განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210014434521
საქმე № 2ბ/6428-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
I აპელანტი - სსიპ ,,ნ---------------------------–-–--------------ო“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ------- კ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა------------ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა---- გ-–-----–ია, დ-------- გ------ა, ს----- ჯ---------ე
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II აპელანტი - შპს ,,ა------------ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა---- გ-–-----–ია, დ-------- გ------ა, ს----- ჯ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ,,ნ---------------------------–-–--------------ო“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ------- კ-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ ,,ნ---------------------------–-–--------------ოს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და შპს „ა------------ისთვის“, პირგასამტეხლოს სახით 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ ოდენობამდე შემცირდა და მოპასუხეს 500 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ ,,ნ---------------------------–-–--------------ომ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ასევე, გადაწყვეტილება შპს ,,ა------------იმ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2006 წლის 15 ივნისს, სსიპ „ნ------------------------------–-–---------------ომ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების“ მოთხოვნების შესაბამისად ჩაატარა ღია საერთაშორისო ტენდერი ნავთობისა და გაზის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად. მე-5 სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ა------------ი“, რომელსაც მიენიჭა ნავთობისა და გაზის ოპერაციების ექსკლუზიური უფლება.
2007 წლის 3 აპრილს, ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფოს (წარმოდგენილი სსიპ „ნ------------------------------–-–---------------ოს“ სახით) და მეორეს მხრივ ყაზახურ კომპანია შპს „ა------------ი“-ს შორის გაფორმდა პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება.
პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად, კონტრაქტორი (შპს „ა------------ი“) ასრულებს და ამთავრებს მინიმალურ სამუშაო პროგრამას ხელშეკრულების შესაბამისად და მასში მითითებულ ვადებში. ამასთან მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების თარიღს წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი. 9.2 მუხლის შესაბამისად მინიმალური სამუშაო პროგრამა მოიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, რომლებიც თავის მხრივ მოცემული დანართი „D”-ში, რომლის შესაბამისადაც სახელშეკრულებო ფართობზე მინიმალური სამუშაო პროგრამა მოიცავს აუცილებელ მინიმალურ გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებსა და შემდგომ სამუშაო პროგრამას, რომელიც შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე დაყოფილია 3 ეტაპად:
1) პირველი ეტაპის შესაბამისად, მინიმალური სამუშაო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელია არსებული გეოლოგიური, გეოფიზიკური (სეისმური), სარეწაო-გეოფიზიკური მონაცემების მოძიება, მიღება, ციფრულ და სტანდარტულ ფორმატში მოყვანა, მათი დამუშავება და ინტერპრეტაცია არსებული ჭაბურღილების შეფასებისა და შერჩევის, მათი რეაბილიტაციის, ფართობების ნავთობგაზიანობის შემოწმების მიზნით. მიღებული შედეგების გათვალისწინებით შედგება ჩასატარებელი გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების დეტალური პროგრამა. ამასთან, პირველი ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 6 თვე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.
2) მეორე ეტაპის შესაბამისად, უნდა განხორციელებულიყო მოდიფიკაციის მაღალი გარჩევითობის (ორ და სამ განზომილებიანი) სეისმო საძიებო სამუშაოების ჩატარება, ტერიტორიის რთული ზედაპირული პირობების გამო. სამუშაოთა მოცულობა - ორგანზომილებიანი წვივი პროფილირება - არანაკლებ 250გრძ.კმ. სამგანზომილებიანი სეისმო ძიება 20კმ2. ერთი ან ორი კონსერვაციაში მყოფი ჭაბურღილის გახსნა თანამედროვე სარეწაო-გეოფიზიკური სამუშაოების ჩასატარებლად და 3 კომპონენტიანი ვერტიკალური სეისმო პროფილირებისათის. დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ ჭაბურღილებში ნავთობის მოდინების შეფასება. ამასთან, მეორე ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.
3) მესამე ეტაპის შესაბამისად, სამუშაოთა მეორე ეტაპზე დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტორს არ შეუწყვეტია ხელშეკრულება, განხორციელდება ერთი ჭაბურღილის ბურღვა (არსებულ საბადოზე ან ახალ სტრუქტურაზე), ნავთობისა და გაზის კომერციული მოპოვებისათვის საჭირო ყველაზე ღრმა ჰორიზონტის დასინჯვის შესაძლებლობით. ეკონომიკური მიზანშეწონილობის შემთხვევაში გაგრძელდება არსებული ჭაბურღილების გახსნისა და მათი საცდელი საექსპლოატაციო სამუშაოები. მესამე ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე მეორე ეტაპის დასრულების თარიღიდან. წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების 9.7 მუხლისა და დანართი „D“-ს შესაბამისად, მინიმალურ სამუშაო პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი წარმოადგენს გეოლოგიური-საძიებო სამუშაოების სავალდებულოდ შესასრულებელ მინიმუმს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ლიცენზიის გაუქმებას „პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტორი სახელმწიფოს უხდის პირგასამტეხლოს - 3 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, სავალდებულო სამუშაოების შესრულებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯების გამოკლებით. ხოლო სამუშაოების მესამე ეტაპზე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი იხდის პირგასამტეხლოს 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამასთან, პირველი და მეორე ეტაპების სამუშაოების დასრულების შემდეგ, კონტრაქტორს შეუძლია შეწყვიტოს კონტრაქტი ყოველგვარი საჯარიმო სანქციების დაკისრების გარეშე, ხოლო მინიმალური სამუშაო პროგრამის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება ხელშეკრულების 9.7 მუხლის შესაბამისად - 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
6. 2012 წლის 16 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა დამატება N5 2007 წლის 3 აპრილის მე-5 სალიცენზიო ბლოკზე დადებული პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებაზე, რომლის შესაბამისადაც ცვლილება შევიდა პროდუქციის განაწილების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის დანართ „D”-ში და მესამე ეტაპის მოქმედების ვადად განისაზღვრა 19 თვე მეორე ეტაპის დასრულებიდან.
2012 წლის 16 აგვისტოს შეთანხმების (დამატება N5, მე-2 და მე-3 პუნქტები) შესაბამისად შპს „ა------------ი“-ს დაევალა - 1) 2012 წლის 1 დეკემბრამდე დაესრულებინა მინიმუმ 2200 მეტრის სიღრმის მქონე ერთი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა და 2) გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 30 სექტემბრამდე სააგენტოსათვის წარმოედგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2012 წლის 16 აგვისტოს შეთანხმებით (დამატება N5, მე-4 პუნქტი) ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით ამავე შეთანხმების მე-4 პუნქტით კონტრაქტორს დაევალა ხელმოწერიდან 21 დღის ვადაში სააგენტოსთვის წარედგინა სს „მ---------------–---იის“ უფლებამოსილი ორგანოს (დირექტორთა საბჭო) მიერ გაცემული წერილობითი გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც სს „მ---------------–---ია“ უპირობოდ იღებს ვალდებულებას გადაიხადოს 1 000 000 აშშ დოლარი იმ შემთხვევაში თუ შპს „ა------------ი“ 2012 წლის 30 სექტემბრამდე სააგენტოს არ წარუდგენს გამოუხმობად საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2012 წლის 16 აგვისტოს შეთანხმებით (დამატება N5, მე-5 პუნქტი) ნაკისრი ვალდებულებების (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები) შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტოს მიენიჭა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა „პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ“ ხელშეკრულება მხოლოდ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, ამ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში.
7. 2007 წლის 3 აპრილის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების 32-ე მუხლით მოწესრიგებულია ხელშეკრულების შეწყვეტისა და დარღვევის საკითხები. კერძოდ, 32.1 მუხლის თანახმად, ნებისმიერ დროს, თუ გონივრულად და კეთილსინდისიერად მოქმედი კონტრაქტორის თვალსაზრისით გარემოებები არ იძლევიან ნავთობისა და გაზის ოპერაციების გაგრძელების გარანტიას სახელშეკრულებო ფართობზე ან ნებისმიერ ასათვისებელ ფართობზე, კონტრაქტორი უფლებამოსილია ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტოსათვის არანაკლებ 90 დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უარი თქვას თავის უფლებებზე და განთავისუფლდეს თავისი ვალდებულებებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და ვალდებულებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ უარყოფამდე არსებულ პერიოდთან.
2007 წლის 3 აპრილის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების 32-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სახელმწიფოს უფლებამოსილება შეწყვიტოს ხელშეკრულება, კერძოდ სააგენტოს შეუძლია კონტრაქტორისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების არსებითი დარღვევისას, რაც მოიცავს შეთანხმებული განრიგით სამუშაო პროგრამისა და ათვისების გეგმის განხორციელებისა და დასრულების შეუსრულებლობას, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 მუხლით და ეს დარღვევა სათანადო რეაგირების გარეშე გრძელდება ასეთი დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ასევე თუ კონტრაქტორმა მნიშვნელოვნად დაარღვია ხელშეკრულება (გარდა მე-9 მუხლში აღნიშნული დარღვევებისა) და ეს დარღვევა გრძელდება შეტყობინების მიღებიდან 90 დღის შემდეგაც.
8. 2012 წლის 16 აგვისტოს შეთანხმებით (დამატება N5, მე-5 პუნქტი) ნაკისრი ვალდებულებების (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები) შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს „ა------------ი“ უარს აცხადებდა ესარგებლა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების 32-ე და 33-ე მუხლების დებულებებით.
9. 2011 წლის 25 ნოემბერს შედგა შპს „ა------------ი“-ს საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა (ოქმი N15), რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან, ასევე შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლობა, სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა შპს „აკსაი-ბი- ემ-სი“-ს 2012 წლის სამუშაო გეგმა. შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლის განმარტებით 2012 წლის იანვარსა და თებერვალში განსაზღვრულია ბურღვით სამუშაოებზე პროექტების შედგენა, რაშიც დაეხმარებიან ალმაატიდან სპეციალისტები. მათ მიერ არ არის გადაწყვეტილი, თუ კონკრეტულად რომელი ადგილი შეირჩევა ჭაბურღილის გასაბურღად, თუმცა ის ტერიტორია სადაც სავარაუდოდ განხორციელდება ბურღვითი სამუშაოები რუკაზე არ არის აღნიშნული, როგორც დაცული ტერიტორია, მიუხედავად აღნიშნულისა სახელმწიფოსაგან ყველა შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი ნებართვა საბურღი სამუშაოების განსახორციელებლად. კონკრეტულ შემთხვევაში ხორციელდება ტერიტორიის დათვალიერება და მობილიზაცია, ხოლო საბურღი მოწყობილობის ჩამოტანა იგეგმება ყაზახეთიდან, თავად ჭაბურღილის გაბურღვის ვადა არის 4 თვე (აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი), ამასთან შესაძლებელია აღნიშნული ვადები შემცირდეს. შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლის განმარტებით ცარცული ქანები განლაგებულია დაახლოებით 1800 მეტრ სიღრმეზე, თუმცა მანამდეც არის საინტერესო უბნები, რომელიც ბურღვით შემოწმებული არ არის. ჭალადიდის ამოწევაზე საბჭოთა ხელისუფლების დროს სულ 30 ჭაბურღილი გაიბურღა, რომელთაგან ოთხმა მოგვცა სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობი, დანარჩენში კი იყო უმნიშვნელო გამოვლინებები. რაც შეეხება, ქვედაცარცულ ნალექებს, ისინი გაწყლიანებულია და თუ ოდესმე შეიცავდნენ ნავთობს, ამ ეტაპზე გარეცხილია, რის გამოც ყველა ჭაბურღილი იძლევა მაღალდებიტიან ფენის წყალს. სიღრმე არ განსაზღვრავს პერსპექტივას, მთავარია დადგინდეს ახალი პერსპექტიული უბნები. სიღრმისა და პერსპექტიული ადგილების შესახებ გადაწყვეტილება ინვესტორმა უნდა მიიღოს. შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენელების განმარტებით, საკითხი კომპლექსურად უნდა იქნეს შესწავლილი, უნდა გაიბურღოს არა ერთი, არამედ რამდენიმე ჭაბურღილი. ერთი ჭაბურღილის გასაბურღად არ ღირს დიდი მანძილიდან საბურღი დანადგარების ჩამოტანა.
10. 2012 წლის 2 აპრილს შედგა შპს „ა------------ი“-ს საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა (ოქმი N16), რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნ---------------------------–-–--------------ოს წარმომადგენლები, ასევე შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლობა. სხდომაზე განხილული იქნა კორათის ფართობზე საძიებო ჭაბურღილის ბურღვის პროექტი, სადაც შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლებმა მოითხოვეს მინიმალურ სამუშაო პროგრამაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ ნაცვლად ერთი ღრმა ჭაბურღილის გაბურღვისა, შესთავაზეს რამდენიმე 500 მეტრიანი ჭაბურღილის ბურღვა, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე და განმარტა, რომ რამდენიმე 500 მეტრიანი ჭაბურღილის ბურღვა არ ათავისუფლებს კომპანიას მინიმალური სამუშაო პროგრამის მესამე ეტაპით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან და აყოვნებს ღრმა ჭაბურღილის ბურღვის ვალდებულებას.
უფრო კონკრეტულად, შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლებმა სხდომაზე განმარტეს, რომ გაკეთებულია 3D საველე მასალის სრული ინტერპრეტაცია, დაწერილია ანგარიში და მოპოვებულმა მასალამ აჩვენა სრულიად ახალი შედეგები, რომლებიც განსხვავებულია იმ მოდელებისაგან, რომლებიც მიღებულია დასავლეთ საქართველოში. აღნიშნული მოდელის სტრუქტურა აგებულია პოლეოგენური და ნეოგენური კომპლექსების ელემენტებით, მიღებულია კუმშვის დიფერენციული სისტემა, ძალიან განსხვავებული ზედა ნაწილის ჭრილებით დაშლის ზონებითა და გადარეცხვით. სამუშაოები ჩატარებულია ერთი საბადოს ჭალადიდის 24კმ2 ფარგლებში. წინა წლებში კი გაბურღული იყო 32 ღრმა ჭაბურღილი, რომელთაგან მხოლოდ ერთი მუშაობდა სამრეწველო რეჟიმში. ჭაბურღილები რომლებიც გაიბურღა თაღურ ნაწილში იყო მშრალი, ხოლო ის ჭაბურღილები (N13, 16 და 4), რომლებიც გაიბურღა სტრუქტურის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე რღვევით ზონებში იყვნენ პროდუქტიულები. მათგან N13 ამ დრომდე იძლევა ნავთობს. დიფერენცირებულია ჭრილის ზედა ნაწილი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იქ ხდება ბუდობების მიგრაციული პროცესი. ჭრილის ზედა ნაწილი შემოწმებული უნდა იქნეს ბურღვით, სადაც დაფიქსირებულია მთელი რიგი სტრუქტურები, ამ სტრუქტურების სიღრმე კი უმნიშვნელოა - 300, 500, 700 მეტრი, ამასთან არსებობს იმის არაპირდაპირი ნიშნები, რომ ის არის შევსებული გაზით, შესაძლო ნავთობის გარსით. შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლების განმარტებით, მათ აქვთ სამი ობიექტი - 500, 600 და 700 მეტრი სიღრმით, რომლებიც შესაძლოა იყოს როგორც გაზის, ასევე ნავთობის შემცველი, შესაბამისად იგეგმება ორი დამოუკიდებელი ჭაბურღილის გაბურღვა 500-700 მეტრი სიღრმით და ოთხი დამოუკიდებელი ჭაბურღილის გაბურღვა, მიღებული შედეგების შესაბამისად. შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ვერ იძლევიან გარანტიას რომ მათ მიერ შეთავაზებული ჭაბურღილები, თუნდაც 50%-ით იქნება წარმატებული. 32 ჭაბურღილი გაბურღული იყო მცირე მოედანზე, ერთ ჭაბურღილზე დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარის გათვლით, ჯამში დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი იყო ჩადებული, ხოლო მოგება იყო 46000 ტონა, რასაც ძალიან კრიტიკულად უდგებიან აქციონერები, შპა „ა------------ი“-ს წარმომადგენლების განმარტებით, ისინი იმედოვნებენ, რომ შესაძლებელია ზედმეტი ხარჯების გარეშე აღმოჩენილი იქნეს რაიმე და პროექტი ახლებურად ამოქმედეს.
აღნიშნული შეთავაზების პასუხად მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან იმ ფაქტით, რომ შპს „ა------------ი“-ს დაგეგმილი აქვს მცირე სიღრმის ჭაბურღილების გაბურღვა, რადგან საკვლევ ფართზე მთავარ ობიექტად ყოველთვის ითვლებოდა ცარცული ნალექები, ასევე ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ დასკვნითი ანგარიშის შესაბამისად ცარცული ნალექები არის ძირითადი ჰორიზონტი, ხოლო რეკომენდირებულ ჭაბურღილებში საპროექტო სიღრმე შეადგენს 3000 მეტრს. ამასთან, მოსარჩელე მხარის მითითებით შპს „აკსაი--ბი-ემ-სი“-ს შეთავაზება არ შეესაბამება მათ მიერ მინიმალური სამუშაო პროგრამით ნაკისრ ვალდებულებას, ვინაიდან მინიმალურ სამუშაო პროგრამაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ მესამე ეტაპზე ჭაბურღილმა უნდა გახსნა ყველაზე ღრმა ჰორიზონტი და დაადგინოს მისი კომერციული ნავთობის პერსპექტივა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 500 მეტრიანი ჭაბურღილის გაბურღვა არ შეესაბამება კონტრაქტში მითითებულ მოთხოვნებს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლის განმარტებით, კონტრაქტი შედგენილია ტენდერის პირობების მიხედვით და არ ექვემდებარება შეცვლას, კონტრაქტის პირობა შეინარჩუნებს ძალას, რადგან კონტრაქტის მიხედვით საჭიროა ერთი ღრმა ჭაბურღილის გაბურღვა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი გაბურღული ჭაბურღილი შეესაბამებოდეს ხელშეკრულების პირობებს, ხოლო იმის შემდეგ რაც შესრულებული იქნება კონტრაქტის პირობა შპს „ა------------ი“-ს შეეძლება გაბურღოს ნებისმიერ სხვა ჭაბურღილი. ამასთან, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ადგილი აქვს ასევე დროის სიმცირის ფაქტორს, საკმარისი დროის არსებობის შემთხვევაში შპს „ა------------ი“- ს საშუალება ექნებოდა ჯერ გაებურღა მისთვის საინტერესო ჭაბურღილი და შემდეგ შეესრულებინა ხელშეკრულების პირობა, ხოლო 500 მეტრი ჭაბურღილის გაბურღვა არ ათავისუფლებს მხარეს ჰორიზონტის გაბურღვის ვალდებულებისაგან. მინიმალური სამუშაო პროგრამის მესამე ეტაპის დასრულების გეგმის ვადაა არაუგვიანეს 2012 წლის 1 მაისი. რთულია მინიმალურ სამუშაო პროგრამაში ცვლილებების შეტანა და ვადების შეცვლა მესამედ, რადგანაც ორჯერ უკვე იყო შეტანილი ცვლილებები ხელშეკრულებაში.
11. 2012 წლის 3 მაისს შედგა შპს „ა------------ი“-ს საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი სხდომა (ოქმი N17), რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნ---------------------------–-–--------------ოს წარმომადგენლები, ასევე შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლობა. სხდომაზე ერთ- ერთ საკითხად განხილული იქნა კორათის ფართობზე საძიებო ჭაბურღილის ბურღვის პროექტის დამტკიცება. შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ წინა საკოორდინაციო კომიტეტზე მათ მიერ წარმოდგენილი იქნა 500-800 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის ბურღვის პროექტი, რომელიც არ იქნა დამტკიცებული, იმ მიზეზით, რომ მინიმალური სამუშაო პროგრამის მესამე ეტაპის თანახმად მითითებულია ჭაბურღილის გაბურღვა ნავთობისა და გაზის კომერციული მოპოვებისათვის ყველაზე ღრმა ჰორიზონტის შემოწმების შესაძლებლობით. პროექტი შეიცვალა და მოპასუხე კომპანიამ წარმოადგინა 2200 მეტრი სიღრმის საძიებო ჭაბურღილის ბურღვის პროექტი, რომლის გაბურღვაც უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ჭაბურღილი გაიბურღება 900 მეტრამდე, რის შემდეგაც ჭაბურღილის ღია ლულაში უნდა ჩატარდეს სტანდარტული კაროტაჟი, თუ კაროტაჟის შედეგებით გამოვლინდება ნავთობის ან გაზის ნიშნები, ჩაშვებული იქნება ტექნიკური კოლონა დიამეტრით 245 მმ. 900 მეტრ სიღრმეზე და ჩატარდება ობიექტების გამოცდა და ათვისება. თუ ობიექტების გამოცდის პროცესში მიღებული იქნება ნავთობის ან გაზის სამრეწველო მოდინება კომპანია „ა------------ი“ მიმართავს საქართველოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წინადადებით 900 მეტრი სიღრმიდან ჭაბურღილების შემდგომი გაბურღვის მიზანშეწონილების შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამოვლენილი ნავთობისა და გაზის ნიშნები შპს „ა------------ი“ გადავა სამუშაოების მეორე ეტაპის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ჭაბურღილის დაღრმავება 900 მეტრიდან 2200 მეტრამდე და კატორაჟის ჩატარება. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლობამ განმარტა, რომ მათ აქვთ გარკვეული სახის შენიშვნები წარმოდგენილ პროექტთან მიმართებით, კერძოდ ა. აბაიაძის განმარტებით, მიუხედავად შედეგისა შპს „ა------------ი“-მ უნდა გააგრძელოს ჭაბურღილის გაბურღვა 2200 მეტრამდე. შპს „ა------------ი“-მ გამოთქვა მზადყოფნა გაეთვალისწინებინა შენიშვნები, რის საფუძველზეც დამტკიცდა 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის ბურღვის წარდგენილი პროექტი საქართველოს ნავთობისა და გზის კორპორაციის შენიშვნების გათვალისწინებით.
12. 2012 წლის 3 მაისის შპს „ა------------ი“-ს საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N17), ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა ასევე პროდუქციის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის მესამე ეტაპის განხორციელების ვადები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეები სხდომაზე ვერ შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს ვადებთან დაკავშირებით ცალკე მოსალაპარაკებლად დაკავშირებოდნენ ერთმანეთს.
კერძოდ, სხდომაზე შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლებმა 2012 წლის 2 აპრილის წერილთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ მინიმალური სამუშაო პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი წარმოადგენს გეოლოგიური საძიებო სამუშაოების სავალდებულოდ შესასრულებელ მინიმუმს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ლიცენზიის გაუქმებას, პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტას და პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამგვარად მესამე ეტაპი არ წარმოადგენს სავალდებულო მინიმუმს. ამასთან 2011 წლის 20 ივლისის საკოორდინაციო სხდომის ოქმის თანახმად, მე-5 ბლოკზე ჩატარებული სეისმური სამუშაოების შესრულებით მეორე ეტაპის დასრულების აღიარება მოხდა 2011 წლის 20 ივლისს, შესაბამისად მესამე ეტაპის შესრულების შესაძლებლობა უნდა განისაზღვროს 2012 წლის 20 ივლისამდე. ამასთან ხელშეკრულების 9.8 მუხლის თანახმად, კონტრაქტის გაუქმება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას, რაც გულისხმობს შეუსრულებლობას ფიზიკური გამოსახულებით კონტრაქტის მოცულობის 30%-ისაც კი. აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა სააგენტოს წარმომადგენლობა და განმარტეს, რომ კონტრაქტის თანახმად შესრულების საერთო ვადა 2007 წლის 1 მაისს ხელმოწერის მომენტიდან შეადგენს 5 წელს, ვადის გაგრძელების გათვალისწინებით, შესაბამისად მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2012 წლის 1 მაისით. რაც შეეხება კონტრაქტის შეწყვეტას, მოსარჩელე მხარის განმარტებით პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებს ხელშეკრულების თანახმად, მინიმალური სამუშაო პროგრამა არის სავალდებულო აუცილებელი მინიმუმი და შეუსრულებლობა ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგენს დარღვევას (იხ. ტომი 3, ს.ფ. 125-233).
13. 2012 წლის 18 მაისს შედგა შპს „ა------------ი“-ს საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი სხდომა (ოქმი N18), რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნ---------------------------–-–--------------ოს წარმომადგენლები, ასევე შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლობა. სხდომაზე ერთ- ერთ საკითხად განხილული იქნა ჭყონის საძიებო ჭაბურღილის ბურღვის პროექტის განხილვა და დამტკიცება. შპს „ა------------ი“-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ალმაატიდან ჩამოსულ სპეციალისტებთან ერთად პროექტის განხილვის შემდეგ მათ შეარჩიეს ბურღის წერტილი ჭყონის ფართობზე, რომელიც ერთმანეთისაგან გამოყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ჭალადიდის სტრუქტურებს. N13 ჭაბურღილი, რომელიც დღეის მდგომარეობითაც იძლევა ნავთობს მდებარეობს აღმოსავლეთ ჭალადიდის ანტიკლინური სტრუქტურის აღმოსავლეთ პელიკლინურ დაბოლოებაზე, ხოლო ჭაბურღილი, რომლის ბურღვაც იგეგმება, დასავლეთ დაბოლოებაზე მდებარეობს, რღვევასთან ახლოს, შესაბამისად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ჭაბურღილიდან მიიღება ნავთობს. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ბურღვას 900 მეტრი სიღრმემდე, ხოლო მეორე კი 900 მეტრიდან2200 მეტრამდე, პირველი ეტაპის გაბურღვა განხორციელდება KORO-80-ით, ხოლო 900-დან შეიცვლება დანადგარი. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა პრეტენზია გამოთქვეს სხვადასხვა დანადგარებით ბურღვასთან დაკავშირებით, მათთვის ასევე მიუღებელი იყო ის ფაქტი რომ პროექტის დასრულებამდე თვენახევრით ადრე ჯერ კიდევ კომპანიას არ ჰქონდა შესაბამისი დანადგარები და ბოლოს სახელწოდებასთან დაკავშირებითაც გამოითქვა პრეტენზია, კერძოდ ვინაიდან ჭაბურღილის ბურღვა იგეგმება აღმოსავლეთ ჭალადიდის საბადოს ფარგლებში, ამიტომ ჭაბურღილის დასახელება უნდა იყოს აღმოსავლეთ ჭალადიდი და მას უნდა მიენიჭოს სათანადო ნომერი. საბოლოოდ შენიშვნების გათვალისწინებით დამტკიცდა 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის ბურღვის პროექტი, ჭალადიდის სტრუქტურა, ჭაბურღილი ჭყონი N1 (იხ. ტ. 3, ს.ფ. 134-138).
14. 2012 წლის 12 ოქტომბერს შპს „ა------------ი“-ს გენერალურმა დირექტორმა 2012 წლის 5 ოქტომბრის წერილის პასუხად მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და აცნობა, რომ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაზე დადებული დამატება N5-ს თანახმად, სს „მ---------------–---იამ“ წარადგინა საგარანტიო წერილი შპს „ა------------ი“-ს სასარგებლოდ და ამჟამად მიმდინარეობს საბანკო გარანტიის გაფორმების პროცესი. მოპასუხე მხარემ მოითხოვა ჭაბურღილის ბურღვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელება 2013 წლის 1 მარტამდე, ხოლო საბანკო გარანტიის ვადის წარდგენა 2012 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ყაზახეთის ბანკები წარადგენენ საბანკო გარანტიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებების შესრულების ვადა გაგრძელდება 2013 წლის 1 მარტამდე.
შპს „ა------------ი“-ს დირექტორმა 2012 წლის 12 ოქტომბერს დამატებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და განმარტა, რომ კომპანიის მხრიდან იგეგმება სერიოზული გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება მე-5 საკონტრაქტო ბლოკზე „დ----------------თან“ ერთად, კერძოდ რამდენიმე საძიებო ჭაბურღილის ბურღვა, ახალ პერსპექტიულ უბნებზე დამატებით სეისმო- საძიებო სამუშაოების ჩატარება და მე-5 საკონტრაქტო ბლოკის მთლიანად დაფარვის მიზნით, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით რეგიონალური სეისმური (2-დ) პროფილების გაყვანა.
ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, კომპანია „დ----------------მა“ მასალების შესწავლის შედეგად აცნობა, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად მას აუცილებლად მიაჩნდა ჭაბურღილის ბურღვასთან დაკავშირებული ვალდებულების გაზრდა 2013 წლის აპრილამდე. მოპასუხე მხარემ დამატებით მოითხოვა ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელება 2013 წლის 1 მარტამდე, ხოლო საბანკო გარანტიის ვადის წარდგენა 2012 წლის 31 დეკემბრამდე (იხ. ტ.3, ს.ფ. 162-168);
15. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მოადგილემ გ. ტატიშვილმა 2012 წლის 17 ოქტომბერს მიმართა შპს „ა------------ი“-ს გენერალურ დირექტორს და განუმარტა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მოპასუხე კომპანიას შორის 2007 წლის 3 აპრილს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მინიმალური სამუშაო პროგრამის თანახმად, კომპანიამ ივალდებულა შეთანხმებულ ვადებში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება და ერთი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა. ძებნა-ძიებითი სამუშაოები კომპანიის მიერ ჩატარდა, ხოლო რაც შეეხება ჭაბურღილის ბურღვის საკითხს, კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი იქნა მინიმალური სამუშაო პროგრამის ვადების კორექტირება, რის თაობაზეც სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმდა დამატება N5, რომლითაც კომპანიამ ივალდებულა საძიებო ჭაბურღილის ბურღვა დაესრულებინა 2012 წლის 1 დეკემბრამდე და სამუშაოების შესრულების გარანტიის სახით ამ დამატების ხელმოწერიდან 21 დღის განმავლობაში წარმოედგინა მისი მშობელი კომპანიის, ყაზახური სს „მ---------------–---იას“ საგარანტიო წერილი 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 30 სექტემბრამდე გაუთხოვადი საბანკო გარანტია ამავე თანხის ოდენობით, რომელიც ჩაანაცვლებდა ზემოაღნიშნულ საგარანტიო წერილს. სს „მ---------------–---იას“ საგარანტიო წერილი სააგენტოში წარმოდგენილი იქნა ვადების დაცვით, რომლითაც ამ კომპანიამ ივალდებულა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაიხადოს 1 000 000 აშშ დოლარი სააგენტოდან შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში, თუ შპს „ა------------ი“ ვერ წარმოადგენდა საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება შესრულებული არ არის, ასევე არ დაწყებულა ბურღვის სამუშაოები, რაზეც სააგენტოს მიერ გაცემული იქნა შესაბამისი უფლებამოსილება. მოსარჩელე მხარემ განუმარტა მოპასუხე მხარეს, რომ დამატება N5-ის თანახმად, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს პროდუქციის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო შპს „ა------------ი“ ვალდებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაიხადოს 1 000 000 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს სახით. სს „მ---------------–---იას“ შესაბამისი თხოვნა გაეგზავნა 2012 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ტ.3, ს.ფ. 37-38).
16. 2012 წლის 18 ოქტომბერს შპს „ა------------ი“-ის გენერალურმა დირექტორმა 2012 წლის 17 ოქტომბრის წერილის პასუხად სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აცნობა, რომ კომპანიის მხრიდან გაგზავნილია არაერთი წერილი ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროებში, სადაც მოყვანილია შესაბამისი არგუმენტები და დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულების შეფერხება გამოწვეულია ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ სააგენტოს მხრიდან არ დამტკიცდა ბურღვის თავდაპირველი პროექტი, რომელიც წარდგენილ იქნა საკოორდინაციო კომიტეტზე განსახილველად 2012 წლის მარტის თვეში, რის საფუძველზეც კომპანია იძულებული გახდა შეეცვალა პროექტი, მაშინ როცა პირველი პროექტის შესაბამისად ტექნოლოგიური აღჭურვილობის მომზადება დაიწყო ჯერ კიდევ 2011 წელს. N5 დამატება ხელმოწერილი იქნა 2012 წლის აგვისტოში, რის გამოც კომპანიამ ვერ მოასწრო შესაბამისი აღჭურვილობისა და საბანკო გარანტიის მომზადება (იხ. ტ.3, ს.ფ. 89-90).
17. 2012 წლის 19 ოქტომბერს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მოადგილემ 2012 წლის 18 ოქტომბრის მიმართვის პასუხად განუმარტა მოპასუხე კომპანიას, რომ 2007 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებით განისაზღვრა კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მისი შესრულების ვადები და შეუსრულებლობისათვის გამოსაყენებელი სანქციები. ამასთან მიუთითა, რომ შპს „ა------------ი“-მ არ შეასრულა N5 დამატებით ნაკისრი ვალდებულებები შეთანხმებულ ვადებში და მოუწოდა გაეთვალისწინებინათ სააგენტოს მიერ 2012 წლის 17 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი N09-18/1803 (იხ. ტ.3, ს.ფ. 36).
18. 2012 წლის 7 ნოემბერს შპს „ა------------ი“-ს გენერალურმა დირექტორმა დინარა ინკარბეკოვამ წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და მოითხოვა წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების მესამე ეტაპის მოქმედების ვადის გაგრძელება, მხარემ განმარტა, რომ შპს „ა------------ი“ ვერ ასწრებს პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაზე დადებული დამატების შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში 2012 წლის 1 დეკემბრამდე გაბურღოს 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი. ვინაიდან კომპანიის მიერ მომზადებული იქნა მასალები და საბურღი დაზგა სამი 900 მეტრიანი სიღრმის ჭაბურღილის გასაბურღად, ხოლო სააგენტოს მიერ შეცვლილი პირობების შემდგომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის გასაბურღად.
მიმართვაში, შპს „ა------------ი“-ს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ სს „მ---------------–---იამ“ წარადგინა 1 000 000 აშშ დოლარის გარანტია შპს „ა------------ი“-ს სასარგებლოდ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაზე. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით ყაზახეთის ბანკები წარადგენენ საბანკო გარანტიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭაბურღილის ბურღვის ვალდებულების შესრულების ვადა გაგრძელდება 2013 წლის 1 ნოემბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ა------------ი“-ს გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის ბურღვის ვადა გაგრძელებულიყო 2013 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 2012 წლის 31 დეკემბრამდე (იხ. ტ.3, ს.ფ. 101-103).
19. 2013 წლის 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო განკარგულება N832, რომლითაც შეწყდა 2007 წლის 3 აპრილის სახელმწიფოსა და შპს „ა------------ი“-ს შორის მე-5 სალიცენზიო ბლოკზე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება (იხ. ტ.3, ს.ფ. 41).
20. 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით (N11/037) გაუქმდა 2007 წლის 6 დეკემბერს შპს „ა------------ი“-ზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია სერია GLOG N3 (ტიხ. .3, ს.ფ. 41).
21. სსიპ „ნ---------------------------–-–--------------ომ“ დამატება N5-ის მე-5 პუნქტის საფუძველზე 2013 წლის 5 აგვიტოს შეტყობინებით N05-06/111 აცნობა მოპასუხე მხარეს, რომ შპს „ა------------ი“-ის მხრიდან ადგილი აქვს დამატება N5- ის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების დარღვევას და ამავე დამატება N5-ის მე-5 მუხლის თანახმად, 2007 წლის 3 აპრილს მე-5 სალიცენზიო ბლოკზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, საქართველოს სახელმწიფოსა და შპს „ა------------ი“-ს შორის 2013 წლის 12 აგვისტოდან შეწყვეტილია (იხ. ტ.3, ს.ფ. 39-40).
22. 2013 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნ---------------------------–-–--------------ომ მიმართა შპს „ა------------ი“-ს და აცნობა, რომ პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულების 9.7 მუხლის თანახმად, ეკისრება - 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ამასთან მითითებული იქნა შესაბამისი რეკვიზიტები, სადაც უნდა განხორციელებულიყო თანხის ჩარიცხვა (იხ. ტ.3, ს.ფ. 42).
23. 2013 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ ნ---------------------------–-–--------------ომ 2013 წლის 19 სექტემბრის წერილის პასუხად დამატებით შეახსენა ვალდებულების დარღვევისა და ხელშეკრულების 9.7 მუხლის საფუძველზე - 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (იხ. ტ.3, ს.ფ. 43).
24. 2013 წლის 29 მარტს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა 2013 წლის 25 იანვრის წერილის პასუხად მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და აცნობა, რომ კომპანია მზად არის გადაიხადოს ჯარიმა - 140 000 აშშ დოლარის ოდენობით, დოკუმენტის ხელმოწერის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში, რომელიც დაარეგულირებს მომავალ ვალდებულებებს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაზე დადებული დამატება N5-ის პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, გარდა აღნიშნულისა შპს „ა------------ი“-მ შესთავაზა სამი პერსპექტიული 900 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის ბურღვა 2014 წლის 1 ივნისამდე. მოპასუხე კომპანიამ დამატებით განმარტა, რომ მათ წინასწარ გააფრთხილეს საქართველოს სახელმწიფო, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახით, დამატება N5-ის პირობების ვადაში შესრულების შეუძლებლობის თაობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ხელმოწერილი იქნა 2012 წლის 16 აგვისტოს. ამასთან, კომპანიამ წარმატებით შეასრულა მინიმალური სამუშაო პროგრამის პირველი ორი ეტაპი, მიღებული შედეგების საფუძველზე დაახლოებით 900 მეტრ სიღრმეზე კომპანიის მხრიდან გამოიყო ახალი პერსპექტიული ობიექტები ბურღვისათვის, რის შემდგომაც შესთავაზეს სააგენტოს გაებურღათ სამი 900 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი, თუმცა ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უარი განაცხადა აღნიშნულ შეთავაზებაზე და მოითხოვეს გაბურღულიყო არა პერსპექტიული, არამედ ღრმა და ცარიელი წერტილი. ამის მიუხედავად, კომპანია თანახმა იყო გაებურღა ცარიელი ჭაბურღილი და გადავიდა კონტრაქტზე დამატების გაფორმების ეტაპზე. 2012 წლის სექტემბრიდან შპს „ა------------ი“-მ დაიწყო მზადება 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის გასაბურღად მაგრამ იმის გამო, რომ საჭირო იყო დანადგარებისა და მასალების შეძენა, მძიმე საბურღი დაზგის მობილიზება, რომელიც არ არის საქართველოს ბაზარზე, შპს „ა------------ი“-მ ვერ მოასწრო პროდუქციის წილობრივი მონაწილეობის ხელშეკრულებაზე დადებული დამატების თანახმად, ვადაში 2012 წლის 1 დეკემბრამდე გაებურღა 2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი, მინიმალური სამუშაო პროგრამის მესამე ეტაპის შესაბამისად(იხ. ტ.3, ს.ფ. 139-141)
25. 2013 წლის 28 მაისს შპს „ა------------ი“-ს დირექტორმა მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ხოლო 2013 წლის 29 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განმარტა, რომ კომპანია დაინტერესებულია არსებული უთანხმოების დარეგულირებაში, ამავდროულად აღნიშნა, რომ მისი მხარე არ ეთანხმება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტს და ხელშეკრულების შესაბამისად მზად არიან მიმართონ შესაბამის არბიტრაჟს. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მართალია სახელმწიფომ რამდენჯერმე გადაავადა სამუშაოების შესრულების ვადები და მოცულობები, თუმცა გადავადებები უპირველეს ყოვლისა განხორციელდა მინიმალური სამუშაო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ბრალეულობითა და ინიციატივით, არსებული ფორსმაჟორული სიტუაციის გამო. სააგენტომ კონტრაქტორს დაუმალა დაცული ტერიტორიების არსებობა ჭალადიდის სტრუქტურის ფარგლებში, მაშინ როცა აღნიშნული დაცული ტერიტორიები ხვდებოდნენ ყველაზე პერსპექტიულ ტერიტორიებზე. ასევე, 2008 წელს არსებულმა საომარმა მოქმედებებმა დააფრთხო გეოფიზიკური კომპანიები და ამ სამუშაოების ჩატარება გადატანილი იქნა 2011 წელს. კომპანიის დირექტორმა უთანხმოების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს შესთავაზე- საბანკო გარანტია 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც მათ მიერ წარდგენილი იქნება მინიმალური სამუშაო პროგრამის მესამე ეტაპის ვადების გაგრძელებაზე დამატების ხელმოწერის მომენტიდან 8 თვის განმავლობაში(იხ. ტ.3, ს.ფ. 144-149, 158-159).
26. 2013 წლის 8 აგვისტოს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს და გამოთქვა თანხმობა შეესრულებინა მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირობები და შესთავაზა პირგასამტეხლოს 500 000 აშშ დოლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის განმავლობაში, ასევე შესთავაზა 900 მეტრი სიღრმის პერსპექტიული ჭაბურღილის ბურღვა 2014 წლის 1 აგვისტომდე. წარდგენილ წერილში მოპასუხე მხარე, განმარტა, რომ მათ წინასწარ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და ენერგეტიკის სამინისტროს სახით, საქართველოს მთავრობის მხრიდან 2012 წლის 16 აგვისტოს ხელმოწერილი დამატება N5-ის ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ(იხ. ტ.3, ს.ფ. 156).
27. შპს „ა------------ი“-მ წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების პირველი და მეორე ეტაპი შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით და მის მიერ პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულია ინვესტიცია ჯამში - 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
28. პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება დარღვეულია მესამე ეტაპზე, რაც ხელშეკრულების 9.7 მუხლის საფუძველზე წარმოშობს 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველს, თუმცა სასამართლოს თავისი დისკრეციის ფარგლებში მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით.
2200 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის ბურღვის საერთო ვადა სამუშაოების შესრულების საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად ტექნიკისა და მუშათა შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტების დარღვევის გარეშე შეადგენს 11 თვიდან - 1 წელსა და 2 თვეს (სამუშაოების შესრულების საშუალო ვადა - დაახლოებით 1 წელი). შპს „ა------------ი“-მ ხელშეკრულებისა და შემდგომში დამატების გაფორმებით გამოავლინა ნება აღჭურვილიყო მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებითა და ვალდებულებებით, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერც დამატებით ვადაში უზრუნველყო გაებურღა 2200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი და წარმოედგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
29. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეამცირა მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გონივრულ ოდენობამდე და შპს ,,ა------------ის“ 500 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო ინსტანციაში აპელანტმა სსიპ ”ნ---------------------------–-–--------------ომ” სააპელაციო საჩივრით პირგასამტეხლოს ოდენობა და მიიჩნია, რომ მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება, ხოლო შპს ,,ა------------იმ" პირგასამტეხლოს დაკისრება და ოდენობა გახადა სადავოდ და მიიჩნია, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა დამოკიდებული იყო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და გარეშე ფაქტორებით.
პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 და 319-ე მუხლებითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
30. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (იხ. ტომი 3, ს.ფ. 28-32).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია, მიუთითებს, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დამოკიდებული იყო კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებითა და გარეშე ფაქტორებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების, გამოთვლის პრინციპისა და დაკისრებული ფულადი თანხის გონივრულობის შეფასება წარმოადგენს.
31. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
32. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვალდებულების საფუძველია 2007 წლის 3 აპრილს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება და 2012 წლის 16 აგვისტოს შეთანხმება (დამატება N5), კერძოდ გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.2. პუნქტით დადგენილია, რომ 2007 წლის 3 აპრილს, ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფოს (წარმოდგენილი სსიპ „ნ---------------------------–-–--------------ოს“ სახით) და მეორეს მხრივ ყაზახურ კომპანია შპს „ა------------ი“-ს შორის გაფორმდა პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კომპანიამ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის შესრულებისა, რომელიც მოიცავს 3 ეტაპს. ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ მინიმალურ სამუშაო პროგრამის პირველი და მეორე ეტაპის შეუსრულებლობა იწვევს ლიცენზიის გაუქმებას „პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების დამრღვევს ეკისრება პირგასამტეხლო - 3 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, სავალდებულო სამუშაოების შესრულებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯების გამოკლებით. ხოლო სამუშაოების მესამე ეტაპზე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი იხდის პირგასამტეხლოს 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით (ხელშეკრულების 9.7. მუხლი).
2012 წლის 16 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა დამატება N5 2007 წლის 3 აპრილის მე-5 სალიცენზიო ბლოკზე დადებული პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებაზე, რომლის შესაბამისადაც ცვლილება შევიდა პროდუქციის განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში, კერძოდ შპს „ა------------ი“-ს დაევალა - 1) 2012 წლის 1 დეკემბრამდე დაესრულებინა მინიმუმ 2200 მეტრის სიღრმის მქონე ერთი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა და 2) გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 30 სექტემბრამდე სააგენტოსათვის წარმოედგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამასთან, კონტრაქტორს დაევალა ხელმოწერიდან 21 დღის ვადაში სააგენტოსათვის წარედგინა სს „მ---------------–---იის“ უფლებამოსილი ორგანოს (დირექტორთა საბჭო) მიერ გაცემული წერილობითი გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც სს „მ---------------–---ია“ უპირობოდ იღებს ვალდებულებას გადაიხადოს 1 000 000 აშშ დოლარი იმ შემთხვევაში თუ შპს „ა------------ი“ 2012 წლის 30 სექტემბრამდე სააგენტოს არ წარუდგენს გამოუხმობად საბანკო გარანტია 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
უდავოა, რომ შპს „ა------------ი“-მ წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების პირველი და მეორე ეტაპი შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით და მის მიერ მოცემულ პროექტში ინვესტიციის სახით ჩადებულია 5 000 000 აშშ დოლარი. მხარეთა მიერ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი შპს „ა------------ი“-ს მხრიდან წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების მე-3 ეტაპისა და 2012 წლის 16 აგვისტოს დამატება N5-ით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტიც, რაც სააგენტოს ანიჭებს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებას (დამატება N5, მე-5 პუნქტი).
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო პირგასამტეხლო 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართალია გაიზიარა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები, თუმცა, ჯამური ოდენობა (1 000 000 აშშ დოლარი) ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არაგონივრულად მიიჩნია და იგი 500 000 აშშ დოლარამდე შეამცირა.
სააპელაციო პალატა, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად მართებულად იქნა გამოთვლილი და განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს, ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე იურიდიული პირები არიან, მიიჩნევა, რომ აპელანტები, ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, არ წარმოადგენენ.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმების არსებობა, კერძოდ წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულების 9.7 მუხლისა და დანართი „D“-ს შესაბამისად მინიმალურ სამუშაო პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი წარმოადგენს გეოლოგიური-საძიებო სამუშაოების სავალდებულოდ შესასრულებელ მინიმუმს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ლიცენზიის გაუქმებას „პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტორი სახელმწიფოს უხდის პირგასამტეხლოს - 3 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, სავალდებულო სამუშაოების შესრულებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯების გამოკლებით. ხოლო სამუშაოების მესამე ეტაპზე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი იხდის პირგასამტეხლოს 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით.
პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება მესამე ეტაპზე ითვალისწინებდა კონტრაქტორის მხრიდან წინასწარ შეტყობინების საფუძველზე ხელშეკრულებაზე უარის თქმას, რაც გაათავისუფლებდა შპს „ა------------ი“-ის პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან, თუმცა მიუხედავად აღნიშნული პირობისა მოპასუხემ გამოხატა ნება გაეგრძელებინა საძიებო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ვალდებულება დარღვეულია, რაც ხელშეკრულების 9.7 მუხლის საფუძველზე უპირობოდ იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას - 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 500 000 აშშ დოლარამდე. ამასთანავე, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა, ნიშნავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 1 000 000 აშშ დოლარის ნაცვლად 500 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა, ორ იურიდიულ პირს შორის ნების თავისუფალი ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
33. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის არაგონივრულობა და მასზე გაუმართლებლად დიდი ოდენობის თანხის დაკისრების ფაქტი აპელანტ შპს ,,ა------------ის" მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. ასევე, აპელანტმა სსიპ ”ნ---------------------------–-–--------------ომ” ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები მოპასუხისთვის 1 000 000 აშშ დოლარის სრულად დაკისრების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას ვერ შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და აპელანტების უფლებებს გაუმართლებლად არღვევს, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სსიპ ”ნ---------------------------–-–--------------ოსა” და შპს „ა------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ”ნ---------------------------–-–--------------ოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ა------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
4. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი