განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2019
საქმის ნომერი
330310018002454943
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310018002454943

საქმე №3ბ/2460-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ონიანი

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ბალ----------------------ლ

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მარიამ ქაშაკაშვილი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ბალ----------------------ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. ბალ----------------------ლი (დაბადებული 1989 წლის 30 მაისს) არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

 

2.2.2. 2018 წლის 19 მარტს შპს „ტოტის“ დირექტორს ტარიელ აბაშიძესა და ბალ----------------------ლს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბალ----------------------ლი კომპანიაში დასაქმდა მუშის თანამდებობაზე. ხელშეკრულება მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული კონკრეტული აქტივობის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ტოტის“ უფიქსირდება სამეწარმეო აქტივობა (დეკლარაციების წარმოდგენა, გადასახადების გადახდა, საბაჟო ოპერაციები, გამოწერილი/მიღებული ზედნადებები, დასადასტურებელი და დადასტურებული გამოწერილი/მიღებული ანგარიშ- ფაქტურები, დასადასტურებელი და დადასტურებული მიღებული სპეც. ანგარიშფაქტურები).

 

2.2.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 27 მარტის N1000600874/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა ბალ----------------------ლისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის №SSG 7 18 00058189 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ბალ----------------------ლისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.04.2018 წლის N1000600874 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბალ----------------------ლის განცხადება და უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის" მე-13 მუხლზე და მიიჩნია, რომ სააგენტომ მოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად შეამოწმა ბალ----------------------ლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, მიიღო მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

 

2.3.2. სასამართლომ დამატებით მიუთითა ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე, მე-6, მე-7 მუხლებზე და მიიჩნია, რომ უცხოელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. გარდა ამისა, თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს მაშინ, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას აქვს შესაძლებლობა, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, თანამდებობის პირის (ადმინისტრაციული ორგანოს) დისკრეციული უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ.

 

ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის SSG 7 18 00058189 წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილება ან/და იმ მიზნის უგულებელყოფა, რის მისაღწევადაც მას მინიჭებული აქვს იგი. სააგენტომ აღნიშნული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება. სასამართლომ მიუთითა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის SSG 7 18 00058189 წერილში ასახულ უარყოფით დასკვნას საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომლებიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ამდენად, ცალსახაა, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილების მოტივირება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

2.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.04.2018 წლის N1000600874 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ბალ----------------------ლის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ ე.წ. „უარყოფითი დასკვნის“ არსებობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უპირობოდ არ ართმევს უფლებას, დადებითად გადაწყვიტოს ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხი, რადგან შესაძლებელია არსებობდეს სხვა გარემოებათა ერთობლიობა, რომლებიც უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იძლევა.

 

აპელანტი მიუთითებს, საქართველოს მთავრობის N520 დადგენილების მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არსებითად არ იქნა გათვალისწინებული.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ბინადრობის უფლება პირდაპირ კავშირშია ოჯახის გაერთიანების პრინციპთან და შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთანაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, პირისთვის ბინადრობის უფლების არმინიჭება, თუ მას დეპორტაციის საფრთხე ემუქრება, წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. მოსარჩელეს სწორედ დეპორტაციის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან მას უკვე ეთქვა უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, შესაბამისად, ბინადრობის უფლების გარეშე იგი არის რისკის ქვეშ, რომ მოხდება მისი დეპორტაცია წარმოშობის ქვეყანაში - ინდოეთში, რის გამოც მას დაერღვევა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. საჩივარში მითითებულია, რომ ბალ----------------------ლს საქართველოში ჰყავს და ორი არასრულწლოვანი შვილით, რომელთაც გააჩნიათ ბინადრობის ნებართვა და იღებენ დახმარებას მოსარჩელისგან.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.04.2018 წლის N1000600874 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და მოსარჩელისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას მოითხოვს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2.2. სააპელაციო პალატა განმარტავს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით, შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უპირველესად ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები და დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა;

 

ამრიგად, სახელმწიფოს დისკრეცია - იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ - შემოსაზღვრულია თავად კანონმდებილის მიერ ზემოაღნიშნული ინტერესების ურთიერთკავშირით, ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამგვარი არჩევანი გაცხადებული მიზნის კვალდაკვალ არ არის თვითნებური, გამორიცხავს ყოველგვარ დიფერენციაციას ნორმაში მითითებული ნიშნით და წარმოადგენს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მიღწევის დასაშვებ, პროპორციულ და აუცილებელ საშუალებას - საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უზრუნველყოფით სამართლებრივი გარანტიები შექმნას სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.

 

რაც შეეხება თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საქართველოს კანონმდებლობაში ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული მოქმედების არსებული შესაძლო ვარიანტები, ზოგადად, ყოველთვის შეესაბამება ლეგალურობის მოთხოვნებს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს კანონით წინასწარგანსაზღვრულ, ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებში შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიფერენცირების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა.

 

ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭება ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის განმსაზღვრელია, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.

 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელების საშუალების ერთ-ერთ სახედ კანონმდებელი ბინადრობის ნებართვას მიიჩნევს, რომელიც სააგენტოს მხრიდან გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე.

 

კანონის მე-15 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გაწერილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საფუძველები ამომწურავია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნორმით მითითებული საფუძველი შეიძლება გახდეს უარის თქმის წინაპირობა და ეხმიანება კანონით განსაზღვრულ მიზანს - სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

 

ამავდროულად, კანონმდებელი მუხლში მითითებული საფუძველის მიუხედავად ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გასცეს ბინადრობის ნებართვა, რაც კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების დაშვებაზე მიუთითებს.

 

საგულისხმოა, რომ კანონმდებელი იმავე მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრავს იმ კრიტერიუმების ამომწურავ ჩამონათვალს, თუ რას მოიცავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).

 

იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.

განსახილველ შემთხვევაში სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ეთქვა უარი აპელანტს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის SSG 7 18 00058189 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბალ----------------------ლისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება.

 

5.2.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე", რომლის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

5.2.4. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს სწორედ კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად.

 

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ანავე კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

 

სააპელაციო პალატა, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, მისი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

 

5.2.5. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში ანიჭებს უფლებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ადასტურებს, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეამოწმა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, სააგენტოს უარი აპელანტისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების გამოყენებით, შეესაბამება კანონმდებლობას. ამდენად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საკითხი პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითების ოჯახის ერთიანობის პრინციპის დარღვევაზე, რამდენადაც აღნიშნული პრინციპის გამოყენება, კონკრეტულ შემთხვევაში, შეიზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბალ----------------------ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე თამარ ონიანი

 

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

 

გიორგი ტყავაძე