განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.03.2019
საქმის ნომერი
140210017002068829
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№140210017002068829

საქმე №2ბ/2832-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი – მედეა წიკლაური

 

აპელანტი - ქ------- გ-------–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ბ---- კ--–-----ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ-------------ი’’ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ------- გ----ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და შვებულების ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ქ------- გ-------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს ,,ლ-------------ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა სს „ლ-------------ში“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 ივნისის №99ა.შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და დეკრეტული შვებულების ანაზღაურება.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ------- გ-------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ქ------- გ-------–---–სა და სს ,,ლ-------------ს“ შორის, 2011 წლიდან არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა;

 

6. 2016 წლის 1 ივლისს სს „ლ-------------სა“ და ქ------- გ-------–---–ს შორის გაფორმდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება №8408 და ქ------- გ-------–---–ი დაინიშნა შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის გორის №5 სერვის-ცენტრის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

 

7. მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2016 წელსაც, თუმცა სს „ლ-------------ის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 18 აპრილის №65 ა.შ ბრძანების მიხედვით, სს „ლ--------------ის“ მიერ გამოვლინდა გარკვეული სახის დარღვევები, სამუშაო პროცესში, საკითხის სრულყოფილად შესწავლის, არსებულ მტკიცებულებათა განადგურების შესაძლო საფრთხის აღკვეთის შემდგომი დარღვევების პრევენციის მიზნით, ქ------- გ-------–---–ს დროებით შეეზღუდა სამუშაოზე დაშვების უფლება და შეზღუდვის ვადა გაგრძელდა სამჯერ 2017 წლის 29 მაისამდე.

 

8. სს „ლ-------------ის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 2 ივნისის №99ა.შ ბრძანებით ქ------- გ-------–---–ი - სს „ლ-------------ის“ შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის, გორის ს/გ 5-ის მოლარე- ოპერატორი, 2016 წლის 1 ივლისს გაფორმებული №8408 ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და კორპორატიული სახელმძღვანელოთი ნაკისრი ვალდებულებების, ასევე ბანკში მოქმედი შემოსავალ-გასავლის ოპერაციების წარმოების პროცედურის, კლიენტის იდენტიფიკაციისა და სწრაფი სესხის გაცემისათვის დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევის გამო: 1. ბანკში კლიენტის ფაქტიური არყოფნის პირობებში, მათ სახელზე სწრაფი სესხის რეგისტრაცია; 2. სესხის დოკუმენტაციაზე ხელმოწერების ბანკის გარეთ დაფიქსირება; 3. ბანკში კლიენტების არყოფნის პირობებში, მათ ანგარიშზე შემოსავლის ოპერაციების შესრულება; 4. შესაბამისი სალაროს დოკუმენტაციის მომზადება და კლიენტების ნაცვლად ხელმოწერის შესრულება; 5. პროგრამული მომხმარებლის და პაროლების გადაცემა სხვა თანამშრომლისათვის, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 2 ივნისიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 30 მაისის შეტყობინების მიხედვით: მოლარე-ოპერატორს ქ------- გ-------–---–მა აღიარა, რომ ნ--- შ---------ისათვის გადაცემული ჰქონდა საკუთარი რს-ის მომხმარებელი და პაროლი.

ქ------- გ-------–---–ს ასევე დაუფიქსირდა მეუღლის, გ------- კ------–--ის ანგარიშზე კლიენტის ბანკში არყოფნისას სხვადასხვა ოპერაციები, კერძოდ:

- სამ შემთხვევაში გაცემული ჰქონდა სწრაფი სესხი;

- ოთხ შემთხვევაში ანგარიშიდან შესრულებული აქვს უნაღდო ოპერაცია (გადარიცხვა), საიდანაც 2.14.2017 წლის 2 ლარიან საგადასახადო დავალებაზე არ ფიქსირდება კლიენტის ხელმოწერა, ხოლო 8.10.2016 წლის 300 ლარიან საგადასახადო დავალებაზე ფიქსირდება მ------- გ-------–---–ის ხელმოწერა

- ორ შემთხვევაში კლიენტის სახელით შესრულებული აქვს შემოსავლის ოპერაცია (ერთ შემთხვევაში ოპერაცია დადასტურებულია მოლარის დ-------- კ--–---–---–ის მიერ) და ხემოწერა შესრულებულია ქ------- გ-------–---–ის მიერ.

- ერთ შემთხვევაში ქ------- გ-------–---–ს გაცემული ჰქონდა სესხი ნ--- შ---------ის შვილის სახელზე იდენტიფიკაციის გარეშე (კლიენტის ბანკში არყოფნისას) სადაც თავდებად დარეგისტრირებულია შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის მოლარე-ოპერატორი თ------- ხ----ე, რომელსაც არ აქვს თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი.

 

9. ქ------- გ-------–---–მა მის მიერ პირველი ახსნა-განმარტების მიცემისას უარყო მენეჯერისათვის პაროლისა და მომხმარებლის გადაცემის, ასევე სოციალური ავანსების გაცემის ფაქტები, ხოლო მეორედ მან მიუთითა, რომ თავისი პაროლი და მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია ნათქვამი ჰქონდა მენეჯერისათვის - ნ--- შ---------ისათვის, თუმცა აღნიშნული ფაქტი მან უარყო საქმის სასამართლოში განხილვისას და მიუთითა, რომ ნ--- შ---------ის თანდასწრებით ხშირად ხსნიდა ბანკის მომსახურების ელექტრონულ პროგრამას და თავისუფლად შეეძლო დაენახა და შემდეგ გამოეყენებინა მისი მონაცემები.

 

ნ--- შ---------ის ახსნა-განმარტების თანახმად, მისთვის მოლარე-ოპერატორს ქ------- გ-------–---–ს ნათქვამი ჰქონდა რს პაროლი და თავისი მომხმარებელი, რისი გამოყენებითაც ბენეფიციართა ანგარიშზე აფორმებდა სოციალურ ავანსებს, ზოგიერთ შეთხვევაში კი კლიენტთა ნებართვით სოციალური ავანსის თანხებს იღებდა თვითონ. ამასთან, გარკვეულ პირთა სახელზე მათი არყოფნის დროს გააკეთა სოციალური ავანსები.

 

10. სს „ლ-------------ის“ შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის მოლარე-ოპერატორის თ------- ხ----ის ახსნა-განმარტების მიხედვით 2017 წლის 29 აპრილს ქ------- გ-------–---–მა კომუნიკატორში მისწერა დაუდგებოდა თუ არა თავდებად 300 ლარიან სწრაფ სესხზე ნ--- შ---------ს, რაზედაც დასთანხმდა და გადაუგზავნა პირადი მონაცემები და ტელეფონის ნომერი, რომ მომხდარიყო სმს ვერიფიკაცია, თუმცა თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, შიდა აუდიტის მიერ ხელშეკრულების გამოთხოვის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ იყო ვ------- შ---------ის და არა ნ--- შ---------ის თავდები.

 

11. სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ქ------- გ-------–---–ის მიერ დისციპლინურ გადაცდომის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე ქ------- გ-------–---–ის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაადგინა. სააპელაციო საჩივარში აპელანტი სადავოდ ხდის ასეთი გადაცდომის ჩადენის ფაქტს და მიუთითებს, რომ სასამართლომ აღნიშნული ფაქტის არსებობა არასწორად დაადგინა.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას საქალაქო სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან და აპელანტის მხრიდან უხეში დარღვევის არარსებობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის საფუძველზეც აპელანტის მხრიდან გამოვლენილი დარღვევების ფაქტი მართებულად დაადგინა.

 

12. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ორი თვალსაზრისით ახდენს: მათი სარწმუნოობისა, თუ არა სარწმუნოობის თვალსაზრისით და ასევე, იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება მტკიცებულებათა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას გულისხმობს. ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. სასამართლოსთვის, ასევე მნიშვნელოვანია მოსარჩელისა თუ მოპასუხის დამოკიდებულება ამა თუ იმ მტკიცებულების წარმოდგენისა თუ მის წარმოდგენაზე უარის თქმის მიმართ.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და მათ სანდოობას სასამართლო თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე წყვეტს. არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს, შესაბამისად სამოქალაქო პროცესში, საქმის მასალებში დარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალის არარსებობა, ფაქტის დასადგენად საჭირო ერთადერთ მტკიცებულებას არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც, როგორც წესი, ფარული ვიდეო ჩანაწერი კანონის დარღვევით მოპოვებულ, და შესაბამისად დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების უარსაყოფად სარწმუნო არგუმენტები ვერ წარმოადგინა და ვერ დაასაბუთა. აპელანტ მხარეს მისთვის შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის ფარგლებში მინიჭებული თავდაცვის საშუალებები არ გამოუყენებია, მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული გადაცდომის არსებობის ფაქტს გააქარწყლებდა, შესაბამისად, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებები კვალიფიციურ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განჩინება საქმეზე Nას-33-29-2017 24).

 

13. სააპელაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილ სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის პროპორციულ საშუალებას წარმოადგენდა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა დასაქმებულის მიერ დაშვებული დარღვევები, კერძოდ: სამ შემთხვევაში გაცემული ჰქონდა სწრაფი სესხი, ოთხ შემთხვევაში ანგარიშიდან შესრულებული ჰქონდა უნაღდო ოპერაცია (გადარიცხვა), საიდანაც 2.14.2017 წლის 2 ლარიან საგადასახადო დავალებაზე არ ფიქსირდება კლიენტის ხელმოწერა, ხოლო 8.10.2016 წლის 300 ლარიან საგადასახადო დავალებაზე ფიქსირდება მ------- გ-------–---–ის ხელმოწერა, ორ შემთხვევაში კლიენტის სახელით შესრულებული აქვს შემოსავლის ოპერაცია (ერთ შემთხვევაში ოპერაცია დადასტურებულია მოლარის დ-------- კ--–---–---–ის მიერ) და ხემოწერა შესრულებულია ქ------- გ-------–---–ი მიერ, ერთ შემთხვევაში ქ------- გ-------–---–ს გაცემული ჰქონდა სესხი ნ--- შ---------ის შვილის სახელზე იდენტიფიკაციის გარეშე (კლიენტის ბანკში არყოფნისას) სადაც თავდებად დარეგისტრირებულია შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის მოლარე-ოპერატორი თ------- ხ----ე, რომელსაც არ აქვს თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი. ქ------- გ-------–---–მა სადავო გახადა ნ--- შ---------ისათვის პაროლისა და მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ მას აღნიშნული მონაცემები ნ--- შ---------ისათვის არ გადაუცია, თუმცა მანვე მიუთითა, რომ ნ--- შ---------ის თანდასწრებით ხშირად გაუხსნია პროგრამა გარკვეული ოპერაციების განხორციელების მიზნით, რა დროსაც ნ--- შ---------ს შეეძლო დაემახსოვრებინა მისი კუთვნილი რს პაროლი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ------- გ-------–---–ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება არ არის დამაჯერებელი, თუმცა მის მიერ მითითებული გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც მისი მხრიდან ჩადენილია დარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ვალდებული იყო დაეცვა თავისი რს პაროლი და მომხმარებელი.

 

რაც შეეხება ქ------- გ-------–---–ის განმარტებას მის მეუღლის სახელზე გაცემული სწარაფი სესხისა და მეუღლის ნაცვლად ხელმოწერის შესახებ, მან სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზე მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულება ხელმოსაწერად ბანკის გარეთ გაიტანა, თუმცა ასევე მიუთითა, რომ ყველა ოპერაციას ასრულებდა მაშინ, როცა მისი მეუღლე ბანკში იყო და მხარეთა პაექრობის ეტაპზე გამოთქვა პრეტენზია ბანკში დამონტაჟებულ ვიდეო-კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით იმ მიმართებით, რომ არ იქნა ამოღებული ბანკის ვიდეო-კამერების ჩანაწერები, რომლებიც მისი მხრიდან დარღვევის არ არსებობას დაადასტურებდა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომის სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. სწორედ აღნიშნული არგუმენტაცია დაედო საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა „დარღვევა“, არამედ, მითითებულ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას – არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას მიზანშეუწონელს ხდის. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ბანკის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება კეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული.

 

17. სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამსახურის სპეციფიკის, დარღვევის სიმძიმის, ხასიათისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი უხეში დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენდა. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ აპელანტისთვის ის გადაცდომა, რომელიც მის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, პირველი არ ყოფილა, შესაბამისად ცხადია, რომ დამსაქმებელმა მის გათავისუფლებამდე გამოიყენა სხვა უფრო მსუბუქი ზომა, რათა დასაქმებულის შრომითი უფლება დაცული ყოფილიყო და მას „გამოსწორების“ საშუალება მისცემოდა, თუმცა, შემდგომი უხეში გადაცდომის დროს მიიღო მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც როგორც აღინიშნა გადაცდომის ხასიათისა და სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროპორციულ სადამსჯელო ზომას წარმოადგენს.

 

იმ შემთხვევაში, თუ „უხეში დარღვევა“ დასტურდება, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დაედო საფუძვლად და ამასთან, გათავისუფლებული პირი სასამართლოს ვერ წარმოუდგენს არგუმენტს, რითაც იგი თავს დაიცავდა, გათავისუფლების პროცედურა დარღვეული რომ არ ყოფილიყო, ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების პროცედურის დარღვევა ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაზე ზეგავლენას არ ახდენს. პროცედურის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის წინაპირობად, თუ პროცედურის დაცვის ფარგლებში დასაქმებული თავს დაიცავდა და გამოვლენილ დარღვევებს გააქარწყლებდა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ვერ ასახელებს ფაქტებს, რასაც იგი მიუთითებდა და რითიც იგი თავს დაიცავდა.

 

სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 07 ოქტომრის განჩინება საქმეზე Nას-483-457-2015).

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, აპელანტმა დამსაქმებლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დაუპირისპირა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება მაშინ, როცა მოსარჩელე თვითონ იყო ვალდებული ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით. ამასთან, ქ------- გ-------–---–მა აღიარა გარკვეული სახის დარღვევები, კერძოდ მან მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს, რის შედეგადაც ბანკს არ მიუღია ზიანი და შესაბამისად, არ მიეკუთვნება იმ სახის დარღვევებს, რომელიც შეიძლება მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან თავად ქ------- გ-------–---–მა მიუთითა, რომ მსგავსი დარღვევების გამოვლენის გამო ბანკის თანამშრომლები ადმინისტრაციის მხრიდან მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ნებისმიერ დარღვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა. ამასთან, დასაქმებული ვალდებული იყო დაეცვა კორპორატიული სახელმძღვანელოთი და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობები. ამავე კორპორატიული სახელმძღვანელოს 12.7.8 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება პასუხისმგებლობის უკიდურესი ფორმაა, რომელიც გამოიყენება ხელშეკრულებით (მათ შორის თანამდებობრივი ინსტრუქციით, კორპორატიული სახელმძღვანელოთი, მისი ნებისმიერი დანართით ან/და კანონმდებლობით, ასევე ბანკის შიდა ინსტრუქციებით ან/და ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებებით განსაზღვრული ვალდებულებების უხეში დარღვევებისას, ხოლო „ლ-------------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 21 ნოემბრის №168 ბრძანების თანახმად, ის თანამშრომელი, რომელიც კლიენტის ბანკში ფაქტიური არყოფნის პირობებში, კლიენტის უშუალო იდენტიფიკაციის გარეშე, შეასრულებდა იდენტიფიცირებას დაქვემდებარებულ საბანკო ოპერაციას, გათავისუფლდებოდა სამსახურიდან და შეუწყდებოდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება, თუ: 5.1. იდენტიფიკაციის გარეშე ოპერაციის შესრულებისას ადგილი აქვს თანამშრომლის მიერ კლიენტის თანხის მითვისებას; 5.2. იდენტიფიკაციის გარეშე ოპერაციის შესრულებისას ადგილი აქვს თანამშრომლის მიერ კლიენტის ქვითარზე/განაცხადზე ან სხვა სახის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის გაყალბებას; 5.3. ადგილი აქვს იდენტიფიკაციის გარეშე საბანკო ოპერაციის შესრულების სხვა შემთხევას, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია ბრძანების 5.1. ან/და 5.2. პუნქტებით განსაზღვრული დარღვევის ფაქტებს. 6. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილი იქნა ბრძანების 5.3. პუნქტით განსაზღვრული დარღვევა, რომლის რაოდენობაც არ აღემატება ორ დამოუკიდებელ ოპერაციას ან/და თანამშრომლის მიმართ არსებობს სხვა შემამსუბუქებელი გარემოება/გარემოებები, ბანკი უფლებამოსილია, როგორც გამონაკლისი, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოიყენოს სხვა სანქცია.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი გამოკვლევის შედეგად აპელანტის მიერ დარღვევის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დგინდება და ამ ფაქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. აპელანტ მხარეს, პროცესუალურად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გაბათილება ევალებოდა, რაც განსახილველ შემთხვევაში, ვერ განხორციელდა, აპელანტის მიერ პროცესუალური დარღვევების შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება კვალიფიციურ შედავებად ვერ იქნება მიჩნეული.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რადგან განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დასახელებული ზომის განსაზღვრით (სამსახურიდან გათავისუფლება), რომელიც დასაქმებულის პასუხისმგებლობის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს, გამოყენებულ იქნა, როგორც დარღვევის თანაზომიერი და ადეკვატური ზომა.

 

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ------- გ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე