განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.04.2019
საქმის ნომერი
080310119002828117
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310119002828117

საქმე N3/ბ-92-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი , 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი

 

კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ო-----------------’’

 

მოწინაღმდეგე მხარეები - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

დავის საგანი - დადგენილების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განჩინება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:

 

2019 წლის 31 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ო-----------------’’-ს (დირექტორი დ----------------ე) წარმომადგენელმა მ-------------- მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №---ე დადგენილება ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’.

 

მოსარჩელემ ამავე სარჩელით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 301 მუხლზე მითითებით იშუამდგომლა ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №---ე დადგენილების შეჩერების თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2018 წლის 31 ოქტომბერს მიიღო ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტი - დადგენილება N-- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’. დადგენილების N1 დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი; დადგენილების N2 დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი; დადგენილების N3 დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ზონირების ელექტრონული რუკა; ამავე დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N--- დადგენილება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო დადგენილებით იზღუდება მშენებლობის სფეროში დასაქმებული მეწარმე სუბიექტები, დადგენილება გამოცემულია სათანადო კვლევის გარეშე და წინააღმდეგობაში მოდის ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონთან. შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს აქტის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან სადავო აქტის აღსრულებით ქალაქის განაშენიანებას მიადგება ზიანი, შემცირდება ინვესტიციები.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებით შპს ,,ო-----------------’’-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2018 წლის 31 ოქტომბერს მიიღო დადგენილება N-- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“. დადგენილების N1 დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი; დადგენილების N2 დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქალაქმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული სახეობების ჩამონათვალი; დადგენილების N3 დანართის შესაბამისად, დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ზონირების ელექტრონული რუკა; ამავე დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ქალაქ ქუთაისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 4 აპრილის N--- დადგენილება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ხოლო საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) და ზემდგომი ორგანოს მიერ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 301 მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ღონისძიებას, როგორიც არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლოს შეუძლია სარჩელის აღძვრისას მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ამ აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს მიადგება არსებითი ზიანი ან შეუძლებელი გახდება პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორცილების პროცესში სასამართლოს გააჩნია იურისდიქცია და უფლებამოსილება გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობა და შეაჩეროს/გადადოს მისი აღსრულება მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. თუმცა, მმართველობის სფეროს კონტროლის ასეთი მექანიზმი სასამართლოს მხრიდან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთდაპირისპირების თვალსაზრისით და ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს შუამდგომლობის ავტორის მიმართ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის დამდგარი შედეგის შეუქცევადობის ხასიათი და მის მიმართ ალბათობის მაღალი ხარისხით გამოუსწორებლი ზიანის დადგომის შესაძლებლობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ იქნეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება, მხარის მიერ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დასაბუთებული შუამდგომლობა სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, ან უნდა წარმოიშვას დასაბუთებული ეჭვი, რომ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდგომში დაცვას. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქტის საფუძველზე განსახორციელებელი ქმედებებით მოსარჩელისათვის არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლება-ინტერესის დაცვის შეუძლებლობის ფაქტი, შესაბამისად სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული თვით სასამართლომ უნდა შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და კანონის უზენაესობის დაცვის გათვალისწინებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №-- დადგენილება განეკუთვნებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 301 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს და ასეთი აქტის მოქმედების შეჩერება დამოკიდებული იყო მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან იგი შეიცავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და შესაბამისად, მისი სოციალური დატვირთვაც უფრო დიდია, ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას ნათელი უნდა იყოს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობა, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი ნორმატიული აქტის კანონიერების თაობაზე ან უზრუნველყოფის გამოუყენებლობა არსებით ზიანს უნდა აყენებდეს მხარეს ან შეუძლებელს ხდიდეს მისი კანონიერი უფლებების დაცვას ან გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სადავო აქტის სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკურობის მხედველობაში მიღებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებანი და წარმოდგენილი მასალები, არ ქმნიდნენ საფუძველს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ სამართალწარმოების ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო გასაჩივრებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ეჭვის დასაბუთებულობის დადგენა იმ მოტივებზე დაყრდნობით, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ იქნა სარჩელში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფა ემსახურება მიზანს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის კანონმდებლის მიერ დაწესება, გულისხმობს საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებისგან ან აღუსრულებლობისაგან დაცვის მიზნით. სარჩელის უზრუნველყოფა, მისი გამოყენება-არგამოყენების საკითხი, იმთავითვე დამოკიდებულია და განისაზღვრება სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობისგან დაცვისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება საფრთხის ქვეშ არ იდგა და გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი მიღწევადი იქნებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშეც, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება არ გაძნელდებოდა და არც აღუსრულებელი გახდებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას აუცილებელია პირველ რიგში სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს სასარჩელო დავის საგანზე და ამ დავის საგნის დაცვის მიზნით გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი სარჩელით არ იკვეთებოდა მომავალი, მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის აუცილებლობა, რადგან არ იკვეთებოდა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიც იყო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განჩინებაზე კანონით დადგენილ ვადაში საჩივარი წარადგინა შპს ,------------------------ს დირქტორმა დ----------------ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება; კერძოდ, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანეიბის რეგულირების დამტკიცების შესახებ“ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N-- დადგენილების მოქმედების შეჩერება;

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სადაო ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებით არ შეიძლება ზიანი მიადგეს ქალაქის ინტერესებს, რადგან უკანონო აქტის შეჩერების შემთხვევაში, სადავო საკითხები დარეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კერძოდ, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.

 

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული

განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შპს ,------------------------ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

პალატა განმარტავს, რომ როგორც საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსი, ისე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეებს, ასევე მათი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 301 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლოს შეუძლია სარჩელის აღძვრისას მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ამ აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულებით პირს მიადგება არსებითი ზიანი ან შეუძლებელი გახდება პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარის მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე შესაბამისი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას დასაბუთებული ეჭვის სახით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, გადაუდებელი აღსრულების შემთხვევაში მხარეზე არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვის შეუძლებლობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. ამასთან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებაში ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი ის საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება, რა მიმართებით შუამდგომლობის ავტორმა ნათლად უნდა წარმოაჩინოს, რომ ეს მოწესრიგება აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის ან არსებული რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საკითხი რომელზეც საჩივრის ავტორი უთითებს, უნდა შემოწმდეს საქმის არსებითი განხილვისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს. განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის, როგორც ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სარჩელის დასაბუთებულობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს შესაბამისი მტკიცებულებების და პროცესუალური შესაძლებლობების არარსებობის გამო. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაკავშირებულია უმაღლესი ხარისხის ალბათობასთან; კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 301 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ, რაც, ამ ეტაპზე საქმის მასალების მიხედვით სახეზე არ არის, ზემოაღნიშნული გარემოებები კი შპს ,------------------------ს საჩივრის უარყოფის საფუძველს წარმოადგენს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ შუამდგომლობას და საქმის მასალებს. გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 301 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით დადგენილი და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,------------------------ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განჩინება;

 

3. საჩივრის ავტორის შპს ,------------------------ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი