განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
010100116001476464
ინსტანცია
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100116001476464

საქმე №1/ბ-254-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - დ----- კ-------–ის,მსჯავრდებულის - ო----- ც-–--–--ის,ადვოკატის - რ----- ფ----------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№------------) ო----- შ-----ს ძე ც-–--–--ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წ. პირადი ნომერი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: შუახევის რაიონი, სოფელი დ---------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, სოფელი დ----;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ო----- ც-–--–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 18 ივნისს, ღამის საათებში, ო----- ც-–--–--ემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავში წყლიანი გრაფინის ჩარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ მ------ ტ------–--ეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით ო----- ც-–--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული ო----- ც-–--–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ----- ფ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი და ო----- ც-–--–--ის მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ გაიზიარებს საჩივარში აღნიშნულ დასაბუთებას, მაშინ ო----- ც-–--–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და განესაზღვროს ისეთი სახის სასჯელი, არც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, არ პასუხობს კანონის მოთოხვნებს, მოცემულ საქმეზე დაკითხული დაზარალებულად ცნობილი პირის მ------ ტ------–--ის ჩვენება ვერ იქნება სანდო, ამასთან მისი ჩვენება სასამართლოს არასწორად შეაფასა, მხედველობაში არ იქნა მიღებული, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რადგანაც ამ უკანასკნელის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამ გამოიწვია არასასურველი შედეგი, ვერ იქნება უარყოფილი ეჭვი, რომ დაზარალებულმა სასამართლოს დაუმალა სიმართლე ანუ შეცვალა რეალური ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით შერაცხა მსჯავრდებული დამნაშავედ იმ ქმედებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია. განსახილველ საქმეზე დასტურდება და სადაო არ არის ის გარემოება, რომ ო----- ც-–--–--ეს მ------ ტ------–--ემ მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მ------ ტ------–--ე იყო ნასვამი, ვერ უწევდა თავს კონტროლს და ო----- ც-–--–--ეს დაუპირა დახრჩობა, ო----- ც-–--–--ემ იგრძნო რეალური საშიშროება მისი სიცოცხლის ხელყოფისა და თავის გადასარჩენად წყლის გრაფინი ჩაარტყა მ------ ტ------–--ეს, ამით იგი იცავდა საკუთარ სიცოცხლეს. მ------ ტ------–--ე ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ო----- ც-–--–--ე.

 

სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ასევე აღნიშნული ოქმის შედგენისას დარღვეულ იქნა ოქმის შედგენის კანონით გათვალისწინებული წესები, რას იძლევა საფუძველს იმისა, რომ ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი.

 

სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენება და გაიზიარა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. საქმეზე დაკითული არცერთი მოწმე არ შესწრებია ო----- ც-–--–--ესა და მ------ ტ------–--ეს შორის მომხდარ ჩხუბს. ო----- ც-–--–--ე დადებითად ხასიათდება როგორც სამეზობლოში, ასევე შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დროს და სამსახურში.

 

დაცვის მხარეს ასევე მიაჩნია, რომ დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნას მიჩნეული და არ უნდა იქნას გაზიარებული ო----- ც-–--–--ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, მ------ ტ------–--ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, მოწმე ქ------- მ---–--ის მიერ შედგენილი ხელწერილი მასზედ, რომ იგი თანახმაა წარადგინოს მ------ ტ------–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, ასევე საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და სხვა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებულ იქნა და შემხებლობაშია ხსენებულ უკანონო მტკიცებულებებთან.

