განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/819-19
N330310019002841032
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები - მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ----------------------------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - თ---------------–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ----------------------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. მ----------------------------------ი სწავლობს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე-მედიცინა, 1-ლი კურსის პირველ სემესტრი. სწავლის პერიოდი მოიცავს 2018-2024 წლებს.
1.2.2. 2018 წლის 18 დეკემბერს მ----------------------------------მა N1--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.
1.2.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 8 იანვრის №1---------/7 წერილით - მ----------------------------------ს განუმარტა, რომ უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. შესაბამისად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მ----------------------------------ს დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა 2019 წლის 16 იანვრამდე. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 თებერვლის N0------- წერილით დგინდება, რომ მ----------------------------------ის N1--------- საქმეზე (სასწავლო ბინადრობის ნებართვა) სააგენტოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ ატვირთვისა და ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსების დრო დაფიქსირებულია 08.01.2019 წელი.
1.2.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის №1--------- გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული მ----------------------------------ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა. დასახელებული დადგენილების მიხედვით უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს მ----------------------------------მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მ----------------------------------ს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 8 იანვრის N1---------/7 აქტით მ----------------------------------ს დაუდგინა ხარვეზი და მოსთხოვა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 16 იანვრამდე წარდგენა. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასევე დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge -ზე განთავსება. ზემოაღნიშნული დოკუმენტის, ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 08 იანვრის №1---------/7 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარუდგენია;
სასამართლოს განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გადაწყვეტილება მ----------------------------------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-601 მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, სადავო აქტი გამოცემულია განსაზღვრული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან კანონიერად არის მიჩნეული სააგენტოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე საქართველოს სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის დავალდებულების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“, „ე1" პუნქტებზე მითითებით მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.03.2019წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს მ----------------------------------ის მოთხოვნა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აპელანტის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას დროის იმ მონაკვეთში, რომლის განმავლობაშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. აპელანტის განმარტებით, მან, როგორც საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფმა ე---------------------------–--ის მოქალაქემ და ს-------------------------ოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა, განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მისაღებად და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოავლინა, რომ მ----------------------------------მა უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი მოთხოვნით არ მიმართა კანონით დადგენილი ვადის დაცვით - 40 კალენდარული დღით ადრე, თუმცა რეალურად, მან საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე წარუდგინა შესაბამის უწყებას განცხადება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. სააგენტოს დავალება - ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის დროისთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შესახებ, უსაფუძვლო იყო იმ ვითარებაში, როცა განმცხადებელმა მიმართა 31 კალენდარული დღით ადრე და ის ვერ უზრუნველყოფდა ხარვეზის აღმოფხვრას ვერცერთ შემთხვევაში.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 12.1 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია დისკრეციის სფერო, რომელიც მას ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველას, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აპელანტის განმარტებით, ამ უფლების რეალიზაციის მიზნით, 08.02.2019წ. წარადგინა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, იმ იმედით, რომ სასამართლო ჯეროვნად შეაფასებდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტის მოთხოვნას სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-14 მუხლი შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს („საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო"). საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე - 40 კალენდარული დღით თუ 31 კალენდარული დღით ადრე მყოფი უცხოელი, ორივე შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი პირია, ეს კი მას ანიჭებს უფლებას, მოიპოვოს ბინადრობის ნებართვა, თუ ის აკმაყოფილებს კონკრეტული სახეობის ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო და თბილისის საქალაქო სასამართლო საპირისპიროს დასამტკიცებლად მიუთითებენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის -,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 3.4 მუხლზე, რომლის თანახმად, „უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე." მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამ ნორმის წინააღმდეგობა საკანონმდებლო აქტის ნორმასთან (კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთან დაკავშირებით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე), სასამართლომ განმარტა უცხო ქვეყნის მოქალაქის ინტერესის საზიანოდ. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოიცა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად. „ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 7.7 მუხლი ადგენს, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობდა მ----------------------------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის 2018 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი განცხადება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, სრულ შესაბამისობაში იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტთან, ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 33-ე მუხლთან, 41-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის N520 დადგენილების მე-6 მუხლთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლთან, ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან. მ----------------------------------ის სახელზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გამოცემაზე უარის თქმით, საფრთხე ექმნება უცხოელი სტუდენტის საქართველოში ყოფნის რეალურ მიზანს - სწავლას.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.
საქართველოში უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”. აღნიშნული “წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამავე „წესის“ 3.4. მუხლის თანახმად, უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. 3.8 მუხლის თანახმად კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა - ელექტრონული ფოსტა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების ზოგად წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 76.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამავე კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულია იმ აუცილებელი მონაცემების ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს წარდგენილი განცხადება. კოდექსის 83.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. 83.2 მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. 83.5 მუხლის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 18.12.2018წ. მ----------------------------------მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მ----------------------------------ს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, დაინტერესებული პირი ვალდებულია, განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.01.2019წ. N1---------/7 აქტით მ----------------------------------ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტის სააგენტოში წარდგენა 2019 წლის 16 იანვრამდე. განმცხადებელს განემარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასევე მითითებულ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე (www.sda.gov.ge) განთავსებისა და იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 13.7 მუხლის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილი იყო გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე. უდავოა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.01.2019წ. №1---------/7 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, მოსარჩელეს დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გადაწყვეტილება მ----------------------------------ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, სადავო აქტი გამოცემულია განსაზღვრული ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთანავე, ვინაიდან კანონიერად არის მიჩნეული სააგენტოს 16.01.2019წ. გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის დავალების საფუძველი.
3.2.2. აპელანტმა მიუთითა განსახილველი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 3.4 მუხლის („უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე") შეუსაბამობაზე ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის მე-14 მუხლთან („საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო"). აპელანტის მოსაზრებით, „ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 7.7 მუხლიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის მე-14 მუხლით, ვინაიდან კანონის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე მყოფი უცხოელი (40 კალენდარული დღით თუ 31 კალენდარული დღით ადრე), საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი პირია, ეს კი მას ანიჭებს უფლებას, მოიპოვოს ბინადრობის ნებართვა, თუ ის აკმაყოფილებს კონკრეტული სახეობის ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
პალატა მიუთითებს, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის ზოგად წესს, ამასთანავე, მიუთითებს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხლი). სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი კანონის აღსრულების მიზანს ემსახურება, საკანონმდებლო აქტით სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ყველა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, ამდენად, კანონქვემდებარე აქტის მთავარი ფუნქცია საკანონმდებლო აქტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფაა. პალატის მოსაზრებით, კანონქვემდებარე აქტის - საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ 3.4 მუხლის ჩანაწერი, რაც სააგენტოსათვის ბინადრობის მოთხოვნის კონკრეტული ვადის დაცვით წარდგენას უკავშირდება, ავსებს და აკონკრეტებს იმ დებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით - ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონით. ამდენად, უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ჩანაწერების ურთიერთწინააღმდეგობიდან გამომდინარე, კანონის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----------------------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).
მოსამართლეები:
ხატია არდაზიშვილი
მანანა ჩოხელი
გიორგი ტყავაძე