განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
330210018002468728
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002468728

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7590-18 30 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – თამარ ალანია

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

წარმომადგენელი - ოთ-----------–-ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ად---ა“

 

წარმომადგენელი - მა---------–-–--ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ად---ას“ წინააღმდეგ მიმართა და მისთვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა (ჯამში 19 339.54 ლარი) მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ად---ას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 2012 წლის 2 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 3 516.13 ლარის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის, ხოლო, 2015 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 400 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა დაეკისრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს „ად---ას“ მიმართ 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2012 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც მეიჯარეს და შპს „ად---ას“, როგორც მოიჯარეს შორის იჯარის ხელშეკრულება #7 დაიდო, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგნად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანზე რიცხული უძრავი ქონებების გარკვეულ ფართზე შეთანხმებული რაოდენობით მოპასუხის სავაჭრო აპარატების განთავსება განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო (სარგებლობაში გადაცემის) ქირად თითოეულ განსათავსებელ აპარატზე თვეში 60 ლარი განისაზღვრა. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარე წერილობითი სახით მიიღებდა, სადაც დარღვევის გამოსწორების ვადა და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა იქნებოდა მითითებული (საიჯარო ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში - წლიური საიჯარო ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) (ს.ფ. 26-29, 30, 31, 32-33).

 

6. 2015 წლის 14 იანვარს მხარეთა შორის შეთანხმება 2012 წლის 2 ივლისის საიჯარო ხელშეკრულება #7-ზე დაიდო, რომლის თანახმადაც 2012 წლის 2 ივლისის #7 საიჯარო ხელშეკრულების მე-6 მუხლში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა (ს.ფ. 35-36).

 

7. მოპასუხის მიერ 2012 წლის 2 ივლისის #7 იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა, რის გამოც მას დავალიანება მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის - 3 516.13 ლარის და პირგასამტეხლოს 9 576.05 ლარის ოდენობით, დაერიცხა (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

8. 2015 წლის 14 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც მეიჯარეს და შპს „ად---ას“, როგორც მოიჯარეს შორის იჯარის ხელშეკრულება #1 დაიდო, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგნად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანზე რიცხული უძრავი ქონებების გარკვეულ ფართზე შეთანხმებული რაოდენობით მოპასუხის სავაჭრო აპარატების განთავსება განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, საიჯარო (სარგებლობაში გადაცემის) ქირად თითოეულ განსათავსებელ აპარატზე თვეში 100 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდების ჩათვლით, განისაზღვრა. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა დაკისრებოდა (ს.ფ. 20-24, 25).

 

9. მოპასუხის მიერ 2015 წლის 14 იანვრის #1 იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა, რის გამოც მას დავალიანება მოსარჩელის მიმართ ძირი თანხის - 400 ლარის და დარიცხული პირგასამტეხლოს - 1 501.40 ლარის ოდენობით დაერიცხა (მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

10. 2014 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

1. შს სამინისტროსა და შპს „ად---ას“ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების (2011 წლის 01.11.11; 2012 წლის 2 ივლისის #6; 2012 წლის 2 ივლისის #7; 2013 წლის 20 ნოემბრის #10) პირობების შეუსრულებლობის გამო შპს „ად---ას“ საიჯარო დავალიანება (პირგასამტეხლოს ჩათვლით) 2014 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით 54 599.13 ლარის ოდენობით, წარმოეშვა;

 

2. შპს „ად---ა“ იღებს პასუხისმგებლობას ზემოაღნიშნული თანხა (54 599.13 ლარი) 2015 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 01 იანვრამდე (24 თვის განმავლობაში) თანაბარ წილად ყოველ თვე 2 274.96 ლარი, არაუგვიანეს მიმდინარე თვის 25 რიცხვისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტში თანხის გადარიცხვიდან (გადახდიდან) 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაიხადოს;

 

3. შპს „ად---ას“ მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება (ს.ფ. 18-19).

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე #2/39787-16 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ად---ას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ად---ას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 72 486 ლარის გადახდა დაეკისრა საიდანაც ძირი თანხაა 65 548.17 ლარი, ხოლო ჯარიმა - 6 938.31 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2014 წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ად---ას“ შორის შეთანხმების აქტი შედგა, რომლის საფუძველზე შპს „ად---ამ“ ზემოთ მოყვანილი იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებები 54 599.13 ლარის ოდენობით აღიარა და იკისრა ვალდებულება აღნიშნული თანხა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 იანვრამდე, ყოველთვიურად 2 274 ლარის ოდენობით, გადაეხადა. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს „ად---ას“ მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა (ს.ფ. 54-60).

 

12. მოპასუხემ წინამდებარე დავაში აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ დაეთანხმა 2015 წლის 14 იანვრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 400 ლარისა და 2012 წლის 2 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 3 516.13 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს (მოპასუხის ახსნა-განმარტება).

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილია გასაჩივრებული, რომლითაც მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. შესაბამისად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა, პალატის შესაფასებელ გარემოებათა წრეს შპს „ად---ასთვის“ 2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით საიჯარო ქირის - 2 274,96 ლარისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს 2 071 ლარის დაკისრებაზე უარის თქმისა და მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე #2/39787-16 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შპს „ად---ას“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ად---ას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 72 486 ლარის გადახდა დაეკისრა საიდანაც ძირი თანხაა 65 548.17 ლარი, ხოლო ჯარიმა - 6 938.31 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ ნაწილობრივ გაუქმდა და შპს „ად---ას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, დამატებით პირგასამტეხლო 5 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

 

ამასთან, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა რომ, 2014 წლის 30 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ად---ას“ შორის შეთანხმების აქტი შედგა, რომლის საფუძველზეც შპს „ად---ამ“ იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებები 54 599.13 ლარის ოდენობით აღიარა და იკისრა ვალდებულება გადაეხადა აღნიშნული თანხა 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 4 იანვრამდე, ყოველთვიურად 2 274 ლარის ოდენობით. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს „ად---ას“ მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0.2%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაკისრებოდა. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არსებითად აქვს ნამსჯელი, შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნას ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია შპს „ად---ასთვის“ 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით საიჯარო ქირის იანვრის თვის საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისთვის იანვრის საიჯარო ქირა ვადამოსულ მოთხოვნას არ წარმოადგენდა. პალატა უპირველესად განმარტავს, რომ მოცემულ მოთხოვნის საფუძველი უკვე განხილული დავის იდენტურია, კერძოდ ამ შემთხვევაშიც მხარე იგივე მხარეს, იდენტური ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავასთან მიმართებით ედავება. ის გარემოება, რომ მოთხოვნა სარჩელის აღძვრის დროს ვადამოსული არ იყო დასაბუთებულ შედავებას არ წარმოადგენს ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებით დაძლევას უკავშირებს, განსახილველ შემთხვევაში კი, სწორედ აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოსთვის იმ გარემოების დადასტურება, რომ იანვრის თვის საიჯარო ქირის მოთხოვნის შესაძლებლობა სასამართლოში უკვე განხილული დავის ფარგლებში, ობიექტურად არ გააჩნდა, კერძოდ მას უნდა ედასტურებინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლების გამოყენება და მოთხოვნის გაზრდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამგვარი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს აპელანტის მოსაზრება და სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილოს.

 

14. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ ცნობასა და მის შემცირებას, ამ ნაწილშიც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების ბრალეული დარღვევა. ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის ზიანის მიყენების მიუხედავად, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მისმა ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლო აქცესორული ბუნებისაა. მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე. შესაბამისად, მაშინ როდესაც არ არსებობს ვალდებულების დარღვევა, ვერც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები იარსებებს.

 

პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს ვალდებულების დარღვევა/შეუსრულებლობა სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მისი ოდენობა სადავოდ იყო გამხდარი. მოდავე მხარეთა შორის 2012 წლის 2 ივლისის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 9 576.05 ლარი, ხოლო, 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინაზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1 501.40 ლარს შეადგენდა. პალატა მიიჩნევს, რომ ძირითადი ვალდებულების მოცულობის, შინაარსის (მოსარჩელის ტერიტორიაზე სავაჭრო მანქანების დადგმა), დარღვევის ხასიათის, ზიანის არარსებობისა და იმ გარმეოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული დისკრეცია მართებულად იქნა გამოყენებული და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

15. სამოქალაქო სამართალში პროცესის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ჯეროვანი შედავების წარდგენით უნდა დაედასტურებინა გარემოება მასზედ, რომ იმ დავის ფარგლებში, რომელიც იგივე დავის საგანზე მიმდინარეობდა, აპელანტ მხარეს არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა იანვრის თვის საიჯარო ქორის გადახდის თაობაზე მოთხოვნაც დაეყენებინა. აღნიშნული მტკიცების წარმატებით განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა არ დაირღვეს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეთა შორის არსებული ბალანსი, რომელიც შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციითაა განმტკიცებული და ამავე დროს, საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი სასამართლოს საბაზისო ელემენტების განხორციელებას, როგორებიცაა: საქმის გაჭიანურების, სასამართლო გადატვირთულობის თავიდან აცილებისა და საქმის ეკონომიურობის პრინციპზე დაყრდნობით განხილვა. გარდა ამისა, მეორე მოთხოვნასთან მიმართებით აპელანტს უნდა ემტკიცებინა, რომ მათ მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ იყო, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცბეის ტვირთი ვერ დასძლია, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე და 46-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ ალანია