განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019002654386
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-357-2019 4 ივნისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ლ-- ჩ--------
მოწინააღმდეგე მხარე - ლ---- კ------ე
წარმომადგენელი - მ------ ი-----–---ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ-- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ---- კ------ეს (პ/ნ 6----------) - არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------- დაბადებული მ------ კ------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე ლ-- ჩ-------- 2006 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ლ---- კ------ესთან. 2018 წლის 01 მარტიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2.2. ლ-- ჩ--------ს და ლ---- კ------ეს თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი მ------ კ------ე. 2.3. მ------ კ------ე არის ქუთაისის #---ე საჯარო სკოლის მოსწავლე. დამატებით სწავლობს ცეკვას და მუსიკას. 2.4. ლ-- ჩ-------- არასრულწლოვან შვილთან მ------ კ------ესთან ერთად ცხოვრობს ძმასთან და მშობლებთან ერთად თერჯოლაში. მამა პენსიონერია. თავად მუშაობს საკონდიტრო მაღაზიაში 10-10 დღე. ასევე დასაქმებულია კვლევით კომპანიაში. მისი შრომის ანაზღაურება საკონდიტრო მაღაზიაში შეადგენს ყოველდღიურად 10 ლარს. ხოლო კვლევით კომპანიაში ანკეტის შევსების შესაბამისად შემოსავალი შეადგენს 60 თეთრიდან 5 ლარამდე. 2.5. ლ---- კ------ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, დედასთან ერთად. 2.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ლ---- კ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. 2.7. საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 28 სექტემბერსგაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე ლ---- კ------ის სახელზე რეგისტრირებულია 11 სატრანსპორტო საშუალება. 2.8. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მუშაობს მძღოლად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 700-800 ლარს. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის გაცემული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ლ---- კ------ის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 5500 ლარს. ხოლო 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 33610,3 ლარს. ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენდა 1250, 2850, 1000, 400, 200 ლარს. 2.9. ლ---- კ------ეს 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით სს ს----------–---------ს წინაშე გააჩნია ფინანსური ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით მოპასუხე ყოველთვიურად ახდენს სესხის დაფარვას 1134,33-1331,34 ლარის ოდენობით. 2.10. მოპასუხე მხარის მტკიცებით შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობაში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს მის საკუთრებას, გაყიდულია და სხვის საკუთრებაში იმყოფება. დანართის მე-9 გრაფაში მითითებული ავტომანქა იმყოფება ლ---- კ------ის საკუთრებაში. ავტომანქანას სახ. #L----- სარგებლობდა ლ-- ჩ--------, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის დანართში აღნიშნული რიგით #1, #2, #6 და #10 ავტოსატრანსპორტო საშუალებები გაყიდულია, ხოლო რიგით #8 სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მისაბმელს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 2.12. სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2.13. სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით. 2.14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. 2.15. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. 2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი; დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი მ------ კ------ე ფაქტობრივად ცხოვრობს დედასთან, ლ-- ჩ--------სთან ერთად. ლ-- ჩ-------- მუშაობს საკონდიტრო მაღაზიაში, მისი ყოველდღიური შემოსავალი შეადგენს 10 ლარს. ლ---- კ------ე არის მძღოლი, ასრულებს სეზონურ სამუშაოებს, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 700-800 ლარს. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის გაცემული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ლ---- კ------ის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 5500 ლარს. ხოლო 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 33610,3 ლარს. ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენდა 1250, 2850, 1000, 400, 200 ლარს. 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ლ---- კ------ეს გააჩნია ფინანსური ვალდებულება სს ს----------–---------ს წინაშე. მოპასუხე ცხოვრობს დედასთან ერთად, მის სახელზე ირიცხება 11 სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალება. მოპასუხის მტკიცებით რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებება გასხვისებულია და მესაკუთრეს სხვა პირები წარმოადგენენ, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. 2.16. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს მცირეწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის. ალიმენტის სახით 700 ლარის მოთხოვნის დასაბუთებისას მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ აღნიშნული ოდენობთ თანხა მას ესაჭიროება ასევე საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი, რადგან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება და არა მოპასუხისათვის დამატებითი ხარჯების გადახდა. ლ-- ჩ-------- არასრულწლოვან შვილთან მ------ კ------ესთან ერთად ცხოვრობს ძმასთან და მშობლებთან ერთად. მამა პენსიონერია. თავად მუშაობს საკონდიტრო მაღაზიაში 10-10 დღე. ასევე დასაქმებულია კვლევით კომპანიაში. მისი შრომის ანაზღაურება საკონდიტრო მაღაზიაში შეადგენს ყოველდღიურად 10 ლარს. ხოლო კვლევით კომპანიაში ანკეტის შევსების შესაბამისად შემოსავალი შეადგენს 60 თეთრიდან 5 ლარამდე. მხარეთა შემოსავლის ოდენობის მხედველობაში მიღების შედეგად სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მოპასუხისათვის 700 ლარის დაკისრება. 2.17. დასახელებული გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვრულიყო 250 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ-- ჩ--------მ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ქორწინების პერიოდში 2----–-–------------------- ლ-- ჩ--------სა და ლ----ი კ------ეს შეეძინათ ერთი შვილი მ------ კ------ე. ქორწინების შემდეგ ხასიათის შეუთავსებლობის გამო, 2018 წლის 1 მარტიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე ქორწინების პერიოდში ახორციელებდა მასზე, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ძალადობას. ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და თავად ზრდის შვილს. მოპასუხე ლ---- კ------ე არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენაში. არასრულწლოვანი მ------ი არის 12 წლის, სკოლის მოსწავლე. შესაბამისად სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რამდენად მაღალია ბავშვის ყოველდღიური საჭიროებები, რომელიც მას ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება და რომელიც ბავშვს შეექმნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. 3.2. მოპასუხე ლ---- კ------ე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხე ლ---- კ------ის სახელზე რეგისტრირებულია 11 სატრანსპორტო საშუალება; აღნიშნული გარემოებაც სულყოფილად არ არის შეფასებული, რადგან აღნიშნული გარემოების დადგენა და მხედველობაში მიღება ნათელს გახდიდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის თანხის ოდენობის კანონიერებასა და სამართლიანობას. 3.3. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის გაცემული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ი/მ ლ---- კ------ის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 5500 ლარს. ხოლო 2018 წელს მიღებული შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 33610,3 ლარს. ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით შეადგენდა 1250, 2850, 1000, 400, 200 ლარს. შესაბამისად მას გააჩნია საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ ყოველთვიურად მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი 700 ლარის ოდენობით. 3.4. ამასთან გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს 2019 წლის მდგომარეობით ბანკის წინაშე აქვს ფინანსური ვალდებულება, თუმცა არ არის გამოკვლეული თუ როდემდე აქვს მოპასუხეს ბანკის წინაშე ვალდებულება. რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა გადაწყვეტილების მიღებისას. 3.5. ამავდროულად მხედველობაშია მისაღები, რომ მოპასუხე აღნიშნავს რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი არის მხოლოდ 700-800 ლარი და ამავდროულად უთითებს, რომ ასრულებს ბანკის წინაშე ვალდებულებას ყოველთვიურად 1134,33 - 1331,34 ლარის ოდენობით. 3.6. ასევე არაა მხედველობაში მითითებული, რომ მოპასუხის კმაყოფაზე არ იმყოფებიან სხვა პირები, აღნიშნული გარემოება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გამხდარიყო გადაწყვეტილების მიღებისას. სამართლებრივი საფუძვლები 3.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად: სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. 3.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3.9. სსკ-ის 1214-ე მუხლის შესაბამისად, კი ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნასა და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. სსკ-ის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. 3.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 პუნქტის თანახმად: გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2----–-–------------------- დაბადებული მ------ კ------ე არის ლ-- ჩ-------ისა (აპელანტი) და ლ---- კ------ის (მოპასუხე) შვილი. 4.2. აპელანტი და მოპასუხე ერთად არ ცხოვრობენ. 4.3. მ------ კ------ე ცხოვრობს დედასთან, მოპასუხე მის რჩენაში მონაწილეობას არ იღებს. 4.4. მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმეა და ამ სახით მან 2017 წელს მიიღო 5500 ლარი, ხოლო 2018 წელს - 200 ლარი შემოსავალი. 4.5. გარდა ამისა, 2016 წლის 13 ივნისიდან მას მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი და, ამ სახით, 2017 წელს მიიღო 33 610,3 ლარის ოდენობის შემოსავალი. 4.6. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეს 11 სხვადასხვა სახის ავტომობილი ეკუთვნოდა. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.7.1. მოპასუხისათვის შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის. 4.7.2. ამის შესაბამისად, ამ ნაწილში, იგი კანონიერ ძალაშია შესული და სასამართლო მას ვერ შეამოწმებს. 4.7.3. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, მხოლოდ, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა წარმოადგენს. 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. 4.8.1. ამ ნორმის შესაბამისად, მშობლის მიერ გადასახდელი ალიმენტი უნდა განისაზღვროს ისე, რომ მან, შეძლებისდაგვარად, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდაც უზრუნველყოს და ალიმენტის გადამხდელ მშობელსაც გაუმართლებელ ფინანსურ ტვირთად არ დააწვეს. 4.9. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2019 წლის თებერვალში საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 178,6 ლარს შეადგენდა, 2019 წლის აპრილის მონაცემებით კი იგი 185 ლარამდე გაიზარდა. 4.9.1. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. 4.10. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა საქართველოში არსებულ საარსებო მინიმუმს მცირედით აღემატება. 4.10.1. ეს ნიშნავს, რომ იგი ალიმენტის მიმღები ბავშვის მხოლოდ მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი. 4.11. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი ბავშვის ნორმალურ რჩენასა და აღზრდას ვერ უზრუნველყოფს. 4.12. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოპასუხე შემოსავალს იღებდა ცალკე, როგორც დაქირავებული პირი და ცალკე - როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). ამასვე ადასტურებს ცნობაზე თანდართული ცხრილი, რომელშიც დამსაქმებლების მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადია მითითებული. 4.12.1. 2017 წელს მოპასუხის, როგორც დაქირავებული პირის წლიურმა შემოსავალმა 5500 ლარი, ხოლო როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალმა 33 610,2 ლარი, ე.ი. სულ 33610,2+5500=39 110,2 ლარი შეადგინა. 4.12.2. ამრიგად, 2017 წელს მოპასუხის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 39 110,2/12=3259,18 ლარი იყო. 4.13. შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 21 მაისს გაცემული ცნობიდან ჩანს, რომ 2018 წელს მოპასუხის შემოსავალმა 11 059 ლარი შეადგინა, საიდანაც გადახდის წყაროსთან დაბერგილი შემოსავალი 200 ლარს შეადგენდა. 4.13.1. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია 2018 წლის 25 დეკემბრის ცნობაშიც იყო მითითებული, რომლის დანართიდანაც დგინდებოდა, რომ ზემოხსენებული 200 ლარი მოპასუხეს ნ------------–---- გადაუხადა. 4.14. თუმცა, თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს მ–------–-----ის მიერ გაცემული ცნობიდან ჩანს, ამ საწარმომ მოპასუხესთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება 2019 წლის იანვრის თვიდან „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“ შეწყვიტა. 4.14.1. რადგან ხელშეკრულება 2019 წლის იანვრიდან შეწყდა, ცხადია, იგი 2018 წელს მოქმედი იყო და მის საფუძველზე მოპასუხე შემოსავალს იღებდა, რომელიც გადახდის წყაროსთან უნდა დაბეგრილიყო. 4.14.2. ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 21 მაისის ცნობას არ შეიცავს, ე.ი. ცნობა მოპასუხის შემოსავლებს სრულად არ ასახავს. 4.15. სს ს----------–---------ს ანგარიშიდან ამონაწერი კი ამტკიცებს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოპასუხე, მხოლოდ, საბანკო ვალდებულების შესასარულებლად, ყოველთვიურად, 1100-დან 1300 ლარამდე თანხას იხდიდა და, ამ პერიოდში, მის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხამ, ჯამში 55 333 ლარი შეადგინა. 4.16. ამრიგად, ნათელია, რომ 2018 წელს მოპასუხეს, ყოველ შემთხვევაში, 55 333 ლარის შემოსავალი მაინც ჰქონდა. 4.17. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მომსახურების სააგენტოში მოპასუხის საკუთრებად 11 სხვადასხვა დასახელების ავტომობილია რეგისტრირებული. 4.17.1. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები მოპასუხეს არ ეკუთვნის, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.17.2. პალატის აზრით, მხოლოდ, შპს მ–------–-----ის მიერ გაცემული ცნობით იმის დადგენა, რომ ავტომობილები, სინამდვილეში, სხვა პირის საკუთრებაა, შეუძლებელია. 4.17.3. თუმცა, ასეც რომ იყოს, აღნიშნული ცნობა მხოლოდ ორ ავტომობილს ეხება და დანარჩენი 9 ავტომობილის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს. 4.18. მოპასუხეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება სხვა პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც კანონით ეკისრება. 4.19. ამ ვითარებაში, პალატის აზრით, მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, 700 ლარის გადახდა სავსებით ხელეწიფება. 4.20. პალატას მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების წინაშე მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ვერ მოახდენს (შდრ. სუსგ: ას-1356-1194-2010, 4 მარტი, 2011 წელი, ასევე სუსგ: №ას-326-311-2016, 30 ივნისი, 2016 წელი); 4.20.1. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სს ს----------–---------ს წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება მოპასუხეს უკვე შესრულებული აქვს. 4.20.2. თუმცა ასეც რომ არ იყოს, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი როგორც ალიმენტის გადასახდას, ისე საბანკო ვალდებულებების შესრულებასა და მისი პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც უზრუნველყოფს. 4.21. ამიტომ, მოპასუხეს ალიმენტის სახით, დამატებით, 700-250=450 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ-- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ლ-- ჩ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ლ-- ჩ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ლ---- კ------ეს შვილის - 2----–-–------------------- დაბადებული მ------ კ------ის სასარგებლოდ, დამატებით, უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ლ---- ჩ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ორივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, (450X12X7%)/2=189 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ლ-- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ლ-- ჩ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ლ-- ჩ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ლ---- კ------ეს შვილის - 2----–-–------------------- დაბადებული მ------ კ------ის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე;
5. ლ---- ჩ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 189 ლარის ანაზღაურება, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300 183 150;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან გამოცხადების თარიღი უცნობია, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე