განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
020100117002107650
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100117002107650

საქმე №1/ბ-10-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარინა სირაძე

მოსამართლეები - მარინე იმერლიშვილი

მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე

 

პროკურორის - დ-------- ხ-----ას,ადვოკატის - ე--- ნ------იას,მსჯავრდებულის - დ---------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ღ-----ს ძე დ-------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაუოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზუგდიდი, სოფელი დ------–ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით დ---------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, იმის მიერ, ვისაც ჩადენი აქვს საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა დ---------------ემ 2017 წლის 08 სექტემბერს უკანონოდ შეიძინა და შავი ფერის ნაჭრის ქურთუკის წინა მარცხენა გარეთა ჯიბეში უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რაც ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა 2017 წლის 08 სექტემბერს ქ. სამტრედიაში, ს-----------ს ქუჩა №11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე; დ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 09 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 08 სექტემბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით არ ეთანხმება მის მიმართ დანიშნულ სასჯელს და ითხოვს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

 

პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ დ---------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ე--- ნ------იას, რომლებმაც დააზუსტეს წარმოდგენილი საჩივარი და მოითხოვეს დ---------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს დ-------- ხ-----ას რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის მიერ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა დ---------------ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მსჯავრდებულ დ---------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და მავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, 2017 წლის 08 სექტემბრის დ---------------ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 09 სექტემბრის №------ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით დ---------------ის მიმართ, ექსპერტ თ-- ხ--------ას გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - გ------- ჭ--------ს და ზ----- ქ-----–-ას გამოკითხვის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ დ---------------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

 

მსჯავრდებულ დ---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლომ დ. დ-------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს);

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ---------------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რაც ასევე სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს დ---------------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ---------------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

დ---------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტზე;

 

დ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 სექტემბრიდან.

 

დ---------------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

დ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: დ---------------ისაგან ამოღებული 0,16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს და განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მარინა სირაძე

 

მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი

 

მაკა გორგოძე