განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
010100118002492204
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002492204

საქმე №1/ბ-805-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ჯ----–-ს ძე ჩ----ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 21 ივლისს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ლ-------------- ქ. N106ა, ბინა N4-,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ჩ----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 მაისს დაახლოებით 13:00 საათზე ქ.ბათუმში, მ--–---–---–ის ქუჩა N1---, ბინა N2 ყოფნისას, გ------- ჩ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელებზე მოქაჩვით და საწოლიდან იატაკზე ჩამოგდებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მ------- ჩ----ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გ------- ჩ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ჩ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

გ------- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

აპელანტი - მსჯავრდებული გ------- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მისი რძალი მშობიარობიდან ორ დღეში ჩავარდა კომაში და შვილიშვილი რჩებოდა უდედოდ, რასაც ძალიან განიცდიდა და იყო აღელვებული, რის ფონზეც ჩაიდინა დანაშაული, რასაც ნანობს და ინანიებს. მისი ციხეში ყოფნისას რძალი გარდაიცვალა და მისი მოხუცებული 86 წლის დედა მარტო ბავშვის მოვლას ვერ შეძლებს. ოჯახი განიცდის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126 1-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - მ------- ჩ----ის ჩვენებით, მოწმეების - ი------------------------------- და ზ--------------–-–---–-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად,მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ------- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ჩ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

გ------- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე