განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310118002723883
საქმე №3ბ/291-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე - გ-----------------–---–ი;
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადსაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ-----------------–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 (ერთი ათასი) ლარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ-----------------–---–ზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გ-----------------–---–ი სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” რექტორის 2011 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით მიღებული იქნა პირობით, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე, 2014 წლის 13 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე, და მასთან დაიდო სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი;
სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მიღებული გ-----------------–---–ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით ჩაითვალა გაწვეულად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2011 წლის 19 სექტემბრიდან;
კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.1. - 2.2. პუნქტების მიხედვით, სამხედრო სამსახურის ვადა მოიცავს პირობით სწავლის პერიოდის, მსმენელად ყოფნის შემდგომი პერიოდის და შემდგომი სამხედრო სამსახურის ვადის (6 წელი) ჯამს (ეს ქვეპუნქტი გამოიყენება, თუ პირი, პირობით სწავლის პერიოდის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხა აკადემიაში) ან პირობით სწავლის პერიოდის, შემდგომში სამხედრო სამსახურის 1-ლი ეტაპის (3 წელი - აკადემიაში სწავლა) და მე-2 ეტაპის ვადის (6 წელი) ჯამს (ეს ქვეპუნქტი გამოიყენება, თუ პირი, პირობით სწავლის პერიოდის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ჩაირიცხება აკადემიაში); ამ კონტრაქტის მოქმედება იწყება პირის მსმენელის სტატუსის გარეშე აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან;
კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
კონტრაქტის 6.11.3. ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურის სურვილით კონტრაქტის შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებად განიხილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული იმ მიზეზებით (ასეთი არსებობის შემთხვევაში), რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს მოსამსახურის ვადამდე დათხოვნას მხარეთა შეთანხმებით.
სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” 2011 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მიღებული გ-----------------–---–ი გადაყვანილი იქნა ბაკალავრიატის სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე 2011 წლის 9 ნოემბრიდან;
სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” 2012 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებით მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მიღებულ გ-----------------–---–ს მიენიჭა მსმენელის სტატუსი;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 2013 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებით სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსის მსმენელი გ------- თ-------–---–ი 2013 წლის 28 სექტემბრიდან ჩაითვალა კურსდამთავრებულად;
სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” 2014 წლის 2 სექტემბრის ბრძანებით გ------- თ-------–---–ი ამოირიცხა მსმენელთა სიიდან და ჩაირიცხა იუნკერთა სიაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან;
სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ის” 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანებით გ-----------------–---–ი ჩაითვალა საბაკალავრო სკოლის კურსდამთავრებულად 2015 წლის 21 აგვისტოდან და ამოირიცხა იუნკერთა სიიდან;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით ლეიტენანტი გ-----------------–---–ი 2015 წლის 2 სექტემბრიდან დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–-------–-----------------------------------–------------–---------–---–------------------–----–-------–----ის ჯგუფის მსმენელად;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 4 მარტის ბრძანებით ლეიტენანტი გ-----------------–---–ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-----------–-------------------------------------------–----------–------------–--------–--–--------------–-------–----–ის მეთაურად;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 4 მარტის ბრძანებით უფროსი ლეიტენანტი გ------- თ-------–---–ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–-----------–-------------------------------------------–----------–------------–--------–--–--------------–-------–----–ის მეთაურად;
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით უფროსი ლეიტენანტი გ-----------------–---–ი დაინიშნა ს----------–----–-------------–-----–---------------–-----------–---------–------------------------–----------–------------–--------–--–--------------–-------–----–ის მეთაურად;
გ-----------------–---–მა 2018 წლის 24 სექტემბერს პატაკით მიმართა 1-ლი ქვეითი ბრიგადის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს; ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; გაცნობილია კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს, რაზეც თანახმაა;
2018 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გ-----------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლოს მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს, სსიპ ,,დ-----------–------–--------–-----------------–--------------–---------–------------ასა” და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 728 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით მისაღებ პირებთან გასაფორმებელი" ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა გ-----------------–---–მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------- თ-------–---–მა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გ-----------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და გ-----------------–---–თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, გათავისფლდეს სამხედრო სამსახურიდან).
კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლდა და მასთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 28 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;
კონტრაქტის მიხედვით, 28 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).
სასამართლოს განმარტებით, მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით და სურვილით.
სასამართლოს მითითებით, როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იმსახურა 7 წელი; 3. სამსახურებრივ მოვალეობათა პირნათლად შესრულების გამო ხდებოდა მისი დაწინაურება სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გზით.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვრულიყო 1 000 ლარით.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს: კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას არ გამოიკვლია სწორედ ეს გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დასდებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
აპელანტი მიუთითებს სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გასათვალისწინებლია ორი მნიშვნელოვანი გარემოება: 1) ხელშეკრულების მონაწილე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაზე, 2) თავად სასამართლო მიიჩნევს დადგენილად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტს.
აპელანტი ასევე მიუთითებს ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის N238 დადგენილების მე-18 თავზე, რომლითაც გათვალისწინებულია ფინანსური პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. მითითებული თავის მე-4 პუნქტი ფინანსურ პასუხისმგებლობაში ცალ-ცალკე განსაზღვრავს ჯარიმასა და პირგასამტეხლოს. აპელანტს მოსაზრებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სსკ-ის 420 მუხლის გამოყენება უსაფუძლოდ მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრება თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძვლები, რაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის, სრულად დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე მიღებულად, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში არ დაურღვევია კანონი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე - 394-ე მუხლებით დადგენილ საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადაოდ ხდის კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას იმ მოტივით, რომ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა განისაზღვრება თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ამავდროულად სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტიელებაზე (საქმე Nბს-880-876(კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას და პირგასამტეხლო 28 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი რამაც განაპირობა კონტრაქტის შეწყვეტა.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. სააპელაციო სასამართლო სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის შემცირებას.
აქვე საპელაციო სასამართლო განმარტავს, ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ნინო ქადაგიძე