განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001415042
საქმე №3ბ/2032-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე, ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ცირა მაზმიშვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"
წარმომადგენელი - შალვა გიორგაძე
მესამე პირი - შპს ,,აგრომეტი"
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 1 აპრილის N05/6442 მიმართვა და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის შედეგად გამოეცა ახალი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, ,,ქვესადგური ჩაქვის“ ტერიტორიაზე მდებარე N20.18.02.235 საკადასტრო კოდის 6600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 178 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ 2007 წლის 29 ივნისს N1-6321 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის 2007 წლის 29 ივნისის ამონაწერი, საკადასტრო რუკა (ს.ფ. 21-22, 27).
2.2.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 1 აპრილს N05/6442 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს, ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე 8982 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2011 წლის 1 აპრილს N05/6442 წერილი (ს.ფ. 29).
2.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 აპრილის N882011153554-03 გადაწყვეტილებით ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე 8982 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა და გაიცა ამონაწერი. ამონაწერში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2011 წლის 1 აპრილს N05/6442 წერილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 7 აპრილის N882011153554-03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);
- საჯარო რეესტრის 2011 წლის 7 აპრილის ამონაწერი (ს.ფ. 16).
2.2.4. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 27 ივლისის N1-3/719 ბრძანებით შპს ,,აგრომეტის“ (ს/კ 404893727) კაპიტალში სხვა უძრავ ქონებასთან ერთად შეტანილი იქნა ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე, N20.48.04.216 საკადასტრო კოდის 8982 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 აგვისტოს N882011368476-03 გადაწყვეტილებით ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში განხორციელდა ცვლილებების რეგისტრაცია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საწარმოთა მართვის 2011 წლის 27 ივლისის N1-3/719 ბრძანება (ს.ფ. 30-33);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 აგვისტოს N882011368476-03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 15);
- 2011 წლის 4 აპრილის საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 18).
2.2.5. 2015 წლის 29 სექტემბერს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც ქობულეთის რაიონში, დაბა ჩაქვში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ. ვერსია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 5 ოქტომბრის N882015555405-03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 19).
2.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 5 ოქტომბრის N882015555405-03 გადაწყვეტილებით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და წარდგენილი მიწის ნაკვეთი არ შეესაბამებოდა რეგისტრირებულ მონაცემებს, ზედდება იყო არსებულ მონაცემებთან, რის გამოც წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო კი, სამსახურის 2015 წლის 6 ნოემბრის N882015555405-04 გადაწყვეტილებით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ზედდების ამსახველი საკადასტრო გეგმის მიხედვით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნით მითითებული N20.48.04.490 მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაფარული იყო შპს „აგრომეტის“ კუთვნილი, N20.48.04.216 მიწის ნაკვეთით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 5 ოქტომბრის N882015555405-03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 19);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 ნოემბრის N882015555405-04 გადაწყვეტილება (ს.ფ. 20).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 1 აპრილს N05/6442 წერილი უფლების დამდგენი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
მითითებული წერილის შინაარსის მხედველობაში მიღებით, მისი კანონიერების დასადგენად გასარკვევია, გააჩნდა თუ არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს დაბა ჩაქვში მდებარე, N20.48.04.216 საკადასტრო კოდის 8982 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სრულად სახელმწიფოს საკუთრების დარეგისტრირების მოთხოვნის საფუძველი ან/და აღნიშნული საკითხი გადაწყდა თუ არა საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციის 812-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს (საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბერის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს დებულება, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულება). მითითებული სამინისტროს ერთ-ერთ ამოცანას სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა წარმოადგენს. სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირდება მიწის ნაკვეთები, რომლებზეც კერძო პირთა უფლება არ არის დარეგისტრირებული. ამასთან, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე გადაწყვეტილება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი). ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვეოდა, რომ სადავო აქტი საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად იყო გამოცემული. არ იყო წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი იქნა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა. ამასთან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო აქტით დადგენილი იქნა სახელმწიფოს საკუთრებად იმ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „ენერგო პრო ჯორჯიაზე“ აღრიცხულ ქონებას მოიცავდა, სადავო აქტის მოქმედების პირობებში კი შესაბამის პირს წაერთვა უფლების დარეგისტრირების შესაძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 1 აპრილის N05/6442 მიმართვა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავდა მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის მეორე მოთხოვნის საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას და აღნიშნულზე უნდა ემსჯელა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოზე სადავო ქონების რეგისტრაცია განხორციელდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის საფუძველზე. მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს ზედდება არ დაფიქსირებულა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, მიუხედავად იმისა რომ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრების უფლება იმ დროისთვის უკვე რეგისტრირებული იყო. ამდენად, სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის უფლებების შელახვის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა. აპელანტის აზრით, სადავო აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება: ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას ნაწილობრივ.
4.1. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა სხვის საკუთრებას და აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ისე რომ არ შეუსწავლია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 1 აპრილის N05/6442 წერილის საფუძველზე მოთხოვნილი უძრავი ნივთის რეგისტრაცია სს „ენერგო პრო ჯორჯიაზე“ აღრიცხულ ქონებას მოიცავდა.
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზედ, რომ, ვინაიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, ხოლო სადავო ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს სახელზე განხორციელდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს არ არსებობდა ზედდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ ქაღალდის ვერსიის საფუძველზე ანდა დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას. ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული მხოლოდ საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. ამდენად, ხსნებული საფუძვლით სადავო აქტის გამოცემა წინააღმდეგობაში მოდის და არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას (საქმე Nბს-367-363(კ-12) სუს 28.02.2013წ. გადაწყვეტილება).
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისთვის. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია რიგი მტკიცებულებები, რომელთა შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში, უნდა დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთზე როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულის საპირისპიროდ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე იქნა მიღებული, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებასთან. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
ნინო ყანჩაველი