განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002139643
№1/ბ-80-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - ლევან ტაბიძე
პროკურორის - დ-------ი ხ-----ას
მსჯავრდებულის - ა-----–--- ჭ-------ას
ადვოკატის - ე-- ლ--------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----–--- რ-----ს ძე ჭ-------ას მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხობის რაიონის სოფელ ხ----ში;
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-----–--- ჭ-------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 სექტემბერს ა-----–--- ჭ-------ამ უკანონოდ შეიძინა და ქურთუკის მარჯვენა და მარცხენა გარეთა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20,36 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს’’ (მარილი), რაც მისგან ამოღებულ იქნა 2017 წლის 11 სექტემბერს ქალაქ ფოთში, რვა მარტის ქუჩაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ა-----–--- ჭ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა-----–--- ჭ-------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 სექტემბრიდან.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ა-----–--- ჭ-------ას 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო ”საბიუჯეტო” დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ-–- ხ--–------ას მიერ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ადრე ნასამართლევი, ყავს სამი შვილი, რომელტაგანაც ერთი მათგანი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი.
ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ე-- ლ--------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
– მოწინააღმდეგე მხარეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს - დ-------ი ხ-----ას რომლებმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ-----------–-------------------–-----–---------–------–-–----------------–---------------------------------–-ას ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის №2----- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ასევე, გათვალისწინებით იმისა, რომ მსჯავრდებული ა-----–--- ჭ-------ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არმქონეა, ყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი არის პირველი ჯგუფის ინვალიდია, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლის ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენში ა-----–--- ჭ-------ას მიმართ შეტანილ უნდა იქნას ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ-–- ხ--–------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ა-----–--- ჭ-------ას მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა-----–--- ჭ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა-----–--- ჭ-------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 11 სექტემბრიდან.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ა-----–--- ჭ-------ას 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო ”საბიუჯეტო” დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნივთმტკიცება: ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი’’ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე