განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
330210017002161893
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002161893

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7458-18 10 მაისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია

მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

წარმომადგენელი - თა-------–-ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ზ----“

 

წარმომადგენელი - ზვ-----------ძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჯარიმო სანქციის - 57 377.80 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს „ზ----მ“ ცნო სარჩელის მოთხოვნა 11 475.56 ლარის ნაწილში.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ზ----ს“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 11 475.56 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „სა-–-----–----------–----–-------------–-------ს“ შორის 2015 წლის 6 მაისს N---------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო. 2015 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულებები შპს „ზ----ს“ გადაეცა (ს.ფ. 16-27).

 

6. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია: ქ. თბილისში, და----------–-----–-----------------------------საკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება - 2 188 965.69 ლარს შეადგენდა. 2015 წლის 23 დეკემბერს ცვლილება შევიდა წინამდებარე ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულება - 2 387 703.41 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 210 კალენდარული დღით განისაზღვრა. 2015 წლის 10 დეკემბერს დადებული შეთანხმებით სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადა - 2015 წლის 30 დეკემბრით განისაზღვრა (ს.ფ. 16-27, 29-64).

 

7. 2016 წლის 26 თებერვლის N- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს 161 279.18 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა. 2016 წლის 26 თებერვლის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 22 თებერვალს 55 249.32 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული, 216 528.5 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმწოდებელს 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩაებარებინა და სამუშაოები 54 დღიანი ვადაგადაცილებით შესრულდა (ს.ფ. 16-27, 65-67).

 

8. 2016 წლის 07 მარტის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომ შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 07 მარტს 18 296.01 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა. 2016 წლის 07 მარტის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 07 მარტს 455 999.04 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 474 295.05 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმწოდებელს 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩაებარებინა, სამუშაოები 68 დღიანი ვადაგადაცილებით შესრულდა (ს.ფ. 16-27, 69-70).

 

9. 2016 წლის 19 მაისის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ზ----ს“ მიერ 2016 წლის 27 აპრილს 20 120.38 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა. 2016 წლის 19 მაისის N-- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2016 წლის 27 აპრილს 92 763.52 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა. ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 112 883.90 ლარის ღირებულების სამუშაოები მოპასუხეს 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, რომელიც 119 დღიანი ვადაგადაცილებით შესრულდა (ს.ფ. 16-27, 74-75).

 

10. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 16-27, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

 

11. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---------- ხელშეკრულების დარღვევისათვის (სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის) შპს „ზ----ს“ პირგასამტეხლო - 57 377.80 ლარის ოდენობით დაეკისრა.

 

12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „ზ----სთვის“, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---------- ხელშეკრულების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 11 475,56 ლარამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შემცირებული.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის 2015 წლის 6 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---------- ხელშეკრულება სამართლებრივად ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

13. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული (ს.ფ. 16-27).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი. ასევე მხარეები სრულად ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო საჩივრით აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მხოლოდ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობაა შედავებული. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ 11 478,56 ლარამდე შემცირების მართებულობის შემოწმება წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება იყო შეთანხმებული. კერძოდ, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ შპს „ზ----ს“ მიერ სამუშაოების შესრულების ვადები ერთ შემთხვევაში 54 ხოლო, მეორე შემთხვევაში 68 დღით დაირღვა, შესაბამისად ვალდებულების ვადის დარღვევამ საბოლოო ჯამში 119 დღე შეადგინა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულადაა შესრულებული, მათ შორის ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ არსებობს და შესრულების ნაკლის თაობაზე შემკვეთს პრეტენზია არ განუცხადებია. გარდა ამისა, აპელანტმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა დასაბუთებული ახსნა-განმარტება, გამტკიცებული რელევანტური მტკიცებულებებით, რითიც მათ ვადაგადაცილების შედეგად ზიანი მიადგათ. მართალია, პირგასამტეხლოს დაკისრება ზიანის მიყენების მიუხედავად ხდება, თუმცა, ზიანის არსებობის ფაქტს დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობასთან მიმართებით შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

 

14. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ 0,02%-მდე შემცირებას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, მენარდის მიერ ვალდებულების უნაკლოდ შესრულება, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში შემსრულებლის (მენარდის) მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

 

15. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ აპელანტს ევალებოდა დაედასტურებინა, რომ მენარდის მიერ ვალდებულების 119 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისთვის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა 57377,80 ლარს შეადგენდა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება აპელანტმა მხარემ რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, კერძოდ საქმეზე სადავოდ არ გამხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ აპელანტს შესრულებული სამუშაოს მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა მასშტაბური იყო და ვადაგადაცილებას აპელანტისთვის ზიანი არ გამოუწვევია. შესაბამისად, ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრება არა მოსარჩელის გამდიდრებას არამედ, ხელშეკრულების შემდგომი დარღვევების პრევენციასა და ნაკისრი ვალდებულების დროული/ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმს წარმოადგენს, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად შემცირდა.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე

ქეთევან მესხიშვილი