განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117-02179818
საქმე №1/ბ-632-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მაკა გორგოძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის -თ-------- გ----–---–ის,ადვოკატის - ლ--–- ა--–------ის,მსჯავრდებულის - პ----- ბ--–-----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----- თ------–ას ძე ბ--–-----ს მიმართ, დაბადებული 197- წლის 01 ნ--------ს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ნ-------.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ პ----- ბ--–-----მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
პ----- ბ--–-----მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: პ----- ბ--–-----მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,762048 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ 96 ცალ ტაბლეტს. 2017 წლის 07 ნ--------ს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარიათში, სარფი-ბათუმის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ჩატარდა პ----- ბ--–-----ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში გახვეული, თეთრი ფერის 96 ცალი ტაბლეტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით პ----- ბ--–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პ----- ბ--–-----ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
პ----- ბ--–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 07 ნოემბრიდან.
პ----- ბ--–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ----- ბ--–-----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–- ა--–------მა, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და პ----- ბ--–-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პ----- ბ--–-----ს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით, მათ შორის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და მისი სხვა მტკიცებულებებთან შეპირისპირება საეჭვოს ხდის საქმეში დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო საკმარისი საფუძვლის არსებობას. პ. ბ--–-----ს საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენი არ არის დასაბუთებული და არ ეფუძნება გონივრულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების შედეგად უტყუარობა დაკარგა, პ----- ბ--–-----ს პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის მუშაკების და ექსპერტის ჩვენებებმა, იმის თაობაზე, რომ ამოღებული და გამოკვლეული იქნა 96 ტაბლეტი, ვინაიდან ნივთმტკიცების დათვალიერების და გამოკვლევის დროს 96 ტაბლეტის მაგივრად აღმოჩნდა 230 გაურკვეველი წარმომავლობის ტაბლეტის საშუალო და მცირე ზომის ნატეხები. დასკვნაში მითითებული საკვლევი ობიექტის ინდივიდუალური ნიშნები არ ემთხვევა ჩხრეკის ოქმში აღწერილ ინდივიდუალურ ნიშნებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების გამოცვლის თაობაზე და ეჭქვეშდგება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სარწმუნობაა. თუ კი ექსპერტს ეჭვი ეპარებოდა, რომ 96 აბი არ იყო ერთნაირი და თითეული ტაბლეტი ექვემდებარებოდა ცალკე კვლევას რატომ ჩაატარდა კვლევა მხოლოდ ერთხელ და არა 96-ჯერ. საქმე ეხება ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკოტიკის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა სავალდებულოა, ვინაიდან ნივთიერების ზუსტი ოდენობით დგინდება დანაშაული მაკვალიფიცირებელი ნიშნით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტი დასკვნაში მიუთითებს, რომ ,,ტაბლეტების გვერდებს, ნაწილობრივ აღენიშნება ჩამონატეხების სახით, რის გამოც დეფორმირებულია“ ე.ი. ტაბლეტების გარკვეული ნაწილი, ჩამონატეხებიდან გამომდინარე არ არის სრულყოფილი ანუ მათი წონა არ შედგენს 0,3969 გრამს, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია გაჩნდეს კითხვა, თუ კი ტაბლეტებს აღენიშნება ჩამონატეხები და არ არის სრულყოფილი, როგორ მიიღო ექსპერტმა ზუსტად ის წონა, რომლის მიღებაც მხოლოდ და მხოლოდ ტაბლეტების მთლიანობის შემთხვევაშია შესაძლებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განაჩენში მითითებული მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნის სისწორესთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტ - მსჯავრდებულ პ----- ბ--–-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ლ--–- ა--–------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს თ-------- გ----–---–ს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და პ. ბ--–-----ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ პ----- ბ--–-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული მ------ ფ----------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 07 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ პ----- ბ--–----- იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში და თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ა---------– გ-----–---–ის, ჯ--- მ--–-----ის, თ------ კ--------–--ს და რ----- რ-----ის, ასევე ექსპერტ- კრიმინალისტის კ------- დ-----ას ჩვენებებით და მათ მიერ შედგენილი პ----- ბ--–-----ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 07 ნ--------ს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარიათში, სარფი-ბათუმის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, ჩატარდა პ----- ბ--–-----ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში გახვეული, თეთრი ფერის 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ცალი ტაბლეტი - წარწერით N8, რომლებიც მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და დაილუქა.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ მ----- მ---–--ის ჩვენების და მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №------ დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პ----- ბ--–-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ლოგო N8-ს მქონე, 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ცალი ტაბლეტი, მათი საერთო წონა 38,1024 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0,762048 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. კვლევის შედეგად დარჩა ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტების ნატეხები, რომლებიც დაილუქა. ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ საკვლევი ობიექტი წარედგინა ერთ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში. ჩაატარა ლაბორატორიული კვლევა, შესწავლილი იქნა წარდგენილი საკვლევი ობიექტის შემადგენლობა და შიგთავსი, მიკროსკოპით გამოიკვლია თითოეული მათგანი, ტაბლეტებს შეემჩნეოდა ნატეხები, რაც ურთიერთხახუნის შედეგად ხდება, თვისობრივი რეაქციის შემდეგ, ჩაატარა ღრმა კვლევა, კვლევის შედეგად ყველა აბი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას ,,ბუპრენორფინს’’. კვლევის პარალელურად მიმდინარეობდა ფოტოგადაღება, რაც ასახული იქნა დასკვნაში, დარჩენილი საკვლევი ობიექტი დაილუქა და შესაბამის ორგანოს გადაეცა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ რ--------- ხ--–--შის ჩვენების და მის მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პ----- ბ--–-----ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სპეციალისტმა ქ------- ბ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული შემოწმების დასკვანა და განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხში მითითებული არ არის საძიებელი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების რაიმე ჯგუფი ან კონკრეტული ნივთიერება მიუხედავად ამისა, კვლევა ჩატარდა პირდაპირ მხოლოდ ბუპრენორფინის აღმოსაჩენად და დადგინდა, რომ მარკის რეაქტივთან იისფერი შეფერილობის მიღების გამო საკვლევი ნივთიერება არის ბუპრენორფინი, თუმცა მარკის რეაქტივთან იისფერ შეფერილობას კიდევ ბევრი სხვა ნივთიერება იძლევა, მათ შორის არანარკოტიკული და არაფსიქოტროპული. სპეციალისტის განმარტებით გამოკვლევის ნაწილში არ ჩანს: საკვლევი ნიმუშის რა რაოდენობა იქნა აღებული საანალიზოდ და რამდენი ტაბლეტი; როგორ მომზადდა საანალიზო ნიმუში საშუალო სინჯის ასაღებად - მოისრისა ტაბლეტები ერთგვაროვანი მასის თუ პირდაპირ ნატეხი იქნა გამოწვლილული; საშუალო სინჯიდან რამდენი წონაკი იქნა აღებული და რა წონის იყო თითეული წონაკი; რას ნიშნავს ,, წონაკების ნაწილიდან მიღებული გამონაწვლილების ნაწილი“- რამდენია ეს წონაკების ნაწილი, რამდენი გამონაწვლილი იყო, რითი მოხდა გამოწვლილვა, რამდენია გამონაწვლილების ნაწილი. ქიმიური ექსპერტიზის გამოკვლევის ნაწილის მეოთხე აბზაცში ისევ ნახსენებია საკვლევი ობიექტის საშუალო სინჯის წონაკების ნაწილი, რომელიც გამოიწვლილა ჰექსანით. გამოკვლევის ამ ნაწილში არ ჩანს: ეს საკვლევი ობიექტი იმავე საშუალო სინჯის წონაკების ნაწილია თუ არა, რა რაოდენობაა, რამდენი გრამია: წონაკები მრავლობითი რიცხვია და მოგეხსენებათ, რომ ნიშნავს რამდენიმე ან ბევრ წონაკს - რამდენი ცალი იყო ეს წონაკები და თითოეული მათგანი რაში იქნა გამოყენებული; ამავე აბზაცში მშრალი ნაშთებიც მრალვლობით რიცხვშია მოხსენებული, თუმცა მათი არც რაოდენობაა მითითებული და არც საჭიროება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი მშრალი ნაშთია გამოყენებული. რა ბედი ეწია დანარჩენ მშრალ ნაშთებს, მითითებული უნდა იყოს რაში დაიხარჯა თითეოეული მილიგრამი. გამოკვლევის ნაწილის ბოლო აბზაცში ისევ საკვლევი ობიექტის საშუალო სინჯის წონაკის ნაწილია მითითებული, თუმცა აღნიშნული არ არის წონაკის წონა. სპეციალისტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზის დასკვნას თან ერთვის ქრომატოგრამები, ანუ კვლევის დამადასტურებელი ნივთმტკიცება, კვლევა არათუ სრულყოფილ არ არის, არამედ ამ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით იმის მტკიცებაც კი არ შეიძლება, რომ საერთოდ ჩატარდა კვლევა.
სანალიზოდ წარდგენილი ობიექტი იყო 96 ტაბლეტი წონით 38,1024 გრამი, ანალიზის შედეგად დარჩა ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტების ნატეხები საერთო წონით 38,0004 გრამი.. როგორც მონაცემებიდან ჩანს კვლევისათვის დახარჯულია სულ 38,1024-38,0004-0,102 გრამი. ვერ ირკვევა რამდენი იყო საშუალო სინჯი, დახარჯული 0,102 გრამი რამდენ წონაკად იყო დაყოფილი და რატომ. გამოკვლევის ნაწილში იმდენჯერ არის მითითებული ,,წონაკების ნაწილი“, რომ რელურად ისიც კი საეჭვო ხდება ეყო თუ არა ანალიზს 0,1024 გრამი ანუ გრამის მეათედიან დაიხარჯა თუ არა ეს 0,1024 გრამი და თუ დაიხარჯა რაში. ქ. ბ-------ე განმარტავს, რომ თუ ექსპერტი დარწმუნებული იყო, რომ 96 ტაბლეტი ერთიდაიგივე შემადგენლობის იყო და ამაში დარწმუნებული იყო, მაშინ გამოყენებული ლიტერატურის ნაწილში მითითებული ლიტერატურის შესაბამისად საშუალო სინჯისთვის მოსამზადებლად საჭირო იყო მაქსიმუმ 20 ტაბლეტი და არა 96-ვე ტაბლეტის განადგურება, ხოლო თუ დარწმუნებული არ იყო ტაბლეტების ერთგვაროვნებაში, მაშინ თითეული ტაბლეტის ანალიზი ცალ-ცალკე უნდა ჩატარებულიყო და ასახულუყი დასკვნაში. ცნობილია, რომ საშულო სინჯის მოსამზადებლად საჭიროა საკვლევი ნიმუშის ერთგვაროვან მასად გადაქცევა, ანუ მაქსიმუმ 20 ტაბლეტის მათი მოსრესვა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამდენად გაუგებარია რა მიზანს ემსახურება 96 ტაბლეტის ნატეხებად ქცევა, სასაქონლო სახის დაკარგვა, ფაქტიურად განადგურება და რატომ არ იქნა თუნდაც ნიმუშად შენახული ტაბლეტები. კვლევისათვის დახარჯული ნიმუშის რაოდენობის ტაბლეტების რაოდენობაზე გაყოფით მივიღებთ, რომ ექსპერტს 0,102 გრამი საანალიზო ნიმუშის მისაღებად თითოეული ტაბლეტიდან უნდა აეღო 0,102:96=0,0011გრამი. პროკურორის შეკითხვაზე სპეციალისტმა განმარტა, რომ ზუსტად ვერ მიუთითებს სახელმძღანელოზე და დოკუმენტზე თუ რატომ უნდა ჩაეტარებინა ქიმიური ექსპერტიზა მ----- მ---–--ეს მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებებით, ვინაიდან ეს არის დადგენილი პრაქტიკა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სისწორეს დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს და მათემატიკური გამოთვლების ფორმულებით ადასტურებს მის არასანდოობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილით სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირია, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკველვასა და დემონსტრირებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ფაქტების გამორკვევა რაზეც ექსპერტიზა ინიშნება სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტის შემოწმების დასკვნით და სასამართლო სხდომაზე ქ------- ბ-------ის მიერ მიცემული ჩვენებით, საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერზიტზის დასკვნაში ეჭვის შეტანის და დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სპეციალისტი ქ------- ბ-------ე ზოგადად უთითებს თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ქიმიური ექსპერტიზა, თუმცა დასმულ კითხვაზე ვერ ასაბუთებს და ვერ აკონკრეტებს თუ რომელი ლიტერატურითა და დოკუმენტით უნდა ეხელმძღვანელა ექსპერტს მ----- მ---–--ეს და კონკრეტულად რომელი კანონის დარღვევით ჩატარდა საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზა. შესაბამისად სასამართლოს არ აქვს საფუძველი მოახდინოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსში ეჭვის შეტანის.
საქმეზე არ ჩატარებულა კომისიური ან კომპლექსური ექსპერტიზა, ამიტომ სპეციალისტის მიერ მიცემული განმარტება, როგორც მტკიცებულება, არ შეიძლება იყოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაპირისპირებელი და უფრო წონადი მტკიცებულება. ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერაა გაცემული და შესაბამისი სერთიფიცირებული უფლებამოსილებით ექსპერტს ეკუთვნის საქმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ის რომ ექსპეტიზის დასკვნას აქვს უპირატესი და უფრო წონადი მნიშვნელობა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენლ მტკიცებულებებში ამაზე მოწმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს №119აპ-18 განაჩენი).
მართალია მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მაგრამ სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება. ყველა წარმოდგენილი მტკიცებულბა ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენას, ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი პ----- ბ--–-----ს მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ----- ბ--–-----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–- ა--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
პ----- ბ--–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პ----- ბ--–-----ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
პ----- ბ--–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 07 ნოემბრიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, პ----- ბ--–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება - პ----- ბ--–-----ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და შენაფუთი ერთ პაკეტად, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
მარინე იმერლიშვილი