განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
330210016001324186
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001324186

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/3257-18 15 მარტი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „ს----------–--- ბ----“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ------ი კ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ხ----- ჯ------–---–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ნ--- დ---–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2018წ. გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა – გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება, თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შესრულებულად იქნეს აღიარებული მოსარჩელის სასესხო ვალდებულება მოპასუხის წინაშე.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს 5 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელემ 2011 წელს სს „ტ--- პ------- ბ----საგან“ ავტომანქანის შესაძენად აიღო სესხი 12 663,75 აშშ დოლარის ოდენობით 4 წლის ვადით, წელიწადში 15 %-იანი სარგებლით. სესხზე ყოველთვიურად გადახდილ უნდა ყოფილიყო 385,15 ა.შ.შ დოლარი, რაც გრაფიკის მიხედვით უნდა დაფარულიყო 2015 წლის 26 იანვარს. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა გირავნობის ხელშეკრულებით.

 

2015 წლის 1 იანვრამდე, ვიდრე სს „ტ--- პ------- ბ----“ შეუერთდებოდა სს „ს----------–--- ბ---ს“, მოსარჩელემ სს „ტ--- პ------- ბ---ში“ შეიტანა 15 284 აშშ დოლარი. მათ შორის, ძირი თანხა - 9 140 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი, რეზერვირების საფასური და ჯარიმა 6 144 აშშ დოლარი.

 

სს „ს----------–--- ბ----დან“ მიღებული ამონაწერით 2011 წლის იანვრიდან 2015 წლის იანვრამდე ნაცვლად 15 284 აშშ დოლარისა, როგორც ეს სს „ტ--- პ------- ბ----ს“ ამონაწერშია მითითებული, გადახდილად დაფიქსირდა მხოლოდ 7 648,9 აშშ დოლარი. ამ ამონაწერის თანახმად დავალიანება ბანკის მიმართ ამ პერიოდში იყო 7 101,1 ა.შ.შ დოლარი, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში სს „პ-------ბ----ს“ მიერ გაცემული ამონაწერით იგი უნდა შეადგენდეს 4 453 აშშ დოლარს.

 

ბ---ების შერწყმის შემდეგ სს „ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ მოსარჩელემ გადაიხადა ძირი თანხა 1 690,71 ა.შ.შ დოლარი. აქედან გამომდინარე, ძირი თანხა უნდა შეადგენდეს 2 763 დოლარს. ს----------–--- ბანკი კი მოსარჩელეს სთხოვს 5 500 აშშ დოლარს, რაც არასწორია. მოსარჩელის მიერ ბ---ში ჩარიცხული თანხები დაზღვევის თანხის ჩათვლით სესხის სახით შეადგენს 14 593 აშშ დოლარს. ამ პერიოდში პროცენტი უნდა დარიცხულიყო 5 930 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 20 527 აშშ დოლარს. მსესხებლის მიერ გადახდილია 18 475 აშშ დოლარი. ამდენად, სხვაობა შეადგენს 2 052 აშშ დოლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკმა ძალდატანებით დააზღვია მსესხებლის ავტომანქანა მისთვის სასურველ სადაზღვევო კ--------ში კრედიტის გაზრდის საფუძველზე, 2 457 აშშ დოლარად, რასაც დაერიცხა პროცენტისა და რეზერვირების საფასური დაახლოებით 900 აშშ დოლარი, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნია, ხოლო ბანკს 5 500 აშშ დოლარი მიღებული აქვს ზედმეტად.

 

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს შესაგებლის წარმოდგენის დროისათვის ერიცხება დავალიანება 1266,47 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 535,88 აშშ დოლარი, პროცენტი - 451,03 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 279,56 აშშ დოლარი. ბ---მა გირავნობის საგანი შეიძინა 2016 წლის 24 მარტს 4 500 აშშ დოლარად და ამ თანხით შეამცირა სესხის ძირი თანხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2018წ. გადაწყვეტილებით:

1. ხ----- ჯ------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღიარებულ იქნა ხ----- ჯ------–---–ის მიერ სს „ს----------–--- ბ----ს“ წინაშე 2011 წლის 26 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებულად.

3. სს „ს----------–--- ბ---ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2448,00 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

4.1. 2011 წლის 26 იანვარს სს „პ-------ბ---სა“ და ხ----- ჯ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №TG--------------, რომლის მიხედვით, ბ---მა მსესხებელზე გასცა სესხი 12 663,75 აშშ დოლარის ოდენობით, 4 წლის ვადით, წელიწადში 15 %-იანი სარგებლით. კრედიტის მიზანს წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალების შეძენა.

 

4.2. 2011 წლის 26 იანვარს სს „პ-------ბ---სა“ და ხ----- ჯ------–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. გირავნობის საგანს წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალება: სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, სარეგისტრაციო ნომერი - J-----, მარკა, მოდელი - ინფინიტი, F---, გამოშვების წელი - 2004.

 

4.3. აღნიშნული ავტომანქანა დაზღვეული იქნა შპს „სადაზღვევო კ-------- ტ---ში“ დამზღვევის ხ----- ჯ------–---–ის მიერ მოსარგებლის სს „პ-------ბ----ს“ სასარგებლოდ.

 

4.4. 2015 წლის 11 მაისიდან სს „ს----------–--- ბ----“ წარმოადგენს სს „პ-------ბ----ს“ უფლებამონაცვლეს.

 

4.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 26 იანვარს სს „პ-------ბ---სა“ და ხ----- ჯ------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ხ----- ჯ------–---–ს ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად, ხოლო დაფარული მთლიანი დავალიანების გარდა, სს „ს----------–--- ბ----ს“ მიერ ზედმეტად მიღებული თანხის ოდენობა შეადგენს 2448,00 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელე მხარის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია ამონაწერები სს ,,პ-------ბ----დან’’ და სს ,,ს----------–--- ბ----დან’’ და აღნიშნულ ამონაწერებში დაფიქსირებული მონაცემების შეფასებისთვის წარმოდგენილია აუდიტის დასკვნა. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია საქმეში არსებული აუდიტის დასკვნის საპირწონე და გამაბათილებელი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და დასკვნაში არსებული მოცემულობის საწინააღმდეგოს დაადასტურებდა. მოპასუხე მხარეს მოსამზადებელ ეტაპზე მიეცა გონივრული ვადა წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა (როგორც თვითონ იშუამდგომლა), მაგრამ მას მტკიცებულება არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 427-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დავალიანების სრულად დაფარვითა და კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებით, რაც ამ შემთხვევაში განხორციელდა იძულებითი აღსრულების გზით, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა. მოსარჩელს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეს ვალდებულების შესრულებულად აღიარება.

 

4.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე და ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიხატა სს „ს----------–--- ბ----ს“ მიერ 2448,00 აშშ დოლარის მიღებითა და ხ----- ჯ------–---–ის ქონების ამავე ოდენობით შემცირებით, გადახდის ვალდებულების საფუძვლის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ყველა ელემენტი. მოსარჩელე უფლებამოსილია ვითომ-კრედიტორს მოსთხოვოს მიღებულის უკან დაბრუნება, ხოლო მიმღები ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს შესაბამისი საფუძვლის გარეშე მიღებული შესრულება, რომლის ოდენობაც შეადგენს 2448,00 ლარს.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.04.2018წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპები. სასამართლომ საკუთარი ინიციატივით დააზუსტებინა მოსარჩელე მხარეს სასარჩელო მოთხოვნა საქმის არსებითი განხილვის დროს ზეპირი განმარტებით და იმავე სხდომაზე დაამთავრა საქმის განხილვა.

 

საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის. სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოხდა არა მოსარჩელის, არამედ სასამართლოს ინიციატივით, რაც არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპებს. გადაწყვეტილება მოპასუხისთვის 2448 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას თანხის დაკისრება არ წარმოადგენდა.

 

5.2. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ აღსრულების დაწყების და მოსარჩელისთვის გირავნობის საგნის ჩამორთმევის შემდეგ მისი დავალიანება შეადგენდა 2052 აშშ დოლარს. სასამართლო ეყრდნობა აუდიტორულ დასკვნას, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება ექსპერტის კომპეტენცია. საქმეში წარმოდგენილი დასკვნა შესრულებული არ არის ლიცენზირებული კომპანიის მიერ, რაც სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა. მოპასუხემ იშუამდგომლა ექსპერტის დაკითხვის შესახებ, თუმცა სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გაურკვეველია, რა მოტივით არ ჩათვალა საჭიროდ ექსპერტის გამოკითხვა.

 

მოსარჩელეს დღეის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2735.28 აშშ დოლარის ოდენობით, სადანაც სესხის ძირი თანხაა 785.07 აშშ დოლარი, პროცენტი 397.35 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1552.86 აშშ დოლარი. არ არსებობს აღნიშნული ვალდებულების შესრულებულად აღიარების საფუძველი, ვინაიდან მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 26.01.2011წ. სს „პ-------ბ---სა“ და ხ----- ჯ------–---–ს (შემდგომში „მოსარჩელე“) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა მსესხებელზე გასცა სესხი 12 663,75 აშშ დოლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წელიწადში 15 %-იანი სარგებლით. დაკრედიტების მიზნობრიობა იყო სატრანსპორტო საშუალების შეძენა (ტ.1, ს.ფ. 26-31).

 

26.01.2011წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალება: სარეგისტრაციო მოწმობა - A--------, სარეგისტრაციო ნომერი - J-----, მარკა, მოდელი - ინფინიტი, F---, გამოშვების წელი - 2004 (ტ.1, ს.ფ. 32-36).

 

ავტომანქანა 26.01.2011წ. დაზღვეული იქნა შპს „სადაზღვევო კ-------- ტ---ში“. დაზღვევის პოლისის შესაბამისად ავტომანქანის დამზღვევს წარმოადგენდა მოსარჩელე, ხოლო მოსარგებლეს - სს „პ-------ბ----“ (ტ.1, ს.ფ.37).

 

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ სს „ს----------–--- ბ----“( შემდგომში „მოპასუხე“) 2015 წლის 11 მაისიდან წარმოადგენს სს „პ-------ბ----ს“ უფლებამონაცვლეს (ტ.1, ს.ფ.297).

 

9. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს შესრულებული 26.01.2011წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. ამასთან, სასესხო დავალიანების გარდა, მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობა შეადგენს 2448 აშშ დოლარს, კერძოდ:

 

9.1. მოსარჩელის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია ამონაწერები სს ,,პ-------ბ----დან’’ (ტ.1, ს.ფ.49-67) და სს ,,ს----------–--- ბ----დან’’ (ტ.1, ს.ფ. 38-48, 68,69), ხოლო აღნიშნულ ამონაწერებში დაფიქსირებული მონაცემების შეფასებისთვის წარმოდგენილია შპს „ს---------- კ-------- დ.ჯ“-ს 17.03.2016წ. აუდიტორული დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 73-76, 178-181).

 

9.2. აპელანტი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა. სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის. ექსპერტის დასკვნის გაზიარება სასამართლოს მხრიდან ამ დასკვნის შინაარსობრივ კვლევაზე, მის დამაჯერებლობასა და იურიდიულ ლეგიტიმაციაზეა დამოკიდებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა დამაჯერებლად პასუხობს აუდიტის წინაშე დასმულ საკითხებს საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული მონაცემებთან მიმართებაში. აღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ, მისი გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის და შემოიფარგლა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის კრიტიკით.

 

9.3. 17.03.2016წ. აუდიტორული დასკვნით დგინდება შემდეგი:

9.3.1. „სს „პ-------ბ----ს“ მიერ გაცემული საბ---ო ამონაწერის მიხედვით მსესხებელს 2011 წლის 26 თებერვლიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე (2015 წლიდან იგი შეერწყა მოპასუხეს) გადახდილი აქვს სულ 15 284 აშშ დოლარი. მათ შორის ძირითადი თანხა 9140 აშშ დოლარი; სესხის პროცენტი, რეზერვირების საფასური და ჯარიმა 6144 აშშ დოლარი.

9.3.2. მოპასუხე ბანკის ამონაწერით კი ამავე პერიოდში 7648,9 აშშ დოლარი; არ ჩანს ეს თანხა ძირია, პროცენტი თუ ჯარიმა. ამ ამონაწერის თანახმად დავალიანება ბანკის მიმართ ამ პერიოდში იყო 7101,1 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში სს „პ-------ბ----ს“ მიერ გაცემული ამონაწერით იგი უნდა შეადგენდეს 4453 აშშ დოლარს. უფრო მეტიც, 2015 წლის იანვრიდან, ანუ სს „პ-------ბ----ს“ მოპასუხესთან შერწყმის შემდეგ, მოპასუხე ბანკში გადახდილია მხოლოდ ძირი თანხა 1690,71 აშშ დოლარი და აქედან გამომდინარე ძირი თანხა უნდა შეადგენდეს 2763 დოლარს და არა 5500 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ. 73).

9.3.3. ამრიგად, თუ შევაჯამებთ მსესხებლის მიერ სს „პ-------ბ---სა“ და მოპასუხე ბანკში ჩარიცხულ თანხებს მათ მიერვე გაცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სულ მიღებული აქვს მსესხებელს დაზღვევის თანხის ჩათვლით სესხის სახით 14 593 აშშ დოლარი, ხოლო ამ პერიოდში პროცენტი უნდა დარიცხულიყო 5930 აშშ დოლარი, რაც ჯამში შეადგენს 20 527 აშშ დოლარს, ხოლო დაფარულია ამ პერიოდში 18 475 აშშ დოლარი. სხვაობა შეადგენს 2052 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ. 73-76; იხ.: დანართი აუდიტორულ დასკვნაზე, ტ.1, ს.ფ. 178-181).

 

9.4. სააპელაციო პალატა საბანკო ამონაწერებზე და აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის დავალიანება 2011 წლის 26 იანვარის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის მარტის თვისათვის შეადგენდა 2052 აშშ დოლარს.

 

9.5. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე ბანკის განცხადებით (იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ) და კერძო აღმასრულებლის ნ--- ბ------–---–ის წინადადებით დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესახებ, დგინდება, რომ იძულებითი აღსრულება მოსარჩელის მიმართ დაიწყო 2016 წლის 12 თებერვალს (ტ.1, ს.ფ. 80, 88-90).

 

9.6. 25.02.2016წ. ავტომობილის შეფასების №7--- აქტის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი დაგირავებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 4 500 აშშ დოლარს (ტ.1, ს.ფ.131).

 

9.7. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხემ მოთხოვნა დაიკმაყოფილა დაგირავებული საგნის საკუთრებაში მიღებით. შესაგებელში მოპასუხე განმარტავს, რომ ბანკის მიერ გირავნობის საგნის შეძენა განხორციელდა 24.03.2016წ. 4500 აშშ დოლარად და აღნიშნული თანხით ბანკის მიერ შემცირდა სესხის ძირი თანხა (ტ.1, ს.ფ.106).

 

9.8. ამდენად, დგინდება, რომ აღსრულების დაწყების შემდეგ, რა დროისათვის მოსარჩერლის დავალიანება შეადგენდა 2052 აშშ დოლარს, მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიიღო 4500 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ, გადასახდელი დავალიანების 2052 აშშ დოლარის გარდა, ზედმეტად იქნა მიღებული 2448 აშშ დოლარი (4500-2052).

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის დანაწესით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად არის შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის ვალდებულება სრულად შეწყდა შესრულებით. საფუძვლიანია ვალდებულების შესრულებულად აღიარების მოთხოვნით აღძრული სარჩელი.

 

11. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 19.04.2016წ. აღძრული სარჩელის მოთხოვნას სასესხო ვალდებულების შესრულებულად აღიარებასთან ერთად ასევე წარმოადგენდა მოპასუხისგან ავტომობილის გამოთხოვა და მისი უკან დაბრუნება (ტ.1, ს.ფ.9).

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ 21.02.2018წ. სასამართლო სხდომაზე, რომელიც მოსამზადებელი სხდომიდან გადაიზარდა მთავარ სხდომაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სასესხო ვალდებულების შესრულებულად აღიარება, ასევე ბანკის მიერ რეალიზებული ავტომობილის სანაცვლოდ 5000 აშშ დოლარის ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ.268).

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გაცდა მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან საკუთარი ინიციატივით დააზუსტებინა მოსარჩელეს მოთხოვნა, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება განხორციელდა ზეპირი განმარტებით, საქმის არსებითი განხილვის დროს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავდაპირველი სარჩელით მოითხოვდა ავტომანქანის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის დარღვევად და სარჩელის საგნის შეცვლად ვერ შეფასდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მოთხოვნის იმდაგვარად დაზუსტება, რომლითაც მოთხოვნილია ბანკის მიერ უკვე რეალიზებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა ზეპირი განმარტებით, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოთხოვნის დაზუსტებისთვის რაიმე სავალდებულო ფორმა გათვალისწინებული არ არის.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსკ-ის მე-3-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (სსკ-ის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

 

მითითებული მუხლი დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, სასამართლო, სამოქალაქო საქმის განხილვისას შებოჭილია მხარეთა მოთხოვნებით და მას არა აქვს უფლება, იმსჯელოს იმ საკითხებზე, რაც სარჩელით არ არის განსაზღვრული. პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა იმ ფაქტს, მის მიერ სასესხო ვალდებულება შესრულებულია სრულად და ამდენად, არ არსებობდა გირავნობის საგნით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (იხ.: სარჩელი, ტ.I, ს.ფ.1-17). დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ნივთის გამოთხოვის ნაცვლად, მოითხოვა ბანკის მიერ უკვე რეალიზებული ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად არის შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და ამასთან, კრედიტორის მიერ ზედმეტად იქნა მიღებული 2448 აშშ დოლარი. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა შეაფასოს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს თანხის გადახდის ვალდებულება და არსებობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან შესრულების მიღების საფუძველი. ვინაიდან დადგენილია, რომ 2448 აშშ დოლარი წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ თანხას, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი და შესაბამისად, იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ.26).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „ს----------–--- ბ----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე