განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
340210116001604971
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5660-17 5 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ილ----------–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

გ---------------–---–სა და ილ----------–---–ს შორის 2014 წლის 02 ოქტომბერს, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ყ------–----------------------- (საკადასტრო კოდი №------------), დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების 2/3 წილის აღრიცხვა მოსარჩელის - გ---------------–---–ის სახელზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გ---------------–---–სა და ილ----------–---–ს შორის 2014 წლის 02 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. ყ------–----------------------- (საკადასტრო კოდი №------------) დადებული ჩუქების ხელშეკრულება და დადგინდა უძრავი ქონების 2/3 წილის აღრიცხვა მოსარჩელის გ---------------–---–ის სახელზე.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელის შემოსავლების უქონლობა და მის მიერ საცხოვრებელი სახლის შეძენის შეუძლებლობა. აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა სასამართლოში წარმოდგენილი. სასამართლოს არ ჰქონდა ამ გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძველი.

 

4.2. სასამართლო გაცდა სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სარჩელის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა: პირველი, მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და უმადურობის გამოჩენა ქონების გამჩუქებლის მიმართ და მეორე, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, ქონების გადაფორმება. მოსარჩელემ აღნიშნული გარემოებები ვერ დაადასტურა. მოსარჩელის მიერ მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ გაიზიარა სასამართლომ. მოსარჩელეს არ მიუთითია მის მძიმე მდგომარეობაზე ან მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებაზე. შესაბამისად, სარჩელის საფუძველი არ ყოფილა მითითებული გარემოებები. ჩუქება წარმოადგენდა ძმებს შორის ოჯახური შეთანხმების შედეგს. არ იყო დაკავშირებული მოტყუებასა და არაკეთილსინდისიერ მიზნებთან.

 

4.3. მცდარია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გ---------------–---–ის სახლიდან წასვლა მოპასუხე ილ----------–---–ის მოთხოვნით იყო გამოწვეული და მოპასუხემ აუკრძალა მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლით სარგებლობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

7. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება

 

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9.1. მოსარჩელე გ---------------–---–ი და მოპასუხე ილ----------–---–ი არიან ძმები.

 

9.2. ქალაქ ყ------––---------------------------ში მდებარე 496 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 230 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, 02.10.2014 წლამდე წარმოადგენდა მოსარჩელე გ---------------–---–ის და მოპასუხე ილ----------–---–ის თანასაკუთრებას. უძრავი ქონებიდან 2/3 წილი მოსარჩელეს, ხოლო 1/3 წილი მოპასუხეს ეკუთვნოდა.

 

9.3. 2014 წლის 02 ოქტომბერს გ---------------–---–სა და ილ----------–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება და მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი

ქონება მდებარე ქალაქ ყ------––--------------------------, მოპასუხე ილ----------–---–ის საკუთრებად აღირიცხა.

 

9.4. დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, მოსარჩელე აგრძელებდა ცხოვრებას მითითებულ სახლში, თუმცა 2016 წელს მხარეთა შორის ურთიერთობები დაიძაბა და მოსარჩელე იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან.

 

9.5. 2016 წლის 14 ნოემბერს გ---------------–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და 2014 წლის 02 ოქტომბერს გ---------------–---–სა და ილ----------–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით (ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო). სასამართლომ სარჩელი საქართველოს სამოქალქო კოდექსის 530-ე მუხლის (გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამო) საფუძველზე დააკმაყოფილა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი.

 

10. წარმოდგენილი სააპელაციო პრეტენზია არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლო გაცდა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს და მიუხედავად იმისა, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურობისა და მძიმე შეურაცხყოფის ფაქტის არსებობა არ დადგინდა, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ისეთი ფაქტობრივი საფუძვლით (ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენა), რომელზედაც მოსარჩელე საერთოდ არ მიუთითებდა სარჩელში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის კვლევისა და შეფასების საგანია, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები.

 

11. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

11.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც.

 

11.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა მოსამართლეს უნდა მოახსენონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება, თუმცა ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება აქვს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (აღნიშნული დასაბუთება სრულ შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, იხ. სუსგ საქმე #ას-877-825-2010, 28.12.2010).

 

11.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა რა სასამართლოს, 2014 წლის 02 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სარჩელში მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი საცხოვრებელი ფართი ძმას აჩუქა, არსებობდა შეთანხმება, რომ იგი ჩვეულებრივ გააგრძელებდა ცხოვრებას ამავე სახლში, რადგან სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდა (მოწმე ნანა ზუკაკიშვილის (მოპასუხის მეუღლის) განმარტებით, ჩუქების დადების დროს არსებობდა შეთანხმება, რომ მათ ერთად უნდა ეცხოვრათ და მოსარჩელეს, დაოჯახების შემთხვევაში, მეუღლეც ამ სახლში უნდა მოეყვანა იხ. სასამართლოს 19.04.2017 წლის სხდომის ოქმი დრო 19:12-19:15 სთ). დადგენილია, რომ გ---------------–---–ი 2016 წლის სექტემბრამდე მართლაც ცხოვრობდა იგივე სახლში. სარჩელის თანახმად, 2016 წლის ზაფხულში ძმებს შორის ურთიერთობები დაიძაბა და ძმამ და რძალმა მას სადავო სახლში ცხოვრება აუკრძალეს. მოსარჩელემ სარჩელში ასევე განმარტა, რომ ახლობლების ჩარევით ცდილობდა სახლში დაბრუნებას, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, რის გამოც იძულებული გახადა სასამართლოსათვის მიემართა (იხ: სარჩელი). პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურების შემთხვევაში, ქმნის თუ არა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით (გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა ჩუქების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის გამო) გათვალისწინებულ შემადგენლობას. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ შეკითხვას დადებითად უნდა გაეცეს პასუხი.

 

11.4. დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გ---------------–---–ს მოპასუხემ აუკრძალა მის სახლში ცხოვრების უფლება, მოსარჩელეს საცხოვრებლად თავის მამასთან მოუხდა გადასვლა. სადავო არ არის გარემოება, რომ გ---------------–---–ს სხვა უძრავი ქონება არ გააჩნია და იგი დავის განხილვის განმავლობაში ცხოვრობს მამასთან - გივი რუსიაშვილთან და ამ უკანასკნელთან მეორე ქორწინებაში მყოფ მ----------------–--ესთან ერთად, უძრავ ქონებაში, მდებარე მისამართზე - ქალაქი ყვ-----–--------------–-------------------, რომელიც 2014 წლის 04 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ----------------–--ის საკუთრებას წარმოადგენს. მხარეთა განმარტებით მოსარჩელეს არ აქვს შემოსავალი და შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი სახლის შეძენა და საცხოვრებელი პირობების შექმნა შეძლოს. აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.

 

11.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. 2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

 

11.6. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი განსაზღვრავს როგორც ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვის უფლების წარმოშობის წინაპირობებს (მჩუქებლის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩენა), ასევე შესაბამის სამართლებრივ შედეგს (უკან მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან ნაჩუქარი ნივთი); ასევე ითვალისწინებს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვის უფლება არ წარმოიშობა (გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში).

 

11.7. პალატის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული და დადასტურებული გარემოებები სადავო ჩუქების ხელშეკრულების სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით ბათილად ცნობის შემადგენლობას ქმნის. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა (სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი), სწორად განმარტა იგი და ამავე ნორმის ფარგლებში სწორადვე განსაზღვრა მტკიცების საგანი, მასში შემავალი გარემოებები და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის მართებული განაწილებით სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ილ----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხა–დებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ირაკლი ბონდარენკო