განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002585520
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7457-18 30 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - სს „უნ--------–-------------–-----–------ი“
წარმომადგენელი - ლე-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ თბ--–-----------------------–ი“
წარმომადგენელი - თა------------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „უნ--------–-------------–-----–------მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „თბ--–-----------------------–ის“ წინააღმდეგ მიმართა და მისთვის პირგასამტეხლოს სახით 16 250 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „თბ--–-----------------------–ს“ სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ მიმართ 500 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სს „უნ--------–-------------–-----–------მა“ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. შპს „თბ--–-----------------------–სა“ (შემსყიდველი) და სს „უ---------–------------–-----–------ს“ (მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 5 დეკემბერს სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების საგანს მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის პაციენტებისთვის სხივური თერაპიით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. მომსახურების განხორციელების ვადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ წელს შეადგენდა (ს.ფ. 15-17).
6. „სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „თბ--–-----------------------–ს“ სს „უნ--------–-------------–-----–------ისთვის“ პაციენტთა მომსახურება არ დაუკვეთია (მხარეთა ახსნა-განმარტება).
7. მხარეთა შორის ხელშეკრულების 5.3.5 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველმა“ ვალდებულება იკისრა „მიმწოდებელისთვის“ ყოველთვიურად არანაკლებ 5 პაციენტის მომსახურება დაეკვეთა. ერთი თვის მანძილზე, 5-ზე ნაკლები დაკვეთის შემთხვევაში „შემსყიდველს“ „მიმწოდებელისთვის“ თითო დაკლებულ დაკვეთაზე 250 ლარი უნდა გადაეხედა. გადახდა არაუგვიანეს მიმდინარე თვის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა (ს.ფ 15-17, 18).
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ ოდენობამდე (500 ლარი) მართებულად შემცირდა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილია გასაჩივრებული, რომლითაც მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სრული ოდენობით (16 250 ლარი) დაკისრებაზე უარი ეთქვა. შესაბამისად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა, სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელ გარემოებათა წრეს პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის დადგენა წარმოადგენს.
კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისგან გამიჯნოს პირგასამტეხლოსა და ერთიანი თანხის სახით ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო შეიძლება არამარტო პერიოდულად გადასახდელი თანხის სახით, არამედ ერთიანი თანხის სახითაც არსებობდეს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის იდენტიფიცირება, თუ რა დანიშნულება აქვს ერთიან თანხას, რომელსაც მხარეები ვალდებულების დარღვევისთვის აწესებენ. თუ ერთიანი შეთანხმებული თანხის სახით მხარეები იმ ზიანის ოდენობის ანაზღაურებას ისახავენ მიზნად, რომელსაც ჰიპოთეტურად ხელშეკრულების მეორე მხარეს ხელშეკრულების დარღვევით შეიძლება მიადგეს, მაშინ ზიანის ანაზღაურების სახით ერთიანად დაწესებული თანხა პირგასამტეხლოდ არ მიიჩნევა, ხოლო თუ აღნიშნული სახეზე არ არის მაშინ იგი პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული და მასზე სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის რეგულაციაც უნდა გავრცელდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, მოპასუხე მხარემ თითო დაკლებულ დაკვეთაზე მოსარჩელისთვის 250 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა (ს.ფ. 16). ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების საგანს მოსარჩელისთვის პაციენტის გაგზავნა და არა პაციენტის მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებამდე მისვლა/მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ვინაიდან მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა (მიუხედავად მათი გაგზავნისა) არა მოპასუხის არამედ ყოველი გაგზავნილი პირის გადასაწყვეტია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ყოველ დაკლებულ პაციენტზე 250 ლარის გადახდა პირგასამტეხლოს და არა ზიანის ანაზღაურების ფუნქციას ატარებდა, კერძოდ, სადავო დათქმა მოპასუხე მხარეს ასტიმულირებდა მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულებაში რაც შეიძლება მეტი პაციენტი გაეგზავნა.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება შესაძლო ზიანს აღემატებოდეს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
9. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს.ფ. 15-17).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების შეუსრულებლობა სადავოდ არ არის, შეფასების საგანს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება წარმოადგენს. შესაბამისად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა.
10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოსარჩელე მიუთითებს, თუმცა არც წარმოდგენილი ახსნა- განმარტებით და არც საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. რაც შეეხება ვალდებულების არსს, სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეზღუდულია ხელშეკრულების პირობების შინაარსობრივ განხილვაში შევიდეს, თუმცა ფაქტობრივი დასაბუთების კუთხით მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოპასუხე მხარის ნებელობის სფეროში სრულად არ ექცეოდა. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესში.
სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, ხელშეკრულების შესრულების არსი, მისი ღირებულება, ვალდებულების შესრულებაზე მოწინააღმდეგე მხარის სრული ნებელობის არარსებობა, ასევე გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
12. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არაგონივრული შემცირების მტკიცების ტვირთი აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია.
13. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების იმგვარი ხასიათის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რომელიც მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა. ვალდებულების დარღვევა თავისი ხასიათით უმნიშვნელო იყო ამიტომ, პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით 630 ლარია გადახდილი, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ გამოკვეთილა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „უნ--------–-------------–-----–------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია