განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2019
საქმის ნომერი
330210017002123824
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამოქალქო
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002123824

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3884-18 12 მარტი, 2019 წელი

 

თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები - თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - შპს “ვ--------- გ------“

წარმომადგენელი - თ----- კ--–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ზ---- დ---–-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ბ------ რ---–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი – ნასყიდობის ღირებულების და პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურება 21 550 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 1508.5 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელეს, შპს „ბ------- ჯ--------ს“, შპს „ბ------- ი------ს“ და მოპასუხეს შორის დაიდო მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობები შესრულდა ჯეროვნად, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება.

 

მოსარჩელე, როგორც სოლიდარული კრედიტორი, მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურება 21 550 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულება სრულყოფილად შესრულებული არ იქნა. მოპასუხემ ვერ მიაღწია იმ მიზანს, რისთვისაც ხელშეკრულება დაიდო, შესაბამისად, არ ევალება მოსარჩელისთვის თანხის გადახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. ინდივიდუალური მეწარმე ზ---- დ---–-ძის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. შპს „ვ------- გ-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21 550 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. შპს „ვ------- გ-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 50 აშშ დოლარი.

1.3 სასარჩელო მოთხოვნა შპს „ვ------- გ------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 1458,5 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. 14.05.2014წ. შპს „ბ------- ი------ს“, შპს „ბ------- ჯ--------ს“ (წარმოდგენილი დირექტორი ზ---- დ---–-ძის სახელით) ინდივიდუალურ მეწარმე ზ---- დ---–-ძეს და შპს „ვ------- გ-----ს“ (მყიდველი) შორის დაიდო მოძრავი ნივთების ნასყიდობის და მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული შეთანხმების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია დისპენსერები, რომელიც წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებას და რომელიც განთავსებულია რამდენიმე ობიექტზე, ასევე იმყოფება დასაწყობებულ მდგომარეობაში. (4.1 პუნქტი). ხელშეკრულების საგანს ასევე წარმოადგენს განსაკუთრებული შეთანხმება, რაც მოიცავს „გამყიდველის“ ვალდებულებას უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მყიდველის, როგორც მხარის ჩანაცვლება ყველა იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუბიექტებთან სადაც მას განთავსებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი და რომლიდანაც ის შეთანხმების დადების მომენტისათვის იღებს სარგებელს.

 

ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, გამყიდველის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ ის მყიდველს წარმოუდგენს სათანადო პირების მიერ გაცემულ წერილობით თანხმობებს მოსარჩელე მხარის შპს ვ------- გ------თ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

 

4.2. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, მყიდველი გამყიდველს, ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საგნის მიწოდების სანაცვლოდ უხდის 95 000 აშშ დოლარს შემდეგი თანმიმდევრობით: მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ და ასევე წარდგენილ აღწერის აქტზე ხელმოწერით, რომელიც წარმოადგენს დანართი №1-ს, სადაც მოცემულია აღწერილი, განფასებული და ობიექტზე განთავსებული დისპენსერები, ასევე დანართი №2, სადაც აღწერილია დასაწყობებული დისპენსერების არასრული ჩამონათვალი და განფასება, „მყიდველი“ „გამყიდველს“ უხდის 25 000 აშშ დოლარს. (6.1.1. პუნქტი).

6.1.2. პუნქტის შესაბამისად, 6.1.1. პუნქტით გათვალისწინებული გადახდის განხორციელებიდან დარჩენილი დასაწყობებული და განთავსებული დისპენსერების აღწერის და აღწერის აქტზე მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ, „მყიდველი“ „გამყიდველს“ უხდის 25 000 აშშ დოლარს. მაგრამ ამ შემთხვევაში გადახდა განხორციელდება მხოლოდ მაშინ თუ 6.1.1. პუნქტით გათვალისწინებული აღწერის აქტს არ ეწინააღმდეგება დარჩენილი დისპენსერების აღწერის აქტი, ამასთან გამყიდველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული თანხის გადახდამდე ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტების ნუსხა, რომელიც ხელშეკრულებას დაერთვება დანართის სახით და ასევე უზრუნველყოფს ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტებზე მყიდველის ჩანაცვლების თანხმობების წერილობითი ფორმით წარმოდგენა ამ პუნქტის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. მხარეები თანხმდებიან, რომ მომდევნო 45 000 აშშ დოლარის გადახდა მოხდება 6.1.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის განხორციელებიდან 11 თვის ვადაში. დარჩენილი 45000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელდეს 2014 წლის ივნისიდან, ყოველი თვის 12 რიცხვამდე 4090 აშშ დოლარის ოდენობით.

 

4.3. ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, მყიდველს ეკისრება პასუხისმგებლობა გამყიდველის წინაშე იმ დროისათვის გადასახდელი თანხის 0.3% მოცულობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს დარჩენილი მთლიანი გადასახდელი თანხის 7%-ისა.

4.4. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურიდან (95 000 აშშ დოლარი) „მყიდველმა“ „გამყიდველს“ გადაუხადა 73 450 აშშ დოლარი, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 21 550 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ შპს ვ------- გ-----ს დაწყებული აქვს მათ შორის ხელშეკრულების 6.1.3 პუნქტით გათვალისწინებული 45000 აშშ დოლარის გადახდაც.

 

4.5. მოპასუხე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ მის მიერ დარჩენილი ფულადი ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა დაკავშირებულია თავად მოსარჩელე მხარის მხრიდან ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების დარღვევასთან. მოპასუხის მოსაზრებით, ზ---- დ---–-ძემ არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და ვერ უზრუნველყო გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების წერილობითი თანხმობების წარმოდგენა.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების იმ პირობაზე, რომლის შესაბამისად მოძრავი ნივთების ნასყდობის ღირებულება მყიდველს უნდა გადაეხადა სამ ეტაპად. მესამე ეტაპზე 45 000 აშშ დოლარის გადახდის დაწყება დამოკიდებული იყო პირველი ორი პირობის სრულყოფილად შესრულებაზე, რომელიც მათ შორის მოიცავდა შპს ვ------- გ------ს ინტერესის სფეროში შემავალი ჩანაცვლების თანხმობების წერილობით წარმოდგენას. ვინაიდან მოპასუხე მხარემ მესამე ეტაპით გათვალისწინებული 45000 აშშ დოლარის გადახდა დაიწყო და მისი სოლიდური ნაწილი აანაზღაურა, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ზ---- დ---–-ძემ სათანადო ეტაპზე შპს ვ------- გ-----ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩანაცვლების თანხმობები სრულყოფილი სახით წარუდგინა.

 

საქმეში დაცულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში შპს „ვ------- გ------ს“ მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც დასტურდება მოპასუხის სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების ფაქტი იმ კომპანიებთან, რომელთა ობიექტზეც განთავსებული იყო ხელშეკრულების საგანი (დისპენსერები).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა შპს „ბ------- ი------ს“ ყოფილი თანამშრომელი გ------ი ნ-----–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ იგი მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებთან ერთად პირადად ახდენდა ახალი მესაკუთრის შესახებ იმ კომპანიების ინფორმირებას, რომელთანაც მოსარჩელე მხარეს გააჩნდა სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ურთიერთობა. ასევე, მისი ჩვენებით, ხელშეკრულების დადების შემდგომ, მისი მონაწილეობით კომანიებს მიეწოდებოდა შეკვეთები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულები, შპს ვ------- გ------ს მხრიდან 45000 აშშ დოლარის ნაწილის გადახდის ფაქტი და საქმის განხილვისას დაკითხული მოწმის ჩვენების ერთობლივი ანალიზით დასტურდება, რომ ზ---- დ---–-ძის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულდა. კერძოდ, მოპასუხემ გააგრძელა 2014 წლის 14 მაისის ხელშეკრულების დანართში მითითებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ჩაანაცვლა მოსარჩელე მხარე და გააგრძელა დისპენსერების ექსპლოატაცია. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 14 მაისის ხელშეკრულების პირობები გამყიდველი მხარის მხრიდან სრულყოფილად იქნა შესრულებული.

 

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა ნასყიდობის ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება 21 550 აშშ დოლარის ოდენობით.

 

4.6. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით შეამცირა პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი 1508.5 აშშ დოლარი, როგორც პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 50 აშშ დოლარის გადახდა.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ ხელშეკრულების საგანი იყო დისპენსერი და ასევე განსაკუთრებული შეთანხმება სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ურთიერთობებში მყიდველის, როგორც მხარის, ჩანაცვლების თაობაზე. ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა სწორედ განსაკუთრებული შეთანხმება და არა ცალკე აღებული დისპენსერები.

 

5.2. სასამართლომ უგულვებელყო ის გარემოება, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო ორმხრივი და დამოკიდებული იყო გარკვეული პირობის შესრულებაზე. კერძოდ, მოპასუხეს მხოლოდ მაშინ წარმოეშობოდა თანხის გადახდის ვალდებულება, თუკი მოხდებოდა მოსარჩელის მხრიდან განსაკუთრებული შეთანხმების შესრულება. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების თაობაზე. მოსარჩელეს არათუ განსაკუთრებული შეთანხმება არ შეუსრულებია, არამედ დისპენსერებიც კი არ გადაუცია სრულად. ჩ---–- მდებარე სასტუმრო ო-----ში ამ დრომდე არ მომხდარა მოპასუხის ჩანაცვლება და მისთვის დისპენსერების გადაცემა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 14.05.2014წ. გამყიდველებს - შპს „ბ------- ი------ს“, შპს „ბ------- ჯ--------ს“ , ი/მ ზ---- დ---–-ძეს (შემდგომში „მოსარჩელე“,) და მყიდველს - შპს „ვ--------- გ-----ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (მოძრავი ნივთების ნასყიდობის შესახებ და მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული შეთანხმება):

- 4.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია დისპენსერები, რომლებიც წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებას და რომელიც განთავსებულია ობიექტებზე, ასევე დასაწყობებულ მდგომარეობაში და რომელთა რაოდენობაც აღწერილია დოკუმენტალურად მხარეთა მიერ და თან ერთვის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საგანს ასევე წარმოადგენს განსაკუთრებული შეთანხმება, რაც მოიცავს „გამყიდველის“ ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი, როგორც მხარის, ჩანაცვლება მყიდველით ყველა იმ ობიექტთან, რომელშიც მას განთავსებული აქვს 4.1 მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი და რომლიდანაც ის შეთანხმების დადების მომენტისათვის იღებს სარგებელს.

 

- 4.3 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული შეთანხმების საგანთან მიმართებაში გამყიდველის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ ის მყიდველს წარმოუდგენს სათანადო პირების მიერ გაცემულ წერილობით თანხმობებს მოსარჩელის მოპასუხით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ.14-21).

 

8. მხარეები ხელშეკრულების 6.1 მუხლით შეთანხმდნენ, ხელშეკრულების ფასზე და ანგარიშსწორების სპეციალურ წესზე. კერძოდ, მყიდველი გამყიდველს ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საგნის მიწოდების სანაცვლოდ უხდის 95 000 აშშ დოლარს შემდეგი თანმიმდევრობითა და პირობით:

- ხელშეკრულებაზე და წარდგენილ აღწერის აქტზე ხელმოწერის შემდეგ (რომელიც წარმოადგენს დანართი №1-ს, სადაც მოცემულია აღწერილი, განფასებული და ობიექტზე განთავსებული დისპენსერები, ასევე დანართი №2, სადაც აღწერილია დასაწყობებული დისპენსერების არასრული ჩამონათვალი და განფასება) მყიდველი გამყიდველს უხდის 25 000 აშშ დოლარს (6.1.1. პუნქტი).

 

- 6.1.1. პუნქტით გათვალისწინებული გადახდის განხორციელებიდან დარჩენილი დასაწყობებული და განთავსებული დისპენსერების აღწერის და აღწერის აქტზე მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ, მყიდველი გამყიდველს უხდის 25 000 აშშ დოლარს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადახდა განხორციელდება მხოლოდ მაშინ თუ 6.1.1. პუნქტით გათვალისწინებული აღწერის აქტს არ ეწინააღმდეგება დარჩენილი დისპენსერების აღწერის აქტი, ამასთან გამყიდველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული თანხის გადახდამდე ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტების ნუსხა, რომელიც ხელშეკრულებას დაერთვება დანართის სახით და ასევე უზრუნველყოს ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტებზე მყიდველის ჩანაცვლების თანხმობების წერილობითი ფორმით წარმოდგენა ამ პუნქტის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში (6.1.2 პუნქტი).

 

- მხარეები თანხმდებიან, რომ მომდევნო 45 000 აშშ დოლარის გადახდა მოხდება 6.1.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის განხორციელებიდან 11 თვის განმავლობაში (6.1.3 პუნქტი).

 

- 6.1.3 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა უნდა მოხდეს 2014 წლის ივნისიდან ყოველი თვის 12 რიცხვამდე 4090 აშშ დოლარის ოდენობით (6.6 პუნქტი) (ტ. 1, ს.ფ. 18,19).

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან გარდა 6.1.2 და 6.1.3 პუნქტებისა. ამასთან, 6.1.2 პუნქტი ძალაში შედის მაშინ, როდესაც გამყიდველი სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას და სახეზე იქნება ხელშეკრულების აღნიშნული ნორმის ყველა პირობა. რაც შეეხება 6.1.3 პუნქტს, მისი ამოქმედება სრულად არის დამოკიდებული ვალდებულების სრულ, დროულ და ჯეროვან შესრულებაზე (ტ.1, ს.ფ. 20).

 

ამდენად, დგინდება, რომ მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით ცალსახად და არაორაზროვნად განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი, რაც გულისხმობდა ნასყიდობის საფასურის სამ ეტაპად გადახდას. კერძოდ, მყიდველი ვალდებული იყო გამყიდველისთვის 25 000 აშშ დოლარი გადაეხადა ხელშეკრულებაზე და აღწერის აქტზე ხელმოწერის შემდეგ, ხოლო მე-2 და მე-3 ეტაპზე თანხის გადახდა დამოკიდებული იყო გამყიდველის მხრიდან განსაკუთრებული შეთანხმების პირობების შესრულებაზე. კერძოდ, მყიდველს უნდა წარედგინა ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტების ნუსხა და ასევე უზრუნველეყო აღნიშნულ ობიექტებზე მყიდველის ჩანაცვლების თანხმობების წერილობითი ფორმით წარმოდგენა. აქვე კონკრეტულად განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების 6.1.3 პუნქტის ამოქმედება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ნასყიდობის ღირებულების ბოლო ნაწილის - 45 000 აშშ დოლარის გადახდა, სრულად იყო დამოკიდებული წინა პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების სრულ, დროულ და ჯეროვან შესრულებაზე.

 

9. ხელშეკრულებას ერთვის მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი 13.05.2014წ. ინვოისები, სადაც მოცემულია დისპენსერების ჩამონათვალი და განფასება (ტ.1, ს.ფ. 22-25), ასევე ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტების ნუსხა (დანართი N3), სადაც მოცემულია თოთხმეტი იურიდიული პირის ჩამონათვალი და მისამართები (ტ.1, ს.ფ.26).

 

10. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურიდან (95 000 აშშ დოლარიდან) მოპასუხის მიერ გადახდილია 73 450 აშშ დოლარი, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 21 550 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ.3, 87, 297).

 

ამდენად, დგინდება, რომ მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების 6.1.3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის, ბოლო ეტაპად გადასახდელი 45 000 აშშ დოლარის მხოლოდ ნაწილის - 21 550 აშშ დოლარის, ანაზღაურება.

 

11. მოპასუხე ფულადი ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობის მოტივად მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული შეთანხმების დარღვევას. კერძოდ, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და ვერ უზრუნველყო გამყიდველის მყიდველით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების წერილობითი თანხმობების წარმოდგენა (იხ.: შესაგებელი, ტ., ს.ფ. 120-129).

 

ამასთან, მოპასუხე განმარტავს, რომ ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო არა არსებული დისპანსერების შესყიდვა, არამედ ათი კონკრეტული ობიექტი, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობა გააჩნდა მოსარჩელე მხარეს და სწორედ ამ ობიექტებზე უნდა მომხდარიყო ჩანაცვლება იურიდიულად გამართული ფორმით, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო (ტ.1, ს.ფ.122). მოპასუხე მიუთითებს ხელშეკრულების დანართზე, სადაც მოცემულია ე.წ. მნიშვნელოვანი/ძირითადი ობიექტების ჩამონათვალი (ტ.1, ს.ფ. 122, 138).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.02.2018წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა 0---------წ.-დამ 0---------წ.-მდე პერიოდში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები იმ კომპანიებთან, რომლებიც მოცემულია ხელშეკრულების N3 დანართში და მხარეთა განმარტებით წარმოადგენს ე.წ. ძირითად სახელშეკრულებო ობიექტებს (ტ.1, ს.ფ. 153,154).

 

30.03.2018წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.02.2018წ. საოქმო განჩინების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გადმოგზავნილი იქნა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია 0---------წ.-დამ 0---------წ.-მდე პერიოდზე (ტ.1, ს.ფ. 169-256). მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია ყველა იმ ძირითად სახელშეკრულებო ობიექტებთან, რომლებიც მითითებულია ხელშეკრულების დანართში, გარდა შპს „ს--------------------------------------“ (ტ. 1. ს.ფ. 171, 172, 26).

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებულია მოპასუხის სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების ფაქტი ერთის გარდა ყველა ძირითად სახელშეკრულებო ობიექტთან, რომელთაც მოპასუხე წარდგენილ შესაგებელში უკავშირებს მათი მხრიდან მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების ინტერესს (ტ.1, ს.ფ.122).

 

რაც შეეხება შპს „ს------------------------------------“, რომელზეც მოპასუხის მიერ გამოწერილი არ არის სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო თავად მოპასუხის ბრალით, რომელიც არ წავიდა ჩ---–- და თავად არ განახორციელა მიწოდება აღნიშნულ სასტუმროში. აღნიშნულის მიზეზად მოსარჩელე ასახელებს იმ გარემოებას, რომ სასტუმროს მუშაობა ძირითადად იყო სეზონური და შესაბამისად, შემოსავალიც იყო მცირე (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.03.2019წ. სხდომის ოქმი 16:45:45 – 16:49:24). ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისი მხრიდან მოხდა არა მხოლოდ ხელშეკრულების დანართში მოცემული რამდენიმე ე.წ. ძირითადი კომპანიის, არამედ 300-მდე ობიექტების გადაცემა (16:58:55- 17:02:06).

 

პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა შპს „ბ------- ი------ს“ ყოფილი თანამშრომელი გ------ი ნ-----–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ იგი მოპასუხე კომპანიის თანამშრომლებთან ერთად პირადად ახდენდა ახალი მესაკუთრის შესახებ იმ კომპანიების ინფორმირებას, რომელთანაც მოსარჩელე მხარეს გააჩნდა სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ურთიერთობა. ასევე, მისი ჩვენებით, ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისი მონაწილეობით კომპანიებს მიეწოდებოდა შეკვეთები (იხ.: მოწმის ჩვენება 01.05.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 11:04:48 – 11:16:16). რაც შეეხება ჩ---–- მდებარე სასტურმო „ო-----ს“, მოწმის განმარტებით, მისთის ცნობილია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მოპასუხეს სთხოვდა აღნიშნული ობიექტის გადაბარებას, თუმცა, მოწმისათვის ჩ---–- წასვლა მოპასუხეს არ დაუვალებია (01.05.2018წ. სხდომის ოქმი, 11:13:08 – 11:14:05).

 

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე იურიდიული პირის (შპს „კ---------–------------–----------–--“, შპს „ჯ----------------–---–-----–-----ს, სს „კ-------------------------–-ს“, შპს „სა----–----–--------------------------ის“ წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი კონტრაჰენტი კომპანიის ჩანაცვლების შემდგომ თანამშრომლობას აგრძელებდნენ შპს „ვ--------- გ-----თან“ (ტ.1, ს.ფ. 263,264; 268,269).

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. სამოქალაქო საპროცესო კოდესის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, მოწმეთა ჩვენებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებითაც წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში:

- საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ გამოკვლევის,- 361.1 მუხლით განმტკიცებული ვალდებულების არსებობის პრეზუმციის (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას) და

- იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ გადახდილია ხელშეკრულების 6.1.3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ნახევარზე მეტი, რომელი პუნქტის ამოქმედებაც მხარეთა შეთანხმებით სრულად იყო დამოკიდებული ვალდებულების სრულ, დროულ და ჯეროვან შესრულებაზე, -

პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების თაობაზე, რომ მოპასუხემ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩანაცვლების თანხმობების მოპასუხისთვის წარდგენა, რის შემდგომაც მოპასუხე მოსარჩელე მხარეს ჩაენაცვლა სახელშეკრულებო ურთიერთობებში და გააგრძელა დისპენსერების ექსპლოატაცია.

 

პალატა აქვე დამატებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მოპასუხეს ექნებოდა დასაბუთებული პრეტენზია განსაკუთრებული შეთანხმების პირობების შეუსრულებასთან მიმართებაში, თავად ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასეთ დროს მყიდველის უფლებების დაცვის სპეციალურ წესს, კერძოდ: ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა ხელშეკრულების დადების მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო ძირითადი სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტებიდან რომელიმე ობიექტზე მყიდველის ხელშეკრულების მხარედ ჩანაცვლება, დარჩენილ გადასახდელ თანხას, რაც გათვალისწინებულია 6.1.3 პუნქტით დაექვითებოდა ხელშეკრულების დადების მომენტამდე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ ობიექტიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა (ტ.1, ს.ფ. 19); ამავე ხელშეკრულების 7.4. მუხლის თანახმად კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ობიექტებში განთავსებული დისპენსერები, რომლებიც აღმოჩნდება უვარგისი/გაუმართავი და ობიექტები, რომებიც არ გამოთქვამენ წერილობით თანხმობას სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარედ მყიდველის ჩანაცვლებაზე, შესაბამისად ეს დისპენსერები და ამდაგვარი ობიექტები აღარ წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს და 6.1.3 პუნქტით გადასახდელ თანხას ექვითება ამ დისპენსერების ღირებულებაც (ტ.1, ს.ფ.19).

 

მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოპასუხის პრეტენზია მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევაზე, ასევე, მისი შესაგებელი და სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს 7.3., 7.4. პუნქტებზე დაყრდნობით თანხების დაქვითვის კანონიერებაზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას, დაანგარიშებას.

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 455-ე მუხლით, თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს - სოლიდარულ კრედიტორებს.

 

ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი, ანუ სინალაგმატური გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ, გამყიდველის/გამყიდველების ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 14.05.2014წ. ხელშეკრულების პირობები გამყიდველი მხარის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული. საფუძვლიანია სარჩელი მოპასუხისთვის ფულადი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის 21 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

 

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, მყიდველს ეკისრება პასუხისმგებლობა გამყიდველის წინაშე იმ დროისათვის გადასახდელი თანხის 0.3% მოცულობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს დარჩენილი მთლიანი გადასახდელი თანხის 7%-ისა (ტ.1, ს.ფ.19).

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (ნასყიდობის ღირებულების ნაწილის გადახდა) დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2018წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1508.5 აშშ დოლარის ოდენობით შეამცირა 50 აშშ დოლარამდე და მოპასუხეს დააკისრა 50 აშშ დოლარის გადახდა. დაუსაბუთებელია სააპელაციო საჩივარი პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

 

14. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 11).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს “ვ--------- გ------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი