განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1450-18
N330310016001490737
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სეიედამერ ღაფორიიაზდი
წარმომადგენელი - ლიანა კაჟაშვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სეიედამერ ღაფორიიაზდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. სეიედამერ ღაფორიიაზდიმ 2016 წლის 03 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა თავშესაფრის - ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის, მინიჭება. 2016 წლის 05 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილმა თანამშრომელმა თავშესაფრის მაძიებელი პირის - სეიედამერ ღაფორიიაზდისა და თარჯიმნის მონაწილეობით შეავსო თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა. მასში ასახული ინფორმაციის სისწორე სეიედამერ ღაფორიიაზდიმ დაადასტურა ანკეტაზე ხელის მოწერით.
1.2.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ თავშესაფრის მაძიებელ პირს - სეიედამერ ღაფორიიაზდის, თარჯიმნის მონაწილეობით, 2016 წლის 11 აგვისტოს ჩაუტარდა გასაუბრება. სეიედამერ ღაფორიიაზდიმ ხელმოწერით დაადასტურა, რომ გაეცნო უფლება-მოვალეობებს და პროცედურის მსვლელობის წესებს, ასევე დაადასტურა, რომ თარჯიმანთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდა.
1.2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადდა დასკვნა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე - სეიედამერ ღაფორიიაზდისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სეიედამერ ღაფორიიაზდი (დაბ: 18.12.1962წ.) ვერ აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე ვერ აკმაყოფილებს ამავე კანონის მე-4 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია სეიედამერ ღაფორიიაზდისთვის როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა.
დასკვნის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ირანელი, როგორც თავად აცხადებს ქრისტიანი, სეიედამერ ღაფორიიაზდი დაიბადა 1962 წლის 18 დეკემბერს, ქ. ნაჯაფში, ერაყის რესპუბლიკა. 1970 წელს განმცხადებლის ოჯახი ერაყიდან ირანში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან როგორც თავად აცხადებს, იმ პერიოდში, ერაყიდან ყველა ირანელი გააძევეს. თავშესაფრის მაძიებელს მიღებული აქვს საშუალო განათლება, პროფესია არ აქვს, თუმცა ყოველთვის მუშაობდა ტურ-ლიდერად. წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად, ცხოვრობდა თეირანში, აზადის ხეივანი, კორპუსი 10. 1991-1996 წლებში მუშაობდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში, სადაც იყო ტურ-ლიდერი. 1996 წელს ირანში დაბრუნების შემდეგ სეიედამერ ღაფორიიაზდიმ ტურისტულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა; იყო თარჯიმანი და ტურ-ლიდერი - ტურისტებს დაჰყვებოდა სირიაში, ლიბანში და სხვადასხვა ქვეყანაში. განმცხადებელი წარმოშობის ქვეყნის დატოვებას მის მიერ ქრისტიანული რელიგიით დაინტერესებას უკავშირებს. აცხადებს, რომ ხუთი წლის წინ (2010-2011 წელს) დაინტერესდა ქრისტიანული რელიგიით. როგორც განმარტავს, ქრისტე შევიდა მის გულში, ამიტომ მეგობარ ჰამიდთან ერთად სიარული დაიწყო წმ. სარქისის სახელობის ეკლესიაში ქ. თეირანში. აღნიშნავს, რომ ეს სომხური ეკლესიაა, სადაც სიარული, ასევე, მისმა მეგობარმა ედუარდმა ურჩია, რადგან იგი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარეობდა. მისი განმარტებით ეკლესიაში თითქმის ყოველ კვირა დღეს დადიოდა; იცოდა, რომ ირანის უშიშროების სამსახური მიერ ეკლესიაში კამერები იყო დამონტაჟებული, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი ეკლესიაში მაინც დადიოდა და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა. სეიედამერ ღაფორიიაზდი ამბობს, რომ ხუთი წლის განმავლობაში მას პრობლემები არ შეჰქმნია; იყო მომენტები, როდესაც მისი ეკლესიაში ყოფნის დროს ირანის უშიშროება ეკლესიაში მიდიოდა და ხალხს აკავებდა, თუმცა პირადად მას პრობლემა არ ჰქონია, რადგან როგორც აცხადებს, მას ეკლესიაში იცნობდნენ.
თავშესაფრის მაძიებელი პირის განმარტებით 2015 წლის დეკემბერში მეგობარმა ჰამიდმა დაურეკა და ეკლესიაში წასვლა სთხოვა, თუმცა განმცხადებელმა ეს ვერ შეძლო, რადგან სხვა საქმეები ჰქონდა. მოგვიანებით მას დაურეკა ეკლესიის დაცვამ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აცნობა, რომ ჰამიდი უშიშროებამ დააკავა და განმცხადებელს ურჩია, ეკლესიაში არ მისულიყო. სეიედამერ ღაფორიიაზდი აცხადებს, რომ მას იესო ქრისტეს სიყვარულის გამო მაინც უნდოდა ეკლესიაში მისვლა, თუმცა შეეშინდა, რადგან იფიქრა, რომ ჰამიდი შესაძლოა ეწამებინათ და მასზეც მიეღოთ ინფორმაცია. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ განმცხადებელმა ქვეყნის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და 2016 წლის 25 იანვარს ჩამოვიდა საქართველოში, რადგან შიშობდა, რომ ჰამიდი მას დაასმენდა უშიშროების სამსახურთან. 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის იანვრამდე მას პრობლემები არ ჰქონია. აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აგრძელებს ქრისტიანული წესით ცხოვრებას, დადის ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე რუსულ ეკლესიაში და ანთებს ორ სანთელს; დაგეგმილი აქვს ქრისტიანად მონათვლა ერთ-ერთ ეგვიპტურ ეკლესიაში, რომელიც საქართველოში მდებარეობს.
1.2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 17 აგვისტოს №02-01/05/21780 გადაწყვეტილებით სეიედამერ ღაფორიიაზდის ”ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლების საფუძველზე, უარი ეთქვა ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შემდეგი მიზეზების გამო: სამინისტრომ სანდოდ არ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რადგან არ იყო გარკვეული ქრისტიანული მოძღვრების ძირითად, საბაზისო, ზოგად დებულებებში; სამინისტრომ სანდოდ არ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი ჰამიდის მიერ ირანის უშიშროებასთან მისის დასმენის შესახებ, რადგან აღნშინულთთან დაკავშირებით ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
1.2.5. ორგანიზაცია ,,საერთაშორის ქრისტეს ეკლესის'' მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სეიედამერ ღაფორიიაზდი ესწრებოდა ორგანიზაციის საკვირაო ლოცვებს სხვა ირანელ პირებთნ ერთად დაახლოებით 6 თვის განმავლობაში და მოინათლა 16.06.2017წ.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამართლებრივ სტატუსს, უფლება-მოვალეობებს, სამართლებრივ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და გაუქმების საფუძვლებსა და პროცედურებს განსაზღვრავს „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და ემსახურება საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება, კერძოდ, თავშესაფრის მაძიებელი არის პირი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ითხოვს სამართლებრივ დაცვას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების გზით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი რეგლამენტირებულია ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და: ა) რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; ბ) რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; გ) რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. კონვენციის ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში, დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით, მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნა, ასევე, დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იღებს დაცვას, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
სასამართლომ მიუთითა ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლითაც დადგენილია თავშესაფრის მაძიებელი პირის განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ემყარება: ა) თავშესაფრის მაძიებლის ანკეტირებას; ბ) თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებას; გ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მოყვანილი ფაქტების უტყუარობის, ასევე მისი ქცევის სანდოობის ანალიზს; დ) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას; ე) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას; ვ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნიდან გაქცევის, მესამე ქვეყნის გავლით ტრანზიტის, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გარემოებათა ყოველმხრივ შესწავლის შედეგებს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დასკვნაზე დაყრდნობით სამინისტრო წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრის მაძიებელი ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობის საკითხს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, სამინისტრო უარს ამბობს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
ამრიგად, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კანონის შესაბამისად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება, ხოლო სხვა დანარჩენი პუნქტები, რომლებიც სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობისა და დაინტერესებული პირის ქცევის სანდოობის ანალიზს შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს თავად თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოძიება, უკვე წარდგენილი მტკიცებულებების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში შეფასება, მათი საჭიროება განისაზღვრება მაძიებელ პირთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებული სრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული პროცედურის დაცვით აწარმოა საქმის გარემოებათა გამოკვლევა და მის მიერ სწორედ ის გარემოებები იქნა მიჩნეული საქმისათვის მნიშვნელოვნად, რომელთა გამოკვლევა და შეფასებაც შესაძლებელი და აუცილებელი შეიქმნა თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე.
სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტრული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს. სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად მოსარჩელის სანდოობის შემოწმებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა წარდგენილი ფაქტების საფუძვლიანობა, სტატუსის მაძიებლის მიერ გადმოცემული ფაქტების თანმიმდევრულობა (ანკეტა, გასაუბრების მასალა). სასამართლოს მოსაზრებით, ჩვენების არათანმიმდევრობა დასაშვებია განცხადებაში არარსებით ფაქტებთან მიმართებაში და აღნიშნული ეჭქვეშ არ უნდა აყენებდეს ზოგადად განმცხადებლის ჩვენების სანდოობას.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 17 აგვისტოს №02-01/05/21780 გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტრომ სანდოდ არ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებელი პირის განაცხადი ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რადგან განმცხადებელი არ არის გარკვეული ქრისტიანული მოძღვრების ძირითად, საბაზისო და ზოგად დებულებებში; სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, მის მიერ ვერ იქნა ახსნილი, თუ რამ განაპირობა მის მიერ ისლამის მიტოვება და ქრისტიანული რელიგიით დაინტერესება. სეიედამერ ღაფორიიაზდიმ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ განაცხადა, რომ მისი ქრისტიანული რელიგიით დაინტერესება იმ სიმშვიდემ განაპირობა, რაც ქრისტიანობას ახლავს, შემდეგ კი დასძინა, რომ ქრისტიანებთან ურთიერთობამ განაპირობა მისი ქრისტიანობით დაინტერესება. მისი განმარტებით, განსხვავება ქრისტიანობასა და ისლამს შორის არის ის, რომ ისლამს ბრძოლა ახლავს, ქრისტიანობა კი სიმშვიდის რელიგიაა. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, მის გულში ყოველთვის ჰქონდა ქრისტეს ადგილი, განსაკუთრებით მისი ჯვარცმის შემდეგ; მიიზიდა მარიამმა, რომელმაც იერუსალიმში, ბეთლემში შვა ქრისტე. მისი თქმით, ის ხშირად კითხულობდა ბიბლიას ირანშიც და საქართველოშიც, თუმცა კითხვაზე, თუ რამდენი ნაწილისგან შედგება ბიბლია, ის პასუხობს, რომ ბიბლიას ძალიან ბევრი ნაწილი აქვს და არ არის გარკვეული, მაგრამ სავარაუდოდ, 100 ნაწილისგან შედგება. სეიედამერ ღაფორიიაზდი არ არის გარკვეული ქრისტიანული მოძღვრების ძირითად დღესასწაულებში, მისი თქმით, "ეიდე ფესა" - სავარაუდოდ არის მადლიერების გამოხატვის დღესასწაული, სმენია შობის დღესასწაულისა და "Christmas"-ის შესახებ და განმარტავს, რომ შობის დღესასწაული აღინიშნება "Christmas"-მდე ერთი კვირით ადრე, ხოლო "Christmas" აღინიშნება პირველ ივნისს ან იანვარს. ზიარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მისი პასუხის თანახმად მონათვლით განიწმინდა მისი ცოდვები, ყოველ კვირას ეკლესიაში ლოცვას კითხულობენ და სწორედ ეს არის ზიარება. განმცხადებლისათვის არ აქვს მნიშვნელობა ივლის სომხურ ეკლესიაში, რუსულში თუ ეგვიპტურში, ვინაიდან ეკლესია ღმერთის სახლია. სამინისტროს მიერ სანდოდ არ იქნა ასევე მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი ჰამიდის ინციდენტთან დაკავშირებით, ვინაიდან ანკეტირებისა და გასაუბრებისას მიწოდებული ინფორმაციები იყო ურთიერთშეუსაბამო, კერძოდ: ანკეტირებისას განმცხადებელმა განმარტა, რომ ჰამიდი 2016 წლის 10 იანვარს დააკავეს, გასაუბრებისას კი, თარიღად 2015 წლის დეკემბერი დაასახელა. შეუსაბამობა სეიედამერ ღაფორიიაზდიმ ახსნა იმით, რომ ჰქონდა სტრესი. ანკეტირებაში მან ასევე განაცხადა, რომ დაცვამ გააფრთხილა ეკლესიაში არ მისულიყო, რადგან ჰამიდის დაკავების შემდეგ უშიშროებამ ეკლესიაში კამერები დააყენა და მისი ამოცნობა მარტივი გახდებოდა, გასაუბრებისას კი, განმარტა, რომ ხუთი წლის განმავლობაში (წმ. სარქისის სახელობის ეკლესიაში სიარულის პერიოდი) ეკლესიაში კამერები დამონტაჟებული იყო, თუმცა მას არ ეშინოდა, რადგან მის გულში ქრისტე იყო. შეუსაბამობის მიზეზად თავშესაფრის მაძიებელმა მიუთითა, რომ მას ეშინოდა ეთქვა, ირანში ეკლესიაში კამერების არსებობის შესახებ. სამინისტრომ ასევე სანდოდ არ მიიჩნია სეიედამერ ღაფორიიაზდის განაცხადი ჰამიდის მიერ ირანის უშიშროებასთან დასმენის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული განაცხადი არ იყო ლოგიკური, გამართული და დამაჯერებელი. განმცხადებლის თქმით, დაახლოებით სამი თვის წინ, წმ. სარქისის სახელობის ეკლესიის დაცვისაგან სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მიიღო შეტყობინება, რომელშიც ეწერა, რომ ჰამიდი უშიშროებაში აწამეს, რის შემდეგაც, მან განმცხადებელი დაასმინა. სეიედამერ ღაფორიიაზდის ეთხოვა, ეჩვენებინა აღნიშნული მიმოწერა, რასთან დაკავშირებითაც, ჯერ განაცხადა, რომ ინტერნეტი სჭირდებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეეძლო ინტერნეტით ესარგებლა სამინისტროში, განაცხადა, რომ დაცვის ფაისბუქს ვერ გახსნიდა, რადგან პრობლემები შეექმნდებოდა, თავად კი ფეისბუქ-შეტყობინებები წაშალა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირის განმარტებები არათანმიმდევრულია და სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში იგი არ აკმაყოფილებს სანდოობის ზოგად მოთხოვნებს. ამრიგად, საქმის მასალებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე მიცემულ განმარტებებში შეუსაბამობები დაფიქსირდა. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული გარემოებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ შიშს გააჩნია ობიექტური საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომლის თანახმად, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს მოსარჩელეს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებით, არ უკავშირდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ ჟენევის 1951 წლის კონვენციით/1967 წლის პროტოკოლით დადგენილ საფუძვლებს. თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ იკვეთება კონკრეტული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დევნის კონვენციური ნიშნების დადგენა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამინისტროს უარი სეიედამერ ღაფორიიაზდისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის განცხადების განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა არც აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს საკითხი არ იქნა სრულყოფილად შესწავლილი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე კი, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სეიედამერ ღაფორიიაზდის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიუთითებს "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონზე, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, ემსახურება საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. აპელანტის განმარტებით, იგი არ არის სათანადოდ გარკვეული ქრისტიანულ რელიგიაში, ახლა ეცნობა და სწავლობს, ეს რელიგია არის შემწყნარებლური, სიყვარულზე დაფუძნებული, რაც განასხვავებს მას ისლამისაგან. მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანობის ღრმა ცოდნა არ აქვს, უსამართლობაა მისი სარწმუნოების შეცვლის არასანდოდ მიჩნევა. ირანში დაბრუნების შემთხვევაში, მას ემუქრება სიკვდილი, რადგან არის კონვერტირებული ქრისტიანი. არაერთი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშებს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, ირანში სარწმუნოების შეცვლის გამო, პირები განიცდიან დევნას, ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ზეწოლას, დაშინებას, არ არსებობს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. 2012 წლის თებერვალში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მოსამართლეებს ეძლევათ უფლებამოსილება, ღალატის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნონ საკუთარ რელიგიურ ცოდნას და შარიათის სამართალს. ამ უკანასკნელის მიხედვით, ღალატი სიკვდილით ან უვადო პატიმრობით ისჯება. იძულებული გახდა დაეტოვებინა ირანის რესპუბლიკა, რადგან არის აღმსარებლობით ქრისტიანი, ის არის დევნის მსხვერპლი რელიგიური მრწამსის გამო და თვლის, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ელოდება, არ სურს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება, რადგან აქვს საფუძვლიანი შიში და მისი მოსაზრებით, არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე არსებობს, რადგან ის შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რელიგიური მრწამსის გამო, შესაბამისად არ სურს ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამ კონვენციის მიზნებისათვის „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
პალატა აღნიშნავს, რომ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებული დევნა, ასევე, დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იღებს დაცვას, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ემყარებოდა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, ემსახურებოდა საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის 4.1 მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და: ა) რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; ბ) რომელიც სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლიდან (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ან ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე არგაძევების სხვა ვალდებულებების) გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; გ) რომლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.
მითითებული კანონის 14.3 მუხლის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო 14.4 მუხლის შესაბამისად, თავშესაფრის მიცემის ან თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ დასკვნაზე დაყრდნობით სამინისტრო წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა თავშესაფრის მაძიებელი ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან შესატყვისობის საკითხს. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნებს, სამინისტრო უარს ამბობს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
დადგენილია, რომ 03.02.2016წ. სეიედამერ ღაფორიიაზდიმ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოში თავშესაფრის მინიჭება. 05.02.2016წ. სეიედამერ ღაფორიიაზდისა და თარჯიმნის მონაწილეობით, შევსებულ იქნა თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა და მასში ასახული ინფორმაციის სისწორე დადასტურდა განმცხადებლის ხელის მოწერით. 11.08.2016წ. თავშესაფრის მაძიებელს ჩაუტარდა გასაუბრება. სამინისტროს 17.08.2016წ. №02-01/05/21780 გადაწყვეტილებით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სეიედამერ ღაფორიიაზდის უარი ეთქვა ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. სამინისტრომ სანდოდ არ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რადგან იგი არ იყო გარკვეული ქრისტიანული მოძღვრების ძირითად, საბაზისო, ზოგად დებულებებში. ამასთანავე, სამინისტრომ სანდოდ არ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი ჰამიდის მიერ ირანის უშიშროებასთან მისი დასმენის შესახებ, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტრული სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული დასკვნის შედგენისას, უმთავრესია თავად დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც ლოგიკური და თანმიმდევრული უნდა იყოს. პირის სანდოობის შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს წარდგენილი ფაქტების საფუძვლიანობა, სტატუსის მაძიებლის მიერ გადმოცემული ფაქტების თანმიმდევრულობა (ანკეტა, გასაუბრების მასალა). ჩვენების არათანმიმდევრულობა დასაშვებია განცხადებაში არაარსებით ფაქტებთან მიმართებაში და აღნიშნული ეჭქვეშ არ უნდა აყენებდეს ზოგადად განმცხადებლის ჩვენების სანდოობას. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ თავშესაფრის მაძიებელი პირის განმარტებები, მის მიმართ წარმოშობის ქვეყანაში დევნის განხორციელების შიშის არსებობის თაობაზე, არათანმიმდევრულია და არ აკმაყოფილებს სანდოობის ზოგად მოთხოვნებს. მიცემულ განმარტებებში შეუსაბამობები დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა წარმოადგინა ნათლობის მოწმობა, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოსა და სამინისტროს პოზიციას აპელანტის ქრისტიანულ რელიგიაზე კონვერტაციის არასანდოობასთან მიმართებაში. აპელანტი არ არის გარკვეული ქრისტიანული მოძღვრების ძირითად, საბაზისო და ზოგად დებულებებში; თავშესაფრის მაძიებელმა ვერ დაადასტურა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლო დევნის განხორციელებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ შიშს გააჩნია ობიექტური საფუძველი. ამრიგად, ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს მოსარჩელეს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებით, არ უკავშირდება „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ ჟენევის 1951 წლის კონვენციით/1967 წლის პროტოკოლით დადგენილ საფუძვლებს. თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ იკვეთება კონკრეტული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დევნის კონვენციური ნიშნების დადგენა.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სეიედამერ ღაფორიიაზდის განცხადების განხილვისას ასევე შეისწავლა თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობა „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთან. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების წინაპირობის არსებობა, თავშესაფრის მაძიებელმა ვერ მიუთითა ისეთი სახის გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ დადგომის შესაძლებლობას..
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2125 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სეიედამერ ღაფორიიაზდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი