განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190310017001878179 (N3ბ/1010-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - გიორგი გოგიაშილი
მოსამართლეები - ილონა თოდუა, შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 პენიტენციური დაწესებულება;
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-–- ბ-------–---–ი;
დავის საგანი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N2----- განკარგულების ბათილად ცნობა და ამავე განკარგულების მოქმედების შეჩერება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 პენიტენციური დაწესებულება ითხოვს გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ-–- ბ-------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N2----- განკარგულება მსჯავრდებულ ლ-–- ბ-------–---–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს და გამოსცეს ახალი ინდივიდუალური -ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2017 წლის 31 მარტს მიღებული იქნა N2----- განკარგულება, როლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახე - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ერთი თვის ვადით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განკარგულება N2-----
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს მოსარჩელის სრულ განთავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების მითითების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამასთან, ყურადსაღებად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენს მსჯავრდებული, რომელსაც არ გააჩნია მტკიცებულებათა მოპოვების ფართო შესაძლებლობა, რაც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების დროს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსი’’, ასევე მიუთითა, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ასეთ ქმედებად გათვალისწინებულია ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ამავე კოდექსის 83-ე მუხლზე რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე მიუთითა, ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლი რომელიც განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარისათვის გასაჩივრების უფლების სათანადო რეალიზაციისათვის საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების გაცნობა, რათა შესაძლებელი იყოს შესაბამისი პოზიციის და სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება სასამართლოსათვის მიმართვის მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აჭარბებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით. ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება. გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნებისათვის, რა მიზანიც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 31 მარტის N2----- განკარგულებაზე სადაც მითითებულია, რომ მსჯავრდებულმა ლ-–- ბ-------–---–მა ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის 80-ე მუხლის "კ" ქ/პუნქტით, დაწესებულების დებულების 78-ე მუხლის "ი" ქ/პუქნტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 30 მარტს, პირველი სარეჟიმო კორპუსის მეორე დანაყოფის N-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლ-–- ბ-------–---–ი დაახლოებით 13:35 საათზე გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა მიმდებარე საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულებს. მის საკანთან მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები და მოუწოდეს შეეწყვიტა ხმამაღალი გადაძახილი და ხმაური, მაგრამ ლ-–- ბ-------–---–მა გააგრძელა იგივე ქმედება.
2017 წლის 30 მარტის საკნის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- ბ-------–---–ი კადრში ჩანს 13:35:54 წუთიდან. კერძოდ, მიდის ფანჯარასთან 13:35:58 – 13:36:02 საათზე და ფანჯრის რაფაზე რაღაც ნივთს ეხება. ჩანაწერში არ ჩანს ფანჯრის მთლიანი ხედი. მართალია ვიდეო ჩანაწერს ხმა არ აქვს, მაგრამ საკნის ჩანაწერით, დგინდება, რომ იგი ვარჯიშობს, შემდეგ იგი კვლავ მიდის ფანჯარასთან 13:37:32 საათზე და კვლავ ასწორებს რაღაც ნივთს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 პენიტენციური დაწესებულების სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შედეგს, განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დავის ფაქტობრივი გარემოებები რაც გახდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო განკარგულების მართებულობა დასტურდება სასამართლოსთვის წარდგენილი არაერთი უტყუარი მტკიცებულებით. მიუთითებს, რომ სასამართლოში წარდგენილი წარმოების მასალები, მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებები, თანამშრომლის პატაკი და ვიდეო ჩანაწერი თანხვედრაშია. აპელირებს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობაზე და ითხოვს გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ლ-–- ბ-------–---–ის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2017 წლის 31 მარტს მიღებული N2----- განკარგულება, როლითაც მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახე - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ერთი თვის ვადით.
პალატა მიუთითებს შემდეგს: საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი _ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. საქართველოს კონსტიტუცია, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.
ცალსახაა, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N108 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულებაზე“, რომლის 78-ე მუხლში ჩამოთვლილია ყველა ის ქმედება, რაც შეიძლება მიჩნეული იქნეს დისციპლინურ დარღვევად. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების დანაყოფის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დებულების დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე. მესამე ნაწილით ასევე დადგენილია, რომ ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა/ტექნიკა.
დებულების მე-80 მუხლში ჩამოთვლილია დისციპლინური სახდელის სახეები, კერძოდ „ზ“ ქვეპუნქტად მითითებულია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. სწორედ აღნიშნული დისციპლინური სახდელის სახე იქნა გამოყენებული მსჯავრედებულ ლ-–- ბ-------–---–ის მიმართ 1 (ერთი) თვის ვადით.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირებას საქართველოს კანონის პატიმრობის კოდექსზე, რომლის მიხედვით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. უფრო კონკრეტულად კი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს კანონის XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ასეთ ქმედებად გათვალისწიებულია ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მოცემული დავის არსებითად სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ლ-–- ბ-------–---–ის მხრიდან პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით და დაწესებულების დებულების 78-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას. სწორედ აღნიშნულის დადასტურება/უარყოფაზეა დამოკიდებული სარჩელის იურიდიული ბედი.
პალატა კვლავ ყურადღებას ამახვილებს მითითებული საკანონმდებლო აქტის - პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
ამავე კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
რაც შეეხება ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლს, დეტალურადაა განსაზღვრული დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.
მხარისათვის გასაჩივრების უფლების სათანადო რეალიზაციისათვის საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების გაცნობა, რათა შესაძლებელი იყოს შესაბამისი პოზიციის და სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება სასამართლოსათვის მიმართვის მიზნით. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ გარანტიებს ქმნის დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელებისათვის. სასამართლოს დაცვა კი ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დროულად ხორციელდება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო განკარგულებაში მითითებულია, რომ 2017 წლის 30 მარტს, პირველი სარეჟიმო კორპუსის მეორე დანაყოფის N-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ლ-–- ბ-------–---–ი დაახლოებით 13:35 საათზე გადაძახილის მეშვეობით დაუკავშირდა მიმდებარე საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულებს. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ მის საკანთან მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლები და მოუწოდეს შეეწყვიტა ხმამაღალი გადაძახილი და ხმაური, მაგრამ ლ-–- ბ-------–---–მა გააგრძელა იგივე ქმედება.
2017 წლის 30 მარტის საკნის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერებით როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- ბ-------–---–ი კადრში ჩანს 13:35:54 წუთიდან. კერძოდ, მიდის ფანჯარასთან 13:35:58 – 13:36:02 საათზე და ფანჯრის რაფაზე რაღაც ნივთს ეხება. ჩანაწერში არ ჩანს ფანჯრის მთლიანი ხედი. მართალია ვიდეო ჩანაწერს ხმა არ აქვს, მაგრამ საკნის ჩანაწერით, დგინდება, რომ იგი ვარჯიშობს, შემდეგ იგი კვლავ მიდის ფანჯარასთან 13:37:32 საათზე და კვლავ ასწორებს რაღაც ნივთს.
საქმის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოცხადებულმა ლ-–- ბ-------–---–მა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როგორც ვიდეო ჩანაწერშია ასახული, ის მართლაც მივიდა ფანჯარასთან სადაც მოთავსებული იყო უსადენო კავშირის ნაირსახეობა - რადიო, შემდეგ დაბრუნდა უკან და დაიწყო ვარჯიში და კვალავ გადაადგილდა ფანჯრის მიმართულებით. მისივე განმარტებით, ვიდეოჩანაწერით, სადაც მიუხედავად იმისა რომ არ არის ხმის ჩანაწერი, ვიზუალური მოქმედებითაც იკვეთება, რომ არ დაუძახია და მითუფრო არ დალოდებია ვინმესგან პასუხის მიღებას. ლ-–- ბ-------–---–ი განმარტავს, რომ მის მიერ გადაძახილი და ხმაური, რომლითაც შეიძლებოდა ხელი შეშლოდა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების განმარტებებით ვერ დადასტურდა.
პალატა საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეების მოსმენის საფუძველზე ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ სასამართლოში წარდგენილი წარმოების მასალები, მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებები, თანამშრომლის პატაკი და ვიდეო ჩანაწერი თანხვედრაშია.
პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს მოსარჩელის სრულ განთავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების მითითების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენს მსჯავრდებული, რომელსაც არ გააჩნია მტკიცებულებათა მოპოვების ფართო შესაძლებლობა, რაც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების დროს.
პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს და მათ შორის მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ახსნა - განმარტებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აჭარბებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით. ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება. გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნებისათვის, რა მიზანიც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ეს არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
სააპელაციო პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა და გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსიტროს N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N2----- განკარგულება მსჯავრდებულ ლ-–- ბ-------–---–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ეყრდნობა ისეთ გარემოებებს, რაც არ წარმოადგენს აქტის მატერიალური კანონიერებისათვის საკმარის წინაპირობას.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. იმავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს ასევე იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს- 246-243(კ-14)), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.“
პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სადავო განკარგულების მიღება საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია ყველა დეტალი, რათა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ გაუარესებულიყო მოსარჩელის მდგომარეობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. პროცესის ხარჯები:
6.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 პენიტენციური დაწესებულების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები: შოთა გეწაძე
ილონა თოდუა