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- კ-------–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ----- ფ----------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს დ----- კ-------–ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ო----- ც-–--–--ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ო----- ც-–--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულ მ------ ტ------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დ----ში, ო----- ც-–--–--ე მისი მეზობელია. 2016 წლის 18 ივნისს, საღამოხანს, სახლისკენ მიმავალი გზად შემთხვევით შეხვდა ო----- ც-–--–--ეს, გამოელაპარაკენ ერთმანეთს, ო-----მა სახლში მიიპატიჟა, რაზეც უარი არ უთქვამს. ც-–--–--ის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ო-----მა სუფრა მისაღებ ოთახში გაშალა, შემოუსხდნენ მაგიდას და ცოტა დალიეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სახლში წასვლა დააპირა, მასპინძელი შეეწინააღმდეგა. სრულიად მოულოდნელად, სახლის კარი გასაღებით ჩაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და გამოუცხადა, რომ სახლში ვერ წავიდოდა და იმ ღამით მასთან მოუწევდა დარჩენა. ერთად დავიძინებთო, უთხრა და სრულიად ღიად შესთავაზა სექსუალური კავშირი. მ. ტ------–--ე მოულოდნელი წინადადებისგან გაურკვევლობაში ჩავარდა, განუცხადა, რომ არ აპირებდა მასთან დარჩენას, ცდილობდა კარი გაეღებინებინა ო. ც-–--–--ისთვის. ეს უკანასკნელი უარმა გააღიზიანა, აგრესიული გახდა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ ვერ დაითანხმებდა, კარი გაუღო, მიაძახა გათრეულიყო, თან დასძინა, რომ სახლამდე კიდევ საკმაო გზა ჰქონდა გასავლელი და შეიძლება ,,რამე მოსვლოდა". ეს ფრაზა მუქარად მიიღო ტ------–--ემ და თავის დაზღვევის მიზნით განუცხადა, რომ მისი საუბარი და მისგან შეთავაზებული უხამსი წინადადებები ტელეფონში ჰქონდა ჩაწერილი, არაფერი გაებედა, თორემ ჩანაწერს სხვებსაც მოასმენინებდა. ამის თქმა იყო და ეზოში გასულს ც-–--–--ე დაეწია, ჩანაწერის ნახვას ითხოვდა, ცდილობდა ტელეფონი წაერთმია. საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა, თავს ესხმოდა ტ------–--ეს ტელეფონის ხელში ჩაგდების მიზნით, ის კი იგერიებდა თავდასხმას. სწორედ ამ დროს მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის.

 

დაზარალებულის ჩვენებით, საბოლოოდ, ტელეფონი ვერ წაართვა ც-–--–--ემ, თავი მოაჩვენა, რომ დამშვიდდა, შესთავაზა სახლში შესულიყვნენ და ყველაფერზე მშვიდად ესაუბრათ, აღნიშნულ შეთავაზებას მ. ტ------–--ე დათანხმდა, რადგან მისი სურვილიც იყო ამ დაპირისპირებას "მშვიდობიანი დასასრული" ჰქონოდა, არ უნდოდა მომავალში მეზობლებს შორის ისევ პრობლემები მოჰყოლოდა იმ დღეს მომხდარ ფაქტს. სახლში შეჰყვა ც-–--–--ეს. მშვიდად ესაუბრა და უთხრა, რომ მომხდარის შემდეგ აღარასდროს მივიდოდა მასთან სტუმრად და არც ც-–--–--ეს ეცადა მასთან კონტაქტი. გამობრუნდა და ოთახიდან გასვლას აპირებდა, რა დროსაც თავში, მარჯვენა მხარეს რაღაც მძიმედ მოხვდა და გონება დაკარგა. გონს ქობულეთის საავადმყოფოში მოვიდა, ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

 

მოწმე დ----- გ-------–--ემ (სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ექიმმა), სასამართლოს განუმარტა, რომ გამოძახების საფუძველზე, 2016 წლის ივნისის თვეში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გაემგზავრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დ----ში. დანიშნულების ადგილას მისულებს, ოთახის შუაგულში პაციენტი უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში მწოლიარე დაუხვდათ. მამაკაცს, რომელიც იმავე ოთახში იმყოფებოდა, შეეკითხა მომხდარის თაობაზე, უბრალოდ წავკამათდითო - მიიღო პასუხი. პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა თავის არეში, ჰემატომა, სდიოდა საკმაოდ ბევრი სისხლი. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, ისევე, როგორც საავადმყოფოში გადაყვანის პერიოდში, პაციენტი აბსოლუტურად უკონტაქტო იყო, ის გონზე არ მოსულა.

 

მოწმე მ------ დ-------ემ (სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდამ) სასამართლოს განუმარტა, რომ ექიმ დ----- გ-------–--ესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დ----ში ც-–--–--ის ოჯახში იმყოფებოდა გამოძახებაზე. ადგილზე მისულებმა დაინახეს, მისაღებ ოთახში, შესასვლელ კართან დაახლოებით 1-1,5 მეტრის მოშორებით იატაკზე სისხლის გუბეში მწოლიარე მამაკაცი, უგონო მდგომარეობაში, იქვე ეყარა შუშის ნამსხვრევები. სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც განუცხადა, რომ დაშავებულ პირთან კონფლიქტი მოუხდა და თავში წყლიანი გრაფინი ჩაარტყა.

 

2016 წლის 18 ივნისს შედგენილი, ო----- ც-–--–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ სახლი არის ერთსართულიანი, ბელეტაჟის ტიპის. სახლში შესასვლელი კარი ორფრთიანია, რომელიც შედის მისაღებ ოთახში. აღნიშნულ ოთახს აქვს კიდევ ორი კარი, საიდანაც შესაძლებელია გასვლა სამზარეულოსა და საძინებელში. ოთახის მარცხენა კუთხეში დგას ტელევიზორი, მის გვერდით ფანჯარასთან განთავსებულია მაგიდა, რომლზეც დევს სამლიტრიანი ჭურჭელი გამჭვირვალე სითხით, წყლის ორი ცალი ჭიქა, არყის ორი ცალი პატარა ჭიქა, ორი თეფში, ტაფა, პლასტმასის თეფში პურით. იატაკზე აღმოჩენილია მოწითალო ფერის ლაქები და შუშის ნამსხვრევები.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, მ------ ტ------–--ე 2016 წლის 18 ივნისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოთავსებული იქნა საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - ინტრაკრანიალური ტრავმა, კომოციურ-კონტუზიური სინდრომი. მარჯვენა ყურის ნაფლეთოვანი ჭრილობა, კეფის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანების მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო . დაზინებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ მ---------–მა .

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, ო----- ც-–--–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში - შუბლის არეში, მარჯვენა წარბის ზემოთ, მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა თეძოს ფრთის საპროექციოდ, მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ.

 

2016 წლის 19 ივნისს, ო----- ც-–--–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ო. ც-–--–--ემ აღწერა 2016 წლის 18 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დ----ში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, მის მიერ მ------ ტ------–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. ოქმს ერთვის ფოტო-ილუსტრაცია.

 

მოწმე ი-----–- ბ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მ------ ტ------–--ეც და ო----- ც-–--–--ეც მისი მეზობლები არიან. მ------ ტ------–--ეს ცუდი სიმთვრალე აქვს, ც-–--–--ეს დადებითად ახასიათებს. 2016 წლის 18 ივნისს, ღამით, სასწრაფო დახმარების მანქანის სიგნალის ხმაზე გამოეღვიძა და ც-–--–--ის სახლში შესულ ექიმებს თვითონაც შეჰყვა. ოთახში შესვლისას დაინახა მ------ ტ------–--ე, რომელიც დივანს მიყრდნობოდა, მას ექიმები უწევდნენ დახმარებას. თავიდან ვერც იცნო, სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. ტ------–--ე თავად გამოეცნაურა - მ------ ვარ, ი-----–- ბიძია, ვერ მიცანიო? ც-–--–--ესთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაეხმარა და ტ------–--ე საკაცით მანქანაში მოათავსებინა.

 

მოწმე თ-----ა ბ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას, შეუძლია მხოლოდ დაახასიათოს მსჯავრდებული და დაზარალებული, რომლებიც მისი მეზობლები არიან. მ. ტ------–--ე საკმაოდ კარგი და ზრდილი ახალგაზრდაა, მაგრამ ცუდი სიმთვრალე აქვს. ც-–--–--ე სულ რამდენიმე წელია მის მეზობლად ცხოვრობს, მისგან გინება და ვინმეს შეურაცხყოფა არ სმენია.

 

მსჯავრდებულმა ო----- ც-–--–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მასსა და მ. ტ------–--ეს შორის 2016 წლის 18 ივნისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი, დაზარალებულის ცუდი სიმთვრალე და ახირებული ხასიათი იყო. დათვრა და სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი მას, მიაყენა დაზიანებები, მიიმწყვდია მაგიდასთან ახლოს და ყელში მოჭერილი ხელით დახრჩობას უპირებდა, ამიტომ თავის გადარჩენის მიზნით, იძულებული გახდა წყლიანი გრაფინი ჩაერტყა თავში. შემდეგ კი თავადვე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ყველანაირად შეეცადა დახმარებოდა დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ფ----------ის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ო. ც-–--–--ეს არ ჰქონია მ. ტ------–--ის დაზიანების განზრახვა და რომ მან გრაფინი მოიქნია თავდაცვის მიზნით მაშინ, როდესაც დაზარალებული დახრჩობას უპირებდა, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ო----- ც-–--–--ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა უთანხმოება, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ეთანხმება ორივე მხარე. საქმეზე გამოკვლული და მხარეების მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების საფუძველზე ასევე დასტურდება, რომ ო. ც-–--–--ემ თავში წყლიანი გრაფინის ჩარტყმით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მ------ ტ------–--ეს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ მ. ტ------–--ის ჩვენებას, რომელიც დეტალურად აღწერს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით ირკვევა, რომ მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს მას შემდეგ რაც შებრუნდა ო. ც-–--–--ის საპირისპირო მიმართულებით და აპირებდა ოთახიდან გასვლას.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, სადაც დეტალურადაა ასახული ის დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა როგორც დაზარალებულს, ასევე მსჯავრდებულს. მ. ტ------–--ეს მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება თავის არეში, ხოლო ო. ც-–--–--ეს აღენიშნებოდა უმნიშვნელო, მსუბუქი დაზიანებები ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით, შუბლის, იდაყვების, მხრის თეძოს, მუხლის არეში და არა ყელის არეში, როგორც ამას თავის ჩვენებაში აღწერდა მსჯავრდებული, კერძოდ, იგი მიუთითებდა ყელის მიდამოში ხელის მოჭერით გამოწვეულ ძლიერ ტკივილზე და დახრჩობის საფრთხეზე.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ო. ც-–--–--ე შემთხვევის დღესვე იქნა შემოწმებული ექიმის მიერ და მას დაზიანება ყელის არეში არ ჰქონია.

 

აქვე, პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ო. ც-–--–--ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და თანდართულ ფოტომასალაზე, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა და მასთან ერთად დაზარალებულის ჩვენება ერთობლივად მიუთითებენ იმაზე, რომ ო----- ც-–--–--ე მ------ ტ------–--ისათვის დაზიანების მიყენების მომენტში არ იმყოფებოდა მის პირისპირ, შესაბამისად, ვერ ექნებოდა ხელი მოჭერილი ყელის არეში და თავში გრაფინის ჩარტყმა არ იყო გამოწვეული აუცილებელი მოგერიებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის უარყოფის საფუძველი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოქმის შედგენისას არ დარღვეულა საპროცესო კანონის მოთხოვნები. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და მისი ამსახველი ოქმი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომლითაც დასტურდება ო. ც-–--–--ის ბრალდების საფუძვლიანობა. ასევე არ არსებობს საქმეში წარმოდგენილი ო----- ც-–--–--ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის, მ------ ტ------–--ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის, მოწმე ქ------- მ---–--ის მიერ შედგენილი ხელწერილის და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების უარყოფის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონის სრული დაცვით და ამ ნაწილში დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის ჩვენებები წინააღმდეგობრივია, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საქმის არსებითი განხილვისას მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაში გადმოცემულ გარემოებებს. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულია და მას სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე როგორც გამოკვლეული, ისე უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებების ჩადენას, რაც გვათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს მსჯავრდებულის ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით.

გასაჩივრებული განაჩენი ო----- ც-–--–--ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ----- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი ო----- ც-–--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ო----- ც-–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

ო----- ც-–--–--ე სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთმტკიცებები: ო----- ც-–--–--ის და მ------ ტ------–--ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მ------ ტ------–--ის და ო----- ც-–--–--ის სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნამსხვრევები და მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე