განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001392337
№1/ბ-24-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა----–--- წ--------ას
მსჯავრდებულის - ტ------– ბ-----ის
ადვოკატის - შ----- ჯ---–--ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ტ------– რ-----ის ძე ბ-----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წ. პირადი ნომერი: 6---------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, გ------ს დასახლებაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა, რომ ტ------– ბ-----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 20 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩა №4-ში მდებარე "საოჯახო სამედიცინო ცენტრის" ეზოში ტ------– ბ-----ემ ქვის გამოყენებით ო-–-- შ-----ეს მიაყენა მარჯვენა მტევნის V ნების ძვლის თავის მოტეხილობა ცდომით, რამაც გამოიწვია ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ტ------– ბ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ტ------– ბ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ----- ჯ---–--ის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ტ------– ბ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვეს.
სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - შ----- ჯ---–--ეს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ტ------– ბ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მოითხოვეს.
– მოწინააღმდეგე მხარეს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ--------ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ - შ----- ჯ---–--ესთან ერთად დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულ ო-–-- შ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ტ------– ბ-----ესთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. ის მისი ყოფილი ცოლის, ნ----- პ-----ის ამჟამინდელი მეუღლეა. ორივე შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, იზრდება მამასთან. 2016 წლის 20 იანვარს, შვილი ექიმთან კონსულტაციისთვის მიიყვანა "საოჯახო მედიცინის ცენტრში", დატოვა მანქანაში, თავად კი საავადმყოფოში აპირებდა შესვლას ბავშვის ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად. საავადმყოფოს ეზოში შემთხვევით დაინახა ტ------– ბ-----ე, დაუძახა მას და საყვედური უთხრა წინა დღეს სკოლაში მომხდარ იციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, შვილის გადმოცემით, ნ----- პ-----ე მივიდა სკოლაში შვილთან შესახვედრად, მას კი არ სურდა დედის ნახვა. ბავშვი განაწყენებული იყო დედაზე, განიცდიდა მის მიერ ოჯახის დატოვებას, ამიტომ მამას დაურეკა, სთხოვა სკოლაში მიეკითხა და სახლში წაეყვანა. სწორედ აღნიშნულის გამო გამოელაპარაკა ბ-----ეს და მოსთხოვა ბავშვისთვის თავი დაენებებინათ, თან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მალე მათი ურთიერთობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ძირს წაიქცნენ, გორავდნენ, ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. ვიღაც უცნობმა მამაკაცმა გააშველა მოჩხუბრები, ო-–--ს ხელი მოჰკიდა და მანქანისკენ წაიყვანა, ბ-----ე მისმა მეუღლემ წამოაყენა. ანუ ჩხუბი ფაქტიურად დასრულებული იყო, მოჩხუბრები გაშველებულები, რა დროსაც ტ------– ბ-----ემ ძირს დაგდებული ქვები აიღო და შ-----ეს ესროლა. პირველი ქვა თავში მოხვდა, შემდეგ ჯერზე ბ-----ემ წინ წაიწია, უფრო მიუახლოვდა მას და ისე ესროლა საკმაოდ მოზრდილი ქვა, რომელიც მარჯვენა ხელის თითზე მოხვდა შ-----ეს და ძალიან ატკინა. ბ-----ისკენ აღარ მიბრუნებულა, ეზოს გარეთ გაჩერებულ მანქანასთან მივიდა, სადაც მისი შვილები ისხდნენ, ბავშვები ტიროდნენ და მათ დამშვიდებას ცდილობდა. ამ დროს გზაზე შემთხვევით გამოიარეს ნ----- პ-----ის ბიძაშვილებმა - ა------- და ა------ პ-----ეებმა, რომლებიც გამოელაპარაკნენ შ-----ეს და მისგან შეიტყვეს რა ტ------– ბ-----ესთან მომხდარი კონფლიქტის და ამ უკანასკნელის საავადმყოფოს შენობაში ყოფნის შესახებ, თავადაც შევიდნენ საავადმყოფოში. მათ გამოსვლას შ-----ე აღარ დალოდებია და წავიდა, თუმცა იმდენად შეაწუხა თითის ტკივილმა, იმავე ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართა, ექიმმა მოტეხილ თითზე თაბაშირი დაადო.
მოწმის სახით დაკითხული ე-–--------ა შ---–---–უის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს "საოჯახო მედიცინის ცენტრში" მედ.რეგისტრატორად. 2016 წლის 20 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას თანამშრომელთან ნ----–ა ჟ------თან ერთად. იმ დღეს ტ------– ბ-----ე მეუღლესთან ერთად მივიდა პოლიკლინიკაში და ექიმი იკითხა. ცოტა ხნის შემდეგ საავადმყოფოს ეზოდან მოისმა ჩოჩქოლი, გაიხედეს ფანჯრიდან და დაინახეს საავადმყოფოს ეზოში მოჩხუბარი ორი ადამიანი, ერთი მათგანი იყო ტ------– ბ-----ე, მეორე კი ის მამაკაცი, რომელსაც ავადმყოფი შვილი დაყავდა ხოლმე ექიმთან მათ პოლიკლინიკაში. იმ დღესაც ბავშვი ჰყავდა ექიმთან მოყვანილი. ორივეს ვინაობა მხოლოდ მომხდარი ფაქტის შემდეგ გაიგო, არც ერთს მანამდე არ იცნობდა. როდესაც გაიხედა ეზოში, ჩხუბი უკვე მიმდინარეობდა. დაინახა, რომ გააშველეს მოჩხუბრები, რის შემდეგაც ტ. ბ-----ემ ქვა აიღო და მეორე მამაკაცს ესროლა, მას ქვა ჯერ თავში მოხვდა, მეორედ ნასროლი - კი ხელზე. ტ. ბ-----ე და მისი მეუღლე, რომელიც ყვიროდა, საავადმყოფოს შენობაში შევიდნენ, მეორე მამაკაცი რა მიმართულებით წავიდა, აღარ დაუნახავს. ცოტა ხანში კლინიკაში ორი მამაკაცი შევიდა, რომლებთანაც ასევე კონფლიქტი მოუხდა ტ.ბ-----ეს, თუმცა რეგისტრატურის ოთახიდან ის ადგილი კარგად აღარ ჩანდა.
მოწმის სახით დაკითხული ნ----–ა ჟ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს "საოჯახო მედიცინის ცენტრში" მედ. რეგისტრატორად. 2016 წლის 20 იანვარს სამსახურში ყოფნისას დაინახა საავადმყოფოს ეზოში მომხდარი ჩხუბი, რომელშიც ტ------– ბ-----ე და მეორე მამაკაცი, სახელად ო-–--ი მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელმა ექიმთან მიიყვანა ბავშვი, რომელიც საავადმყოფოს ჭიშკართან მდგარ მანქანაში ჰყავდა დატოვებული, თვითონ კი ეზოში შესულს ჩხუბი მოუხდა ტ. ბ-----ესთან. როდესაც ჩხუბის ხმაზე ეზოსკენ გაიხედა, ორივე ძირს იყო წაქცეული და ერთმანეთს ურტყამდნენ, უცნობმა მამაკაცმა გააშველა, ხელი მოკიდა ო-–--ის და განზე გაიყვანა, ამით განიმუხტა მალევე სიტუაცია, თუმცა ფეხზე წამომდგარმა ტ. ბ-----ემ ო-–--ის ქვები ესროლა, პირველი ქვა თავში მოარტყა, ხოლო მეორე ხელზე. ო-–--იმ მაშინვე ნატკენ ხელზე მეორე ხელი იტაცა და ჩაიკეცა. საერთოდ, საავადმყოფოს ეზო ძალიან ქვიანია. ამის შემდეგ ტ.ბ-----ე და მისი მეუღლე, რომელიც ჩხუბის დროს ეზოში, საავადმყოფოს შემოსასვლელის კიბეებზე იდგა და კიოდა, საავადმყოფოს შენობაში შევიდნენ. ქალი, როგორც შემდეგ გაირკვა, ნ----- პ-----ე, ყვიროდა, პოლიცია გამოიძახა, ამ დროს შენობაში ორი ჩაფსკვნილი მამაკაცი შევიდა, რომელთა დანახვაზე ნ----- პ-----ემ კივილი დაიწყო, ლანძღავდა შემოსულებს. ეს მამაკაცები, რაღაც მომენტში თითქოს გაჩერდნენ, წასვლას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ მიტრიალდნენ ისევ პ-----ისა და ტ.ბ-----ისკენ და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება მათ შორის. უშუალოდ ჩხუბი არ დაუნახავს, რადგან რეგისტრატურის ოთახიდან მოფარებულ ადგილას მოხდა, თუმცა ესმოდა ხმები.
მოწმე ა------ პ-----ის მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ნ----- პ-----ე, მისი ბიძაშვილია. 2016 წლის 20 იანვარს ძმასთან, ა------- პ-----ესთან ერთად იმყოფებოდა სარიტუალო დარბაზში, ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩაზე. იქიდან წამოსულებმა საოჯახო მედიცინის ცენტრის წინ დაინახეს ყოფილი სიძე ო-–-- შ-----ე, რომელიც თავის ავტომანქანასთან იდგა და მარჯვენა ხელი მარცხენათი ,,ეჭირა". მივიდნენ მასთან და ჰკითხეს რა ხდებოდა, ო-–--ი მოუყვა ტ------– ბ-----ესთან მომხდარი ჩხუბის და ამ უკანასკნელის მიერ ქვების სროლის შესახებ თან ამბობდა თითი მტკივაო, თითიდან სისხლი არ მოსდიოდა, თუმცა დაჟეჟილობა ეტყობოდა. ამის შემდეგ, ორივე ძმა საავადმყოფოს შენობაში შევიდა ტ------– ბ-----ის სანახავად, რაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებით დამთავრდა, სცემეს ტ.ბ-----ე. ამის გამო პასუხიც აგეს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელიც დააკისრა.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ა------- პ-----ემაც.
სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2016 წლის 22 თებერვლის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ირკვევა, რომ ო-–-- შ-----ემ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, 2016 წლის 21 იანვარს, 01:00 საათზე მიმართა შპს ”ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს”. მიმართვის დროს ხელის მტევანი იყო შესივებული, დეფორმირებული და მტკივნეული. გაკეთდა მოტეხილობის ჩასწორება, დაედო თაბაშირის ნახვევი, დაესვა დიაგნოზი - მარჯვენა მტევნის V ნების ძვლის თავის მოტეხილობა ცდომით. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღუღუნი უჩანეიშვილმა. მისივე განმარტებით, ასეთი მკვრივ- ბლაგვი საგანი სავსებით შესაძლებელია იყოს ქვა.
მოწმის სახით დაკითხული ნ----- პ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ტ------– ბ-----ე მისი ამჟამინდელი მეუღლეა, დაზარალებული ო-–-- შ-----ე კი ყოფილი. 2016 წლის 20 იანვარს, დაახლოებით შუადღის 3-4 საათზე, ტ------– ბ-----ესთან ერთად ავტომანქანით მიდიოდა პოლიკლინიკაში, გზაზე შემთხვევით შენიშნა ყოფილი მეუღლის ავტომანქანა, შ-----ემაც დაინახა ისინი და როგორც ჩანს, უკან გაჰყვა. საავადმყოფოს ეზოში ო.შ-----ესა და ტ.ბ-----ეს შორის, ო.შ-----ის პროვოცირებით, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ო-–--მა წააქცია და გამეტებით სცემა ტ------–ი, გააშველეს უცნობებმა. ტ------–ს სისხლის სდიოდა რამდენიმე ადგილიდან. შ-----ემ კი დანა ამოიღო, კლინიკის ჭიშკართან იდგა და იმუქრებოდა. ამიტომ ისევ საავადმყოფოს შენობაში შევიდნენ, ფანჯრიდან ხედავდა როგორ ესაუბრებოდა ტელეფონზე ვიღაცას ო.შ-----ე და იმუქრებოდა მათი მისამართით. რამდენიმე წუთში კლინიკაში შევიდნენ ნ-----ს ბიძაშვილები, ა------ და ა------- პ-----ეები, რომლებმაც ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტ------– ბ-----ეს. ნ----- პ-----ემ სასამართლოს ასევე განუმარტა, რომ საავადმყოფოს ეზოში საერთოდ არ ყრია ქვები და ტ------– ბ-----ეს არ უსვრია ქვა შ-----ისთვის. ამ უკანასკნელს ხელი დაუზიანდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ცხენის ურმიდან ჩამოვარდა და არა ტ------– ბ-----ის მიერ ნასროლი ქვით.
2014 წლის 26 აგვისტოს გაცემული, ო-–-- შ-----ის სხივ-მაჯის რენტგენოგრაფიის თანახმად, ო-–-- შ-----ეს აღენიშნებოდა სხივის ძვლის დისტალური ეპიმედაფიზის და იდაყვის ძვლის სადგისებური მორჩის მოტეხილობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განაჩენით, ო-–-- შ-----ე დამნაშავედ იქნა ცნობილი 2016 წლის 20 იანვარს ქ. ბათუმში, ტ----ის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო ცენტრის ეზოში ტ------– ბ-----ის ცემის გამო, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა.
ამდენად, მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენი კანონიერია და დასაბუთებული.
მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც მოცემულ შემთხვევაში სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - შ----- ჯ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
ტ------– ბ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ტ------– ბ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ჟ--–---ა ბ-----ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ ტ------– ბ-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე