განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002276004
№1/ბ-389-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------ი რ-----ის ძე ქ------–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი №6---------- თურქეთის მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. სტამბული - უ---------ი, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, დ-------–-----–---------------/29-ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ჯ------ი ქ------–იმ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის სექტემბრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დაახლოებით 2300 საათზე, ქუთაისში, გ--–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯ------ი ქ------–იმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი---- ქ------–ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში და ხელი მოუჭირა კისერზე, რა დროსაც ი---- ქ------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით ჯ------ი ქ------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ------- ვ-----------ას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ჯ------ი ქ------–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პოლიციის დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა კ------------ე ბ--------იამ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მის მიერ პირველ რიგში გამოკითხული იქნა ი---- ქ------–ი, რომელმაც მიუთითა 2017 წლის სექტემბერში ჯ------ი ქ------–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ხოლო შემდეგ გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმე ე-–--- ჩ-----ა, რომელიც არის ი---- ქ------–ის დის შვილი და ჯ------ ქ------–ი. მოწმის განმარტებით არასრულწლოვანის გამოკითხვა მოხდა იმიტომ, რომ ი---- ქ------–ი განმარტავდა, რომ მისი ქმრიდან ძალადობის შემსწრე იყო მხოლოდ არასრულწლოვანი ე-–--- ჩ-----ა. გამომძიებელ კ.ბ--------იას მიერ ჩატარებული იქნა ასევე რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, ი---- ქ------–ის დაზარალებულად ცნობა და მისთვის უფლებების განმარტება. ასევე, დანიშნა ექსპერტიზა ი---- ქ------–ის მიმართ. მოწმის განმარტებით ი---- ქ------–ს დაზიანებები ვერ შეამჩნია, რადგან მომხდარი ფაქტიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული და არ ეტყობოდა გარეგანი დაზიანებები.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ 09.12.2017წ 19:10-19:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ი---- ქ------–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) -დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (სექტემბრის თვეს)“.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----ა ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა მოქალაქე ი---- ქ------–ი, დადგენილებაში მითითებული იყო, რომ 2017 წლის სექტემბერში ი---- ქ------–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ ჯ------ ქ------–მა. განმარტავს, რომ ი---- ქ------–ს მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი. მისი განმარტებით აღნიშნული დაზიანება მიიღო სახლში შეშაზე შეხების დროს დაახლოებით 5-6 დღის წინ. განმარტავს, რომ თუ რაიმე სახის დაზიანება იქნებოდა სექტემბრის თვეში მიყენებული ი---- ქ------–ზე ცხადია ამ დაზიანების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა დეკემბრის თვეში, რადგან გასული იყო დიდი დრო.
საქმის სასამართლოში განხილვის დროს, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოწმის სახით გამოკითხული არასრულწლოვანი ე-–--- ჩ-----ა, ვინაიდან საზღვარგარეთ იმყოფება. აღნიშნულის გამო, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე და სასამართლოს მიერ გამოქვეყნდა მოწმის გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმი, სადაც არასრულწლოვანი მოწმე განმარტავს, რომ სწავლობს სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში და არის მე-10 კლასის მოსწავლე. ი---- ქ------–ი არის მისი დეიდა, რომელიც დაქორწინებულია თურქეთის მოქალაქე ჯ------ ქ------–ზე და მათ ჰყავთ შვილი - ბ----- ჯ------ის ძე ქ------–ი. 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში 2-3 დღით ჩასული იყო დეიდასთან - ი---- ქ------–თან სტუმრად ქ. ქუთაისში, გ--–-----------------ში მდებარე მათ ნაქირავებ სახლში. იქ ყოფნის პერიოდში ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დეიდამისს თავის მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება და კონფლიქტი. რა დროსაც, მის მცირეწლოვან დეიდაშვილთან ერთად იმყოფებოდა საძინებელ ოთახში, სადაც ბავშვს ეძინა. შელაპარაკების დროს ხმაურზე გაეღვიძა მის დეიდაშვილს, რომელიც გაიყვანა ეზოში. ეზოში ყოფნის დროს ბავშვმა მოსთხოვა წყალი, ის დატოვა ეზოში და შევედა სახლში წყლის გამოსატანად, რა დროსაც შეესწარო, რომ დეიდას მისმა მეუღლემ ხელი გაარტყა სახეში და კისერზე. მან მოარიდა მათ თვალი, აავსო წყალი და გაუტანა ეზოში მის მცირეწლოვან დეიდაშვილს. მცირე ხანში ეზოში გავიდა დეიდამისიც, ავიდა მეორე სართულის აივანზე და დაჯდა იქ მდგომ საქანელაზე. მოწმის განმარტებით სხვა დროს გარდა 2017 წლის სექტემბრის დასაწყისისა, ი---- ქ------–ისათვის მისი მეუღლის მხრიდან რაიმე შეურაცხყოფას არ შესწრებია.
საქმის სასამართლოში განხილვის დროს, დაზარალებულმა ი---- ქ------–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ასევე ჯ------ი ქ------–მა, ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლოში განხილვის დროს უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სააპელაციო პალატას, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ჯ------ი ქ------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთ შეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც დაადასტურებდა გამართლებულ ჯ------ი ქ------–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო აკეთებს დასკვნებს, რომლებიც გამყარებულია არსებული მტკიცებულებების თავისუფალი შეფასებით და გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების არსებობისას წარმოუდგენელია ესა თუ ის მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნეს შემაჯამებელი დასკვნის გამოტანისას. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელთა მოპოვების შესახებაც გაუქარწყლებელი ეჭვი არსებობს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება არასრულწლოვანი მოწმე ე-–--- ჩ-----ას სასამართლოში გამოქვეყნებულ ჩვენებას, მხოლოდ ეს ერთი პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არ იძლევა საკმარის საფუძველს ჯ. ქ------–ისათვის კანონიერად და დასაბუთებულად დაედოთ მსჯავრი, ხოლო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
პალატა მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ დაზარალებულ ი---- ქ------–ის მიმართ ჯ------ი ქ------–იმ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჯ------ი ქ------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ჯ------ი ქ------–ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ჯ------ი ქ------–ი, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯ------ი ქ------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდებულია.
გამართლებულ ჯ------ი ქ------–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე