისწინეს დებულებები ფორს-მაჟორის შესახებ. ხელშეკრულების 18.1 პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, როდესაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნებოდა.
ხელშეკრულების 18.2 პუნქტის მიხედვით, „ფორს-მაჟორის“ ქვეშ იგულისხმებოდა გარემოება, რომლიც არ არსებობდა ამ ხელშეკრულების დადებისას და რომლის თავიდან აცილება, ან გადალახვა მხარეს არ შეეძლო, კერძოდ: საომარი მდგომარეობა/საბრძოლო მოქმედება, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი, ავარია, გაფიცვა, ეპიდემია, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირება და სხვა მსგავსი გარემოებანი.
ხელშეკრულების 18.3 პუნქტის თანახმად, მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ (ფორს-მაჟორის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა) ეცნობებინა მეორე მხარისათვის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებადობის შესახებ. შეუტყობინებლობის ან დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავდა უფლებას დაყრდნობოდა ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო.
4.5. 2--- წლის 29 მარტის შპს „p------”-ს წერილით (№1-----) საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს ეცნობა, რომ 2--- წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №8-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი მისაწოდებელი 61050,00 ცალი მშრალი ულუფის (3 საზღვაო კონტეინერის) მიწოდება ფერხდებოდა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის M------ის წერილის თანახმად (წერილს ერთვოდა დანართის სახით) ფ----ში ადგილობრივმა მძღოლებლმა გამოაცხადეს გაფიცვა. მათ გადაკეტილი ჰქონდათ საბაჟო საპორტო ტერმინალის შესასვლელი/გასასავლელი, რამაც გამოიწვია მომსახურების შეფერხება. ამდენად, ტერმინალებს არ შეეძლოთ გადაზიდვების განხორციელება. წარმოდგენილი უკუგზავნილით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი გაეგზავნა 2--- წლის 2---------. სადავო არ არის, რომ მიმწოდებლის წერილი სამინისტროში წარდგენილი იქნა 2--- წლის 2---------.
4.6. 2--- წლის 27 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №20, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2--- წლის 23 მარტს შპს „p------”-მ ლოჯისტიკის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სურსათის საწყობში შეიტანა 750 420,80 ლარის პროდუქცია. 2--- წლის 27 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №21, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2--- წლის 04 აპრილს შპს "პ-----–--"-მ ლოჯისტიკის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სურსათის საწყობში შეიტანა 1 127 979,00 ლარის პროდუქცია.
4.7. პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2--- წლის 23 მაისის №8---1 აქტის თანახმად მიმწოდებელის მიერ 2--- წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №8-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდების ვადაგადაცილებული სამუშაო დღეების რაოდენობა შეადგენდა 6 დღეს, რისთვისაც შპს „p------”-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 10 151,82 ლარი (1 127 979,20 ლარის 0,15% 6 დღეზე).
4.8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2--- წლის 28 დეკემბრის №8-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულება შპს „p------”-ს ჩაურიცხა სამ ეტაპად: 939200 ლარი - 2--- წლის 31 დეკემბერს; 625507,20 ლარი - 2--- წლის 24 ივნისს; 313692,80 ლარი - 2--- წლის 24 ივნისს.
4.9. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევა განპირობებული იყო ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობით და 8459,85 ლარის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არ არსებობდა.
სადავო არ არის, რომ 2--- წლის 2--------იდან ფ----ში დაიწყო სატვირთო ავტომობილების მძღოლების გაფიცვა, რამაც გამოიწვია ტერმინალის მუშაობის შეფერხება. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების შესახებ შემსყიდველს ეცნობა დროულად, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელე ფ----ში შექმნილი ფორს-მაჟორული გარემოებების გამო მიუთითებს ვადის გადაცილებას 2--- წლის 2--------იდან ამავე წლის 04 აპრილამდე. მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საჯარო ინფომაცია მომზადებული საინფორმაციო საშუალებების მიერ (ს.ფ. 63-68); გადამზიდი კომპანიის M------------- LLC-ის მიერ მომხმარებლებისათვის გაგზავნილი 2--- წლის 29 მარტის წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 73), ფ-----ს ტერმინალიდან შპს „კ---------ფ-----“-ს წერილი (ს.ფ. 79), გადამზიდი კომპანიის ITM G----------------ის წერილები (ს.ფ. 80-81), ინვოისი (ს.ფ. 87) და ზედნადები (ს.ფ. 90-91). ამავე დროს, მოსარჩელე აღიარებს ვადის გადაცილებას ერთი დღით (იხ, 2018 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:42:55).
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მიწოდების ვადის გადაცილება (29 მარტი - 04 აპრილი) ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის გამო და შპს „პ--------”-ს მიერ ასეთი გარემოებების არსებობის შესახებ შემსყიდველისათვის შეთანხმებული წესით შეტყობინების ვალდებულების დაცვა. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლო - 8 459.85 ლარი მოსარჩელეს დაეკისრა საფუძვლის გარეშე.
რამდენადაც დადგენილია შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან შესაბამისი საფუძვლის გარეშე 8 459,85 ლარის მიღების ფაქტი, ვითომ-კრედიტორი ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს უსაფუძვლოდ მიღებული თანხა.
4.10. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის საქონელზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
დადგენილია, რომ 2--- წლის 27 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, 2--- წლის 04 აპრილს პროდუქციის მიწოდების შესახებ. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2--- წლის 28 დეკემბრის №8-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულება მოსარჩელეს 2--- წლის 27 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტიდან გამომდინარე, ჩაურიცხა 2--- წლის 24 ივნისს 625507,20 ლარი და 313692,80 ლარი, ჯამში 939 200,00 ლარი. რამდენადაც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2--- წლის 27 აპრილს, შემსყიდველს თანხა უნდა ჩაერიცხა 20 სამუშაო დღეში - 2--- წლის 1 ივნისს, ხოლო შემსყიდველმა თანხა ჩარიცხა 2--- წლის 24 ივნისს, შესაბამისად, მიმწოდებლისათვის ანაზღაურება განხორციელდა 26 დღის დაგვიანებით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 1,5%-ისა.
რამდენადაც ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (0,15%) ჯამური ღირებულება აღემატება გადაუხდელი თანხის - 939200 ლარის 1,5%-ს, ამდენად პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 939200 ლარის 1,5%-ით, რაც შეადგენს 14088 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რამდენადაც პირგასამტეხლოს ოდენობა - 14 088 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ხოლო ვალდებულების დარღვევის შედეგებიდან და დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.1. გარემოებები, რომელსაც სასამართლომ უწოდა ფორს-მაჟორული, დაიწყო 2--------ს და დასრულდა 04 აპრილს. ვინაიდან მოსარჩელეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 27 მარტის ჩათვლით, ხოლო წერილი თავდაცვის სამინისტროს ჩაბარდა 2---------, დგინდება, რომ მითითებული გარემოება კავშირში არ არის მოსარჩელის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან და სასამართლომ არასწორად მიიჩნია იგი ფორს-მაჟორულ გარემოებად. მოსარჩელე ფაქტობრივად დაელოდა გაფიცვის დაწყებას და წერილი სამინისტროს გაუგზავნა 2---------, რაც ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების 16.1 პუნქტით განსაზღვრულ წინასწარ შეტყობინებად.
5.2. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი იძულებული გახდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებდა დარჩენილ თანხას, მოგონილი ბრალდებაა და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
5.3. 2--- წლის 28 დეკემბრის N8-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს „p------”-ს ავანსად გადაერიცხა 939 200 ლარი. მიწოდებული საქონლის შესახებ დოკუმენტაცია სამინისტროში შევიდა 03.05.2---წ. და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდა 2--- წლის 24 ივნისს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. 28.12.2---წ. შპს „p------”-ს (შემდგომში „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“) შორის გაფორმდა №8-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
- ხელშეკრულების საგანი - 2---- 2--- წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში 100 000 ცალი/შეკვრა საველე (მშრალი) ულუფის შესყიდვა;
- ჯამური ღირებულება - 1 878 400 ლარი:
- მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე (შესაძლებელია ეტაპობრივი მიწოდებაც);
- ანგარიშსწორების წესი - მთლიანი ან ნაწილობრივი ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში (ტ.1, ს.ფ. 21-27).
8. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ თითოეული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, კერძოდ:
8.1. ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.
8.2. ხელშეკრულების 16.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 1,5%-ისა.
9. ხელშეკრულების მე-18 მუხლით განსაზღვრულია ქცევის წესი ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში:
9.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, როდესაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია.
9.2. 18.2 პუნქტის მიხედვით, „ფორს-მაჟორის“ ქვეშ იგულისხმება გარემოება, რომლიც არ არსებობდა ამ ხელშეკრულების დადებისას და რომლის თავიდან აცილება, ან გადალახვა მხარეს არ შეეძლო, კერძოდ: საომარი მდგომარეობა/საბრძოლო მოქმედება, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი ავარია, გაფიცვა, ეპიდემია, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირება და სხვა მსგავსი გარემოებანი.
9.3. 18.3 პუნქტის თანახმად, მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ (ფორს-მაჟორის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა) აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებადობის შესახებ. შეუტყობინებლობის ან დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორის ფაქტი უნდა დადასტურდეს (ტ.1, ს.ფ.25,26).
10. 27.04.2---წ. მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების №20 აქტი მასზედ, რომ 23.03.2---წ. მოსარჩელემ ლოჯისტიკის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სურსათის საწყობში შეიტანა 750 420,80 ლარის პროდუქცია (ტ.1, ს.ფ. 56).
27.04.2---წ. მხარეთა შორის ასევე გაფორმდა მიღება-ჩაბარების №21 აქტი, მასზედ, რომ 04.04.2---წ. მოსარჩელემ ლოჯისტიკის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სურსათის საწყობში შეიტანა 1 127 979,00 ლარის პროდუქცია (ტ.1, ს.ფ. 61).
ამდენად, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის მითითებული და მხარეებიც ადასტურებენ, მიწოდება უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის ვადაში, კერძოდ, არაუგვიანეს 27 მარტისა, მაგრამ დასრულდა (საქონლის დარჩენილი ნაწილის მიწოდება მოხდა) 04 აპრილს.
მოსარჩელის პოზიცია ეყრდნობა შემდეგს: რომ არა ფორს-მაჟორული გარემოება, იგი ვალდებულებას შეასრულებდა მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით. ერთი დღის პირგასამტეხლოს დაბრუნება სარჩელით სადავოდ გამხდარი არ არის (მოსარჩელემ დაადასტურა ერთი დღის ვადის გადაცილება და ამ საფუძვლით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1691.96 ლარით (27.04.2018წ. სხდომის ოქმი 14:42:55; 15:02:38; გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.182)).
შესაბამისად, დავის გადასაწვეტად მნიშვნელოვანია განისაზღვროს: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება 2--- წლის 2--------იდან ამავე წლის 04 აპრილამდე პერიოდში გამოწვეული იყო თუ არა საგანგებო და გარდაუვალი ხასიათს გარემოებით, რომლის თავიდან აცილება, ან გადალახვა მოსარჩელეს არ შეეძლო.
11. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება 2--- წლის 2--------იდან ამავე წლის 04 აპრილამდე პერიოდში გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოების არსებობით, კერძოდ:
- ფორს-მაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ვითარდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ, ასეთ ვითარებაში მოვალე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. იმისათვის რომ ვალდებულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება მიჩნეული იქნეს დაუძლეველ ძალად, იგი საგანგებო და გარდაუვალ ხასიათს უნდა ატარებდეს. როგორც აღინიშნა, ხელშეკრულების 18.2 პუნქტით კონტრაჰენტებმა ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელ ფორსმაჟორულ გარემოებად მიიჩნიეს მხარეებისათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „შემსყიდველისა“ და „მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს საომარი მდგომარეობით, წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, ავარიით, გაფიცვით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია გადამზიდი კომპანია „M------------- LLC“-ის მიერ მომხმარებლებისათვის გაგზავნილი 2--- წლის 29 მარტის წერილობითი შეტყობინება მასზედ, რომ ფ----ში მდებარე საპორტო ტერმინალებზე ადგილობრივი დროით 2--- წლის 2--------ს 15 საათსა და 25 წუთზე ადგილობრივმა მძღოლებმა გამოაცხადეს გაფიცვა, გადაკეტეს საბაჟო საპორტო ტერმინალის შესასვლელი/გასასვლელი, რამაც გამოიწვია მომსახურების შეფერხება (ტ.1, ს.ფ. 72-75). შპს „კ---------ფ-----ს“ 2--- წლის 17 აპრილის წერილით დგინდება, რომ 2--- წლის 2--------ს ფ-----ს პორტში დაიწყო სატვირთო ავტომობილების მძღოლების გაფიცვა და დაიკეტა ტერმინალის ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი (ტ.1, ს.ფ. 79). ამასვე ადასტურებს საქმის სხვა მასალები (ტ.1, ს.ფ.63-68).
- პალატას მიაჩნია, რომ საპორტო ტერმინალებზე ადგილობრივი მძღოლების გაფიცვა, რის გამოც გადაიკეტა საბაჟო საპორტო ტერმინალის შესასვლელი/გასასვლელი და შეფერხდა მომსახურება, უნდა შეფასდეს სწორედ ხელშეკრულების შესრულების დამაბრკოლებელ ფორს-მაჟორულ გარემოებად.
- მოსარჩელის მიერ შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებისთვის წარმოდგენილია სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად მისაწოდებელი საქონლის საბაჟო დეკლარაციაში (№2------; ტ.1, ს.ფ. 85) მითითებულია მოწოდებული საქონლის ინვოისის ნომერი (2---) და თარიღი - 25.02.2--- წ.. თავის მხრივ, 2--- წლის 25 თებერვლის №2--- ინვოისში (ტ.1, ს.ფ. 87) მითითებულია კონტეინერები მონაცემებით P-----------, M---------- და M----------, ხოლო ტვირთის მიღების ადგილად მითითებულია ფ-----ს ტერმინალი. იგივე მონაცემები, კონტეინერის ნომრები, მითითებულია გადამზიდავი კომპანია "M-----"-ის მიერ გაცემულ ზედნადებში (ტ.1, ს.ფ.90). აღსანიშნავია, რომ ინვოისში და გადამზიდავი კომპანიის მიერ გაცემულ ზედნადებში, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის გაგზავნილ ფ-----ს ტერმინალიდან შპს „კ---------ფ-----“-ს წერილსა და გადამზიდი კომპანიის ITM G----------------ის წერილებში მითითებულია იმავე კონტეინერების მონაცემები (ტ.1, ს.ფ.80). შპს „კ---------ფ-----ს“ 2--- წლის 17 აპრილის წერილის თანახმად, 2--- წლის 27 მარტს სტამბულიდან ფ-----ს პორტში შევიდა გემი D------, რომელზეც სხვა ტვირთთან ერთად განთავსებული იყო P-----------, M----------- და M---------- კონტეინერები. 2--- წლის 3 აპრილს შპს „კ---------ფ----მა“ კონტეინერები გადასცა სატრანსპორტო კომპანიას „ა-----------–-----–--–-----------“ და 3 აპრილს კონტეინერები გაიტანეს ტერმინალიდან (ტ.1, ს.ფ. 79).
- გაფიცვის და ამ საფუძვლით ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა მოსარჩელის 29.03.2---წ. წერილით. ეს ფაქტი მოპასუხეს შესაგებლით და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ აქვს (ტ.1, ს.ფ.127; 197). ამდენად, მიმწოდებლის მიერ დაცულია ხელშეკრულების 18.3 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების 2 დღიანი ვადა.
- სატრანსპორტო კომპანია „ITM G---------------“-ის 2--- წლის 17 მაისის წერილით დგინდება, რომ 3 საზღვაო კონტეინერი P-----------, M---------- და M----------, რომლებიც განთავსებული იყო ფ-----ს ტერმინალში, 2--- წლის 3 აპრილს 18:30 საათზე, სატვირთო ავტომობილებით გადაზიდეს თბილისში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. 2--- წლის 4 აპრილს მოხდა ტვირთის დაცლა თბილისში (ტ.1, ს.ფ.80).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ფორს-მაჟორული გარემოებები ფ-----ს პორტში დაიწყო 2--- წლის 2--------ს, ხოლო პორტიდან გასვლის შესაძლებლობა ტვირთს მიეცა მხოლოდ 3 აპრილს დღის ბოლოს. რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ ფორს-მაჟორული გარემოებები აღმოიფხვრა და ტვირთის ტერმინალიდან გამოტანა შესაძლებელი იყო 3 აპრილამდე, საქმეში არ მოიპოვება და მოპასუხეს არც ასეთის არსებობაზე მიუთითებია. ვინაიდან დადგენილია, რომ ტვირთი ფ-----ს პორტის ტერმინალიდან გავიდა 3 აპრილს მხოლოდ 18:30 საათზე და შემსყიდველს გადაეცა 04 აპრილს (ტ.1, ს.ფ.80), მართებულია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების არარსებობის პირობებში ტვირთი თბილისში ჩავიდოდა ჩამოსვლიდან მეორე დღესვე - 2--------ს, რა დროსაც მიმწოდებელი შეძლებდა შემსყიდველისათვის პროდუქციის მიწოდებას. როგორც აღინიშნა, მიმწოდებელი აღიარებს ერთი დღის ვადის გადაცილებას, რაც გულისხმობს, რომ მოსარჩელე შემსყიდველისათვის პროდუქციის მიწოდებას შეძლებდა ნაცვლად 2--- წლის 27 მარტისა, - 2--------ს.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამდენად, კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს თანხის გადახდის ვალდებულება და არსებობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან შესრულების მიღების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, კანონი ადგენს ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას, მაგრამ თუ დადგინდა ასეთი ვალდებულების არარსებობა, ვალდებულების გარეშე შესრულება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე (ვითომ კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები) ექვემდებარება დაბრუნებას. რაც შეეხება ფაქტს პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე, მოსარჩელე აღნიშნულს ხსნის იმით, რომ მოპასუხის განმარტებით, პირგასამტეხლოს გადახდამდე მოსარჩელე ვერ მიიღებდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას (ტ.1, ს.ფ.6). შესაბამისად, ასეთი გადახდა არ შეიძლება სამართლებრივად შეფასდეს ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში ნებაყოფლობით ვალდებულების შესრულებად და ამ გზით მისი შედავების კანონისმიერი უფლების შეზღუდვის საფუძვლად. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავინთი უფლებები და მოვალეობანი.
ვინაიდან დადგენილია შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან შესაბამისი საფუძვლის გარეშე 8459,85 ლარის მიღების ფაქტი, მიღებული თანხა ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას და არ არსებობს ამ თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
13. მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2--- წლის 28 დეკემბრის №8-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების სახით მოსარჩელეს გადაურიცხა 2--- წლის 31 დეკემბერს - 939 200 ლარი, 2--- წლის 24 ივნისს - 625 507,20 ლარი და 313 692,80 ლარი (ტ.1, ს.ფ. 98, 99).
როგორც უკვე აღინიშნა, შემსყიდველი ვალდებული იყო განეორციელებინა მთლიანი ან ნაწილობრივი ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, რისი დაუცველობაც მისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 1,5%-ისა, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, კერძოდ, 27.04.2--- წლიდან 20 სამუშაო დღეში მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულება არ აუნაზღაურებია. რამდენადაც ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეების მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (0,15%) ჯამური ღირებულება აღემატება გადაუხდელი თანხის - 939 200 ლარის 1,5%-ს, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 939 200 ლარის 1,5%-ით, რაც შეადგენს 14 088 ლარს.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.:საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე Nას- 1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014).
ამდენად, პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, დასტურდება თუ არა დარღვევის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი (სუსგ საქმეზე №ას-181-181-2018 , 23 მარტი, 2018 წელი; 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რამდენადაც პირგასამტეხლოს ოდენობა - 14 088 ლარი, წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას.
15. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.05.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი