განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.04.2019
საქმის ნომერი
330310017001902761
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001902761

საქმე №3ბ/681-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თამარ ონიანი

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ხა-------------ძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - ლა–---------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თე-----------–---–ი

წარმომადგენელი - ან---------ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტების მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით თე-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1---- ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №0----- დადგენილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თე-----------–---–ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. 2006 წლის 25 ოქტომბერს, ერთი მხრივ, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელს - ვა---–---–-----–--ლს და, მეორე მხრივ, თე-----------–---–ს შორის გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება (რეესტრი N1-5---), რომლის საფუძველზეც, თე-----------–---–ს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა ქ.თბ--–--–-------------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი-სათავსო, ფართით 16 კვ.მ.

 

საჯარო რეესტრიდან 2006 წლის 25 ოქტომბრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ჭო---------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01-------------, ფართი - 16.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თე-----------–---–ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულება N1-5---, გაფორმების თარიღი: 25/10/2006, ნოტარიუსი ლ. ქ----–---.

 

2.2.2. თამ--------–--მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირი - თე-----------–---–ი. მოსარჩელემ 2006 წლის 25 ოქტომბრის N1-5--- არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით თამ--------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 25 ოქტომბრის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება.

 

გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

 

2.2.3. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თე-----------–---–ის მიმართ 2016 წლის 25 ივლისს შეადგინა №0----0 მითითება, რომლითაც დადგენილია, რომ თბილისში, ჭო-----------ის მიმდებარედ სახელმწიფო ტერიტორიაზე აშენებულია კაპიტალური დამხმარე ნაგებობა (ავტოფარეხი). დარღვევის გამოსწორების მიზნით თე-----------–---–ს დაევალა ჩატარებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. ამავე მითითებით დარღვევის გამოსწორების ვადად განესაზღვრა 25 კალენდარული დღე.

 

2.2.4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 26 სექტემბერს თე-----------–---–ის მიმართ შედგა №0----- შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ თე-----------–---–მა არ შეასრულა 2016 წლის 25 ივლისს გაცემული მითითებით გათვალისწინებული პირობები.

 

2.2.5. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ 2016 წლის 25 ნოემბერს მიღებულ იქნა №0----- დადგენილება, რომლითაც თემო ქადაგიშვილი დაჯარიმდა 10.000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, ჭო-----------------ის მიმდებარედ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური დამხმარე ნაგებობის (ავტოფარეხის) მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით თე-----------–---–ს დაევალა თბილისში, ჭო-----------------ის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობის (ავტოფარეხი) დემონტაჟი.

 

2.2.6. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №0---- დადგენილება თემო ქადაგიშვილმა 2016 წლის 22 დეკემბერს №447890-15 ადმინისტრაციული საჩივრით გასასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1---- ბრძანებით თე-----------–---–ის 2016 წლის 22 დეკემბრის №447890-15 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №0----- დადგენილება.

 

2.2.7. საჯარო რეესტრიდან 2017 წლის 07 აგვისტოს ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ჭო-----------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 16.12 კვ.მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თე-----------–---–ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საკუთრების უფლების მოწმობა N1---, დამოწმების თარიღი: 27/07/2017, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის მე-15 მუხლზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ, ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

 

2.3.2. სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 4.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მშენებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს - ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ხოლო ამავე დადგენილების 4.2 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია: ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 65.1. მუხლი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა(გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ I კლასს განეკუთვნება: 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა.

 

სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

 

2.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლოს განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. კანონის ეს დანაწესი კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თე-----------–---–ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, თე-----------–---–ს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა ქ.თბ--–--–-------------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი-სათავსო ფართით 16.კვ.მეტრი, აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრიდან 2006 წლის 25 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: თბი-–-------------------------, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01-------------, ფართით: 16.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო თე-----------–---–ის სახელზე. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც თამ--------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 25 ოქტომბრის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება, თუმცა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის, გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რის გამოც დაუშვებელი იყო ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული, რა შეფასება მიეცა დასახელებულ მტკიცებულებებს და აღნიშნულზე მხარის განმარტებას, არ არის დასაბუთებული, რატომ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ სანამ არ გადაწყდებოდა ავტოფარეხის კანონიერების საკითხის შესწავლა (ავტოფარეხის კანონიერების საკითხი იხილება სასამართლოში), რამდენად იყო უფლებამოსილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, დაეწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ისეთ პირობებში, როდესაც თე-----------–---–ს ქ.თბ--–--–-------------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი-სათავსო ფართით- 16.კვ.მეტრი ჯერ კიდევ 2006 წლის 25 ოქტომბრის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა უსასყიდლო საკუთრებაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი უნდა ყოფილიყო ის გარემოება თე-----------–---–ი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე წარმოადგენდა თუ არა სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტს, მისი მხრიდან სახეზე იყო თუ არა ბრალეული ქმედება, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რამეთუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ, ხოლო გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მარტოოდენ იმის მითითება, რომ სადავო ნაგებობის ფლობა-სარგებლობა და სამომავლოდ მისი კანონიერ ფარგლებში მოქცევის ფაქტი დაადასტურა მოსარჩელე მხარემ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ვერ იქნება მიჩნეული იმ გარემოების დადგენის საკმარის საფუძვლად, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტის განსაზღვრა მოხდა სწორად. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თე-----------–---–ი სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნეული იქნა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10000(ათი ათასი) ლარით, თუ უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია წარმოებულია სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აღნიშნული მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს დაჯარიმებას 8000(რვა ათასი) ლარით, თუ უნებართვო მშენებლობა წარმოებულია კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ჭონქაძე №10-ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 16.12 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, დღეის მდგომარებით საკუთრების უფლებით აღრიცხულია თე-----------–---–ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საკუთრების უფლების მოწმობა N1---, დამოწმების თარიღი: 27/07/2017, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვისას, თუკი სათანადო მსჯელობის შედეგად ადმინისტრაციული ორგანო მივა დასკვნამდე, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი და თე-----------–---–ი უშუალოდ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტს,- ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა იმსჯელოს იმის თაობაზე, თე-----------–---–ის მიერ ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით, თუ ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევას და ასევე იმსჯელოს კაპიტალური დამხმარე ნაგებობის(ავტოფარეხი) დემონტაჟი რამდენად არის შესაბამისობაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმებთან და აღნიშნული წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებულ, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებასთან, როდესაც როგორც აღინიშნა დღეის მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქუჩა ჭონქაძე №10 -ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 16.12 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თე-----------–---–ის სახელზე.

 

2.3.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკითხის ხელახალი განხილვისას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, თე-----------–---–ის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თე-----------–---–ის მიმართ, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

2.3.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 მარტის №1---- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს სასამართლოს განმარტებაზე, რომ „დღეის მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ჭონქაძე, N10-ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 16.12 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თე-----------–---–ის სახელზე.“ აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ უნდა შეამოწმოს დადგენილების კანონიერება, ანუ აქტის (დადგენილების) მიღების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, რამდენად შეესაბამება აქტი კანონს და ფაქტებს და არა სასამართლო განხილვისას არსებულ მდგომარეობას. სასამართლომ შეაფასა მტკიცებულება, რომელიც არ არსებობდა 2016 წლის 25 ნოემბრის N0----- დადგენილების მიღებისას. გასაჩივრებული დადგენილება მიღებული არის 2016 წლის 25 ნოემბერს, ხოლო უფლების დამდგენი დოკუმენტის დამოწმების თარიღი არის 2017 წლის 27 ივლისი. საკუთრების მოწმობის 2017 წელს გაცემა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მანამდე მასზე არსებული ნაგებობა იდგა სახელმწიფო მიწაზე.

 

აპელანტი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და აღნიშნავს, აქტის ბათილობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ნებისმიერი გადაცდომა, რომელიც დაშვებული იქნა აქტის მომზადებისა და გამოცემისას. კანონი ცალსახად განმარტავს, რომ აქტი ბათილია, თუ არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ მიუთითებს სასამართლო განხილვისას არსებული სიტუაციის გათვალისწინებაზე. სასამართლო კი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ შენობა დადგენილების მიღების დროს სახელმწიფოს მიწაზე დგას.

 

აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა აქტის გამოცემა, როდესაც სამართლებრივად შეუძლებელია პირდაპირ აქტის გამოცემა და მას წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელება (ობიექტის გადამოწმება), ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში მითითების გაცემა. მითითება არ არის აქტი, ის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და საჩივრდება დადგენილებასთან ერთად. აპელანტის მოსაზრებით, შეუძლებელია სასამართლოს მიერ დავალებული ქმედების განხორციელება, რადგან კანონმდებლობით მკაცრად არის დადგენილი, რა სახის აქტების გამოცემა შეუძლია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს. კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილი განსაზღვრავს, „თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.“ ჩამონათვალში არ არის მითითება წარმოების არდაწყების შესახებ აქტის მიღების შესაძლებლობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სარჩელში არ არის კონკრეტული მითითება და მსჯელობა იმ გარემოებაზე, რატომ ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს, კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

 

3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია სამუშაოების წარმოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვების გარეშე. ამდენად, თბილისში, ჭონქაძის ქ. N10-ის მიმდებარედ ადგილი აქვს უნებართვო მშენებლობას.

 

აპელანტი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილსა და 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, მიიჩნევს, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევის არსებობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, ვინ შეიძლება იყოს დამრღვევი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, მოსარჩელემ თავად დაადასტურა სადავო ნაგებობის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, სამომავლოდ მისი კანონიერ ფარგლებში მოქცევის სურვილი. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული ობიექტების მიმართ იკვეთება მოსარჩელის მიერ სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, რის გამოც მისთვის პასუხისმგებლობა სწორად იქნა დაკისრებული.

 

აპელანტი დამატებით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ იყო დალოდებოდა პრივატიზაციის ხელშეკრულების თაობაზე არსებული დავის დასრულებას, რადგანაც აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულება ეხება აბსოლუტურად სხვა ფართს, რომელიც არ შეეხება სადავო სამართალდარღვევას. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეს გადაეცა არასაცხოვრებელი ფართი და არა ავტოფარეხი. საჯარო რეესტრის ამონაწერებით (ს.კ. N01-------------; N0---------------) დასტურდება, რომ თე-----------–---–ის საკუთრებაშია ორი უძრავი ქონება, რომლებიც წარმოადგენს საკუთრების დამოუკიდებელ ობიექტებს. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა პრივატიზაციის ხელშეკრულება.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ აქტის კანონიერება უნდა შეამოწმოს მისი გამოცემის დროს (25.11.16 წ.) არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ფარგლებში, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანო წინსწრებად ვერ ივარაუდებდა იმას, რომ ზემოხსენებულ ტერიტორიაზე თე-----------–---–ი მოიპოვებდა საკუთრების უფლებას (07.08.2017).

 

აპელანტი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე N3ბ/1638-15), რომლითაც განმარტებულია, რომ აქტის კანონიერება მოწმდება მისი გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მითითებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (საქმე N3/4091–14) და განმარტა, რომ იმ პერიოდისთის, როდესაც ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება მხარის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, ობიექტი განთავსებული იყო სახელმწიფო ტერიტორიაზე და აქტის გამოცემის შემდეგ მისი კერძო საკუთრებაში მოქცევა ზედამხედველობის აქტის კანონიერებაზე ზეგავლენას ვერ იქონიებდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.2.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

5.2.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და თე-----------–---–ის სამართალდამრღვევად მიჩნევის კანონიერება.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობა უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით. პირმა მშენებლობის განხორციელებისათვის სათანადო წესით უნდა მოიპოვოს ნებართვა, ხოლო I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა საჭიროებს დადასტურებას. ამასთანავე, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას.

 

5.2.3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თე-----------–---–ის მიმართ 2016 წლის 25 ივლისს შეადგინა მითითება №0----- მასზედ, რომ თბილისში, ჭო-----------ის მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე აშენებულია კაპიტალური დამხმარე ნაგებობა (ავტოფარეხი). დარღვევის გამოსწორების მიზნით თე-----------–---–ს ჩატარებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება დაევალა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 26 სექტემბერს შედგენილ იქნა №001680 შემოწმების აქტი მასზედ, რომ თე-----------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 25 ივლისს გაცემული მითითებით გათვალისწინებული პირობები.

 

5.2.4. სადავო სამართალდარღვევის საქმის სწორად და კანონიერად გადაწყვეტის მიზნით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2006 წლის 25 ოქტომბერს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობისა და თე-----------–---–ს შორის გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება (რეესტრი N1-5---), რომლითაც თემო ქადაგიშვილს უსასყიდლო საკუთრებაში გადაეცა ქ.თბ--–--–-------------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი-სათავსო, ფართით 16 კვ.მ. საჯარო რეესტრიდან 2006 წლის 25 ოქტომბრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ჭო---------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01-------------, ფართი - 16.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თე-----------–---–ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულება N1-5---, გაფორმების თარიღი: 25/10/2006, ნოტარიუსი ლ. ქ----–---. მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით თამ--------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 25 ოქტომბრის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის №ბს-785-771 (კ-14) განჩინებაზე, რომელშიც „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფართის თ. თ-ის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი თავისთავად არ წარმოადგენს სანქციისაგან განთავისუფლების საფუძველს. უნებართვო მშენებლობის წარმოება როგორც პრივატიზებულ, ისე არაპრივატიზებულ ობიექტებზე იწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ოდენობით, ობიექტის სტატუსი არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველს. ამასთანავე, ვინაიდან სახელმწიფოს სახელზე ფართის საკუთრებაში აღრიცხვა და შემდგომში პრივატიზაცია მოხდა მიშენებული ფართის ჩათვლით, ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან ფართის კანონიერების აღიარებას, თ. თ-ის გონივრულ მოლოდინს, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა უნაკლო ნივთი, მისცა მას შესაძლებლობა მოეხდინა კანონიერი პროცედურით ქონების პრივატიზება, მით უფრო, რომ ნაგებობა არ ლახავს სხვა პირთა უფლებებს ან ინტერესებს.“ ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, განხორციელებული იყო თუ არა სადავო შენობის პრივატიზება. თუკი სახელმწიფომ გამოხატა ნება და პრივატიზება განხორციელდა უკანონო მშენებლობის ობიექტზე, აღნიშნული წარმოადგენს სამართალდარღვევისათვის პასუხიმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის სამართალდამრღვევად ცნობამდე და სანქციის შეფარდებამდე უნდა გაეთვალისწინებინა და შეეფასებინა პრივატიზაციის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, მათ შორის, გამოერკვია, რამდენად იყო იგი უფლებამოსილი დაეწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, როდესაც თე-----------–---–ს თბ--–--–-------------------------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი-სათავსო ჯერ კიდევ 2006 წლის 25 ოქტომბრის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა უსასყიდლო საკუთრებაში. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა შეაფასოს რამდენად წარმოადგენს სამართალდარღვევის სუბიექტს თე-----------–---–ი, რადგან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს მხოლოდ მაშინ ეკისრება, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. მეორე მხრივ კი, შესწავლილი, გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნას პრივატიზაციის ხელშეკრულება - სახელმწიფოს მხრიდან ფართის კანონიერად აღიარების თვალსაზრისით და იმავდროულად, რა ტერიტორიას მოიცავდა იგი.

 

5.2.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო აქტების შესაბამისად მოსარჩელე დაჯარიმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობისთვის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხსენებული ნორმის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობისათვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, სად არის ნაწარმოები უნებართვო მშენებლობა – სახელმწიფო საკუთრებაში თუ კერძო საკუთრებაში. ამდენად, აუცილებელია სამართალდარღვევის ზუსტი კვალიფიკაცია. განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია განისაზღვროს დღეის მდგომარეობით შენობა-ნაგებობა კერძო საკუთრებაში არის თუ არა, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სანქციის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. პალატა განმარტავს, კანონმდებლობა სანქციის ოდენობის განსაზღვრის კუთხით ერთმანეთისაგან განასხვავდებს მშენებლობა განხორციელდა სახელმწიფოს თუ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ დღეის მდგომარებით თბილისში, ქუჩა ჭონქაძე №10-ის მიმდებარედ, 16.12 კვ.მ. უძრავი ნივთი (ს.კ. №0---------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია თე-----------–---–ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საკუთრების უფლების მოწმობა N1---, დამოწმების თარიღი: 27/07/2017, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. ამდენად, თუკი ადმინისტრაციული ორგანო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის შემდეგ გამოარკვევს, რომ სახეზეა სამშენებლო სამართალდარღვევა, რომლის სუბიექტსაც წარმოადგენს თე-----------–---–ი, მან სანქციის დაკისრების თვალსაზრისით უნდა გაითვალისწინოს, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ქონება კერძო საკუთრებაშია მოქცეულია, რადგან „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დარღვევის გამოსწორება, ანუ სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოების არსებობა იწვევს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება (საქმეზე Nბს-785-771(კ14)).

 

5.2.6. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად წარმართვას კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

 

ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე თამარ ონიანი