განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001431456
საქმე №3ბ/23-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, შორენა ყაველაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – გ---–------ ბ--–---ა
წარმომადგენელი - ვ-----------–----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მა--------–---–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ---–------ა ბ--–---ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილება და მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გ---–------ა ბ--–---ას (დაბ. 1---------წ) 2015 წლის 30 ივლისის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ №1--------- განცხადებაზე არსებითად მსჯელობა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. 2013 წლის 04 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ---–------ა ბ--–---ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2013 წლის 30 მარტის N5----1 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია გ---–------ა ბ--–---ასათვის თანამემაულის სტატუსის მინიჭება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 05 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებით გ---–------ა ბ--–---ას უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე ვინაიდან არსებობდა ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---–------ა ბ--–---ას განცხადება (ს.ფ. 41-44);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2013 წლის 30 მარტის 5----1 წერილი (ს.ფ.50);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 05 აპრილის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 51).
2.2.2. 2015 წლის 30 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ---–------ა ბ--–---ამ კვლავ მიმართა განცხადებით სქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 01 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ მას უფლება არ ჰქონდა განმეორებით მიემართა სტატუსის მისაღებად, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება გ---–------ა ბ--–---ას 2015 წლის 30 ივლისის განცხადებაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---–------ა ბ--–---ას განცხადება (ს.ფ. 61-64);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 01 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 82).
2.2.3. გ---–------ ბ--–---ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 01 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით გ---–------ა ბ--–---ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 01 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ---–------ა ბ--–---ას განცხადებასთან დაკავშირებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 71-77).
2.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილებით, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება გ---–------ა ბ--–---ას (დაბ. 1---------წ) 2015 წლის 30 ივლისის №1--------- განცხადებაზე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 80-81).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება გ---–------ა ბ--–---ას განცხადებასთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მას უფლება არ ჰქონდა განმეორებით მიემართა თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილების გამოცემის საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, როლითაც გ---–------ა ბ--–---ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 01 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ---–------ა ბ--–---ას განცხადებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში მიუთითა ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად სააგენტოსთვის განმეორებით მიმართვის საფუძვლები. მითითებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, იგი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, ან თუ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს უკვე მიღებული სტატუსი შეუწყდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მას არა აქვს უფლება, განმეორებით მიმართოს სააგენტოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 05 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებით გ---–------ა ბ--–---ას უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძველის არსებობის გამო. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 2013 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაუკონკრეტებია კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელი გარემოების არსებობის გამო მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვილი სტატუსის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს გაუჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი სააგენტოსადმი განმეორებით მიმართვის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე მითითება, ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-110-103(2კ-13). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული ქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, ამავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არაღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილება გამოცემული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 05 აპრილის №1--------- გადაწყვეტილებით გ---–------ა ბ--–---ას უარი ეთქვა თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძველის არსებობის გამო, ისე რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუკონკრეტებია მე-9 მუხლის პირველი პუნქტის რომელი საფუძვლით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, ანუ მიანიშნა რომ სახეზე არ იყო შეწყვეტის საფუძველი. მიუხედავად ამ მითითებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება გ---–------ა ბ--–---ას განცხადებაზე იმავე საფუძლით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. კერძოდ, უდავოა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მისი გამოცემის აუცილებელი წინაპირობის - კანონიერ ძალაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი არ არის შესაბამისობაში სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ, მისთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პირობებთან. ადმინისტრაციული ორგანოს რეაგირება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში, წინააღმდეგობაშია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების სახის ნამდვილ ფუნქციასთან, რაც, როგორც აღინიშნა, ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა გამოსცეს აქტი არამედ, შეასრულოს ყველა გარემოება, რომლის გათვალისწინებაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გ---–------ა ბ--–---ას (დაბ. 1---------წ) 2015 წლის 30 ივლისის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ №1--------- განცხადებაზე არსებითად მსჯელობა.
2.3.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ---–------ა ბ--–---ასათვის თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსათვის გ---–------ა ბ--–---ას 2015 წლის 30 ივლისის განცხადებაზე არსებითად მსჯელობის დავალების პირობებში, ამ ეტაპზე გამორიცხულია სასამართლოს მიერ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
გ---–------ ბ--–---ას აზრით, შესაძლებელი იყო მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე კვლავ გამოკვლევის გარეშე უარს ეტყოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, იგი აკმაყოფილებდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების პირობებს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და არღვევს მის უფლებებს. ამდენად, აპელანტი - გ---–------ ბ--–---ა მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, კერძოდ, მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც მას მიენიჭება თანამემამულის სტატუსი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას ნაწილობრივ. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:
4.1. ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი.
ხსენებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, იგი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, ან თუ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს უკვე მიღებული სტატუსი შეუწყდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მას არა აქვს უფლება, განმეორებით მიმართოს სააგენტოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 04 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე გ---–------ა ბ--–---ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღება, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არსებობდა ,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამემამულის სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულის შემდეგ 2015 წლის 30 ივლისს, მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღება, თუმცა აღნიშნულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ მას უფლება არ ჰქონდა განმეორებით მიემართა სტატუსის მისაღებად, რაც გ---–------ა ბ--–---ას მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ---–------ა ბ--–---ას განცხადებასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული იქნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება გ---–------ა ბ--–---ას (დაბ. 1---------წ) 2015 წლის 30 ივლისის №1--------- განცხადებაზე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ.
,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების თანახმად, თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები, სააგენტო პირს ანიჭებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს და მოთხოვნის შემთხვევაში მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობას. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში.
პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 04 ივლისის №1----------- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება არსებითად განხილული არ იქნა, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია თუ რამდენად იყო მოსარჩელე ზემოაღნიშნული კანონის სუბიექტი, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა განესაზღვრა თუ რამდენად მართებულად შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება გ---–------ა ბ--–---ას განცხადებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, გ---–------ა ბ--–---ას განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მიჩნეული იქნა უკანონოდ. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა გ---–------ა ბ--–---ას (დაბ. 1---------წ) 2015 წლის 30 ივლისის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ №1--------- განცხადებაზე არსებითად მსჯელობა, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი სასამართლო მიეღო გადაწყვეტილება გ---–------ ბ--–---ას მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ და მოპასუხისთვის დაევალებინა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლოს არსებითად უნდა გადაეწყვიტა მისთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხი და აღნიშნავს, რომ გ---–------ა ბ--–---ას განცხადებისა და მასზე თანდართული მტკიცებულებების შეფასება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებაზე არსებითად არ უმსჯელია, ამ ეტაპზე შეუძლებელია სასამართლოს მიერ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული ცალსახად ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს წარმოადგენს. დავის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოება (არსებობს თუ არა სათანადო მტკიცებულებები პირისთვის სტატუსის მისანიჭებლად) უდავოდ უნდა დადგინდეს უფლებამოსილი ორგანოს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თავად ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია სადავო საკითხზე, ამ დავის ფარგლებში სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა, რაც აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ1’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ---–------ ბ--–---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
შორენა ყაველაშვილი