განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
130210118002582516
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 130210118002582516

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/1260-19 04 ივლისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – თამარ ალანია

მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ბი----------ძე, ხა------------ძე, ლე--–-------ძე, ნი----–---------–--–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს მიკროსაფინანსო საზოგადოება „კრ------–ი“

 

წარმომადგენელი - გე-–----------ძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება სარგებლის შემცირება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სს მიკროსაფინანსო საზოგადოება „კრ------–მა“ ხაშურის რაიონულ სასამართლოს ბი----------ძის, ხა------------ძის, ლე--–-------ძისა და ნი----–---------–--–ის წინააღმდეგ მიმართა. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეებისთვის სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრ------–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად 13 565, 52 ლარის დაკისრება მოითხოვა (10 683,54 ლარი ძირი თანხა, 2 539,67 ლარი პროცენტი და 342,31 ლარი - პირგასამტეხლო).

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 13 565,52 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 9 მარტს, მოსარჩელესა და ბი----------ძეს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებითა და სესხის ხელშეკრულებით, ბი----------ძემ სს „კრ------–ისაგან“ სესხის სახით 15 000,36 ლარი, წლიური 22% სარგებლით მიიღო, რაც მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკით უნდა დაფარულიყო (ს.ფ. 17-24).

 

6. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 9 მარტს, ხა------------ძესთან, ლე--–-------ძესთან და ნი----–--------–---–თან, სს „კრ------–მა“ თავდებობის ხელშეკრულებები გააფორმა, რომლებითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება, ბი----------ძესთან ერთად, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. სოლიდარულ თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა 75 000 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 25-27).

 

7. მოპასუხეებმა, მიუხედავად გაფრთხილებისა, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები არ შეასრულეს, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანება, ხელშეკრულების მიხედვით 13 565,52 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 28-35, 37).

 

8. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ აპელანტებს მოდავე მხარეთა შორის 2017 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 13

565,52 ლარის გადახდის ვალდებულება, მართებულად დაეკისრათ, დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებისა და დარიცხული სარგებლის მართლსაწინააღმდეგოდ ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ იკვეთებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით აპელანტები სადავოდ ხდიან მხოლოდ პირგასამტეხლოსა და სარგებლის ოდენობას, მათ ძირითადი თანხის ოდენობასთან და ვალდებულების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით შედავება არ განუხორციელებიათ, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოსა და სარგებლის მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.

 

9. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

 

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული (ს.ფ. 17-22).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი. ასევე, მხარეები სრულად ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შედავება მხოლოდ სასამართლოს სამართლებრივი შეფასების ნაწილში აქვთ წარმოდგენილი.

 

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებს, კრედიტორის წინაშე სოლიდარულად 13 565,52 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ საიდანაც პირგასამტეხლოს ოდენობა 342,31 თეთრს შეადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან აპელანტებისთვის დაკისრებული და სოლიდარულად გადასახდელი პირგასამტეხლო მიზერულია და 342,31 ლარს შეადგენს, ასევე, პალატა მხედველობაში იღებს რა, შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობას, ვალდებულების მოცულობას, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ფუნქციას, მიდის დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლევა.

 

11. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივარში აპელანტების მიერ სადავოდ გახდილ მეორე გარემოებას, რომელიც სარგებლის დარიცხვას შეეხება. სააპელაციო საჩივარში მხარეები უთითებენ, რომ სესხზე დაკისრებული პროცენტი კაბალური იყო და არ უნდა დაკისრებოდათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით სარგებლის ოდენობად წლიური 22% კლებადი პროცენტი შეთანხმდა. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება შეიზღუდოს კიდეც. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, ანუ თავისთავად პრეზუმირებულია, რომ ამ ტიპის ორგანიზაციებისთვის სესხის გაცემა ის ძირითადი საქმიანობაა საიდანაც კომპანია შემოსავალს იღებს. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, სააპელაციო სასამართლოში აპელანტები (მოპასუხეები) მხოლოდ ზოგად მითითებებს აკეთებდნენ და აცხადებდნენ, რომ სესხს მხოლოდ ძირითადი თანხის ნაწილში ცნობდნენ, თუმცა სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამგვარი ზოგადი მითითებები სარგებლის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებზე გავლენას ვერ იქონიებს. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს, მტკიცებას ექვემდებარება, როგორც სარჩელის ასევე, შესაგებლის საფუძვლებიც. შესაბამისად, აპელანტებს ევალებოდათ, რომ სესხის პროცენტის ამორალურობა ემტკიცებინათ რაც მათ არ განუხორციელებიათ. პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ შესაგებელი არ წარუდგენიათ, მთავარ სხდომაზე კი, მხოლოდ ზოგადად მიუთითეს დარიცხული პროცენტის კაბალურობის თაობაზე, სააპელაციო პალატა აპელანტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს და საპროცენტო სარგებლის სხვა ოდენობად განსაზღვრას საფუძვლად ვერ დაუდებს. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წლიური 22% კლებადი პროცენტი არ წარმოადგენს ისეთ საპროცენტო სარგებელს, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს და ამორალურობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მით უფრო კი ისეთ პირობებში, როდესაც მხარე სათანადო შედავებას არ ახორციელებს და არ მიუთითებს იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რაც საპროცენტო განაკვეთს კანონსაწინააღმდეგოდ აქცევს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება აპელანტების მითითება მასზედ, რომ პროცენტის დაკისრება მხოლოდ იმ ოდენობით უნდა მომხდარიყო რა დავალიანებაც მოვალეს სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გააჩნდა, ამ მიმართებით პალატა მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრულია 2018 წლის 08 აგვისტოს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 36 თვით ანუ 2020 წლის 09 მარტამდე იყო განსაზღვრული, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს პროცენტი, რომელსაც იგი მოვალის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი ამ მიმართებითაც დაუსაბუთებელია. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეებისთვის სარგებლის დაკისრება მართებულია.

 

12. სამოქალაქო სამართალში პროცესის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამობა და სესხზე დარიცხული პროცენტის კაბალური ხასიათის დამტკიცება წარმოადგენდა. პირველ გარემოებასთან მიმართებით, აპელანტებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ თუ რა კრიტერიუმიდან გამომდინარე იყო პირგასამტეხლოს სახით 342,31 ლარის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალი, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობა თავად მოვალეების მიერ სადავოდ არ გამხდარა. ამასთან აპელანტებმა სასამართლოს ვერ მიუთითეს ყოველწლიური 22% კლებადი პროცენტი რატომ იყო კაბალური, რა საფუძვლით არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ სტანდარტებს და თუ რა თვალსაზრისით წარმოადგენდა იგი მომხმარებელთა უფლების უხეშ დარღვევას. იმისათვის, რათა კონკრეტული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს აუცილებელია მხარეებმა სასამართლოს დასაბუთებული და არა ზოგადი პოზიციები წარუდგინონ, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს საჩივარი და მხოლოდ ზოგადი მითითებები დაუდოს საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე, მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბი----------ძის, ხა------------ძის, ლე--–-------ძისა და ნი----–---------–--–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე